სექტემბერ-ოქტომბერში ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო თასს ერთი დებიუტანტი ყავს. რუსეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველად დაძლია შესარჩევი ეტაპი და მსოფლიოს 20 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. ევროპის ზონის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს შემდეგ მეორე სწორედ რუსეთი იყო და ზელანდიის საგზური დამატებითი შესარჩევი მატჩების გარეშე მოიპოვა. ოთხი წლის წინ, მსოფლიოზე დებიუტი პორტუგალიას ჰქონდა, ახლა კი, მისი ადგილი რუსეთმა დაიკავა.
მატჩის მონაწილეების თუ თვითმხილველების გადმოცემით, რუსეთის ტერიტორიაზე რაგბის ჯერ კიდევ რევოლუციამდე, საპორტო ქალაქებში ინგლისური გემების მეზღვაურები თამაშობდნენ და მასში მონაწილეობას ადგილობრივი მაცხოვრებლებიც იღებდნენ. პირველი დარეგისტრირებული სარაგბო მატჩი მოსკოვში 1923 წელს გაიმართა, 1934 წელს გუნდებიც ჩამოყალიბდა და 1936 წელს საბჭოთა კავშირის რაგბის კავშირი დაარსდა, რომლის სამართალმემკვიდრედაც დღევანდელი რუსეთის რაგბის კავშირი ითვლება.
1936 წელს საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონატიც ჩატარდა, მაგრამ, 1949 წელს, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ რაგბი საბჭოთა ადამიანების ხასიათს არ შეესაბამებოდა, ძალადობას ქადაგებდა და აკრძალა კიდეც. საბჭოთა კავშირში რაგბის აღორძინება 1957 წლიდან დაიწყო, თუმცა, პირველი სანაკრებო, საერთაშორისო შეხვედრა მხოლოდ 1974 წელს, ჩეხოსლოვაკიის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარდა, სსრკ-ის ნაკრებმა 18:4 იმარჯვა. 1980 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაკრები რეგულარულად თამაშობდა იტალიის და რუმინეთის ნაკრებთა წინააღმდეგ და 1987 წელს, პირველ მსოფლიო თასზე ორგანიზატორებისგან მიწვევაც მიიღო, მაგრამ პოლიტიკური მოტივებით, საბჭოთა ნაკრებმა მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. 1990 წელს საბჭოთა კავშირის რაგბის ფედერაცია IRB-ს წევრი გახდა, ამასობაში, ქვეყანამ რღვევა დაიწყო და 1991-92 წლებში საბჭოთა კავშირის ნაკრების ნაცვლად შექმნილმა დსთ-ს ნაკრებმა ოთხი შეხვედრა გამართა, მაგრამ ოთხივეში დამარცხდა.
რუსეთის რაგბის კავშირი და ნაკრები დამოუკიდებელი სახით 1992 წელს დაარსდა. იმავე წლის ივნისში რუსეთის ნაკრებმა თავისი პირველი შეხვედრა “ბარბაროსების” წინააღმდეგ გამართა და 27:23 იმარჯვა. ამას მოყვა კიდევ ოთხ მატჩში გამარჯვება -ბელგიასთან, გერმანიასთან, საქართველოსთან და პოლონეთთან. აქედან მოყოლებული დღემდე, რუსეთის ნაკრებს ზედიზედ ხუთი შეხვედრა აღარ მოუგოა. საქართველოს რუსებმა 1993 წელს პოლონეთში, მსოფლიო თასის შესარჩევ შეხვედრაში 15:9 მოუგეს და მას შემდეგ, განურჩევლად თამაშის ჩატარების ადგილისა, “ბორჯღალოსნებთან” წარმატებას ვეღარ აღწევენ. რუსებისთვის მეტ-ნაკლებად წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს 2002 წლის 3 მარტს თბილისში გამართული შეხვედრა, რომელიც ფრედ - 12:12 დასრულდა. სულ, საქართველოს ნაკრებმა რუსთა წინააღმდეგ 15-ჯერ ითამაშა და თითო-თითო ფრის და მარცხის წილ, 13 გამარჯვება აქვს. ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში ყველაზე დიდი ანგარიში თურქეთის ქალაქ ტრაბზონში 2010 წელს დაფიქსირდა, როდესაც საქართველომ მეტოქეს 36:8 სძლია, მანამდე კი, სარეკორდო შედეგი 46:19 მოგება იყო (2006 წელს).
1995 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ბოლო რაუნდში რუსები რუმინელებთან დამარცხდნენ და თასზე ვერ მოხვდნენ. 2000-იანი წლების დასაწყისი რუსეთის ნაკრებისთვის ერთგვარად აღმავლობის პერიოდი იყო. 2000 წლის 13 მაისს მათ თავისთვის სარეკორდო გამარჯვება მოიპოვეს, როდესაც დანია 104:7 გაანადგურეს. ამ პერიოდიდან ჩაერთო ეს გუნდი ევროპის ერთა თასის გათამაშებაშიც და მას შემდეგ მუდამ პირველი დივიზიონის ბინადარია. ის ხშირად მართავდა შეხვედრებს ისეთ ნაკრებებთან, როგორიც იაპონია, კანადა და აშშ არიან, იყო შეხვედრა ირლანდიასთანაც, ტურნეები სამხრეთ აფრიკაში. 2003 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიდან რუსეთი იმის გამო მოხსნეს, რომ შემადგენლობაში სამი სამხრეთაფრიკელი ათამაშა, რომელთაც ამის უფლება არ ჰქონდათ.
2006 წლიდან გუნდი რეგულარულად მონაწილეობდა IRB-ს ერთა თასის და “ჩერჩილის თასის” შეხვედრებში. 2007 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე, რუსები ლისაბონში პორტუგალიასთან 23:26 დამარცხდნენ და საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში ვერ გავიდნენ. 2009-2010 წლების ერთა თასზე, რომელიც ასევე მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი იყო, რუსებმა საქართველოს შემდეგ მეორე ადგილი დაიკავეს და მსოფლიო თასზე პირველად გავიდნენ. გადამწყვეტი მატჩი 2010 წლის 10 თებერვალს რუმინეთის წინააღმდეგ გაიმართა. სოჭში თამაში ფრედ 21:21 დასრულდა, რამაც რუსებს ახალი ზელანდიის საგზური მოუტანა, რუმინეთი კი, რეპეშაჟში გადაერთო. სამაგიეროდ, 2010 წლის 6 ნოემბერს რუსეთის ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშითაც წააგო - იაპონიას ეწვია და მასპინძლებთან 3:75 განადგურდა.
რუსეთში 105 კლუბი და 14519 მორაგბეა რეგისტრირებული, რომელთაგან 1155 ქალია. ნაკრების მეტსახელი “დათვებია” და ისინი წითელი, ან ლურჯი ფორმით თამაშობენ, ოღონდ, შორტები ორივე შემთხვევაში თეთრია. არსებობის განმავლობაში რუსეთის ნაკრებმა სანაკრებო დონეზე 221 მატჩი გამართა, მათგან მოიგო 117, წააგო 99 და ხუთი ფრედ დაასრულა. 221 შეხვედრაში “დათვებმა” მოაგროვეს 5183 ქულა (319 ლელო, 189 გარდასახვა, 250 ჯარიმა და 26 არეკნი) და გაუშვეს 4211. ეროვნული გუნდის მაისურით ყველაზე მეტი, 53 შეხვედრა აქვს ჩატარებული ალექსანდრ ხროკინს. მოგროვილი ქულებით იური კუშნარიოვი ლიდერობს (240 ქულა), ხოლო საუკეთესო მელელოვე ალექსანდრ გვოზდოვსკია (15 ლელო). გუნდის მთავარი მწვრთნელია ნიკოლაი ნერუში, რომელსაც უელსელი კინგსლი ჯონსი ეხმარება, კაპიტნის სამკლავური კი, ვლადისლავ კორშუნოვს აბარია.
მსოფლიოს რეიტინგში რუსეთის ნაკრები მე-19 ადგილზეა. მას 61,93 სარეიტინგო ქულა აქვს და 0,50 ქულით უსწრებს მსოფლიო თასის რეიტინგაუტსაიდერ ნამიბიას (61,43 ქულა). მსოფლიო თასისთვის მზადების ეგიდით, “დათვები” წლის დასაწყისში ტურნირის ჩატარების ადგილას - ახალ ზელანდიაში იმყოფებოდნენ, ახლა კი, ბრიტანეთში არიან და იქ ადგილობრივ კლუბებთან ამხანაგურ შეხვედრებს მართავენ. ისინი პირველ მატჩში ინგლისის “ნორთჰემპტონს” დაუპირისპირდნენ და 19:54 დამარცხდნენ, მერე უელსურ კლუბებთან შერცხვნენ – ჯერ “ნიუპორტთან” 12:40, შემდეგ კი “ოსპრეისთან” 19:46. 26 აგვისტოს “დათვები” მსოფლიო თასამდე ბოლო საკონტროლო შეხვედრას გამართავენ და ინგლისურ “გლოსტერს” დაუპირისპირდებიან.
რუსეთის ნაკრები ახალ ზელანდიაში C ჯგუფში, ავსტრალიის, ირლანდიის, იტალიისა და აშშ-ის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს. 15 სექტემბერს, სადებიუტო შეხვედრაში რუსები აშშ-ს დაუპირისპირდებიან და ამ მსოფლიო თასზე “დათვების” მიზანი სწორედ ამერიკელთა დამარცხებაა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასზე სადებიუტო შეხვედრა ჯერ არცერთ გუნდს არ მოუგია.
რუსეთის ნაკრები მსოფლიო თასზე ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: დენის ანტონოვი (“სლავა”), ვასილი არტიომოვი (“ნორთჰემპტონი”, ინგლისი), მიხაილ ბაბაევი (ვვა), ადამ ბერნსი (“მელბურნი”, ავსტრალია), ვლადიმირ ბოტვინნიკოვი (“ენისეი”), ანდრეი ბიკანოვი (“სლავა”), ალექსანდრ ვოიტოვი (ვვა), იგორ გალინოვსკი (“კრასნი იარი”), ანდრეი გარბუზოვი (“კრასნი იარი”), ვიაჩესლავ გრაჩოვი (“ბიზანოსი”, საფრანგეთი), ვიქტორ გრესევი (ვვა), იგორ კლიუჩნიკოვი (ვვა), ვლადისლავ კორშუნოვი (ვვა), ანდრეი კუზინი (ვვა), იური კუშნარიოვი (ვვა), ალექსეი მაკოვეცკი (კრასნი იარი), ევგენი მატვეევი (ვვა), ანდრეი ოსტრიკოვი (“სეილ შარქსი”, ინგლისი), ვლადიმირ ოსტროუშკო (“ენისეი”), სერგეი პოპოვი (“სლავა”), ივან პრიშჩეპენკო (“კრასნი იარი”), კონსტანტინ რაჩკოვი (“სტად პროსენი”, საფრანგეთი), მიხაილ სიდოროვი (“სლავა”), დენის სიმპლიკევიჩი (“ენისეი”), ალექსეი ტრავკინი (ვვა), არტიომ ფათახოვი (ვვა), ალექსანდრ ხროკინი (ვვა), ვალერი ცნობილაძე (“ნოვოკუზნეცკი”), ალექსანდრ შაკიროვი (ვვა), ალექსანდრ იანუშკინი (ვვა).
C ჯგუფი
ავსტრალია
ირლანდია
იტალია
რუსეთი
აშშ
15 სექტემბერი. ნიუ პლიმუთი
რუსეთი - აშშ
20 სექტემბერი. ნელსონი
იტალია - რუსეთი
25 სექტემბერი. როტორუა
ირლანდია - რუსეთი
1 ოქტომბერი. ნელსონი
ავსტრალია - რუსეთი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია