საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც ამა წლის სექტემბერ-ოქტომბერში გასამართი მსოფლიო თასისთვის საფრანგეთში ემზადება, ხვალ პირველ საკონტროლო შეხვედრას გამართავს. “ბორჯღალოსანთა” დამრიგებელმა რიჩი დიქსონმა “ორიაკთან” მატჩისათვის ექსპერიმენტალური შემადგენლობა შეარჩია, თუმცა, ამ ექსპერიმენტს, ტრავმის გამო, ბოლო მომენტში ლაშა მალაღურაძე გამოაკლდა.
შოტლანდიელი სპეციალისტის მიერ შერჩეულმა 32-მა მორაგბემ შეკრება თბილისში 4 ივლისს დაიწყო, 18 ივლისს კი, გეზი საფრანგეთისკენ აიღო და კანის მახლობლად მდებარე მანდელიეში დასცა ბანაკი. დაახლოებით 4 კვირა მთავარი აქცენტი ფიზმომზადებაზე კეთდებოდა, მერე ეს კომპონენტი ნელ-ნელა ტექნიკურმა და ტაქტიკურმა ელემენტებმა ჩაანაცვლა და ამხანაგური მატჩების დროც მოვიდა. საქართველოს ნაკრები მანდელიედან კლერმონის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ისუარში 6 აგვისტოს გაემგზავრა, სადაც 13-სა და 19-ში საფრანგეთის მე-2 ელიტარული დივიზიონის, Pro D2-ის გუნდებთან საწვრთნელ შეხვედრებს გამართავს.
“შალანჟ ისუარ”-ის სახელით ცნობილი სარაგბო ტურნირი ისუარში წლეულს მეშვიდედ იმართება და ის უფრო საფესტივალო ხასიათს ატარებს. მასში საფრანგეთის ექს-ჩემპიონი “კლერმონი” და ინგლისური “სკარლეტიც” მონაწილეობენ, მაგრამ სამწუხაროდ, ქართველ მორაგბეებს მათთან გაჯიბრება არ მოუწევთ. 13 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე, “ბორჯღალოსნების” მეტოქე საქართველოს ნაკრების მეორეხაზელის, ლევან დათუნაშვილის და პირველხაზელების - კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკი” იქნება, რომელიც თავის მხრივ, ახალი სეზონისთვის ემზადება. თამაშზე დასასწრები ბილეთის ფასი 10 ევროა.
აღსანიშნავია, რომ “შალანჟ ისუარ”-ის ორგანიზატორები ძლიერ ამაყობენ იმით, რომ მათი სტუმარი მსოფლიო თასის მონაწილე საქართველოა. ხვალინდელ შეხვედრაში დათუნაშვილი ეროვნული გუნდის ღირსებას დაიცავს, ასეიშვილი და ნაცარაშვილი კი, მოწინააღმდეგეთა ბანაკში იქნებიან.
19 აგვისტოს, “ბორჯღალოსნების” მეტოქე ასევე Pro D2-ის ბინადარი “ბურგუენი” იქნება, რის შემდეგაც, ნაკრები კვლავ მანდელიეში დაბრუნდება, 22 აგვისტოს კი, რეგლამენტის თანახმად, დიქსონი იმ ოცდაათ მორაგბეს დაასახელებს, რომლებიც საქართველოს სახელს ახალ ზელანდიაში დაიცავენ. მსოფლიო თასის ჩატარების ადგილისკენ საქართველოს ნაკრები გეზს 4 სექტემბერს აიღებს და დანიშნულების ადგილას მხოლოდ 5 სექტემბრის საღამოს ჩავა. მსოფლიო თასი 9 სექტემბერს დაიწყება, ქართველებს კი, პირველი მატჩი 14 სექტემბერს, შოტლანდიის წინააღმდეგ უწევთ.
ქართველთა მზადებასთან დაკავშირებით, “მსოფლიო სპორტი” ეროვნული გუნდის მენეჯერ ვასილ აბაშიძეს ესაუბრა:
- როგორ ემზადებით მსოფლიო თასისთვის და კონკრეტულად ხვალინდელი შეხვედრისთვის?
- ყველაფერი ნორმალურადაა, ბიჭები კარგად არიან. აქამდე, თითქმის ყოველდღე სამჯერადი ვარჯიშები ჰქონდათ. იშვიათად, დღეში ორჯერ ვარჯიშობდნენ, დღეს კი, მხოლოდ ერთხელ ივარჯიშეს და ხვალინდელი თამაშისთვის ემზადებიან.
- ფიზმომზადება უკვე დასრულდა, ახლა რა კომპონენტზე კეთდება აქცენტი?
- საფრანგეთში ჩამოსვლიდან ორი კვირის შემდეგ, ვარჯიშების 70 პროცენტი სუფთად სარაგბო ელემენტების დამუშავებას ეთმობა.
- ფიზმომზადების რთულ ვარჯიშებს ბიჭებისთვის პრობლემა ხომ არ შეუქმნია?
- გადაღლილობა არავის ეტყობა, არის მიკროტრავმები, მაგრამ საშიში არაფერია.
- თედო ზიბზიბაძე და ლაშა მალაღურაძე ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდნენ. ხომ არ გაუჭირდათ ფიზიკური კონდიციების აღდგენა?
- ამ მორაგბეებმა ნაკრების შეკრებაზე იმიტომ დააგვიანეს, რომ მათი გუნდები ფედერალ 1-ის ფინალში გავიდნენ და სეზონიც ყველაზე გვიან დაასრულეს. შესაბამისად, მწვრთნელებმა ორივეს დასასვენებელი დრო გამოუყო, თუმცა, მერე დამატებითი ვარჯიშები ჰქონდათ და ახლა კარგ ფორმაში არიან. თუმცა, მიკროტრავმები სწორედ ზიბზიბაძეს და მალაღურაძეს აწუხებთ. მალაღურაძეს ხვალინდელ მატჩში, “ორიაკის” წინააღმდეგ შუამარბად (12 ნომრად) უნდა ეთამაშა, მაგრამ დღევანდელ ვარჯიშზე დაშავდა, მწვრთნელებმა აღარ გარისკეს და ის ამ თამაშს გამოტოვებს. მის ნაცვლად, ძირითად შემადგენლობაში დავით კაჭარავა იქნება. აი, თუ ვინ დაიკავებს სათადარიგოთა შორის ერთ ვაკანტურ ადგილს, ეს მხოლოდ თამაშის წინ გვეცოდინება.
- თბილისიდან გამგზავრებისას, მალხაზ ურჯუკაშვილს ფეხის კუნთი აწუხებდა და მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.
- ის ახლა კარგადაა, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ემზადება. ხვალინდელი მატჩისთვის სათადარიგოთა შორისაა და აუცილებლად ითამაშებს.
- დიქსონის მიერ შერჩეული შემადგენლობა ექსპერიმენტალურად გვეჩვენა.
- დიახ, ასეა. მწვრთნელებს სურთ, რომ საქმეში ყველა მორაგბე იხილონ და ამ ჯერზე, ასეთი შემადგენლობა შეარჩიეს, დანარჩენები კი, 19 აგვისტოს იქნებიან ძირითადში.
- ამ ორი შეხვედრის გარდა, საქართველოს ნაკრები კიდევ თუ გამართავს ამხანაგურ თამაშს?
- არა, მეტი ამხანაგური თამაში აღარ იქნება. დაგეგმილია და სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება “კლერმონისა” და ჩვენი ნაკრების ერთობლივი ვარჯიში.
- მანდელიეში უკეთესი მოსამზადებელი პირობები გქონდათ, თუ ისუარში სჯობს?
- ორივეგან ერთნაირად იდეალური პირობები გვაქვს. იქაც და აქაც, როგორც მოედანი, ასევე სატრენაჟორო დარბაზი, 24 საათის განმავლობაში ჩვენს განკარგულებაშია.
- მწვრთნელები მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების თამაშზე დასწრებას გეგმავდნენ. რომელ შეხვედრას დაესწრებიან ისინი?
- მომდევნო კვირაში, შოტლანდიის ნაკრების საქმეში ნახვა იგეგმება.
მოკლედ, მზადება დასკვნით ფაზაში შედის, საქართველოს ნაკრები კი, “ორიაკის” წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშებს.
ძირითადი შემადგენლობა: 15. რევაზ გიგაური (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), 14. ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი), 13. ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი), 12. დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი), 11. ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი), 10. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), 9. ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი): 1. ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი), 2. აქვსენტი გიორგაძე (“კასტრი”, საფრანგეთი), 3. დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი), 4. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), 5. გიორგი ნემსაძე (“მონტობანი”, საფრანგეთი), 6. ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), 7. გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), 8. ზვიად მაისურაძე (“ლოკომოტივი”, საფრანგეთი).
სათადარიგოები: 16. გოდერძი შველიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), 17. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), 18. ვახტანგ მაისურაძე (“ლა სენი”, საფრანგეთი), 19. გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), 20. გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი), 21. (არ იყო გადაწყვეტილი), 22. მალხაზ ურჯუკაშვილი (“გურდონი”, საფრანგეთი).
განაცხადში არ არიან: დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (“არმია”, თბილისი), დიმიტრი ბასილაია (“ობენა”, საფრანგეთი), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), ილია ზედგინიძე (“კერკერენი”, საფრანგეთი), ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი), ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი), მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი”, საფრანგეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი).
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია