ზე-18

19:33 | 5.03.2016 | ნანახია 1213 - ჯერ

„ლომების“ ისტორიული გალაშქრება [+ვიდეო]

სამხრეთ აფრიკულმა „ლაიონსმა“ 2016 წლის სუპერ რაგბის მეორე ტურში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - ახალზელანდიური „ჩიფსი“ სტუმრად პირველად დაამარცხა.

ძნელად გასახსენებელია, როდის შეძლეს აფრიკელებმა ბოლოს ზელანდიურ მიწაზე გამარჯვების მოპოვება, მაგრამ ამჯერად იოჰანესბურგელებმა შესანიშნავი მონდომება და ბურთის კონტროლი გამოავლინეს, გადაწყვეტილებების მიღებისას შეუცდომლად იმოქმედა მათმა ღერძმა, მძლავრად ითამაშეს მორკინალებმა და ამ ყველაფერმა შედეგი მოიტანა. სტუმრებმა კარგად გამოიყენეს მეტოქის შეცდომებიც, მაგრამ შეცდომები თავადაც დაუშვეს, რითაც მასპინძლებმა ბოლო წუთებზე ჩამორჩენის შემცირება შეძლეს და ბოლოს სალელოვედაც შეუტიეს, მაგრამ „ლაიონსი“ მაგრად დადგა და „ჩიფსის“ მძლავრი მოლი ორჯერ შეაკავა.

ჰამილტონში, „ვაიკატო სტედიუმზე“ ალბათ კარიერის საუკეთესო თამაში ჩაატარა „ლომების“ მგეზავმა ელტონ იანტიზმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში პერსპექტიულად ითვლებოდა, მაგრამ აქამდე ეგრეც ვერ გაიხსნა. მისმა ჭკვიანურმა გადაწყვეტილებებმა დაარღვია მითი, თითქოს აფრიკელებს მხოლოდ ძალისმიერი თამაში შეუძლიათ.

შეხვედრა „ჩიფსის“ აქტიურობით დაიწყო და ტაიმის შუაში მასპინძლები 8:6 დაწინაურდნენ, მაგრამ დასკვნითი 10 წუთი სტუმრების იყო. „ლომების“ იერიშები ლელოთი მალკოლმ მარკსმა დაასრულა, ხოლო იანტიზმა გარდასახვას ორი ჯარიმა მიაყოლა და აფრიკელები 19:11 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში მიტჩელ გრემი სინბინით დაისაჯა, რიცხობრივი მეტობა სტუმრებმა კარგად გამოიყენეს, ფლანგზე შკოსანი გაიქცა და ლამაზი ლელოთი „ლაიონსი“ 24:11 დააწინაურა.

„ჩიფსი“ დამიენ მაკკენზის ლელოთი და მისივე გარდასახვით ბრძოლაში მალევე დაბრუნდა, ხოლო 54-ე წუთზე აარონ კრუდენმა ჯეიმს ლოუს ხაზი გააჭრევინა, მაკკენზიმ ლელო გარდასახა და ზელანდიელები წინ გაიყვანა - 25:24. მასპინძლებს ზეიმი დასრულებული არ ჰქონდათ, როდესაც სტუმერთა ფორვარდებმა კარგად იმუშავეს და უორენ უაიტლიმ აფრიკელებს ლიდერობა ლელოთი დაუბრუნა, ხოლო იანტიზმა გარდასახვა შეასრულა. რუან კომბრინკმა აფრიკელები გამარჯვებასთან 65-ე წუთზე გატანილი ლელოთი დაახლოვა, გარდასახვა არაზუსტი იყო შეცვლაზე შესულმა 9 ნომერმა ბრედ ვებერმა ახლოდან დადებული ლელოთი მასპინძლებს წარმატების იმედი დაუბრუნა. მაკკენზის გარდასახვის შემდეგ სხვაობა 4 ქულამდე დავიდა და დასკვნითმა 9 წუთმა მასპინძლების იერიშებში ჩაიარა, გულშემატკივარი საყვარელ გუნდს ბოლო ხმაზე ამხნევებდა, მაგრამ გამარჯვების ლელო ეგრეც არ შედგა და „ლაიონსმა“ ჰამილტონიდან პირველი 4 ქულა გაიყოლა, ხოლო „ჩიფსი“ პრემიით დაკმაყოფილდა.

მიმოხილვა

სრული მატჩი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082448