საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის დაწყებამდე რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) რეიტინგში 70,30 სარეიტინგო ქულით მეთექვსმეტე ადგილზე არჩება. 9 სექტემბრამდე მის სიახლოვეს მყოფ გუნდებს სარეიტინგო შეხვედრები აღარ ექნებათ და არც არაფერი შეიცვლება.
მანამდე, გასულ კვირაში ჩატარებული შეხვედრების შედეგების გათვალისწინებით, მისი წინა მეზობელი შეიცვალა. ტონგამ ფიჯი სტუმრად 32:20 დაამარცხა, რეიტინგში ერთბაშად სამი საფეხურით დაწინაურდა და მე-12 ადგილამდე აღზევდა. ერთი კვირის წინანდელი მარცხისთვის აღებული რევანშის წყალობით, ტონგელებმა 1,42 სარეიტინგო ქულა მიიღეს. ამდენივე დაკარგა ფიჯიმ, რომელმაც მეტოქეს თავისი მე-12 ადგილი დაუთმო და თავად მე-15 საფეხურამდე დაქვეითდა. 2003 წლიდან, როდესაც IRB-მ ყოველკვირეული რეიტინგი შემოიღო, ფიჯი ასე დაბლა ჯერ არ დაშვებულა, ტონგამ კი, თავის მაქსიმალურ ზღვარს უწია.
ტონგა ერთადერთი გუნდი არაა, რომელმაც რეიტინგში წინსვლა განიცადა. უელსმა და შოტლანდიამ, შესაბამისად, არგენტინა და იტალია დაამარცხეს და თითო საფეხურით დაწინაურდნენ. უელსმა “პუმებს” 28:13 მოუგო და მას შემდეგ, რაც ირლანდია საფრანგეთთან საკუთარ მოედანზე 22:26 დამარცხდა, ეს გუნდი მეექვსედან მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდა, მისი ადგილი კი უელსმა დაიკავა. ამრიგად, გასული სამი კვირის განმავლობაში, შოტლანდიასთან და საფრანგეთთან განცდილი მარცხების გამო (საფრანგეთთან ორჯერ), ირლანდიელები ჯამში სამი ადგილით დაქვეითდნენ. არგენტინის უელსთან 13:28 მარცხის და შოტლანდიისგან იტალიის 23:12 გამარჯვების შედეგად, სქოთებმა და არგენტინელებმა ადგილები გაცვალეს. ახლა შოტლანდიელები მერვე საფეხურამდე აღზევდნენ და ირლანდიას მიუახლოვდნენ, არგენტინა კი, მეცხრე პოზიციამდე დაეშვა.
საფრანგეთი კვლავ რჩება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს რეიტინგლიდერად. ის მეოთხე ადგილზეა, მის წინ კი სამხრეთ აფრიკაა, რომელმაც სამი ერის გასულ ტურში ახალი ზელანდია 18:5 დაამარცხა. “ოლ ბლექსი” პირველ ადგილზე კი რჩება, მაგრამ ახლა ავსტრალიას მხოლოდ 3,89 სარეიტინგო ქულით უსწრებს. იაპონიამ აშშ ტოკიოში 20:14 კი დაამარცხა, მაგრამ ამ შედეგს გუნდების სარეიტინგო ქულებზე გავლენა არ მოუხდენია. რუმინეთმა ლვოვში უკრაინის 41:16 ძლევით, მხოლოდ 0,12 სარეიტინგო ქულა მიიღო და საქართველოს ნაკრებს კვლავ ოთხზე მეტი სარეიტინგო ქულით ჩამორჩება.
მსოფლიო თასამდე, მომავალ შაბათს მხოლოდ ორი ისეთი შეხვედრა გაიმართება, რომლის შედეგიც გუნდების სარეიტინგო ქულებზე იმოქმედებს. ირლანდია ტესტ-მატჩში ინგლისისს უმასპინძლებს, სამი ერის გადამწყვეტ შეხვედრაში კი, ავსტრალია ახალ ზელანდიას ბრისბენში დაუხვდება.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 22 აგვისტოსთვის
1 (1). ახალი ზელანდია 91, 46
2 (2). ავსტრალია 87, 75
3 (3). სამხრეთ აფრიკა 85,70
4 (4). საფრანგეთი 83,79
5 (5). ინგლისი 81,82
6 (7). უელსი 80,79
7 (6). ირლანდია 79,57
8 (9). შოტლანდია 78,83
9 (8). არგენტინა 78,40
10 (10). სამოა 74,55
11 (11). იტალია 73,88
12 (15). ტონგა 72,49
13 (13). იაპონია 71,96
14 (14). კანადა 71,56
15 (12). ფიჯი 70,83
16 (16). საქართველო 70,30
17 (17). რუმინეთი 65,69
18 (18). აშშ 65,00
19 (19). რუსეთი 61,93
20 (20). ნამიბია 61,43
21 (21). პორტუგალია 60,67
22 (22). ურუგვაი 60,00
23 (23). ჩილე 59,52
24 (24). ესპანეთი 59,43
25 (25). ბელგია 56,50
26 (26). მაროკო 56,11
27 (27). ჰონკონგი 54,49
28 (28). მოლდოვა 54,10
29 (29). ბრაზილია 54,04
30 (30). ჩეხეთი 53,78
31 (31). ყაზახეთი 53,66
32 (32). კორეა 53,51
33 (33). უკრაინა 53,22
34 (34). პოლონეთი 52,88
35 ...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია