მორნი სტეინის ფეხით თამაშის ბუნებრივმა ნიჭმა, რომელსაც ჯარიმის გატანა მოედნის ალბათ ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია, და ტაქტიკური დარტყმების უნაკლო ცოდნამ, ტრადიციულად ლამაზ, შემტევ სტილში ხელდახელ მობურთალ ახალ ზელანდიას შანსი არ დაუტოვა და წლევანდელი სამი ერის ბოლოსწინა ტურში, “სპრინგბოკმა” “ოლ ბლექსი” 18:5 დამსახურებულად დაამარცხა.
გუნდები ამ შეხვედრას განსხვავებული ამოცანებით შეხვდნენ. სამხრეთ აფრიკისთვის ეს მატჩი მსოფლიო თასის დაწყებამდე ბოლო რეპეტიცია იყო და უნდა დაემტკიცებინა, რომ “ვებ ელისის თასის” შენარჩუნების უნარი შესწევს. პრინციპში, აფრიკელებმა წელს თავისი საუკეთესო თამაში აჩვენეს, მაგრამ მხოლოდ დაცვაში, შეტევაში კი... მთელი 80 წუთის განმავლობაში, ისინი მეტოქის ჩათვლის მოედანს კი არა, 22-საც სულ რამდენჯერმე მიუახლოვდნენ და სალელოვე შეტევა ერთხელაც არ განუხორციელებიათ. აღსანიშნავია, რომ ამ წელიწადში “ბოკემ” სულ სამი ლელო გაიტანა და სამივე მორკინალების ანგარიშზეა. სამაგიეროდ, სამხრეთ აფრიკამ შეუდარებლად კარგად ითამაშა დაცვაში, ბრძოლებში სული და გული ჩადო და მორნი სტეინისთვის ჯარიმები გამოიმუშავა.
განსხვავებული ამოცანა ჰქონდა ახალზელანდიელთა დამრიგებელ გრემ ჰენრის. მან საკუთარი გუნდის ვარსკვლავებს დასვენების საშუალება მისცა და აფრიკაში, პორტ ელიზაბეთში ექსპერიმენტული შემადგენლობა წაიყვანა. მიუხედავად გამოუცდელობისა, ზელანდიელთა უკანა ხაზმა კარგად ითამაშა და ისრაელ დაგი, ისაია ტოიავა, ჰოსე გეარმა და რიჩარდ კაჰუი, გარღვევების შემდეგ რამდენჯერმე მიუახლოვდნენ აფრიკელთა ჩათვლის მოედანს, მაგრამ “სპრინგბოკის” მცველებმა ჟაკ ფურიმ და ბრაიან ჰაბანამ მათი რეიდები უკანასკნელ მომენტში აღკვეთეს. ეს დიდიწილად შემტევების არასწორი გადაწყვეტილებების გამო ხდებოდა, თუმცა, გარჯა არც მცველებს უნდა დავუკარგოთ. რაც შეეხება დენ კარტერის შემცვლელ მგეზავ კოლინ სლეიდს, ის კი გამოირჩა ხელით თამაშისას, მაგრამ ფეხით დარტყმები კაპიკად არ უვარგოდა და თავის ვიზავი სტეინს ვერც კი შეედრება. სტეინი ტაქტიკურ დარტყმებს იდეალურად ასრულებდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როდესაც ზელანდიას საკუთარი 22-დან ცხვირის გამოყოფის საშუალება არ მისცა, სლეიდმა კი, ტაქტიკურ დარტყმებს ვინღა ჩივის, ორი გასატანი ჯარიმა და ერთიც რეალიზაცია გააფუჭა.
თამაში ახალი ზელანდიის იყო. მათ პირველივე წუთებიდან აქტიურად შეუტიეს, ფეხით შეგორებულს უკანახაზელები შეყვნენ, ბურთი გაითამაშეს და კაჰუიმ ჩათვლის მოედნიდან ათიოდე მეტრში, გადაცემის გაკეთებისას ბურთი პირდაპირ მეტოქეს ჩააბარა. მერე სტეინმა შორეული ჯარიმით ანგარიში გახსნა, მე-10 წუთზე აფრიკის შერკინებას ზელანდიელები ვერ დაუდგნენ და სტეინმა 48 მეტრიდან ბურთი კვლავ ძელებსშუა გააძვრინა. “ოლ ბლექსმა” 12-ფაზიანი შეტევა წამოიწყო და რამდენჯერმე დაცვის ხაზი გაიჭრა, მაგრამ ჩათვლის მოედნის გადალახვა ვერ მოხერხდა. მთლიანობაში, ტრიბუნაზე შეკრებილმა 46 ათასმა მაყურებელმა, საწყის ოც წუთში სტუმართა სამი-ოთხი სალელოვე გარღვევა იხილა, მაგრამ აფრიკელი გულშემატკივრის სასიხარულოდ, ყველა მათგანი უშედეგოდ დასრულდა, მე-17 წუთზე კი, ადამ ტომსონი თამაშგარედან თამაშისთვის დაჯარიმდა და სტეინმა 49 მეტრიდან კვლავ ზუსტად დაარტყა - 9:0.
მე-19 წუთზე ზელანდიას ანგარიშის შემცირების შანსი მიეცა, მაგრამ სლეიდმა კარის გასწვრივ 34 მეტრიდან არაზუსტად დაარტყა. “სპრინგბოკი” მეტოქის 22-ში პირველად 26-ე წუთზე შევიდა, ზელანდია რაქში დაჯარიმდა და აბა, სტეინი 12 მეტრიდან რაღას ააცილებდა - 12:0. ცოტა ხნით თამაში აირია, ხან ერთი გუნდი ცდილობდა ხელდახელ შეტევას, ხან მეორე, მაგრამ ბურთი იკარგებოდა. ასე გაგრძელდა 32-ე წუთამდე, მერე კი, სტეინმა საშუალო დისტანციიდან არეკნის დარტყმა გადაწყვიტა და არც შემცდარა - 15:0. 34-ე წუთზე ზელანდიამ მძლავრად უპასუხა, საკუთარი დერეფანი კარგად მოიგო და ცენტრისკენ კიდევ უკეთ ჩაათამაშა, იქ სონი ბილ ვილიამსმა სიჩქარეაკრეფილ ჰოსე გერის კარგად აუგდო ბურთი, მანაც ხაზი გაჭრა და როჩარდ კაჰუის დროული გადაცემა გაუკეთა, ხოლო ამ უკანასკნელმა სამ მცველთან ჭიდილში ჩათვლის მოედნის ხაზი გადაკვეთა. სლეიდს რეალიზაცია გაუფუჭდა, სულ ბოლოს სტეინის მხრიდან მეორე არეკნის გატანის მცდელობაც არაზუსტი აღმოჩნდა და ტაიმი აფრიკამ 15:5 მოიგო.
მეორე ნახევრის დასაწყისში მომხდარმა ეპიზოდმა მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. 47-ე წუთზე ისრაელ დაგმა საკუთარი ნახევრიდან საოცარი რეიდი წამოიწყო. მას ორიდე მეტრიღა რჩებოდა ჩათვლის მოედნამდე, როდესაც ფრანსუა ჰუგარიმ შებოჭა. ზელანდიელმა მოასწრო და ბურთი ჯიმი ქოუენს აუგდო, რომელმაც ლელო გაიტანა, მაგრამ რეფერიმ ვიდეორეფერის მიმართა. სამხრეთაფრიკელი რეფერი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, სიტუაცია საკამათო იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც გადაწყდა, რომ ჰუგარის გადაცემა მილიმეტრებით წინ იყო გაკეთებული და ლელო გაუქმდა. დარჩენილმა ნახევარმა საათმა შეუპოვარ ბრძოლაში ჩაიარა, ოღონდ მოედნის ცენტრის სიახლოვეს. საათის თავზე სტეინმა 44 მეტრიდან თავისი მეხუთე ჯარიმა გაიტანა, მერე ტაქტიკურად კარგად ურტყა და სამხრეთ აფრიკამ სამი ერის წლევანდელ გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა - 18:5.
მიუხედავად მარცხისა, ახალი ზელანდია სატურნირო ცხრილის სათავეში რჩება. აქამდეც ცნობილი იყო, რომ სამხრეთ აფრიკა ბოლო ადგილს თავს ვერ დააღწევდა, ტურნირის გამარჯვებული კი, 27 აგვისტოს ბრისბენში, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის დაპირისპირებისას გაირკვეოდა. ერთი ეგ არის, თუკი აფრიკასთან გამარჯვების შემთხვევაში “ოლ ბლექსს” ბოლო ტურში ჩემპიონობის შანსი მცირე სხვაობით მარცხის შემთხვევაშიც ექნებოდა, ახლა წაგება სამი ერის თასის დაკარგვის ტოლფასი იქნება და რაგბის გურმანებსაც 27 აგვისტოს ლამაზი ფინალის ხილვა ელით. სავარაუდოდ, გრემ ჰენრი დასვენებულ ლიდერებს ავსტრალიაში ჩაიყვანს და ტარდიციული, სამხრეთული რაგბიც გაჩაღდება.
2011 წლის სამი ერი
23 ივლისი. ავსტრალია. სიდნეი
ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა 39:20
30 ივლისი. ახალი ზელანდია. ველინგტონი
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 40:7
6 აგვისტო. ახალი ზელანდია. ოქლენდი
ახალი ზელანდია - ავსტრალია 30:14
13 აგვისტო. სამხრეთ აფრიკა. დურბანი
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია 9:14
20 აგვისტო. სამხრეთ აფრიკა. პორტ ელიზაბეტი
სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია 18:5
1. ახალი ზელანდია 3 2 0 1 75-39 9
2. ავსტრალია 3 2 0 1 67-59 9
3. სამხრეთ აფრიკა 4 1 0 3 54-98 5
27 აგვისტო. ავსტრალია. ბრისბენი
ავსტრალია - ახალი ზელანდია (14:00)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია