ამბები

15:06 | 17.08.2011 | ნანახია 2776 - ჯერ

ბრიტანელები რუსებზე ვარჯიშობენ

ბრიტანულ ტურნეზე მყოფმა რუსეთის სარაგბო ნაკრებმა მეორე საკონტროლო მატჩიც უიმედოდ წააგო. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს თასზე პირველად გასული ”დათვები” მომავალი ბატალიებისთვის ბრიტანულ კლუბებთან სპარინგებით ემზადებიან, თუმცა, ეს, არცთუ კარგად გამოსდით.
რუსმა მორაგბეებმა პირველი შეხვედრა ინგლისურ “ნორთჰემპტონთან” 19:54 წააგეს და კარგი დღე არც მეორე მატჩში დაადგათ, რომელიც უელსურ “ნიუპორტთან” 12:40 დათმეს.
უელსურ კლუბთან თამაშის პირველი ნახევრის შემდეგ, “დათვები” 7:19-ს აგებდნენ, მეორე ნახევარში კი საკუთარ მონაგარს მხოლოდ ერთი ლელო შემატეს, მასპინძელთაგან კი 21 ქულა მიიღეს.
რუსთაგან ლელოები კირილი კუშნარიოვმა და იგორ კლიუჩნიკოვმა დადეს, რასაც გარდასახვა კონსტანტინ რაჩკოვმა მიამატა. ტრავმის შემდეგ, პირველი შეხვედრა ჩაატარა ალექსანდრ იანუშკინმა, ხოლო კირილ კოპეშკინმა ეროვნული ნაკრების კვართი პირველად მოირგო.
ამასთან, რუსები დენის სიმპლიკევიჩის დამაჯერებელ გარჯას გამოარჩევენ, რომელიც ქართველ გულშემატკივარს თბილისში გამართული ახალგაზრდული მსოფლიო ალაფას თამაშებიდან უნდა ახსოვდეს.
რუსეთის ნაკრები ბრიტანულ შეკრებას აგრძელებს და სამშობლოში დაბრუნებამდე კიდევ ორ მატჩს ჩაატარებს. 21 აგვისტოს “დათვების” მეტოქე უელსური “ოსპრეისი” იქნება, ხოლო 26-ში – ინგლისური “გლოსტერი”.
შეგახსენებთ, რომ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე რუსეთი C ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ავსტრალიის, ირლანდიის, იტალიისა და აშშ-ს ნაკრებები იქნებიან. რუსები პირველ მატჩს 15 სექტემბერს, ნიუ პლიმუთში, ამერიკელთა წინააღმდეგ ჩაატარებენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087707