ამბები

14:58 | 14.08.2011 | ნანახია 2183 - ჯერ

დე ვილერსის აფიორამ არ გაჭრა - აფრიკა ისევ დამარცხდა

სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შავკანიანმა დამრიგებელმა პიტერ დე ვილერსმა, ფანების საამებლად, დურბანში, ავსტრალიას უძლიერესი შემადგენლობა დაახვედრა, მაგრამ “სპრინგბოკის” ეს შემადგენლობაც კი, “კენგურუების” მოსათვინიერებლად საკმარისი არ აღმოჩნდა და ახლა აფრიკელები მსოფლიო თასს არცთუ იმედიანად ხვდებიან.
“სამი ერის” პირველ ორ შეხვედრაში, დე ვილერსმა ერთბაშად 21 მორაგბის ტრავმა მოიმიზეზა და ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გვარიანადაც შერცხვა. როგორც ვარაუდობდნენ, ვითომტრავმირებულები მთელი ეს პერიოდი ერთად ვარჯიშობდნენ და სამხრეთელი ბობოლების თავინთ ქვეყანაში განადგურებაზე ფიქრობდნენ. 22-კაციან განაცხადში ერთბაშად დაბრუნდა 17 უძლიერესი მოთამაშე. აფრიკელი მორაგბეების მიერ ნაკრებში ჩატარებული შეხვედრების ჯამმა 850 შეადგინა, რაც “სპრინგბოკისთვის” სარეკორდო მაჩვენებელია და ყველა ელოდა, რომ სიდნეიში 20:39 შერცხვენისთვის, აფრიკელები ღირსეულ რევანშს აიღებდნენ.
ამრიგად, “სპრინგბოკმა” არსებობის ისტორიაში ყველაზე გამოცდილი გუნდით, ავსტრალიას პირველ ტაიმში დიდი პრობლემები შეუქმნა, მაგრამ მე-2 ნახევარში, წვიმას და ქარს ალღო ავსტრალიამ უკეთ აუღო, მასპინძლები წნეხის ქვეშ მოაქცია და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. უკვე გადაწყვეტილია, რომ “სამ ერზე” ბოლო 9 მატჩში მხოლოდ ერთი შეხვედრის მომგები აფრიკა (წელს სამიდან სამი მარცხი), თასს ვეღარ შესწვდება და მისი ბედი თვის ბოლოს, 27 აგვისტოს, ბრისბენში გადაწყდება, როდესაც ავსტრალია ახალ ზელანდიას დაუხვდება. მანამდე, მომავალ შაბათს, სამხრეთ აფრიკას კიდევ ერთი დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწევს - მას ახალი ზელანდია ეწვევა და თუ ეს შეხვედრაც ვერ მოიგო, 2011 წლის “სამი ერი” “სპრინგბოკის” ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო გახდება...
ანგარიში მე-2 წუთზევე ფრანსუა სტეინმა შორეული ჯარიმით გახსნა. მერე ავსტრალიამ სალელოვედ შეუტია, მაგრამ ჯეიმზ ოქონერის ფლანგზე გარღვევა ჟაკ ფურიმ შეაჩერა. ამის შემდეგ, მასპინძლები მომხვდურთა ნახევარზე დასახლდნენ. “კენგურუები” სიტუაციის განმუხტვას ხელდახელ თამაშით ცდილობდნენ და შეტევების წამოწყებას საკუთარი 22-დან ცდილობდნენ, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. მე-16 წუთზე, ბუჩ ჯეიმზმა, რომელსაც ძირითად შემადგენლობაში 3 წელია არ უთამაშია, ჯარიმით საკუთარი გუნდის უპირატესობა გაზარდა. მისი მეორე დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა, ისევე, როგორც ჯეიმზ ოკონერის მხრიდან სხვაობის შემცირების მცდელობა. მერე ჟაკ ფური ფეხით გადაკიდებულ ბურთს ავსტრალიელთა ლელოში შეჰყვა, იქ ქუადე კუპერთან ჭიდილში ლელოც გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ აჩვენა, რომ აფრიკელმა ბურთზე კონტროლი ვერ დაამყარა და ლელო გააუქმა. შესვენებამდე, “სპრინგბოკმა” ანგარიშის გაზრდა არეკნით სცადა, მაგრამ ის არაზუსტი აღმოჩნდა.
პირველი ტაიმის შემხედვარე, ბევრი ფიქრობდა, რომ მეორეში მასპინძლები გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას შეძლებდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა. რობი დინსის შეგირდებმა აგრესიული დაცვით საწყის ათ წუთში ყველაფერი თავდაყირა დააყენეს და მაყურებელი გაოცებული დატოვეს. ჯერ ოკონერმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მერე შუამარბმა პეტ მაკკეიბიმ სივრცით ისარგებლა, დროც საკმარისი ჰქონდა და შეხვედრის ერთადერთი ლელო ალამთან გაიტანა. რეალიზაცია არაზუსტი იყო, მაგრამ ავსტრალია 8:6 დაწინაურდა და თამაშის სადავეებსაც დაუფლა. მართალია, საათის თავზე ჯეიმსმა ახლო მანძილიდან აფრიკელები კვლავ წინ გაიყვანა, მაგრამ ექვსწუთიანი შუალედებით ოკონერმა კიდევ 2 ჯარიმა მიითვალა და ავსტრალიას 14:9 მოაგებინა.
სამხრეთ აფრიკის უბედურება მარტო მარცხით არ განისაზღვრება. გუნდის კაპიტანმა ჯონ სმიტმა და ფრანსუა სტეინმა ტრავმები მიიღეს და ახლა მათი მსოფლიო თასზე თამაში სათუოა. ეს დე ვილერსმაც დაადასტურა - სტეინმა მუხლქვეშა მყესები, ხოლო სმიტმა ხელის მყესების გაიჭიმა. ამ უკანასკნელზე, სულაც ვარაუდობდნენ, რომ მყესები გაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ ტრავმა ასეთი სერიოზული არ აღმოჩნდა. ორშაბათს ამ მორაგბეებს და დენი რუსოს, რომელიც მანამდე იყო ტრავმირებული, დაწვრილებითი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდებათ და საბოლოო ვერდიქტიც მაშინ დაისმება. ამ ყველაფრის ფონზე, ჯიუტი და სკანდალური დე ვილერსი მაინც ამბობს, რომ მისი გუნდი მხოლოდ ტაბლოზე დამარცხდა, ისე კი, ჩინებულად ვითამაშეთო და ყველას მოუწოდებს, ამ ტრაგედიაში პოზიტიური მომენტები დაინახონ...
20 აგვისტოს, სამხრეთ აფრიკა მსოფლიო თასამდე ბოლო შეხვედრას გამართავს. მათი მეტოქე ახალი ზელანდიის ნაკრები იქნება, შეხვედრა პორტ ელიზაბეტში გაიმართება და რამდენად პოზიტიური აღმოჩნდება ის მასპინძლებისათვის, მალე გამოჩნდება.

2011 წლის სამი ერი
23 ივლისი. ავსტრალია. სიდნეი
ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა 39:20
30 ივლისი. ახალი ზელანდია. ველინგტონი
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 40:7
6 აგვისტო. ახალი ზელანდია. ოქლენდი
ახალი ზელანდია - ავსტრალია 30:14
13 აგვისტო. სამხრეთ აფრიკა. დურბანი
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია 9:14

1.    ახალი ზელანდია    2    2    0    0    70-21    9
2.    ავსტრალია                3    2    0    1    67-59    9
3.    სამხრეთ აფრიკა      3    0    0    3    36-93    1

20 აგვისტო. სამხრეთ აფრიკა. პორტ ელიზაბეტი
სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია (19:05)
27 აგვისტო. ავსტრალია. ბრისბენი
ავსტრალია - ახალი ზელანდია (14:00)

ზურა ქსოვრელი


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076677