ამბები

16:56 | 14.08.2011 | ნანახია 2808 - ჯერ

უელსმა ინგლისთან ირევანშა, საფრანგეთმა კი ირლანდია დაიბრიყვა

უელსის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო თასზე “ბორჯღალოსანთა” ერთ-ერთ მეტოქე ინგლისთან, ერთი კვირის წინათ, ლონდონში, ანგარიშით 19:23 მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო. უელსელებმა ნათელი მაგალითი აჩვენეს იმისა, თუ როგორ უნდა დაამარცხო “ვარდები”. არადა, ინგლისელები უდიდეს სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მასპინძლებთან მაინც ვერაფერს გახდნენ.
უელსმა ერთი კვირის წინანდელი შეხვედრის მსგავსად, ამჯერადაც 19 ქულა მოაგროვა, მაგრამ დაცვაში წინანდელზე უკეთ ითამაშა და საპასუხოდ მხოლოდ 9 ქულა მიიღო. მთელი მატჩის განმავლობაში, ინგლისი უდიდეს ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა. პირველი ტაიმის სათამაშო დროის 80-მა პროცენტმა უელსელთა ნახევარზე ჩაიარა და ბურთსაც ისინი აკონტროლებდნენ, მაგრამ ამით ვერ იხეირეს და ეს თავიდან ბოლომდე უელსელთა დაცვაში თავგამოდებული თამაშის დამსახურებაა. პირველ ნახევარში სტუმრებმა მხოლოდ 2 ჯარიმა გაიტანეს, ორივე ტობი ფლუდის ანგარიშზეა, მაგრამ პრისტლენდმა ორჯერვე მოახერხა წონასწორობის აღდგენა.
მე-2 ნახევარში, მასპინძელთა მდგომარეობა თამაშის განახლებისთანავე დამძიმდა - რეფერიმ რობერტსი გაასინბინა, მაგრამ რიცხვობრივი უპირატესობის ათწუთეულში, ინგლისელთა მონაგარს მხოლოდ ფლუდის ერთი ჯარიმა შეემატა. ინგლისელებს შეტევებისას იმპროვიზაცია არ ყოფნიდათ და სწორხაზოვნად უტევდნენ. არ იმუშავა შუამარბების - მაიკ ტინდლისა და შონტეინ ჰაპეს წყვილმა.
საათის შემდეგ, არაეფექტურად მოთამაშე სტუმრებს უელსმა ბურთის ეფექტურად გამოყენების გაკვეთილი ჩაუტარა - ჯეიმზ ჰუკმა შეხვედრის ერთადერთი ლელო მიითვალა და რეალიზაციაც გამოიყენა, მერე კი, ჯარიმით უპირატესობა შვიდ ქულამდე გაზარდა. ბოლო 10 წუთი, მასპინძლები ფილიფსის სინბინის გამო, მოედანზე კვლავ კაცნაკლულები დარჩნენ და ინგლისი მიეძალა, მაგრამ კვლავ არაეფექტურად. ჰუკმა კი ერთი ჯარიმაც გამოიყენა და უელსმა 19:9 იმარჯვა.
ერთი კვირის შემდეგ, უელსი, მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეორე მეტოქეს, არგენტინას მასპინძლობს.
მსოფლიო თასისთვის მზადების ეგიდით, თავის პირველ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებმა ირლანდიას ბორდოში უმასპინძლა და 19:12 იმარჯვა. ნახევარი საათის თავზე, მასპინძლები 13:0 დაწინაურდნენ და ეს მათ თამაშით დაიმსახურეს, რადგანაც ყველა სათამაშო კომპონენტში დომინირებდნენ. მაგრამ ფრანგები უდისციპლინობამ დააზარალა. ოგარამ შესვენებამდე ერთი, მერე კი, ზედიზედ 3 ჯარიმა გაიტანა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. შემდგომში ოგარას ის ჯარიმა გაუფუჭდა, რომლითაც სტუმრებს დაწინაურება შეეძლოთ, დასკვნით მეოთხედში კი, ფრანგებმა 2 ჯარიმა გამოიყენეს და ანგარიში 19:12 გახდა.
ბოლოს ირლანდია მიეძალა, ლელოზე ითამაშა, მაგრამ 5-მეტრა შერკინებაში ფრანგებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და გამარჯვება იზეიმეს. მასპინძელთაგან ლელო კლერკმა გაიტანა, 4 ჯარიმა და ერთი გარდასახვა კი, ქართული ფესვების მქონე დიმიტრი იაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც ხუთივე დარტყმა უშეცდომოდ შეასრულა.
20 აგვისტოს საფრანგეთი ირლანდიას სტუმრად ეთამაშება და ირლანდიას რევანშის შანსი ექნება.
იტალიამ ჩეზენაში იაპონიას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, ძალთა სრული მობილიზაციის ხარჯზე, 31:24 იმარჯვა. იტალიელებმა შერკინების გამოცდილი და ახალგაზრდა უკანა ხაზი ათამაშეს.
მასპინძლები, საწყის წუთებში, პრატიკეტისა და გორის ლელოებით, რომლებიც ბოკინომ გარდასახა, 14:0 დაწინაურდნენ, მაგრამ 20 წუთის შემდეგ იაპონია ათამაშდა, 2 საპასუხო ლელო-გარდასახვა გაიტანა, ერთიც ჯარიმა მიითვალა და ტაიმი 17:14 მოიგო.
მე-2 ნახევარში, იტალიამ შერკინებით შეუტია და მისმა პირველხაზელებმა - გირალდინიმ და ლო ჩიჩერომ ლელოები გაიტანეს. 62-ე წუთზე, ჩიჩერო გაასინბინეს და ახლა იაპონელებმა აჩვენეს, რომ შერკინებით მიწოლა მათაც შეუძლიათ და იტალია საჯარიმო ლელოთი დაისაჯა. სულ ბოლოს, ორკერამ, რომელსაც მანამდე ერთი რეალიზაცია ჰქონდა გატანილი, ჯარიმა გამოიყენა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ერთ კვირაში, 20 აგვისტოს, იტალიელები შოტლანდიას ეწვევიან და “ბორჯღალოსანთა” მომავალ მეტოქესთან შეამოწმებენ საკუთარ ძალებს.
ლაუტოკაში ამხანაგური მატჩი ფიჯიმ და ტონგამ გამართეს. ფიჯელებმა პირველივე ტაიმში მოიპოვეს უპირატესობა და შესვენებისას 21:5-ს იგებდნენ. მე-2 ნახევარში ტონგამ გაიბრძოლა, მაგრამ გამარჯვება მაინც ფიჯის დარჩა - 27:12.
ერთი კვირის წინათ 28:22 მოგების შემდეგ, კანადამ აშშ ამჯერად უფრო დიდი სხვაობით დაამარცხა. ამერიკელებმა მეზობლებს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს და გლენდეილში შესვენებისას მხოლოდ სამ ქულას აგებდნენ (7:10), მაგრამ მე-2 ნახევარში კანადელებმა იმძლავრეს და 27:7 იმარჯვეს. ეს იმის მანიშნებელია, რომ ორშაბათის რეიტინგში კანადის ნაკრები საქართველოს გადაუსწრებს და მას მე-16 ადგილამდე ჩაიყვანს...

 

ზურა ქსოვრელი



 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.095612