20-წლამდელები

23:06 | 5.03.2016 | ნანახია 7238 - ჯერ

„კარგ გუნდებთან თამაში მსოფლიოსთვის გამოგვადგება“

4 მარტს მონტევიდეოში „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ სამხრეთ-ამერიკული ტურნეს მეოთხე, ბოლო მატჩში, ურუგვაის 20-წლამდელები 22:11 დაამარცხეს.

მანამდე ჩვენმა 20-წლამდელებმა სამი მატჩი გამართეს, პირველ ორ შეხვედრაში არგენტინელ თანატოლებს შეერკინენ და ორივე მატჩი დათმეს [36:17 და 49:11], ხოლო მესამე თამაში ურუგვაის წინააღმდეგ ჩაატარეს და 2-მატჩიანი სერიის პირველ ჯახში მასპინძლებმა 21:19 გაიმარჯვეს.

მოგეხსენებათ, ეს ტურნე 2016 წლის 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ეტაპს წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, worldrugby.ge-სთან საუბარში მორაგბეები სამხრეთ-ამერიკულ ვოიაჟს დადებითად აფასებენ. მათი აზრით, ეს ოთხი თამაში უმნიშვნელოვანესი იყო გუნდის განვითარების გზაზე.

ირაკლი სვანიძე: „მატჩმა საკმაოდ დაძაბულად ჩაიარა. მეტოქე თითქმის ყველა კომპონენტში დავჩაგრეთ. წინა თამაშებისგან განსხვავებით, უფრო მეტი შეთამაშება და თავდაჯერება გვეტყობოდა და შედეგიც სახეზეა - გავიმარჯვეთ. რაც შეეხება ამ ტურნეს, მან დიდი გამოცდილება შეგვძინა, დაგვანახა ჩვენი დადებითი და უარყოფითი მხარეები. წინ კი ძალიან დიდი სამუშაო გველის. თითოეული კომპონენტი უნდა გავაძლიეროთ, დავხვეწოთ და შეცდომები აღმოვფხვრათ, რაც საერთო ჯამში მსოფლიო თასზე სრულიად განსხვავებული თამაშის საწინდარი გახდება“.

ლადო მიმინოშვილი: „ამ ტურნემ მთელი გუნდი უფრო მეტად შეგვკრა და დიდი გამოცდილება შეგვძინა. რაც შეეხება ურუგვაისთან მატჩს, ყველამ შესაძლებლობების მაქსიმუმი დავდეთ, რაც ვარჯიშზე მობილიზებით დაიწყო. ეს მოგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სამომავლოდ, უკეთესად ვითამაშებთ - შედარებით დახვეწილნი და გამოცდილნი ვიქნებით“.

გელა აფრასიძე: „ბიჭები ძალიან მონდომებულნი ვიყავით, ყველას ერთი მიზანი გვამოძრავებდა - მოგვეგო ეს თამაში და ამისთვის თავი არ დავზოგეთ. რაც შეეხება ტურნეს, ამით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ, როგორც ფსიქოლოგიური, ისე თამაშის სტილის თვალსაზრისით. ძალზედ კარგ ნაკრებებს ვეთამაშეთ და ეს მსოფლიო თასისთვის ძალიან გამოგვადგება“.

თორნიკე მატარაძე: „ბიჭები უკიდურესად მოტივირებულები ვიყავით და ყველაფერი ჩავდეთ, რათა ურუგვაისთან წინა მარცხის შემდგომ, ეს შეხვედრა მოგვეგო. ჩვენი თამაშის სტილი შევთავაზეთ, რითაც მატჩის დაწყებისთანავე დავწინაურდით. წინა დაპირისპირებაში დაშვებული შეცდომები გამოვასწორეთ და ამჯერად საკმაოდ დამაჯერებლადაც მოვიგეთ“.

ილია სპანდერაშვილი: „ბოლო მატჩი ძალიან კარგად ჩავატარეთ. იყო შეცდომებიც, მაგრამ მაინც ვძლიეთ ურუგვაის. ტურნემ და ამ ოთხმა თამაშმა, პირადად მე და თითოეულ ჩვენგანს, უდიდესი გამოცდილება შეგვძინა“.

ახლა 20-წლამდელებს მსოფლიოს ჩემპიონატი ელით, რომელიც 5-25 ივნისს მანჩესტერში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში, მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან, უელსთან და ირლანდიასთან ითამაშებს. უშუალოდ ტურნირის წინა, დასკვნით შეკრებაზე, გუნდს საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერებიც დაემატებიან.


მატჩების განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე:

7 ივნისი: ახალიზელანდია - საქართველო

11 ივნისი: უელსი - საქართველო

15 ივნისი: ირლანდია - საქართველო

ელენე ლომსაძე


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:56 | 06.03.2016
Gela Chitidze (1)

მსოფლიომდე კიდევ ბევრი ოფლის ღვრა მოგიწევთ, გვეიმედებით და თქვენით უნდა ვიამაყოთ.

11:25 | 06.03.2016
geogoli (367)

წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო, იმედია გვასახელებთ მსოფლიოზე

02:19 | 06.03.2016
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით, იმედია ხარვეზებს აღმოფხვრით მსოფლიოსთვის.

23:52 | 05.03.2016
Dima89D (9)

ძალიან კარგი თაობაა.

23:26 | 05.03.2016
Ika.K (16)

გენაცვალეთ!

23:27 | 05.03.2016
Ika.K (16)

წარმატებები მსოფლიოზე

0.117943