საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მეტოქემ მსოფლიო თასზე რუმინეთმა, ლვოვში უკრაინასთან ევროპის ერთა თასის გადადებული შეხვედრა გამართა, მეტოქეს 41:16 სძლია და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილამდე აღზევდა.
თავის დროზე, ეს შეხვედრა დიდთოვლობის გამო გადაიდო და ტურნირის ორგანიზატორებმა მისი გამართვა ახლაღა გადაწყვიტეს. რუმინელთათვის ეს კარგიც იყო, რადგან ისინი მსოფლიო თასისთვის ემზადებიან და უკრაინასთან ერთგვარი რეპეტიცია გაიარეს. ერთა თასის აუტსაიდერ უკრაინის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სახელოვან მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და პირველი ტაიმის შემდეგ, სულ რაღაც 9:19 მარცხდებოდა.
უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ჰქონდა ქართველ სპეციალისტ ზაზა ლეჟავას, რომელიც აქამდე, უკრაინის 7-კაცა ნაკრებს წვრთნიდა, ახლა კი 15-კაცაც ჩააბარეს. მასპინძელთა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ჯაბა მალაღურაძე და ზურაბ კიკაჩეიშვილი. კიკაჩეიშვილი ლეჟავამ 70-ე, ხოლო მალაღურაძე 73-ე წუთზე შეცვალა. ანგარიში უკრაინელებმა მე-9 წუთზე, საჯარიმო დარტყმით გახსნეს, მაგრამ სულ რაღაც ოთხ წუთში მდევრის როლში აღმოჩნდნენ. ლელო კატალინ ნიკოლაემ მიითვალა, დანუტ დუმბრავამ კი რეალიზაცია გამოიყენა. მე-20 წუთზე, ლელო რუმინელთა კიდევ ერთმა უკანახაზელმა, ურსაჩე დუმიტრაშმა მიითვალა. რეალიზაცია არაზუსტი იყო, მერე კი, მასპინძლებმა ორი ჯარიმა გამოიყენეს და 36-ე წუთზე სულ რაღაც 9:12 მარცხდებოდნენ. პირველი ნახევრის მიწურულს, რუმინელებმა კიდევ ერთი გარღვევა განახორციელეს და კატალინ ფერკუმ ლელო გაიტანა, ხოლო დუმბრავამ რეალიზაციით პირველი ტაიმის შედეგი დააფიქსირა.
მეორე ნახევარი რუმინელთა დიდი უპირატესობით დაიწყო და დუმბრავამ ჯარიმით უპირატესობა გაზარდა. სტუმრები ხელით ცდილობდნენ თამაშს და 56-ე წუთზე შუამარბმა იონუტ დიმოფტემ პრემიალური მეოთხე ლელო მიითვალა. შეცვლაზე შესულმა კიდევ ერთმა უკანახაზელმა ფლორიან სურუგუმ თავისი ლელო 68-ე წუთზე გაიტანა, ხოლო 73-ე წუთზე თავი მეორეხაზელმა კოზმინ რატიუმ გამოიჩინა. სამიდან ორი გარდასახვა ფლორიან ვლაიკუმ ზუსტად შეასრულა და ანგარიში 41:9 გახდა. მატჩის მიწურულს, რეფერიმ რუმინელებს პირველხაზელი დრაგოს დიმა გაუსინბინა, უკრაინამ რიცხვობრივი უპირატესობით ისარგებლა, მოლი ააგორა და ლელო გაიტანა, ზუსტი რეალიზაციის შემდეგ კი საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.
ამრიგად, რუმინეთის ნაკრებმა პორტუგალიას გადაასწრო და 16 ქულით მეორე ადგილამდე აღზევდა, მაგრამ დაუმარცხებელ საქართველოს მთელი 6 ქულით ჩამორჩება და “ბორჯღალოსნებს” ლიდერობას, მინიმუმ, ორი ტური ვერავინ შეეცილება. ევროპის ერთა თასის მეორე წრე 2012 წლიდან განახლდება, მანამდე კი, საქართველოს ნაკრებს რუმინეთთან ურთიერთობის გარკვევა ახალ ზელანდიაში, მსოფლიო თასზე მოუწევს. შეხვედრა 28 სექტემბერს, პალმერსთონ ნორთში გაიმართება.
ევროპის 2011-2012 წლების “ერთა თასი”. გადადებული მატჩი
20 აგვისტო. უკრაინა. ლვოვი
უკრაინა - რუმინეთი 16:41 (9:19)
რუმინეთი: 15. ურსაჩე დუმიტრაში, 14. კატალინ ნიკოლაე, 13. კონსტანტინ გეარა, 12. იონუტ დიმოფტე, 11. კატალინ ფერკუ, 10. დანუტ დუმბრავა (21. ფლორიან ვლაიკუ 54), 9. ლუსიან სირბუ (20. ფლორიან სურუგუ 41); 1. მიჰაი ლაზარი, 2. ბოგდან ზებეგა, 3. პაულიკა იონი (17. დრაგოს დიმა 62), 4. კრისტიან პეტრე, 5. კოზმინ რატიუ, 6. სტელიან ბურკეა, 7. ოვიდუ ტონიტა (19. მიჰაი მაკოვეი 54), 8. დანიელ კარპო.
6 ლელო: კატალინ ნიკოლაე, ურსაჩე დუმიტრაში, კატალინ ფერკუ, იონუტ დიმოფტე, ფლორიან სურუგუ, კოზმინ რატიუ
4 გარდასახვა: დანუტ დუმბრავა (2), ფლორიან ვლაიკუ (2)
1 ჯარიმა: დანუტ დუმბრავა
1. საქართველო 5 5 0 0 168-35 22
2. რუმინეთი 5 3 0 2 166-69 16
3. პორტუგალია 5 3 0 2 113-98 14
4. რუსეთი 5 2 0 3 100-98 11
5. ესპანეთი 5 2 0 3 92-175 10
6. უკრაინა 5 0 0 5 61-225 0
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია