ამბები

11:22 | 16.08.2011 | ნანახია 4231 - ჯერ

ეგზოტიკური მასპინძელი - ტასმანიდან მსოფლიო თასამდე

მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პირველად დადგამს ფეხს ახალი ზელანდიის მიწაზე და იქ 9 სექტემბრიდან 23 ოქტომბრამდე უდიდეს სარაგბო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
ზელანდიამ ერთხელ უნდა უკვე უმასპინძლა მსგავს ტურნირს. ეს 1987 წელს მოხდა, როდესაც პირველ მსოფლიო თასს ზელანდიის ცხრა და ავსტრალიის ორი ქალაქი მასპინძლობდა. კუნძულებზე მსოფლიო თასის შეხვედრები 2003 წელსაც უნდა გამართულიყო, მაგრამ ახალი ზელანდიის რაგბის ხელმძღვანელობისა და შეჯიბრების ორგანიზატორების კონფლიქტის გამო, მთელი ტურნირის ავსტრალიაში გამართვა გადაწყდა. წლეულს ახალი ზელანდია მსოფლიო თასს, რომელიც მეშვიდედ იმართება, დამოუკიდებლად მასპინძლობს. აქამდე ყველაზე მასშტაბურ სარაგბო ტურნირს დამოუკიდებლად მხოლოდ სამხრეთ აფრიკამ და ზემოთ ნახსენებმა ავსტრალიამ უმასპინძლეს, დანარჩენ შემთხვევებში კი, შეხვედრები ორ, ან მეტ ქვეყანაში იმართებოდა.
ახალი ზელანდია წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებაორებს - ორ უდიდეს კუნძულს (ჩრდილოეთი კუნძული და სამხრეთი კუნძული) და დაახლოებით 700-მდე მომცრო კუნძულს მოიცავს, რომელთა უმრავლესობაც უკაცრიელია. ქვეყნის მოსახლეობა 2010 წლის მონაცემებით 4 393 500 ადამიანს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2004 წელს ეს მონაცემი 3 მილიონსაც ვერ აღწევდა. მოსახლეობის მკვეთრი ზრდა უკანასკნელ 12 წელიწადში მოხდა. 2009 წლის მონაცემებით, იქ შობადობის საშუალო კოეფიციენტი 100 კვადრატულ მეტრზე 13,94-ია, ხოლო სიკვდილიანობისა - წელიწადში 7, ყოველ 1000 კაცზე. სწორედ სიკვდილიანობის კლებამ და შობადობის ზრდამ გამოიწვია მოსახლეობის ასეთი მატება. იქ უფრო მეტი მამაკაცი იბადება, ვიდრე ქალი, სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი კი, 80,36 წელია.
ახალი ზელანდიის პირველ აღმომჩენებად პოლინეზიელები ითვლებიან, რომლებმაც კუნძულების ათვისება სავარაუდოდ XI-XIV საუკენეებში დაიწყეს. მათ წარმოშვეს ორი ერთმანეთის მსგავსი, თუმცა, განსხვავებული კულტურის ორი ადგილობრივი ტომი - მაორი და მორიორი. მაორები დიდ კუნძულებზე დასახლდნენ, მორიორებმა კი, მომცრო კუნძულები აითვისეს. მაორებში დღესაცაა შემორჩენილი ლეგენდა, რონლის მიხედვითაც ზღვაოსანმა კუპემ ახალი ზელანდიის მიწაზე მსუბუქი კატამარანით ჩააღწია და ამ აუთვისებელი კუნძულის დასახლებაც სწორედ მის სახელს უკავშირდება. ეს X საუკუნის შუა პერიოდში მოხდა, მოგვიანებით კი, კუპეს შთამომავლები მასობრივად გადასახლდნენ ზელანდიის მიწაზე და ასე წარმოიშვა ადგილობრივი ტომი მაორები.
აბორიგენები ამ კუნძულებს სხვა სახელით მოიხსენიებდნენ. ჩრდილოეთ კუნძულს, ადგილობრივი ენის თარგმანით “თევზი, რომელიც მაუის ეკუთვნის” ქვია. მაუი მაორების ლეგენდაში ნახევრადღმერთია, რომელმაც მოგვიანებით ეს თევზი კუნძულად აქცია. სამხრეთის კუნძულს ორი სახელი ჰქონდა - “ნეფრიტის წყალი” და “ნავი, რომელიც მაუის ეკუთვნის”. მოგვიანებით მაორებმა ორივე კუნძულს ერთი საერთო სახელი შეურჩიეს და “გრძელი თეთრი ღრუბლის ქვეყანა” უწოდეს.
ევროპელებმა ამ მიწაზე ფეხი პირველად 1642 წელს დადგეს - ახალი ზელანდია პირველმა ჰოლანდიელმა მოგზაურმა აბელ ტასმანმა შეამჩნია და ჰოლანდიის ერთ-ერთი პროვინციის პატივსაცემად, მას ახალი ზელანდია უწოდა, რომელიც, საბოლოოდ, ამ ქვეყნის ოფიციალურ სახელად იქცა. 1768 წელს კუნძული ინგლისელმა მეზღვაურმა, კაპიტანმა ჯეიმს კუკმა გამოიკვლია და მას შემდეგ დაიწყო ევროპელთა მიერ ამ ტერიტორიის აქტიური ათვისება. ისინი სანაპიროების მახლობლად დასახლდნენ და ძირითადად ვეშაპებზე ნადირობით და ვაჭრობით იყვნენ დაკავებული. მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა ახალი ზელანდიის საკუთარ კოლონიად ქცევა გადაწყვიტა, დიდმა ბრიტანეთმა 1840 წელს იქ თავისი პირველი ლეიტენანტ-გუბერნატორი უილიამ ჰობსონი დანიშნა. 6 თებერვალს მან ადგილობრივებთან ხელშეკრულება გააფორმა და ახალი ზელანდია ბრიტანელი მონარქების მმართველობის ქვეშ ოფიციალურად მოექცა.
XIX საუკუნის 60-70-იან წლებში, ევროპელებსა და მაორებს შორის შეტაკებები მოხდა და ადგილობრივებმა მიწის დიდი ნაწილი დაკარგეს. სეპარატისტული მოძრაობები 1902 წლამდე გაგრძელდა, თუმცა, მანამდე დიდი ბრიტანეთის სამეფოს მფარველობის ქვეშ მყოფი ახალი ზელანდია განვითარებას აგრძელებდა. 1893 წელს ახალი ზელანდია გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც მანდილოსნებს საარჩევნო უფლება მიანიჭა. მიუხედავად ერთგვარი დამოუკიდებლობისა, ახალი ზელანდია ინგლისის დომინაციისგან საბოლოოდ მხოლოდ 1947 წელს გათავისუფლდა. დამოუკიდებელ კალაპოტში გადასვლა რთული აღმოჩნდა და ზელანდიამ სრული დამოუკიდებლობა მხოლოდ 1986 წელს მოიპოვა, როდესაც საკონსტიტუციო აქტი მიიღო.
ახალი ზელანდია აქტიურად მონაწილეობდა ორივე მსოფლიო ომში. პირველ მსოფლიო ომში, 1914-1918 წლებში ბრძოლებში 103 ათასი ზელანდიელი ჩაერთო, რომელთაგან 16697 დაიღუპა და 41 ათასზე მეტი დაიჭრა. იმ პერიოდში ახალმა ზელანდიამ სამოას ოკუპირება მოახდინა და საკუთარი მმართველობის ქვეშ 1962 წლამდე შეინარჩუნა. მეორე მსოფლიო ომში ახალი ზელანდია მალევე, 1939 წლის 3 სექტემბერს ჩაერთო. 140 ათასი ჯარისკაცი ევროპაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში იბრძოდა, კიდევ 100 ათასი კი, ქვეყნის დასაცავად იყო მობილიზებული. ზელანდიურმა ნაწილებმა იაპონიის ოკუპაციაშიც მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ახლა ახალი ზელანდია სრულიად მშვიდობიანი ქვეყანაა. მისი სამხედრო დოქტრინა 1984 წლიდან კარდინალურად შეიცვალა. 1987 წელს ქვეყანა არაბირთვულ ზონად გამოცხადდა და მის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის შეტანა, ან მისი წარმოებების შექმნა კატეგორიულად აიკრძალა.
ახალი ზელანდია კონსტიტუციური მონარქიისა და დემოკრატიული პარლამენტის პრინციპებზეა აგებული. ახალი ზელანდიის სამეფოში შედიან თავისუფლად ასოცირებული ქვეყნები კუკის კუნძულები და ნიუე. ქვეყნის მმართველი მონარქია და 1952 წლის 6 თებერვლიდან ტახტი დედოფალ ელისაბედ II-ს უკავია. მისი უფლებები კონსტიტუციითაა განსაზღვრული - “დედოფლობს, მაგრამ არ მართავს”. მიუხედავად ამისა, მას შეუძლია პირდაპირი წესით დანიშნოს ესა თუ ის ადამიანი ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო, გენერალ-გუბერნატორის თანამდებობაზე. ამასთან, მასვე შეუძლია მოიწვიოს, ან დაითხოვოს პარლამენტი.
მონარქის ინტერესებს ქვეყნის ტერიტორიაზე სწორედ გენერალ-გუბერნატორი და მთავარსარდალი იცავს. როგორც წესი, ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით 5 წლის ვადით ინიშნება, თუმცა, დედოფალს უფლება აქვს, შეთავაზებული კანდიდატურა დაიწუნოს და პოსტზე არ დაამტკიცოს. 2006 წლის აგვისტოდან, გენერელ-გუბერნატორის პოსტს ანანდ სატიანანდი იკავებს. ახალი ზელანდიის პარლამენტი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა. პირველი პარლამენტი იქ 1852 წელს ჩამოყალიბდა. მთავარობის თავკაცი პრემიერ-მინისტრია. 2008 წლიდან ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის პოსტს ჯონ ქეი იკავებს.
ახალი ზელანდიის დროშის დიზაინი 1864 წელს შეიქმნა, სახელმწიფოს ოფიციალური დროშის სტატუსი კი 1902 წლის 24 მარტს მიიღო. დროშის ლურჯი ფონი ზღვისა და ცის ასოციაციას ქმნის, რომელიც ქვეყანას გარს არტყია, ვარსკვლავები მის მდებარეობას აღნიშნავენ, ხოლო დიდი ბრიტანეთის სიმბოლიკა ისტორიული მემკვიდრეობის შედეგია. ახლანდელი სახელმწიფო გერბი 1956 წელს მიიღეს. ფარი ერთი მხრიდან ახალი ზელანდიის დროშით ხელდამშვენებულ თეთრკანიან ქალბატონს უჭირავს, ხოლო მეორე მხრიდან მაორის ტომის მეომარს. ფარის თავზე წმინდა ედუარდის გვირგვინი, ხოლო ქვევით გვიმრის ორი რტოა გამოსახული. გერბი ახალ ზელანდიაში მცხოვრები ერების ერთობას ასახავს. ქვეყანას ორი ჰიმნი აქვს - “ღმერთო, დაიფარე ახალი ზელანდია” და “ღმერთო, დაიფარე დედოფალი”.
ახალი ზელანდიის მთელი ტერიტორიის ფართობი 268 680 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, სანაპიროს სიგრძე კი, რომელსაც წყნარი ოკეანე, ტასმანიის ზღვა და კუკის სრუტე ერტყმის გარს, 15 134 კილომეტრია. სამხრეთ კუნძული ამ ქვეყნის ყველაზე დიდი კუნძულია და მისი ფართობი 151 215 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. ეს კუნძული სიდიდით სრულიად დედამიწაზე მეთორმეტეა და მასზე ზელანდიის მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. კუნძულის ნაწილი მთაგორიანია. უმაღლეს მწვერვალს კუკის მთა ეწოდება და მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 3754 მეტრია. გარდა ამისა, სამხრეთ კუნძულზე კიდევ 18 ისეთი მწვერვალია, რომელთა სიმაღლეც 3000 მეტრს აღემატება. რადგან ეს კუნძული ნაკლებად მჭიდროდაა დასახლებული, იქ ბუნება, ფლორა და ფაუნა, ხელშეუხებლადაა დარჩენილი. შესაბამისად, სამხრეთ კუნძულზე გაშენებულია ნაციონალური პარკები. აქვე მრავლად შეხვდებით სრუტეებს, რომლებსაც დაახლოებით 1000 მეტრის სიმაღლის კლდეები ამშვენებს, და მყინვარებს, რომლებიც პირდაპირ ტასმანიის ზღვაში ჩაედინებიან. ჩრდილოეთ კუნძული, რომლის საერთო ფართობიც 115 777 კვადრატული კილომეტრია, ნაკლებად მთაგორიანია და შესაბამისად, მეტადაა დასახლებული. ეს კუნძული ვულკანურად აქტიურია და ყველაზე მაღალი წერტილი აქტიური ვულკანი რუაპეხუა, რომელიც ზღვის დონიდან 2797 მეტრზეა. კუნძულის ცენტრში ახალი ზელანდიის ყველაზე დიდი ტბა ტაუპო მდებარეობს, რომლიდანაც სათავეს იღებს ქვეყნის ყველაზე გრძელი მდინარე უაიკატო - მისი სიგრძე 425 კილომეტრია.
ქვეყნის ტერიტორიაზე კლიმატი ძლიერ განსხვავებულია. აქ ჰაერის ტემპერატურა სუბტროპიკული თბილიდან ცივამდე იცვლება. ამასთან, სამხრეთ ალპების მთათა სისტემის გამოისობით, ტერიტორიის ერთ ნაწილზე ნოტიო, მისგან დაახლოებით 100 კილომტრში კი, მშრალი ჰავაა. ჰაერის საშუალო ტემპერატურა +10-დან +16 გრადუსამდე მერყეობს. ყველაზე ცივი თვე ივლისია, ყველაზე ცხელი - იანვარი და თებერვალი. ჩრდილოეთ კუნძულზე ზამთრისა და ზაფხულის ტემპერატურა ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება, სამხრეთ კუნძულზე კი, სხვაობა დაახლოებით 14 გრადუსს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მთიან რეგიონებში, ზღვის დონიდან ყოველ 100 მეტრზე ტემპერატურა დაახლოებით 0,7 გრადუსით ეცემა. თოვლი აქ იშვიათი და ხანმოკლე მოვლენაა, თუმცა, ზამთრობით სიცივე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე იგრძნობა. ახალი ზელანდიის ყველაზე დიდ ქალაქ ოკლენდში ჰაერის საშუალო ტემტერატურა +15,1 გრადუსია. ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რაც ამ ქალაქში დაფიქსირებულა +30,5 გრადუსია, ხოლო ყველაზე ცივი -2,5. დედაქალაქ ველინგტონში საშუალო ტემპერატურა +12,8 გრადუსს შეადგენს. მექსიმალური ტემპერატურა +31,1, ხოლო მინიმალური -1,9 გრადუსია.
ახალი ზელანდია სეისმურად აქტიური ზონაა და იქ ხშირია მიწისძვრები და ვულკანების ამოფრქვევები. ქვეყნის ტერიტორიაზე ექვსი ვულკანურად აქტიური ზონაა. დადასტურებულია, რომ დედამიწაზე ყველაზე ძლიერი ვულკანური ამოფრქვევა ჩვენი წელთაღრიცხვით 186 წელს მოხდა. ის აღწერილია ისეთი მოშორებული ქვეყნების ისტორიკოსების ჩანაწერებში, როგორებიც ჩინეთი და საბერძნეთია. ზელანდიაში წლის განმავლობაში დაახლოებით 15000 მიწისძვრა ხდება. მათი უმრავლესობა უმნიშვნელოა და მხოლოდ 250 მიეკუთვნება მგრძნობიარეებს და ძლიერებს. უახლოეს ისტორიაში ამ ტერიტორიაზე ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 1855 წელს დაფიქსირდა, დაახლოებით 8,2 ბალი და ყველაზე დამანგრეველად 1931 წლის მიწისძვრა მიიჩნევა. სხვათა შორის, ეს ვულკანები და მიწისძვრები როგორც ზელანდიის, ასევე მთელი პლანეტის გეოლოგიურ მდგომარეობაზეც აისახება. მაგალითისთვის, 1855 წლის მიწისძვრის შემდეგ, ველინგტონმა ზღვის დონიდან დაახლოებით მეტრანახევრით აიწია, ხოლო 1931 წლის მიწისძვრის შემდეგ, წყლის ზედაპირზე 9 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი ამოვიდა. უკანასკნელ ორ წლეწიდაში ყველაზე ძლიერი, დამანგრეველი მიწისძვრები ქალაქ კრაისტჩერჩში მოხდა, რამაც ამ ქალაქს რაგბიში მსოფლიო თასის შეხვედრების მასპინძლობის საშუალება არ მისცა. 2010 წლის 4 სექტემბერს იქ 7-ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა, 2011 წლის 22 თებერვალს - 6,3-ბალიანი, ხოლო 13 ივნისს – 6-ბალიანი. მიწისძვრებს ნგრევა და მსხვერპლი მოყვა, რის შემდეგაც იქ დაგეგმილი შეხვედრები სხვა ქალაქებში გადაიტანეს. სხვათა შორის, კრაისტჩერჩში საქართველოს ნაკრებსაც უნდა ეთამაშა...
სეისმური მდგომარეობა ახალ ზელანდიას ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების საშუალებას აძლევს. ის მდიდარია ოქროს, ვერცხლის, სხვა ფერადი ლითონების, ნავთობის და გაზის საბადოებით, თუმცა, ამ ქვეყნის შემოსავლის მთავარ წყაროს მაინც ტურიზმი წარმოადგენს. აქ გავრცელებულია უნიკალური მცენერეები და უნიკალური სახეობის თევზები, ფრინველები და ცხოველები, რომლებსაც სხვაგან ვერსად შეხვდებით. სანაპირო წყლებში მრავლად არიან ვეშაპები, ზღვის ლომები, ფრინველებს შორის აღსანიშნავია კივი, რომელიც ქვეყნის სიმბოლოს წარმოადგენს. სულ რაღაც 200 წლის წინ, ახალ ზელანდიაში ბინადრობდნენ ყველაზე დიდი არწივები, რომელთა წონა 15 კილოგრამს შეადგენდა, ასევე ყველაზე დიდი ფრინველი მაო, რომლის სიმაღლეც 3,5 მეტრს აღწევდა, სირაქლემის მაგვარი იყო და ვერ დაფრინავდა. შიდა წყლებში გავრცელებულია 29 სახეობის თევზი, მათგან 8 სახეობა წითელ წიგნშია შეყვანილი, ხოლო ზღვასა და ოკეანეებში 3000 სახეობის თევზი ბინადრობს. კუნძულებზე 2000 სახეობის მცენარე ხარობს, რომელთა უმრავლესობასაც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ვერ შეხვდებით.
ახალი ზელანდიის მაცხოვრებელთა უმრავლესობა ევროპული, ძირითადად ბრიტანული წარმოშობისაა - დაახლოებით 67,6 პროცენტი. ადგილობრივი მაორების პროცენტული წილი 14,6-ს შეადგენს, რაც დაახლოებით 565 329 ადამიანია და ეს დიდი მაჩვენებელია, რადგან 1896 წლის მონაცემებით, მაორების რაოდენობა სულ რაღაც 42 ათასს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულთა 42%-ში მაორები მონაწილეობენ, ხოლო სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მყოფ ადამიანთა 50% მაორები არიან. მაცხოვრებელთა დანარჩენი წილი აზიელებსა და პოლინეზიელებზე მოდის. ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 56% ქრისტიანობის სხვადასხვა მიმართულებების მიმდევარია, ხოლო 35% - არარელიგიურია. სახელმწიფო ენებია ინგლისური, მაორი და ახალზელანდიური ნიშნების ენა. მოქმედი ვალუტა ახალზელანდიური დოლარია.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.092262