ამბები

13:10 | 19.08.2011 | ნანახია 3513 - ჯერ

ბოლო საკონტროლო მსოფლიო თასის წინ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც მსოფლიო თასისთვის საფრანგეთში ემზადება, დღეს ისუარში თავის მეორე და ბოლო საკონტროლო შეხვედრას გამართავს. ამის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონი იმ ოცდაათკაციან შემადგენლობას დაასახელებს, რომელთა მიზანიც ახალ ზელანდიაში ქართული რაგბის საუკეთესო კუთხით წარმოჩინება იქნება.
“ბორჯღალოსნების” მეტოქე ის “ბურგუენი” იქნება, რომელიც გასულ სეზონში საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში თამაშობდა, მაგრამ, ფინანსურმა თუ სხვა პრობლემებმა ხელი დარია, იქ ბოლო ადგილი დაიკავა და Pro D2-ში დაქვეითდა. წელს ამ გუნდის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა და მიზნად კვლავ უძლიერეს 14-ს შორის დაბრუნება აქვთ განზრახული.
Pro D2-ის წლევანდელი სეზონი სტარტს 3-4 სექტემბერს აიღებს და გუნდებიც გამალებით ემზადებიან. მათ შორისაა “ბურგუენიც”, რომელმაც ერთი ამხანაგური შეხვედრა ამასწინათ გამართა და “გრენობლს” სამი 30-წუთიანი ტაიმისგან შემდგარ შეხვედრაში, დაძაბულ ბრძოლაში 17:14 აჯობა. გუნდის ახლადგამომცხვარმა კაპიტანმა ჯუსტ ვესელმა, რომელმაც “გრენობლს” გადამწყვეტი ლელო გაუტანა, ნამატჩევს განაცხადა: “მერე რა, რომ საქართველო მსოფლიო თასისთვის ემზადება. ჩვენ ჩვენი მიზანი გვაქვს, სულ მალე Pro D2-ის გათამაშება იწყება და გვსურს, “გრენობლთან” გამარჯვებით გაუმჯობესებული ხასიათი ქართველთა ძლევით კიდევ უფრო გავიმყაროთ. არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად კარგად გამოვიყურებით, წინა მატჩში გარკვეული ტექნიკური წუნი გვქონდა და ვეცდებით ისინი გამოვასწოროთ”.
მომავალ შეხვედრას დიდი იმედებით ელოდება “ბურგუენის” ერთ-ერთი მწვრთნელი ჟან-ფრანსუა ბელტრანიც: “პირველმა მატჩმა დაგვანახა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. საქართველოსთან “გრენობლისგან” განსხვავებული თამაში იქნება. მათგან სხვა სახის პრობლემებს ველით. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ეს გუნდი ფიზკურად ძლიერია და ახლა დავინახავთ, თუ რა შეგვიძლია ასეთი სტილით მოთამაშე გუნდთან. საქართველოს ნაკრებს გაშლილი, ხარისხიანი რაგბის თამაში არ შეუძლია და მათთან უფრო ახლო, ფიზიკურად დატვირთულ ბრძოლას ველით მოლებსა და რაქებში”.
საქართველოს ნაკრებმა გასულ შაბათს პირველი საკონტორლო შეხვედრა Pro D2-ის “ორიაკთან” გამართა და მძიმე ბრძოლაში 28:24 იმარჯვა. “ბორჯღალოსნებმა” ექსპერიმენტალური შემადგენლობით ითამაშეს და მეტოქე შერკინებაში და ძალისმიერ თამაშში დაჯაბნეს. ოთხი ლელოდან ორი საჯარიმო იყო, ერთი მოლით გავიდა, კიდევ ერთი კი, ირაკლი ჩხიკვაძემ გაიტანა. რეალიზაციები მალხაზ ურჯუკაშვილმა (სამი) და მერაბ კვირიკაშვილმა გამოიყენეს. “ორიაკმაც” ოთხი ლელო გაიტანა და ყველა ხაზის კარგი თამაშის შედეგად, მაგრამ მხოლოდ ორი რეალიზაცია გამოიყენა.
მატჩის შემდეგ დიქსონი შერკინების თამაშით კმაყოფილი დარჩა, თუმცა, უკანა ხაზმა იმედები გაუცრუა და მსოფლიო თასის დაწყებამდე მის გამოსასწორებლად სულ მცირე დრო რჩება. მაშინვე ითქვა, რომ მწვრთნელს საქმეში ყველა მორაგბის ნახვა სურდა და “ბურგუნის” წინააღმდეგ ის მორაგბეები ითამაშებდნენ, რომლებიც “ორიაკთან” განაცხადში არ იყვნენ. პირველ მატჩში არ უთამაშიათ დავით ხინჩაგიშვილს, ჯაბა ბრეგვაძეს, დიმიტრი ბასილაიას, მამუკა გორგოძეს, შალვა სუთიაშვილს, ილია ზედგინიძეს, ირაკლი აბუსერიძეს, ლაშა მალაღურაძეს, ირაკლი მაჩხანელს და თედო ზიბზიბაძეს. თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყეს გოდერძი შველიძემ, დავით ზირაქაშვილმა, ვახტანგ მაისურაძემ, გივი ბერიშვილმა, გიორგი ბეგაძემ, დავით კაჭარავამ და მერაბ კვირიკაშვილმა.
“ბურგუენის” წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იმ მორაგბეთა უმეტესობა იქნება, რომლებიც “ორიაკთან” განაცხადში არ იყვნენ. მიკრო ტრავმა მოიშუშა და სათამაშოდ მზადაა თედო ზიბზიბაძე. სამწუხაროდ, ტრავმა ჯერ კიდევ აწუხებს ლაშა მალაღურაძეს და ის “ორიაკის” მსგავსად “ბურგუენთან” მატჩსაც გამოტოვებს. ტრავმა აწუხებს ზვიად მაისურაძესაც, რომელიც წინა შეხვედრაში დაშავდა. მისი მდგომარეობა დღეს უნდა შეფასდეს და გადაწყვეტილებაც მას შემდეგ იქნება მიღებული. გარკვეული ექსპერიმენტები ამ ჯახშიც იქნება, რადგან ფულბეკის (15 ნომერი) პოზიციაზე მოუწევს თამაში ამპლუით შუამარბ რევაზ გიგაურს. საქართველოს ნაკრებისა და “ბურგუენის” შეხვედრა თბილისი დროით 20:00 საათზე დაიწყება.
დიქსონი საბოლოო, 30-კაციან შემადგენლობას სავარაუდოდ ხვალ, 20 აგვისტოს დაასახელებს. შეგახსენებთ, რომ რაგბის საერთაშორისო საბჭოს მოთხოვნით, მსოფლიო თასის მონაწილე გუნდებმა 30-კაციანი განაცხადები 22 აგვისტომდე უნდა დაასახელონ, ასე რომ, შოტლანდიელ სპეციალისტს ყველაფრის ასაწონად მხოლოდ ორი დღე რჩება. ამჟამად შეკრებაზე 32 მორაგბეა და მათგან ორი წლევანდელი მსოფლიო თასს მიღმა დარჩება. “ბურგუენთან” მატჩის შემდეგ, “ბორჯღალოსნები” კანის მახლობლად, პატარა ქალაქ მანდელიეში დაბრუნდებიან, სადაც ფრანგული შეკრება დაიწყეს და იქ 4 სექტემბრამდე დარჩებიან, მერე კი, გეზს ახალი ზელანდიისკენ აიღებენ და 5 სექტემბერს ადგილზე იქნებიან.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე, რომელიც სტარტს 9 სექტემბერს აიღებს, პირველ შეხვედრას 14 სექტემბერს, შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს. 18 სექტემბერს ქართველთა მეტოქე ინგლისი იქნება, 28 სექტემბერს რუმინეთი, ხოლო ჯგუფური ეტაპი ქართველთათვის 2 ოქტომბერს, არგენტინასთან ჯახით დასრულდება.

საქართველოს ნაკრები “ბურგუენის” წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: 15. რევაზ გიგაური (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), 14. ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი”, საფრანგეთი), 13. დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი), 12. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), 11. ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი), 10. მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), 9. ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი); 1. დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი), 2. ჯაბა ბრეგვაძე (“არმია”, თბილისი), 3. დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი), 4. ილია ზედგინიძე (“კერკერენი”, საფრანგეთი), 5. ვახტანგ მაისურაძე (“ლა სენი”, საფრანგეთი), 6. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), 7. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), 8. დიმიტრი ბასილაია (“ობენა”, საფრანგეთი).
სათადარიგოები: 16. გოდერძი შველიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), 17. ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი), 18. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), 19. გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), 20. ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი), 21. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), 22. ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი).
განაცხადში არ არიან: აქვსენტი გიორგაძე (“კასტრი”, საფრანგეთი), დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), ზვიად მაისურაძე (“ლოკომოტივი”), გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (“მონტობანი”, საფრანგეთი), გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი), მალხაზ ურჯუკაშვილი (“გურდონი”, საფრანგეთი), ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი), ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი).

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079215