ამბები

13:09 | 20.08.2011 | ნანახია 4019 - ჯერ

ნამიბია - რეიტინგაუტსაიდერი

რაგბი ლოგიკური თამაშია და მისი ყოველკვირეული რეიტინგიც, სპორტის სხვა სახეობებთან შედარებით, გუნდების ძალას ყველაზე უფრო რეალურად ასახავს. სწორედ ამ ლოგიკურობის დამსახურებაა ის, რომ 2011 წლის მსოფლიო თასზე ის ოცი გუნდი ითამაშებს, რომლებიც მსოფლიო რეიტინგში პირველ-მეოცე ადგილებს იკავებენ.
რეიტინგაუტსაიდერი ნამიბიის ნაკრებია, რომელიც აფრიკის კონტინენტზე მხოლოდ მსოფლიოს მოქმედ, ორგზის ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას ჩამორჩება და რაგბის უდიდეს ფორუმზე ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს. ეს გუნდი ქართველთათვის სასიამოვნო მოგონებას უკავშირდება, რადგან ოთხი წლის წინ, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე თავისი პირველი გამარჯვება სწორედ ნამიბიასთან მოიპოვა შთამბეჭდავი ანგარიშით 30:0.
ნამიბიაში რაგბი 1916 წელს, სამხრეთაფრიკელმა მიგრანტებმა შეიტანეს და დღესდღეისობით ეს თამაში ქვეყანაში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა, როგორც ადგილობრივ, ასევე ინგლისურენოვან, თეთრკანიან მოსახლეობაში. რაგბიმ განსაკუთრებული პოპულარობა სკოლის მოწაფეებში მოიპოვა, ხოლო უმაღლეს დონეზე ქვეყანაში 28 კლუბი და 5822 რეგისტრირებული მოთამაშეა (2009 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა 2108665 კაცია). აღსანიშნავია, რომ ოთხი წლის წინათ კლუბების რაოდენობა 19, ხოლო რეგისტრირებული მორაგბეთა რაოდენობაც სულ რაღაც 1100 იყო, ასე რომ, უკანასკნელ ოთხ წელიწადში ნამიბიაში რაგბიმ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.
რადგან ნამიბიამ დამოუკიდებლობა მხოლოდ 1990 წელს მოიპოვა, ნამიბიის რაგბის კავშირიც 1990 წლის მარტში დაარსდა (თუმცა, სამხრეთ აფრიკის შემადგენლობაში, რეგიონული ფედერაციის სახით, ის 1931 წლიდან არსებობდა) და იმავე წელს გაწევრიანდა რაგბის საერთაშორისო საბჭოში (IღB), რის შემდეგაც ქვეყნის ნაკრებ გუნდსაც ჩაეყარა საფუძველი. ნაკრების ზედმეტსახელად “ველვიჩია” ეწოდება, რომელიც ადგილობრივი ენდემური მცენარის სახელწოდებაა. ეს მცენარე იმითაა გამორჩეული, რომ მხოლოდ ნამიბიის უდაბნოებში გვხვდება და ზევიდან ქვევით, ანუ მიწის სიღრმეში იზრდება და მისი სიგრძე ორ მეტრს აღწევს.
დამოუკიდებლობამდე ნამიბიელ მორაგბეებს უფლება ჰქონდათ, რომ სამხრეთ აფრიკის სახელით ეთამაშათ ამ გუნდის ნაკრებში. ამ ტრადიციას ნამიბიელი მორაგბეები ამჟამადაც მისდევენ და წარმოშობით ნამიბიელი მორაგბეები სამხრეთ აფრიკის და ევროპის ბევრ კლუბში თუ ნაკრებში თამაშობენ. წარმოშობით ნამიბიელია სამხრეთაფრიკელთა ლეგენდა პერსი მონტგომერი, რომელმაც “სპრინგბოკის” შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 102 შეხვედრა ჩაატარა, გუნდს 893 ქულა შესძინა და ამ მაჩვენებლით სამხრეთ აფრიკის საუკეთესო ბომბარდირია.
ნამიბიის ნაკრები, რეგიონული გუნდის სახელით, სისტემატურად იღებდა მონაწილეობას ადგილობრივ “ქარრის თასის” გათამაშებაში. ეს ტურნირი სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი მთავარი შიდა გათამაშებაა და მსოფლიოს მასშტაბით 14 უძლიერეს საერთაშორისო შეჯიბრში შედის. საერთოდ, “ქარრის თასი” ერთ-ერთი უძველესი შეჯიბრია მსოფლიო რაგბიში. ის პირველად 1899 წელს ჩატარდა, ხოლო 1968 წლიდან ყოველწლიური გახდა. მასში 8 უძლიერესი გუნდი იღებს მონაწილეობას, ძირითადად სამხრეთაფრიკული კლუბები, ან რეგიონის ნაკრებები თამაშობენ და რადგან არც ისე შორეულ წარსულში ნამიბია სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი პროვინცია გახლდათ, ნამიბია მასში მონაწილეობას სამხრეთ აფრიკის სამხრეთ-დასავლეთის რეგიონის ნაკრების სახელით იღებდა. ნამიბიელებს ამ ტურნირზე საუკეთესო შედეგი 1989 წელს ქონდათ, მაშინ მათ “ქარრის თასზე” მე-3 ადგილი დაიკავეს.
ნამიბიური რაგბის წარმატებები ამით არ შემოფარგლულა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ნამიბიელები ზედიზედ მეოთხედ ითამაშებენ მსოფლიოს თასზე, თუმცა უნდა ითქვას, რომ აქამდე რაგბის უმთავრეს ტურნირზე კინკილა გამარჯვებასაც ვერ მიაღწიეს, თერთმეტივე თამაში წააგეს და ამ უსიამო ტრადიციის დარღვევას 2011 წელს ახალ ზელანდიაში შეეცდებიან.
რადგან ნამიბიამ დამოუკიდებლობა გვიან მიიღო (1990 წელს), 1991 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპზე, ნამიბიამ მონაწილეობა ვერ მიიღო, თუმცა, არც უსაქმოდ დარჩენილა და საკუთარი შესაძლებლობები ტესტ-მატჩებში გამოცადა. “ქარრის თასზე” მიღებული გამოცდილება ახლად გამომცხვარ “ველვიჩიას” იმდენად წაადგა, რომ პირველ ტესტმატჩში პორტუგალია 88:18 გაანადგურა და მომავალშიც იმდენად განვითარდა, რომ 1991 წელს ირლანდიის (15:6; 26:15) და იტალიის ნაკრებებს (17:7; 33:19) ორ-ორი მარცხი აგემა - ეს იყო ნამიბიური რაგბის ოქროს ხანა. ამ წელს გუნდმა სულ 10 ტესტი გამართა და 10-ვე მოიგო – ზემოთ ნახსენები ოთხის გარდა, 5-ჯერ ზიმბაბვე დასცა, ერთხელ კი, პორტუგალია ლისაბონში დაამარცხა - 34:12.
მომდევნო წლებში ნამიბიას სახელოვან მეტოქეებთან სპარინგ-მატჩები შემოაკლდა, თუმცა 1993 წელს უელსს ეთამაშა და 23:38 დამარცხდა, რუსეთთან კი, საკუთარ დედაქალაქ ვინდჰუკში 12:31 შერცხვა. ამავე პერიოდში ნამიბიამ 1995 მსოფლიოს წლის თასის შესარჩევი ითამაშა, პირველ რაუნდში დიდი ანგარიშით 60:9 გასვლაზე მოუგო კენიას, შინ კი, არაბეთის ყურის გაერთიანებულ გუნდს 64:20, ხოლო ზიმბაბვეს 41:26 აჯობა და მეორე რაუნდში გავიდა, მაგრამ ის ვეღარ გადალახა - ზიმბაბვესთან გამარჯვებას (25:20), კოტ დივუართან მინიმალური მარცხი (12:13) და მაროკოსთან ფრე (16:16) მოყვა.
ნელ-ნელა ნამიბიაში რაგბის განვითარების დონემ იკლო, რაც სანაკრებო თამაშთა ნაკლებობამ გამოიწვია. 1998 წელს გუნდი 1999 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის აფრიკის ზონის მე-3 რაუნდში ჩაერთო, ტუნისთან გასვლაზე 17:20 დამარცხდა, ზიმბაბვეს შინ 32:26 მოუგო და ერთნაირი ქულების პირობებში, გატანილ-გაშვებული ქულათა უკეთესი სხვაობით, ზიმბაბვესთან ერთად მე-4 რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც კოტ დივუარი 22:10, მაროკო 17:8, ხოლო ზიმბაბვე 39:14 დაამარცხა და მსოფლიო თასზე პირველად გავიდა. საფრანგეთში გამართულ 1999 წლის მსოფლიოს თასზე ნამიბია ფიჯისთან 18:67, მასპინძელ საფრანგეთთან 13:47, ხოლო კანადასთან 11:72 დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა, თუმცა, საამაყო ის ჰქონდა, რომ ძლიერ საფრანგეთს ადრეული ლელოს წყალობით უგებდა და დიდი დროის განმავლობაში, სახელოვან მეტოქეს ტოლსწორად ეთამაშა.
2003 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპზე, ნამიბიამ თავისი სარეკორდო გამარჯვება მოიპოვა - მადაგასკარი 116:0 გაანადგურა, მერე კი, ზიმბაბვე გასვლაზე 42:30 დაამარცხა და ფლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. იქ ნამიბიელთა მეტოქე ტუნისის ნაკრები იყო. ნამიბიამ შინ 7 ქულის სხვაობით - 26:19 იმარჯვა, გასვლაზე ასევე 7 ქულით 17:24 დამარცხდა, მაგრამ ორ შეხვედრაში მეტოქეზე ერთით მეტი ლელო გაიტანა და მსოფლიოს თასზე გავიდა. 2003 წლის მსოფლიოს თასი, “ველვიჩიასთვის” გასულ მსოფლიოს თასზე უარესი გამოდგა - აქ მასპინძელ ავსტრალიისგან სარეკორდო მარცხი იგემა - 0:142 და სწორედ ნამიბიელთა ამ მარცხის შემდეგ დაიწყო საუბარი, რომ არაფრისმომცემი გუნდები მსოფლიოს თასიდან მოეკვეთათ და 20 გუნდამდე გაზრდილი დასკვნითი ეტაპი ისევ 16-ამდე შეემცირებინათ. ნამიბიამ ავსტრალიაში პულის დანარჩენი შეხვედრებიც დათმო - არგენტინასთან 14:67, ირლანდიასთან 7:64 და რუმინეთთან 7:37.
2007 წლის მსოფლიოს თასის პირველ შესარჩევ რაუნდში, ნამიბიამ გასვლაზე ორი მარცხი იწვნია - კენიასთან 26:30 და ტუნისთან 7:24, რაც მეტწილად იმის ბრალია, რომ გუნდს გასვლით თამაშებზე ლეგიონერები არ დაყვებიან, თუმცა შინაურ კედლებში კენია 84:12, ხოლო ტუნისი 23:15 დაამარცხა და უკეთესი ლელოებით, გადათამაშებაში თამაშის უფლება მოიპოვა. გადათამაშებაში ნამიბიამ მაროკოსთან თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა, შინ 25:7, ხოლო გასვლაზე 27:8 იმარჯვა და მსოფლიოს თასზე ზედიზედ მესამედ გავიდა. ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში, აფრიკელებმა იმ დროისთვის მსოფლიო რეიტინგის მეხუთე საფეხურზე მყოფ ირლანდიას ორი ლელო გაუტანეს და ღირსეული თამაშის ფონზე წააგეს (17:32), მაგრამ დარჩენილ სამ შეხვედრაში უშანსოდ განადგურდნენ - საფრანგეთთან 10:87, არგენტინასთან 3:63 და საქართველოსთან 0:30.
2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის პირველ რაუნდში, ულეგიონერებოდ მობურთალ ნამიბიას გაუჭირდა და სენეგალს მხოლოდ 13:10, ხოლო ზიმბაბვეს 35:21 აჯობა. მეორე რაუნდში, კოტ დივუართან სტუმრად ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ (13:13), ნამიბიელებმა მეტოქე შინ 54:14 გაანადგურეს და ორრაუნდიან ფინალში ტუნისს დაუპირისპირდნენ. “ველვიჩიამ” ორივე შეხვედრა მოიგო, სტუმრად 18:13, შინ 22:10 და ახალ ზელანდიაში D ჯგუფში, სამხრეთ აფრიკის, უელსის, სამოასა და ფიჯის წინააღმდეგ ითამაშებს.
არსებობის ისტორიაში, ნამიბიის ეროვნულმა ნაკრებმა 97 მატჩი გამართა, მათგან 58 მოიგო, დამარცხდა 37 შეხვედრაში, ორი თამაში კი ფრედ დაასრულა. ამ სტატისტიკაში ოთხი თამაში საქართველოსა და ნამიბიის ნაკრებების დაპირისპირებას ეკუთვნის. მსოფლიო თასამდე, აფრიკელებთან თავის პირველ შეხვედრაში საქართველოს არცთუ ძირითადმა შემადგენლობამ აფრიკელებს რუმინეთში 26:18 სძლია. კიდევ ორი შეხვედრა წელს და შარშან ბუქარესტში გაიმართა. გასულ წელს საქართველოს ნაკრები ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან მეორე შემადგენლობით 16:21 დამარცხდა, წელს კი, კვლავ მეორე შემადგენლობით რევანში შედგა - 23:18.
ამ 97 შეხვედრაში, ნამიბიელთა მონაგარი 2845 ქულაა (382 ლელო, 252 გარდასახვა, 167 ჯარიმა, 6 არეკნი). ნაკრებში ყველაზე მეტი, 33 შეხვედრა აქვს ჩატარებული ჰერმან ლინტველტს, რომელიც წლევანდელ მსოფლიო თასზე აღარ იქნება. საუკეთესო ბომბარდირი ჯაკო კოეტზეა, რომლის ანგარიშზეც 329 ქულაა და მსოფლიო თასზე არც ის ითამაშებს. ნაკრებში აღარაა ნამიბიელთა საუკეთესო მელელოვე გერჰარდ მანსი, რომლის ანგარიშზეც 27 ლელოა. ნამიბიის ნაკრების სათამაშო ფორმის ფერი ღია ლურჯი მაისური და გეტრები და თეთრი შორტი, ან თეთრი მაისური და შორტი და ლურჯი გეტრებია. გუნდს იოჰან დიერგაარდი ავარჯიშებს, კაპიტანი კი, ინგლისის “სარაცინის” მესამეხაზელი, 105-კილოიანი ჟაკ ბურგერია, რომლის ანგარიშზეც ნაკრების მაისურით ჩატარებულ 25 შეხვედრაში 4 გატანილი ლელოა. მთლიანობაში, გუნდის ძირითად ბირთვს ნამიბიურ კლუბებში მობურთალი მორაგბეები შეადგენენ, ლეგიონერებიდან კი, მხოლოდ ოთხი თამაშობს ევროპაში და ექვსი - მეზობელი სამხრეთ აფრიკის კლუბებში. ახალ ზელანდიაში აფრიკელებს 13 ისეთი მორაგბე მიყავთ, რომლებსაც 2007 წლის მსოფლიო თასი აქვთ ნათამაშები.

ნამიბიის ნაკრები
უკანა ხაზი: იოჰან ბოკი, ჩრისანდერ ბოთა, ჰენდირკ დემესი, დერილ დე ლა ჰარპე, რაიან დე ლა ჰარპე, ეუგენ იანტიესი, ტეუნს კოტზე, ტერტიუს ლოსპერი, კონრად მარაისი, დავიდ ფილანდერი, ლელველინ ვინკლერი, დანიელ ვან ვიუკი, მაკგრეტ ვან ვიუკი, უილიამ ვან ზული;
შერკინება: ჟაკ ბურგერი, ეგბერტუს ოკალერგანი, ნიკო ესტერჰუსი, ჰენდრიკ ფრანკენი, ჰუგო ჰორნი, უაკაზუვარა კაზომბიაზე, როჰან კიტშოფი, ჰეინცე კოლი, რაოლ ლარსონი, პიტერს ვან ლილი, ჟაკ ნიუვენჰუსი, როუდ ვან ნელი, ტინუს დუ პლესი, იოჰან რედელინგჰუსი, იოჰან დუ ტოი, მარიუს ვიზერი.

D ჯგუფი
სამხრეთ აფრიკა
უელსი
სამოა
ფიჯი
ნამიბია

10 სექტემბერი. როტორუა
ფიჯი - ნამიბია
14 სექტემბერი. როტორუა
სამოა - ნამიბია
22 სექტემბერი. ოკლენდი
სამხრეთ აფრიკა - ნამიბია
26 სექტემბერი. ნიუ პლიმუთი
უელსი - ნამიბია

ზურა ქსოვრელი











 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085773