რაგბიში მეშვიდე მსოფლიო თასის ფინალური ტურნირის ბოლო, მე-20 მონაწილის ვინაობა გასული წლის ნოემბერში გაირკვა, როდესაც ქართველთათვის კარგად ნაცნობმა რუმინეთმა რეპეშაჟში ურუგვაის ორი მატჩის ჯამში სძლია და ახალ ზელანდიაში იმ B ჯგუფში მოხვდა, სადაც ადგილი საქართველოს ნაკრებს დაბევებული ჰქონდა. “ბორჯღალოსნები” წლევანდელ მსოფლიო თასზე რუმინელების, ხოლო რუმინელები ქართველების უცილობლად დამარცხებას გეგმავენ და ვისი გეგმები შესრულდება, ეს 28 სექტემბერს პამერსთონში გაირკვევა.
XIX საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის დასაწყისში, დიდი ბრიტანეთიდან და საფარნგეთიდან სამშობლოში დაბრუნებულმა სტუდენტებმა ქვეყანაში სპორტის ახალი სახეობა, რაგბი ჩაიტანეს. განსაკუთრებით დიდი წვლილი საფრანგეთში განათლებამიღებულ სტუდენტებს მიუძღვით. უწინარესად, რაგბიმ ფესვები დედაქალაქ ბუქარესტში გაიდგა და სპორტის ამ სახეობით ძირითადად საშუალო ფენა დაინტერესდა. ოვალურმა ბურთმა ქვეყანაში პოპულარობა მალევე მოიპოვა. თავდაპირველად კლუბები დედაქალაქში შეიქმნა: ესენი იყვნენ TENNIS CLUB ROMAN, STADIUL ROMAN da DUCATIA PHYSICA, შემდეგ კი, 1939 წლიდან სარაგბო გუნდები ჩამოყალიბდა ბრაშოვში, ტიმიშოარაში, კლუჟში და სხვა ქალაქებში. 1914 წელს ამ კლუბების წარმომადგენლებმა რუმინეთის რაგბის ფედერაცია ჩამოაყალიბეს და იმ წელსვე დაიწყეს რუმინეთის პირველობის გამართვა, რომელიც TENNIS CLUB ROMAN-მა მოიგო. რუმინეთი გახლავთ ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომლებმაც 1934 წელს FIRA დააფუძნეს.
1919 წელს რუმინეთის ეროვნულმა ნაკრებმა პირველი საერთაშორისო შეხვედრა გამართა და აშშ-თან 0:21 დამარცხდა, მერე კი პარიზში საფრანგეთს გაეჯიბრა და მასპინძლებმა 48:5 იმარჯვეს. 1924 წელს რუმინეთის რაგბის ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო პარიზის ოლიმპიურ თამაშებში და ორივე შეხვედრაში დამარცხდა - საფრანგეთთან 3:59 და აშშ-თან 0:39.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაგბის კომუნისტები საკუთარი იდეოლოგიისთვის იყენებდნენ და მთავარი აქცენტი საერთაშორისო დონეზე წარმატების მიღწევაზე კეთდებოდა. საუკეთესო მორაგბეთა უმრავლესობამ არმიისა და პოლიციის დაქვემდებარებაში მყოფ გუნდებში - “სტიაუასა” და “დინამოში” მოიყარა თავი. სპორტის პოპულარიზაციასთან ერთად, პერიფერიული გუნდებიც განვითარდნენ და 1972 წელს ტიმიშოარას “უნივერსიტატია” გახდა პირველი არადედაქალაქური კლუბი, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1995 წელს რუმინულმა “ფარულმა” ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბი ტურნირი HEINEKEN CUP-ი დააგემოვნა და ფრანგულ “ტულუზას” ეთამაშა. ეს იყო HEINEKEN ჩUP-ის პირველი გათამაშება, მომდევნო წლიდან კი, რუმინული კლუბები რანგით მეორე ევროპის საკლუბო ტურნირ EUROPEAN CHALLENGE CUP-ის გათამაშებაში ჩაერთვნენ და იქ “ბუქარესტის” სახელით ახლაც მონაწილეობენ. ეს არის რუმინეთში მობურთალი გამორჩეული მორაგბეებისგან დაკომპლექტებული ნაკრები, რომელიც ევროასპარეზზე ყოველწლიურად მინიმუმ ექვს შეხვედრას ატარებს.
რუმინეთის ნაკრები რეგულარულად მონაწილეობდა FIRA-ს ჩემპიონატებში, ხუთ სეზონში კონტინენტური ევროპის უძლიერესი ნაკრების - საფრანგეთის დამარცხება მოახერხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო 1989-90 წლების სეზონში, ფრანგებთან და საბჭოელებთან ერთად პირველ-მესამე ადგილები გაიყო. გარდა ამისა, რუმინეთის ნაკრები 13-ჯერ გავიდა მეორე და 7-ჯერ მესამე ადგილზე. ყოველივე ამან რუმინელები მყარად დაამკვიდრა კონტინენტური ევროპის მეორე გუნდად (საფრანგეთის შემდეგ) და საშუალება მისცა, ტესტ-მატჩებში ძალები “ხუთი ერის” ბობოლა გუნდებთან მოესინჯათ.
ხშირ შემთხვევებში ბობოლები კარპატელებს იბრიყვებდნენ, მაგრამ იყო გამარჯვებებიც: რუმინელებმა 1983 წელს ბუქარესტში უელსი 24:6 დაამარცხეს, 1988 წელს კი კარდიფში 15:9 სძლიეს; 1984 წელს 28:22, ხოლო 1991 წელს 18:12 შოტლანდიას აჯობეს; 1980 წელს 15:0 და 1982 წელს 13:9 დაამარცხეს საფრანგეთი; 1980 წელს ფრედ 13:13 ეთამაშნენ ირლანდიას დუბლინში, 1981 წელს კი, ბუქარესტში მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს ახალ ზელანდიას და მხოლოდ 6:14 დამარცხდნენ. ყველაფერმა ამან, ევროპის ბობოლა სარაგბო ქვეყნები რუმინეთის ხუთი ერის გათამაშებაში დაშვებაზე დააფიქრა, თუმცა, სულ მალე ქვეყანაში პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა იფეთქა, ამას ექვსი მოქმედი და რამოდენიმე ყოფილი მორაგბე ემსხვერპლა, ამან რაგბიზეც იმოქმედა, კარპატელებმა პოზიციები დათმეს და თავიანთი ადგილი იტალიას დაუთმეს.
მიუხედავად ამისა, 1987 წლიდან მოყოლებული, რუმინეთმა აქამდე გამართულ ექვსივე მსოფლიოს თასზე ითამაშა და ამ უდიდეს ზეიმს არც ახლა დააკლდება. პირველ მსოფლიოს თასზე ის მიწვეულ გუნდთა შორის იყო და სამიდან ერთი შეხვედრის მოგება მოახერხა - მსოფლიოს თასის სადებიუტო მატჩში ზიმბაბვე მინიმალური სხვაობით 21:20 დაამარცხა და საფრანგეთთან (12:55) და შოტლანდიასთან (28:55) დამარცხდა. პოსტრევოლიციურმა რუმინულმა რაგბიმ საკუთარი ძალა პირველად 1990 წელს გამოავლინა, როდესაც საფრანგეთი სტუმრად პირველად დაამარცხა - 12:6, IRB-ს მიერ რუმინელთა დახმარებისთვის გამართულ შეხვედრაში კი, “დანარჩენ ევროპას” 43:18 სძლია და ამ მატჩიდან შემოსული 500 ათასი გირვანქა სტერლინგი თავისი ქვეყნის რაგბის აღორძინებას მოახმარა.
რადგან წინა მსოფლიოს თასზე რუმინეთი ჯგუფში ჩარჩა, 1991 წლის მსოფლიოს თასისთვის კარპატელებს საკვალიფიკაციო ეტაპში მოუხდათ ჩართვა, ჰოლანდიას (45:7) და ესპანეთს (19:6) სძლია და მიუხედავად იმისა, რომ იტალიასთან დამარცხდნა (21:29), მსოფლიოს თასზე მაინც მოხვდა. აქ რუმინელებს მხოლოდ ფიჯის დამარცხება მოახერხეს (17:15), საფრანგეთთან (3:30) და კანადასთან (11:19) კი დამარცხდნენ და კვლავ მეოთხედფინალს მიღმა დარჩნენ. მსოფლიოს თასზე მონაწილეობის მიუხედავად, იმ პერიოდისთვის რუმინეთიდან დაახლოებით 200-მდე პროფესიონალი მორაგბე წავიდა იტალიის და საფრანგეთის კლუბებში. ამან ქვეყანაში რაგბისადმი ინტერესი გარკვეულწილად გაანელა და რაღა თქმა უნდა, პროგრესიც შეაფერხა. მოთამაშეთა მიგრაციის პროცესი მომავალშიც გაგრძელდა და ერთ დროს 110-კლუბიან რუმინეთში, 28 კლუბიღა დარჩა.
სამაგიეროდ, რუმინეთის ნაკრებმა 1995 წლის მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანია 60:6, ხოლო რუსეთი 30:0 დაამარცხა და დაამტკიცა, რომ მეორე ეშელონის ქვეყნებში კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო იყო. უკუსვლამ თავისი მაინც მოიტანა და უკვე დასკვნით ეტაპზე რუმინეთი ერთმანეთის მიყოლებით კანადასთან 3:34, სამხრეთ აფრიკასთან 8:21 და ავსტრალიასთან 3:42 დამარცხდა. უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთაფრიკელებთან გამართულმა შეხვედრამ სპეციალისტების დიდი მოწონება დაიმსახურა და ბევრი მიიჩნევდა, რომ აფრიკელთა ძლიერი გუნდის დამარცხება ევროპელებს ხელეწიფებოდათ კიდეც.
1999 წლის მსოფლიოს თასზე რუმინეთი საქართველოს ნაკრების გავლით მოხვდა. თავისთვის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი რუმინელებმა იოლად გაიარეს, დასკვნით შესარჩევ ეტაპზე კი, “ბორჯღალოსნებს” მხოლოდ 27:23 აჯობეს და მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიასთან 35:53 დამარცხდნენ, მსოფლიოს თასზე ზედიზედ მეოთხედ მოხვდნენ. რუმინეთმა პროგრამა-მინიმუმი შეასრულა, ავსტრალიასთან 9:57 და ირლანდიასთან 14:44 კი დამარცხდა, მაგრამ აშშ 27:25 თავად დაამარცხა.
2003 წლის მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპი რუმინეთმა ევროპის ერთა თასის მოგებით დაიწყო და რადგან იქ იპირველა, შემდეგ რაუნდში შედარებით იოლ ჯგუფში მოხვდა. რუმინეთი იტალიაში 17:25 დამარცხდა, ესპანეთი შინ 67:6 გაანადგურა და ავსტრალიის საგზური მოიპოვა. რუმინეთმა ამ მსოფლიოს თასზეც მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპობა, ირლანდიასთან 17:45 დამარცხდა, ავსტრალიასთან 8:90 განადგურდა, არგენტინასთან 3:50 წააგო და სულ ბოლოს, ნამიბიას 37:7 სძლია.
საფრანგეთის 2007 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი რუმინეთმა კვლავ ერთა თასის მოგებით დაიწყო და იოლ ჯგუფში მოხვედრა გაინაღდა. კარპატელებმა საკუთარ კედლებში საქართველო 20:8 დაამარცხეს, გასვლაზე ესპანეთს 43:20 სძლიეს და გეზი საფრანგეთისკენ აიღეს. იტალიასთან დაძაბულ მატჩში მცირედით დამარცხდნენ (18:24), შოტლანდიასთან 0:42 შერცხვნენ, მერე პორტუგალიას 14:10 სძლიეს და სულ ბოლოს ახალ ზელანდიასთან 8:85 განადგურდნენ. ამრიგად, პორტუგალიის ძლევით და იტალიასთან გამართული დიდი ბრძოლით, სადაც მატჩის შედეგზე გარკვეული გავლენა მსაჯმაც მოახდინა, რუმინელებმა საკუთარი ამოცანა წარმატებით გადაჭრეს.
უნდა ითქვას, რომ საქართველოსა და რუმინეთის რაგბის ერთმანეთთან დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს. საქართველოს დამოუკიდებლობამდე თბილისის “ლოკომოტივი” ეწვია რუმინეთს, მერე კი რუმინული “გრივიცა როშე” გვესტუმრა თბილისში. კლუბთა დაპირისპირება 1990 წელსაც გაგრძელდა, მაშინ ლიტვის ქალაქ შიაულიაიში გამართულ ტურნირზე ქუთაისის “გელათმა” სიბუეს “მარიცა” 6:0 დაამარცხა. მომდევნო დაპირისპირებები უკვე სანაკრებო ხასიათისა იყო. 1997 წელს საქართველოს რუმინეთის კლუბების ნაკრები ესტუმრა და სამი მატჩი გამართა. რუსთავში საქართველოს ნაკრები მეტოქესთან 3:22 დამარცხდა, მომდევნო მატჩში რუმინელებმა ქართველთა სტუდენტური ნაკრები 32:23 დაამარცხეს, ბოლო შეხვედრაში კი საქართველოს ნაკრებმა 19:6 იმარჯვა.
აქედან მოყოლებული რუმინეთის და საქართველოს ნაკრებების მნიშვნელოვან დაპირისპირებათა მთელი სერიალი დაიწყო. 1998 წელს დუბლინში მსოფლიოს თასის შესარჩევში რუმინეთმა 27:23 გვაჯობა. მერე საქართველო ევროპის ერთა თასის უმაღლეს დონეზე აღზევდა და აქედან მოყოლებული, რუმინეთს ყოველწლიურად მინიმუმ ერთხელ ეთამაშება. 2000 წელს რუმინეთმა თბილისში 23:20 იმარჯვა, რევანში მომდევნო წელს ბუქარესტში შედგა - 31:20 ქართველთა სასარგებლოდ, მომდევნო სამი მატჩი რუმინეთისა იყო: 31:23 და 19:6 თბილისში და 25:18 რუმინეთში. 2005 წელს თბილისში ქართველებმა კარპატელები 20:13 დაამარცხეს, მერე გასვლაზე რუმინელებმა 35:10 იმარჯვეს და იმავე წელს მსოფლიოს თასის შესარჩევში 20:8 დაგვამწუხრეს, თუმცა 2007 წლის ერთა თასის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრებმა ბუქარესტში 20:17 იმძლავრა. ქართველთა თაოსნობით, რუმინეთისა და საქართველოს ნაკრების ნებისმიერ დაპირისპირებისას, 2002 წლიდან მოყოლებული ანთიმოზ ივერიელის სახელობის საცილო თასიც თამაშდება (გარდა მსოფლიო თასისა). ამ პერიოდში გამართული ათი შეხვედრიდან გუნდებმა ხუთ-ხუთი გამარჯვება მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი დაპირისპირებიდან საქართველომ ოთხი მოიგო, მათ შორის წელს თბილისში 18:11 და ანთიმოზ ივერიელის შარშან დაკარგული თასი დაიბრუნა. სულ საქართველოს ნაკრებს რუმინელთა წინააღმდეგ 14 თამაში აქვს გამართული, 8 რუმინელებმა მოიგეს, 6 კი, ქართველებმა.
რუმინეთის ნაკრები ყველაზე დიდი სხვაობით 2001 წლის ნოემბერში ინგლისთან დამარცხდა 0:138, მაგრამ ამას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ფრანგულმა კლუბებმა მოთამაშეთა ნაკრებში გაშვება იუარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ ფულადი სანქციებით დაემუქრნენ. მწვრთნელები იძულებულნი გახდნენ, გუნდი ადგილობრივ კლუბებში მოთამაშე მორაგბეებით შეევსოთ. ინგლისელი მორაგბეები ხელფასის სახით თვეში საშუალოდ 6000 დოლარს იღებდნენ, მაშინ როდესაც რუმინულ კლუბებში ეს მაჩვენებელი 30 დოლარს არ აღემატებოდა და შედეგმაც არ დააყოვნა. რუმინეთის ნაკრებმა ყველაზე დიდი სხვაობით 1976 წლის 21 სექტემბერს ბულგარეთთან იმარჯვა, როდესაც მეტოქე 100:0 გაანადგურა.
რუმინეთის ნაკრებს ზედმეტსახელად “სტეჟარი” ეწოდება, რაც ქართულად “მუხის ფოთლებს” ნიშნავს. ნაკრების სათამაშო ფორმა ყვითელი და ლურჯი ფერებია. იყო დრო, როდესაც რუმინეთში რაგბის დაახლოებით 12000 სპორტსმენი თამაშობდა და 110 კლუბი არსებობდა, თუმცა რევოლუციამ და ფინანსურმა კრიზისმა მათი რაოდენობა მკვეთრად შეამცირა. რაგბის მსოფლიოს საბჭოს მონაცემებით, დღეისათვის რუმინეთში 83 კლუბია რეგისტრირებული და რაგბის 9612 ადამიანი თამაშობს (მათგან 582 ქალია), მსაჯთა რაოდენობა კი 200-ს აღწევს. სულ რუმინეთის ნაკრებმა 362 შეხვედრა გამართა, რომელთაგან 203-ში გამარჯვება მოიპოვა, 11 ფრედ დაასრულა, 148 თამაშში კი მარცხი განიცადა. IღB-ს რეიტინგში რუმინეთი 65,69 ქულით მე-17 ადგილს იკავებს. მსოფლიო თასებზე “მუხის ფოთლების” ანგარიშზე 5 გამარჯვება და 15 მარცხია. რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რომეო გონტინეაკია. მსოფლიო თასზე გუნდს მარიუს ტინკუ უკაპიტნებს, ხოლო ვიცე-კაპიტანი კრისტიან პეტრე იქნება, რომლის ანგარიშზე ყველაზე მეტი, 83 სანაკრებო შეხვედრაა.
წინა მსოფლიო თასის შემდეგ, რაგბის კავშირში სიტუაცია აირია და ეს ნაკრების შედეგებზეც აისახა. 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე, პირველ წრეში რუმინეთმა სამი შეხვედრა წააგო რუსეთთან, საქართველოსთან და პორტუგალიასთან. “მუხის ფოთლებმა” სიტუაცია მეორე წრეში გამოასწორეს, თუმცა, სოჭში რუსეთთან ფრედ 21:21 დასრულებული მატჩის შემდეგ გაირკვა, რომ ისინი პირველ-მეორე ადგილს ვეღარ დაიკავებდნენ და მხოლოდ რეპეშაჟის საგზურისთვის თუ იბრძოლებდნენ. ეს ამოცანა რუმინელებმა წარმატებით გადაჭრეს, ჯერ საქართველოს ნაკრები დაამარცხეს, მერე ლისაბონში პორტუგალიას სძლიეს და რეპეშაჟში გავიდნენ. იქ კარპატელებმა უკრაინა და ტუნისი დაამარცხეს და გადამწყვეტ ორმატჩიან ჯახში ურუგვაის დაუპირისპირდნენ. მონტევიდეოში მატჩი ფრედ 21:21 დასრულდა, ბუქარესტში კი, მასპინძლებმა 39:12 იმარჯვეს და მსოფლიო თასის საგზური მოიპოვეს.
ახალ ზელანდიაში “მუხის ფოთლები” B ჯგუფში ინგლისთან, არგენტინასთან, შოტლანდიასთან და საქართველოსთან ერთად მოხვდნენ. რუმინელები საქართველოს დამარცხებას და დანარჩენ მეტოქეებთან ღირსეულად თამაშს გეგმავენ. მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მეტოქეებიდან, გარდა საქართველოსი, რუმინეთი შვიდჯერ ეთამაშა არგენტინას და შვიდივეჯერ მარცხი განიცადა, ოთხჯერ დამარცხდა ინგლისთან, შოტლანდიასთან კი, ორი გამარჯვების წილ 10 წაგება აქვს.
რომეო გონტინეაკმა მსოფლიო თასისთვის შემდეგი 30 მორაგბე შეარჩია: ნიკოლაე ნერე (“სტიაუა”, რუმინეთი), მიჰაი ლაზარი (“ექს ენ პროვანსი”, საფრანგეთი), სილვიუ ფლორეა (“ბორდო”, საფრანგეთი), დრაგოს დიმა (“ბლაგნასი”, საფრანგეთი), პაულიცა იონი (“ლონდონ აირიში”, ინგლისი), მარიუს ტინკუ (“პერპინიანი”, საფრანგეთი), ბოგდან ზებეგა (“სტიაუა”, რუმინეთი), ვალენტინ ურსაჩე (“ექს ენ პროვანსი”, საფრანგეთი), კრისტიან პეტრე (“სენტ ეტიენი”, საფრანგეთი), ვალენტინ პოპარლანი (“ბუქარესტი”, რუმინეთი), კოზმინ რატიუ (“დინამო”, რუმინეთი), ოვიდიუ ტონიტა (“პერპინიანი”, საფრანგეთი), მიჰაი მაკოვეი (“ბეია მარე”, რუმინეთი), დანიელ კარპო (“ფარული”, რუმინეთი), დანიელ იანუსი (“სტიაუა”, რუმინეთი), სტელიან ბურკეა (“ტიმიშოარა”, რუმინეთი), ლუსიან სირბუ (“მილაუ”, საფრანგეთი), ვალენტინ კალაფეტეანუ (“ტიმიშოარა”, რუმინეთი), ფლორინ სურუგიუ (“ბუქარესტი”, რუმინეთი), დანუტ დუმბრავა (“სტიაუა”, რუმინეთი), იონუტ დიმოფტე (“ბეია მარე”, რუმინეთი), ქსაბა გალი (“ბეია მარე”, რუმინეთი), კონსტანტინ გეარა (“ფარული”, რუმინეთი), იონელ კაზანი (“სტიაუა”, რუმინეთი), კატალინ ფერკუ (“ტიმიშოარა”, რუმინეთი), მადალინ ლემნარუ (“ტიმიშოარა”, რუმინეთი), სტეფან კიუნტუ (“ბეია მარი”, რუმინეთი), ფლორიან ვლაიკუ (“სტიაუა”, რუმინეთი), ლულიან დუმიტრაში (“ლურდესი”, საფრანგეთი), კატალინ ნიკოლაე (“ფარული”, რუმინეთი).
B ჯგუფი
ინგლისი
არგენტინა
შოტლანდია
საქართველო
რუმინეთი
10 სექტემბერი. ინვერქარგილი
შოტლანდია - რუმინეთი
17 სექტემბერი. ინვერქარგილი
არგენტინა - რუმინეთი
24 სექტემბერი. დანიდანი
ინგლისი - რუმინეთი
28 სექტემბერი. პალმერსტონი
საქართველო - რუმინეთი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია