საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც საფრანგეთში მსოფლიო თასისთვის ემზადება, თავის მეორე საკონტროლო შეხვედრაში, გასული სეზონის შედეგებით Top 14-იდან Pro D2-ში გავარდნილ “ბურგუენთან” გამართა და მეტოქე 28:15 დაამარცხა.
გასულ შაბათს, “ორიაკის” 28:24 ძლევის შემდეგ, ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს ამჯერადაც 4 ლელო გაუტანეს, თანაც, უკეთ ითამაშეს დაცვაში და თავად მხოლოდ 2 ლელო მიიღეს (“ორიაკმა” 4 ლელო გაიტანა). წინა მატჩის მსგავსად, საქართველოს ნაკრების შერკინება ახლაც შეუჩერებელი იყო და გამარჯვება დიდწილად სწორედ ამან განაპირობა. მეტოქეს ქართველთა შერკინების შეჩერება უჭირდა და ერთხელ საჯარიმო ლელოთიც დაისაჯა (“ორიაკი” 2 საჯარიმო ლელოთი დაისაჯა). სავარაუდოდ, მსოფლიო თასზე სიახლეები ნაკლებად იქნება და “ბორჯღალოსანთა” მთავარი კოზირი ახალ ზელანდიაშიც შერკინება და ძალისმიერი თამაში უნდა იყოს.
საქართველოს ნაკრებმა ანგარიში მე-4 წუთზე ლელოთი გახსნა და რეალიზაციაც ზუსტი იყო. ფრანგებმა ჩამორჩენა მე-9 წუთზე ჯარიმით შეამცირეს. მე-17 წუთზე, ფრანგული გუნდის კაპიტან ჯუსტ ვასელსა და მამუკა გორგოძეს შორის ჩხუბი ატყდა და რეფერიმ ქართველი გაასინბინა. მეტოქე სათამაშო უპირატესობას კი დაეუფლა, მაგრამ შეცდომების გამო ლელოს გატანა 33-ე წუთამდე ვერ მოახერხა, მერე კი, გვერდით ხაზთან ქართველებს უკანახაზელი გაექცათ და “ბურგუენი” 8:7 დაწინაურდა. რეალიზაცია არაზუსტი იყო.
ტაიმის მიწურულს ჩხუბი ერთხელაც ატყდა და ამჯერად რეფერიმ ფრანგთა მეორეხაზელი (გვარები, ამ და ბევრ სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ მითითებული არ იყო – ზ.ქ.) გაასინბინა. საქართველოს ნაკრებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა, მოკლე დარტყმებით წაიწია წინ და ლელო გაიტანა, ზუსტი რეალიზაციის შედეგად კი, შესვენებისას, 6-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა - 14:8.
ამხანაგური მატჩისთვის მოედანზე ნამდვილი ბრძოლა იყო, რაზეც მე-2 ნახევარში კიდევ ორი სინბინიც მეტყველებს. 54-ე წუთზე, “ბურგუენის” მესამეხაზელი დაისაჯა და რიცხობრივი უპირატესობა ქართველებმა ამჯერადაც გამოიყენეს. საქართველოს ნაკრები მეტოქის 22-ში დამკვიდრდა, ჯარიმა აუტში გაიტანა და მოკლე დარტყმებით უტია. მერე მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში შერკინება დაინიშნა, ფრანგები ზედიზედ რამდენჯერმე დაჯარიმდნენ და მსაჯმაც საჯარიმო ლელო ჩათვალა, ზუსტი რეალიზაციის შემდეგ კი, ანგარიში 21:8 გახდა. ეს მე-60 წუთზე მოხდა, კიდევ ექვს წუთში კი, “ბორჯღალოსნებმა” მე-4 ლელო მიითვალეს. შერკინებით მოპოვებული უპირატესობა, ამჯერად კარგად ხაზმა გამოიყენა და 3/4-დელმა ლელო გაიტანა, ხოლო ზუსტი რეალიზაციის შემდეგ ქართველთა უპირატესობა ოც ქულამდე გაიზარდა - 28:8.
დასკვნითმა ათმა წუთმა “ბურგუენის” უპირატესობით ჩაიარა. მათ ქართველთა 22-ში შეაღწიეს და 72-ე წუთზე, რეფერიმ ლევან დათუნაშვილი გაასინბინა. ახლა ფრანგებმა გამოიყენეს რიცხობრივი უპირატესობა, მათმა ფორვარდებმა დიდი სამუშაო გასწიეს და პირველხაზელმა ლელო გაიტანა, ზუსტმა რეალიზაციამ კი, 78-ე წუთზე შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 28:15 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
ახლა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონი, ხვალ, ან ზეგ, იმ საბოლოო შემადგენლობას დაასახელებს, რომელიც ოთხ სექტემბერს ახალი ზელანდიისკენ გაემგზავრება. “ბორჯღალოსნები” ქალაქ ისუარიდან კანის მახლობლად, მანდელიეში დაბრუნდებიან და წვრთნას იქ გააგრძელებენ. მათ მეტი საკონტროლო შეხვედრა აღარ ექნებათ და მომდევნო მატჩს 14 სექტემბერს უკვე მსოფლიო თასზე, შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავენ.
საქართველოს ნაკრებმა “ბურგუენის” წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: 15. რევაზ გიგაური (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), 14. ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი”, საფრანგეთი), 13. დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი), 12. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), 11. ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი), 10. მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), 9. ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი); 1. დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი), 2. ჯაბა ბრეგვაძე (“არმია”, თბილისი), 3. დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი), 4. ილია ზედგინიძე (“კერკერენი”, საფრანგეთი), 5. ვახტანგ მაისურაძე (“ლა სენი”, საფრანგეთი), 6. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), 7. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), 8. დიმიტრი ბასილაია (“ობენა”, საფრანგეთი).
სათადარიგოები: 16. გოდერძი შველიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), 17. ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი), 18. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), 19. გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), 20. ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი), 21. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), 22. ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი).
განაცხადში არ არიან: აქვსენტი გიორგაძე (“კასტრი”, საფრანგეთი), დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), ზვიად მაისურაძე (“ლოკომოტივი”, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (“მონტობანი”, საფრანგეთი), გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი), მალხაზ ურჯუკაშვილი (“გურდონი”, საფრანგეთი), ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი), ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი).
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია