ამბები

20:20 | 21.08.2011 | ნანახია 3310 - ჯერ

შოტლანდია მსოფლიოზე გამარჯვებული მიდის

ამ უქმეებზე ბობოლა სარაგბო ქვეყნების ნაკრებები უსაქმოდ არ დარჩნენ და ვისაც ოფიციალური შეხვედრა არ ჰქონდა ჩასატარებელი, თითქმის ყველა გუნდმა ტესტ-მატჩი გამართა. მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეთაგან, რუმინეთმა უკრაინა ერთა თასის გადადებულ შეხვედრაში 41:16 დაამარცხა, შოტლანდიამ იტალიას ამხანაგურად მოუგო, არგენტინა უელსთან დამარცხდა, ინგლისმა კი, ამჯერად დასვენება ირჩია.
ორი კვირის წინ ირლანდიის ნაკრების ბოლო წუთებზე გემტეხი შოტლანდია (10:6), ამჯერად საკუთარ “მარიფილდზე” იტალიას დაუხვდა და 23:12 იმარჯვა. გუნდებმა ორ-ორი ლელო გაიტანეს, მაგრამ მასპინძელთა დამრტყმელმა დენ პარკსმა ორი გარდასახვა და სამი ჯარიმა გაიტანა და საკუთარი გუნდის გამარჯვება განაპირობა. სქოთთა დამრიგებელი ენდი რობინსონი კარგ ხასიათზე უნდა იყოს, რადგან მისმა გუნდმა ორივე ტესტი მოიგო, მაგრამ მას ხასიათს აუცილებლად გაუფუჭებდა ნიკ უოქერის ტრავმა, რომელმაც მატჩის მიწურულს მოედანი საკაცით დატოვა და სავარაუდოდ, მსოფლიო თასზე ვეღარ გაემგზავრება. რობინსონი სამსოფლიოთასო შემადგენლობას ორშაბათს დაასახელებს...
იტალიასთან მატჩი მასპინძლებმა კარგად დაიწყეს და მალევე მაქს ევანსის გარღვევას ალასდაირ დიკინსონის ლელო მოყვა. შესვენებამდე იტალიამ ეს ლელო კი გაქვითა, მაგრამ პარკსმა გამოყენებულ რეალიზაციას ორი ჯარიმა მიაყოლა და შოტლანდიამ ტაიმი 13:7 მოიგო. მასპინძლები პირველ ტაიმში ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და ბურთსაც მეტხანს აკონტროლებდნენ, თუმცა, შეცვლების შემდეგ მათი თამაში აირია და უპირატესობა სტუმართა მხარეს გადავიდა. ტრიბუნაზე შეკრებილი 20245 მაყურებლის სამწუხაროდ, იტალიელები უკეთეს რაგბის თამაშობდნენ და 48-ე წუთზე მათი გარჯა ფაბიო სემენზატოს ლელოთი დაგვირგვინდა, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტი იყო და სტუმრები კვლავ მდევრის როლში დარჩნენ - 12:13. ამან მასპინძელთა თამაში კიდევ უფრო ნერვული გახადა, შოტლანდიელები ბურთის საკუთარი ჩათვლის მოედნიდან შორს გატანას ფეხით ცდილობდნენ, ერთ-ერთ მომენტში იტალიელთა ფულბეკმა ანდრეა მაზიმ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, მაიკ ბლერიმ ამით ისარგებლა და მეორე ლელო გაიტანა. პარკსმა ზუსტი რეალიზაციით უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა, ორიდე წუთში 40 მეტრიდან გატანილი ჯარიმით ის კიდევ უფრო გაზარდა და შოტლანდიამ ხასიათი გამოიკეთა.
2007 წლის მსოფლიო თასის ფინალისტი არგენტინა უელსთან “მილენიუმზე” საკუთარი შეცდომების გამო დამარცხდა. არგენტინელებმა პირველ ტაიმში ძალიან კარგად ითამაშეს და მეტოქეს მთელი ნახევარი საათი ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს, მაგრამ უამრავმა ტექნიკურმა წუნმა მათი გარჯა წყალში ჩაყარა. სამხრეთელები აგრესიულად თამაშობდნენ, ძლიერები იყვნენ ინდივიდუალურ ბოჭვებში, რაქებში კი, რამდენჯერმე ბურთი მეტოქესაც სუფთად წაართვეს. მთლიანობაში, “პუმები” უპირატესობას სწორედ მიწაზე თამაშს ანიჭებდნენ და მეტოქე გააწამეს. რადგან ხაზის ხელდახელ გაჭრა არ ხერხდებოდა, ისინი მეტოქის ზურგსუკან ბურთს აცურებდნენ - იქნებ ის მათთვის სასარგებლოდ ამხტარიყო და მთელი პირველი ტაიმი უელსის ნახევარზე გაატარეს, მაგრამ რად გინდა - ფელიპე კონტეპომის დარტყმები არ მისდიოდა.
ძალაში უპირატესობა ჯარიმებად გარდაიქმნა, მაგრამ კონტეპომიმ სამი გასატანი დარტყმიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა, ამასთან, არეკნი გაუცუდდა მარსელო ბოშსაც. როდესაც რაქებში, დერეფნებში, მოლებში ასეთი დიდი უპირატესობა გაქვს და ვერ იყენებ, წასაგებად ხარ განწირული და ასეც მოხდა. არგენტინის მთავარი ნაკლი, კონტეპომის ცუდი დარტყმების პარალელურად ისიც იყო, რომ ბურთი ხელიდან ხშირად უვარდებოდათ და რაც მთავარია, დაცვაში სწრაფად გადაწყობას ვერ ახერხებდნენ.
35-ე წუთზე ენდი პაუელმა შერკინებიდან გაიტანა ბურთი, ტევის ნოილმა ის ალენ ვუნ ჯონსს გაატანა, რომელიც კი შებოჭეს, მაგრამ მას იერიშის წამომწყები პაუელი წამოეშველა და დაუცველ მარცხენა კუთხეში პირველი ლელო გაიტანა, ხოლო რეალიზაცია ჯეიმს ჰუკმა გამოიყენა. სამიოდე წუთში არგენტინელებმა მორიგი შეცდომა დაუშვეს, ჯორჯ ნორთი საკუთარი ნახევრიდან დაიძრა, მას მხარი ალენ ვუნ ჯონსმა აუბა და მასპინძლებმა მეორე ლელო გაიტანეს, ჰუკმა კი რეალიზაცია გამოიყენა და თამაშის მსვლელობის საწინააღმდეგოდ, უელსმა ტაიმი 14:3 მოიგო. მეორე ნახევარი უელსმა უკეთ დაიწყო და 44-ე და 53-ე წუთებზე გატანილი ჯარიმებით, მასპინძლები 20:3 დაწინაურდნენ. კონტეპომიმ ჯარიმით სხვაობა კი შეამცირა, მაგრამ 71-ე წუთზე უელსმა დიდებული, დამუშავებული კომბინაცია გაითამაშა და ნორთმა მასპინძელთა მესამე ლელო მიითვალა. სულ ბოლოს არგენტინამ ერთიც გაიბრძოლა, კვლავ ძალისმიერ მეთოდს მიმართა და მოლით ლელო გაიტანა, რომელიც სელსოს ანგარიშზეა. კონტეპომმა რეალიზაცია ზუსტად კი შეასრულა, მაგრამ ბოლო სიტყვა ისევ ჰუკმა თქვა, რომელმაც ბოლო წუთზე ჯარიმა ზუსტად დაჰკრა და უელსს 28:13 მოაგებინა. ამრიგად, გასულ შაბათს ინგლისის ნაკრების 19:9 ძლევის შემდეგ, “დრაკონებმა” საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მეტოქე დაამარცხეს და 11 სექტემბერს მსოფლიო თასის მფლობელ სამხრეთ აფრიკასთან გასამართ მატჩს იმედიანად ელოდებიან.
საფრანგეთის ნაკრებმა სტუმარ-მასპინძლობა დაივიწყა და ერთი კვირის წინათ ბორდოში 19:12 ძლევის შემდეგ, ირლანდია ამჯერად დუბლინშიც დასცა - 26:22. ერთი კვირის წინანდელი მატჩისაგან განსხვავებით, გუნდებმა შემადგენლობაში ცვლილებები მრავლად განახორციელეს. თამაში შეიძლება ეპიზოდებად დაიყოს. დასაწყისი ირლანდიელების იყო, რომლებმაც ჯონათან სექსტონის ჯარიმით გახსნეს ანგარიში და მე-9 წუთზე ჰილის ლელოთი კიდევ უფრო დაწინაურდნენ. ფრანგებმა მასპინძლებს საქმე 22 წუთში, 26-ედან 48 წუთებამდე მოუთავეს. მორგან პარას ჯარიმას ორ წუთში ტრინ-დიუკმა არეკნი მიაყოლა, კიდევ სამ წუთში კი, ჰეიმანმა ლელო გაიტანა. პარამ რეალიზაციაც გამოიყენა და ტაიმის მიწურულს ერთი ზუსტი ჯარიმაც დაარტყა - 16:8. მეორე ნახევრის დასაწყისში პარამ ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, ხოლო 48-ე წუთზე ლელო უკვე ტრინ-დიუკმა მიითვალა და პარამ ისიც გარდასახა. ამას ცვლილებები მოყვა და დასკვნითი 10 წუთი ირლანდიამ საოცრად ჩაატარა. სექსტონმა და ობრაიენმა ლელოები გაიტანეს, რონან ოგარამ რეალიზაციები გამოიყენა, მაგრამ საწყის და დასკვნით 10 წუთებში თავის გამოდება მასპინძლებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და საფრანგეთმა 26:22 იმარჯვა.
ტონგამ ფიჯისთან ერთი კვირის წინათ განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო. ტონგელებმა ტაიმი 11:10 მოიგეს, ჯამში კი, 32:20 იმარჯვეს. აშშ-ის ნაკრები იაპონიას ტოკიოში მხოლოდ პირველ ტაიმში გაუძალიანდა და შესვენებაზე გასვლისას 14:8 იგებდა, მაგრამ მეორე ნახევარში მასპინძლებმა მომხვდურებს ქულა აღარ ააღებინეს, თავად 12 მოინაგრეს და 20:14 იმარჯვეს. სამოამ ტესტის გამართვა ვერ მოახერხა, მაგრამ დრო უქმად არ დაკარგა და ავსტრალიის “ვესტერნ ფორსთან” ივარჯიშა. ავსტრალიელებმა ტაიმი 18:16 მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში სამოას ნაკრები უკეთ გამოიყურებოდა და 35:24 იმარჯვა. საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა ბრიტანულ შეკრებაზე მყოფმა რუსეთის ნაკრებმაც, რომლის მეტოქეც ამჯერად უელსის “ოსპრეი” იყო. უელსელები ლელოთი მალევე დაწინაურდნენ, მერე ჯარიმა გაიტანეს და 8:0 დაწინაურდნენ. რუსებმა ერთი ჯარიმა გააფუჭეს, თუმცა, მათმა თავგამოდებამ შედეგი გამოიღო და ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა მინიმუმამდე დავიდა. შესვენებამდე მასპინძლებმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს, ორივე რეალიზაცია გამოიყენეს და ტაიმი 22:7 მოიგეს. მეორე ტაიმში რუსებმა ორი ლელო გაიტანეს, მაგრამ თავად ოთხი გაუშვეს და “ოსპრეიმ” 46:19 იმარჯვა.

 

ზურა ქსოვრელი




 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.093896