საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, რომელიც 32 კაცის შემადგენლობით მსოფლიო თასისთვის საფრანგეთში ემზადება, ტრავმის გამო ორი მორაგბე გამოაკლდა და ბუნებრივად დავიდა იმ 30 სპორტსმენამდე, რომლებიც სექტემბერ-ოქტომბერში ქვეყნის ღირსებას ახალ ზელანდიაში დაიცავენ.
ძნელი სათქმელია, რამდენად დაემთხვა ეს ბუნებრივი გადარჩევა “ბორჯღალოსანთა” დამრიგებელ რიჩი დიქსონის გეგმებს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ორ “ზედმეტში” თავიდანვე მოაიზრებოდა ერთი ცხრა ნომერი და ერთი შერკინების მესამეხაზელი. ტრავმები სწორედ ამ პოზიციის მოთამაშეებმა მიიღეს - გიორგი ბეგაძემ “ყოჩებიდან” ხელი დაიზიანა, ხოლო “ლოკომოტივის” მესამეხაზელმა ზვიად მაისურაძემ მუხლი იტკინა. რადგან სამსოფლიოჩემპიონატო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 22 აგვისტოა, მწვრთნელებმა აღარ გარისკეს და ახალ ზელანდიაში ზემოთნახსენები მორაგბეები აღარ მიდიან, დანარჩენი ოცდაათი კი, განაცხადში იქნება.
უცხოურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგული “კლერმონისა” და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზირაქაშვილმა მუხლი დაიზიანა და “ბურგუენის” წინააღმდეგ ამის გამო ვერ ითამაშა. საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურის ცნობით, ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება, “ზირაქა” სრულიად ჯანმრთელადაა და ის ახალ ზელანდიაში აუცილებლად ითამაშებს. ტრავმა აწუხებდა “ბეზიესა” და “ბორჯღალოსნების” მგეზავ ლაშა მალაღურაძეს, რომელიც ამ ბოლო დროს შუამარბად უფრო გვევლინება, მაგრამ მისი დაზიანებაც მიზერულია და წესითა და რიგით, ახალ ზელანდიაში სრულ მზადყოფნაში ჩავა.
ბარემ ისიც ვთქვათ, რომ “ბურგუენთან” მატჩში, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 28:15 მოიგო, ლელოები მამუკა გორგოძემ, დავით კაჭარავამ და ირაკლი მაჩხანელმა გაიტანეს, ერთი ლელო კი, საჯარიმო იყო. გარდასახვები მერაბ კვირიკაშვილმა შეასრულა და ოთხივე დარტყმა გამოიყენა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრები 2011 წლის მსოფლიო თასზე ასეთი შემადგენლობით მიემგზავრება: გოდერძი შველიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი), ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი), აქვსენტი გიორგაძე (“კასტრი”, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (“არმია”, თბილისი), დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი), ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), დიმიტრი ბასილაია (“ობენა”, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), ილია ზედგინიძე (“კერკერენი”, საფრანგეთი), ვახტანგ მაისურაძე (“ლა სენი”, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (“მონტობანი”, საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი), მალხაზ ურჯუკაშვილი (“გურდონი”, საფრანგეთი), ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი), მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), რევაზ გიგაური (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი), ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი), ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი”, საფრანგეთი), დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი).
რაც შეეხება ნაკრების გეგმებს, ის კანის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ მანდელეიში დაბრუნდა, სადაც ფრანგული შეკრება დაიწყო. ბიჭები ცოტას დაისვენებენ და მერე ისევ წვრთნას განაახლებენ. 4 სექტემბერს “ბორჯღალოსნები” გეზს ახალი ზელანდიისკენ აიღებენ, 5 სექტემბერს უკვე დანიშნულების ადგილზე იქნებიან, პირველ შეხვედრას კი, 14 სექტემბერს შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავენ. 18 სექტემბერს ქართველთა მეტოქე ინგლისი იქნება, 28 სექტემბერს რუმინეთი, ხოლო ჯგუფური ეტაპი ქართველთათვის 2 ოქტომბერს, არგენტინასთან ჯახით დასრულდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია