ამბები

12:36 | 25.08.2011 | ნანახია 2713 - ჯერ

იაპონია - აზიის “მარადმწვანე” ჩემპიონი

იაპონიის მორაგბეთა ნაკრები, ტრადიციულად, აზიის უძლიერესი გუნდია და მას სამეზობლოში კონკურენციას ვერცერთი ნაკრები ვერ უწევს. ამის გათვალისწინებით, რაგბის საერთაშორისო საბჭომ მას წყნარი ოკეანის ნაკრებებთან (სამოა, ფიჯი, ტონგა) თამაშის უფლება მისცა და იაპონურმა რაგბიმაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.
იაპონიის ნაკრების ზედმეტსახელი “საკურაა”, რაც ქართულად “აყვავებულ ალუბლად” ითარგმნება. იაპონიის რაგბის კავშირი 1926 წელს დაარსდა და IRB-ში იმავე წელს გაწევრიანდა, თუმცა იაპონური რაგბი გაცილებით ადრე დაიწყო.
იაპონელმა პუბლიკამ რაგბი, როგორც სათამაშო სახეობა, პირველად 1874 წელს იხილა, როდესაც ბრიტანელი მეზღვაურები იოკოჰამაში ჩავიდნენ. თავად იაპონელებმა რაგბის თამაში 1899 წელს დაიწყეს. ოვალური ბურთის თამაში კეიოს უნივერსიტეტში, პროფესორმა ედვარდ ბრამველ კლეირკმა და ტანაკაოი ჯინოსუკომ დანერგეს, პირველი საერთაშორისო შეხვედრა კი, იაპონელებმა 1932 წლის 31 იანვარს გამართეს. მათი მეტოქე იაპონიაში სტუმრად მყოფი კანადის მოვაჭრეთა დელეგაცია იყო და მასპინძლებმა დაძაბულ ბრძოლაში 9:8 იმარჯვეს.
სერიოზული რაგბობა იაპონიამ 1968 წელს დაიწყო, როდესაც მათი გუნდი ახალ ზელანდიას ესტუმრა და იქაურ კლუბებთან იბურთავა. იაპონელებმა თავიდან ოთხი შეხვედრა წააგეს, მაგრამ მომდევნო მატჩში 23:19 იმარჯვეს და მას კიდევ ხუთი გამარჯვება მიაყოლეს. მალე იაპონური რაგბი ბობოლებმაც დააფასეს და 1971 წლის 29 სექტემბერს, ტოკიოს ინგლისი ესტუმრა. აზიელები გამოცდილ მეტოქეს იოლად არ დანებდნენ, მაგრად ებრძოლნენ და მხოლოდ 3:6 დამარცხდნენ, 1983 წლის 2 ოქტომბერს კი, იაპონია უელსს კარდიფში მიუხტა და მხოლოდ 5 ქულით, 24:29 დამარცხდა, რაც გამოუცდელი გუნდისთვის დიდი მიღწევა გახლდათ.
პირველ დიდ, სახელოვან გამარჯვებას იაპონიამ 1989 წელს, ავსტრალიის ტურნეზე მიაღწია. მაშინდელ “საკურას” ხიროაკი შუკუზოი ავარჯიშებდა, მისი გუნდი შოტლანდიას ეთამაშა და 28:24 იმარჯვა. იმ შეხვედრაში იაპონელებს ყველაფერი გამოუვიდათ, 7 სასწაული ჯარიმა გაიტანეს და ერთი ლელოც მიაყოლეს. შოტლანდიამ იაპონიასთან ფეხით თამაში ითაკილა, დასარტყმელი ჯარიმები აუტში გადაიტანა, მხოლოდ ხელით თამაშით კი, ფონს ვერ გავიდა და აზიელებს ისტორიული გამარჯვება მიუძღვნა.
იაპონიამ 1987 წლიდან ყველა მსოფლიოს თასზე ითამაშა, რადგან აზიაში მისი მძლეველი არ გამოიძებნა, თუმცა, ამ დრომდე ოთხწლეულების მთავარ ტურნირებზე მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული. სადებიუტო მსოფლიო თასზე, აზიელებს გამარჯვების შანსი მხოლოდ აშშ-სთან ჰქონდათ, მაგრამ ამით ვერ ისარგებლეს და 18:21 დამარცხდნენ, ინგლისთან (7:60) და ავსტრალიასთან (23:42) კი, შანსი არ ჰქონდათ. ოთხი წლის შემდეგ, “საკურამ” მსოფლიო თასზე თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენა. შოტლანდიასთან (9:47) და ირლანდიასთან (16:32) მარცხის შემდეგ, მათ ზიმბაბვეს 52:8 სძლიეს და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს. ეს იყო იაპონელთათვის პირველი და ჯერჯერობით, ბოლო გამარჯვება მსოფლიო თასზე.
1995 წელს, იაპონიას დიდი სირცხვილი ელოდა. აზიელები უელსთან (10:57) და ირლანდიასთან (28:50) მისაღები ანგარიშებით კი დამარცხდნენ, მაგრამ მერე დაუნდობელ ზელანდიასთან თავიანთთვის სარეკორდო ანგარიშით, 17:145 განადგურდნენ.
ამან იაპონური რაგბის განვითარება შეაფერხა, მაგრამ ის 1999 წლის მსოფლიო თასზე მაინც გავიდა, სადაც კვლავ სამივე მატჩში დამარცხდა - სამოასთან (9:43), უელსთან (15:64) და არგენტინასთან (12:33). XXI საუკუნის დამდეგს, ქვეყანაში სპორტის ამ სახეობისადმი ყურადღებამ იმატა და ეს შედეგებზეც აისახა. 2002 წლის პირველ ივლისს, “საკურამ” ტაივანი 155:3 გაანადგურა და არსებობის ისტორიაში სარეკორდო გამარჯვება მოიპოვა. თავის მეხუთე, 2003 წლის ავსტრალიის მსოფლიოს თასზე, იაპონიამ თავი სწრაფი, ლამაზი თამაშით გამოიჩინა და მაყურებლის სიმპათია დაიმსახურა, თუმცა, გამარჯვების მოპოვება მაინც ვერ მოახერხა და ოთხივე შეხვედრაში დამარცხდა - შოტლანდიასთან 11:32, საფრანგეთთან 29:51, ფიჯისთან 13:41 და აშშ-სთან 26:39.
2004 წელს იაპონიის ნაკრების სათავეში მიტსუტაკე ჰაგიმოტო მივიდა და გუნდის თამაში კიდევ უფრო სანახაობრივი გახდა. ჰაგიმოტოს გაწვრთნილმა გუნდმა სადებიუტო შეხვედრაში კორეას ვერ სძლია - 19:19, მაგრამ ამის შემდეგ წარმატებული სერია დაიწყო. 2004 წლის მაისის ბოლოს, იაპონიამ სუპერთასს უმასპინძლა, რუსეთის ნაკრები 29:12, კანადა კი, 34:21 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. გამარჯვებათა სერია იაპონიამ იმავე წელს, იტალიასთან შეწყვიტა, არადა, იაპონია მოგებას იმსახურებდა, თუმცა ვეტერანმა მორაგბე დაისუკე ოჰატამ უამრავი შეცდომა დაუშვა და მისი გუნდი 19:32 დამარცხდა. სხვათა შორის, ამ მატჩის შემდეგ იტალიელთა მწვრთნელმაც აღიარა, რომ მის გუნდს გაუმართლა, სულ მალე კი, იმ მატჩის ანტიგმირი ოჰატა რეკორდსმენი გახდა. დღესდღეისობით ოჰატა ის მორაგბეა, რომელმაც საერთაშორისო შეხვედრებში მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი ლელო დაუგროვდა - მან 58 შეხვედრაში 69 ლელო გაიტანა, თავისი სარეკორდო ლელო კი, მაინცდამაინც საქართველოს ნაკრებთან დაამიწა. იაპონია საქართველოს 2006 წლის 14 მაისს ეთამაშა და იმ შეხვედრაში ოჰატამ სამი ლელო გაიტანა, უკანასკნელი კი სარეკორდო გამოდგა. იმ დროისთვის იაპონელს 65 ლელო დაუგროვდა და დევიდ კამპეზეს ერთი ლელოთი გადაასწრო. ეს წარმატება, გარკვეულწილად იმის დამსახურება იყო, რომ იაპონელებს აზიაში ღირსეული კონკურენტები არ ჰყავდა და ყველა შეხვედრას დიდი ანგარიშით იგებდა, მაგრამ მიღწევა მიღწევად რჩება.
სანამ ოჰატა რეკორდს მოხსნიდა, 2004 წლის 13 ნოემბერს იაპონია შოტლანდიას ესტუმრა, შოტლანდიელებმა ძველი წყენა გაიხსენეს და აზიელებს თავისთვის სარეკორდო გამარჯვება უსახსოვრეს, ევროპელებმა 100:8 იმარჯვეს. ასეთი კატასტროფული განადგურება, გარკვეულწილად იმანაც გამოიწვია, რომ ევროპულ ტურნეზე იაპონიის ნაკრები შესუსტებული შემადგენლობით წავიდა, რადგანაც ბევრი მორაგბე კლუბმა არ გაათავისუფლა. იაპონიას შოტლანდიური მატჩი სხვა კუთხითაც დაამახსოვრდა. მათ სურდათ, რომ შოტლანდიაში მთავარ სარაგბო არენაზე - “მარიფილდზე” ეთამაშათ, თუმცა, შოტლანდიის რაგბის კავშირის პოლიტიკა სხვაგვარი იყო, მათ სურდათ, რომ გლაზგოელი გულშემატკივარი მიეზიდათ და იაპონიას გლაზგოში, “ჰემპდენ პარკზე” უმასპინძლეს. შეხვედრას არც ისე ბევრი, 10 278 მაყურებელი დაესწრო.
ერთ კვირაში იაპონიამ რუმინეთში გადაინაცვლა და “სტიაუას” საფეხბურთო სტადიონზე რუმინეთთან 10:25 დამარცხდა, კიდევ ექვს დღეში კი, ბრიტანეთში დაბრუნდა, კარდიფის “მილენიუმზე” უელსს ეთამაშა და 0:98 განადგურდა. უელსში იაპონიის თამაშით ხალხი სერიოზულად დაინტერესდა და აზიელთა განადგურების საყურებლად, “მილენიუმზე” 56 380 მაყურებლი მივიდა. 2007 წლის საფრანგეთის მსოფლიოს თასზე, იაპონია ავსტრალიასთან 3:91, ხოლო უელსთან 18:72 განადგურდა, ფიჯის დიდი ბრძოლა გაუმართა და მხოლოდ 31:35 წააგო, კანადას კი ფრედ 12:12 ეთამაშა და მსოფლიო თასზე მეორე გამარჯვებაზე ოცნება 2011 წლისთვის გადადო.
იაპონური რაგბის ზრდა დიდწილად 2006 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ განაპირობა. არაფრისმომცემი აზიის თასის გარდა, “საკურა” წყნარი ოკეანის თასის გათამაშებაში ჩართეს და ძლიერ მეტოქეებთან თამაშის მუდმივმა პრაქტიკამ, ის სულ სხვა დონეზე გაიყვანა. მართალია, თავიდან აზიელები დიდი შედეგებით ვერ დაიკვეხნიდნენ, მაგრამ 2011 წელს სიტუაცია შეიცვალა. ამა წლის ივნისში, სამოასთან მარცხის შემდეგ, იაპონელებმა ფიჯი და ტონგა დაამარცხეს და წყნარი ოკეანის თასი პირველად მოიგეს.
2006 წლის 26 ოქტომბერს, იაპონურ რაგბიში კიდევ ერთი გარდამტეხი რამ მოხდა. “საკურას” მთავარ მწვრთნელად მანამდე ნაკრებში კონსულტანტად მომუშავე ახალზელანდიელი ჯონ ქირვანი დაინიშნა. ქირვანმა თავიდანვე განაცხადა, რომ ის საკუთარ გუნდს სამურაის სულს შთაბერავდა და წარმატების დროც მალე დადგებოდა. ახლა იაპონიის ნაკრები ანგარიშგასაწევი ძალაა და ცოტა ხნის წინ რუსეთის ნაკრები განაადგურა, ახლახან კი, მსოფლიოს თასისთვის მზადების ეგიდით აშშ-ს 20:14 აჯობა. ქვეყანაში ამჟამად 3 620 კლუბი და 122 598 მორაგბეა რეგისტრირებული. იაპონურ კლუბებში ფიჯის, ტონგას, სამოას და ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების მორაგბეებიც მიდიან სათამაშოდ, რაც მათ იაპონური კლუბების და ჩემპიონატის დონეს მნიშვნელოვნად ამაღლებს.
მსოფლიო რეიტინგში იაპონიის ნაკრები 71,96 ქულით მე-13 ადგილს იკავებს. “საკურას” საუკეთესო ბომბარდირი კეიჯი ჰიროსეა, რომელმაც გუნდს 422 ქულა შესძინა, თუმცა, ის ნაკრების წევრი აღარაა და მონაგარს ვეღარ გაზრდის. ახალ ზელანდიაში იაპონია A ჯგუფში, მასპინძელ ზელანდიასთან, საფრანგეთთან, ტონგასთან და კანადასთან ითამაშებს. ქირვანის მიზანი მინიმუმ ორი შეხვედრის მოგება და ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებაა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს რაგბის მსოფლიო თასს იაპონია უმასპინძლებს და იქ “საკურა” უკვე ჯგუფური ეტაპის დაძლევას გეგმავს.
საქართველოს და იაპონიის ნაკრებების გზები ერთხელ გადაიკვეთა და ისიც იმიტომ, რომ მაშინ ურუგვაი საკონტინენტთაშორისო თასზე სათამაშოდ თბილისში არ გვეწვია. მაშინ IRB-მ საქართველოს ნაკრებს კომპენსაციის სახით იაპონური ტურნე შესთავაზა, ქართველებიც დათანხმდნენ და კუნძულს შესუსტებული შემადგენლობით ეწვივნენ, შედეგად, იაპონიის A ნაკრებთან 14:15 დამარცხდნენ, არადა პირველი ტაიმის შემდეგ 14:0-ს იგებდნენ, ძირითად გუნდთან კი, უფრო დიდი სხვაობით - 7:32 წააგეს.
ჯონ ქირვანს ზელანდიაში შემდეგი მორაგბეები მიყავს: ჰისატერუ ჰირაშიმა, ნაოკი კავამატა, იუსუკე აოკი, შოთა ჰორი, ჰიროკი იუჰარა, კენსუკე ჰატაკეიამა, ნოზომუ ფუჯიტა, ჰიტოში ონო, ტოშიზუმი კიტაგავა, ლუკ ტომპსონი, ჯუსტინ ივესი, ტაკაში კიკუტანი, მახაელ ლეიტჩი, სიონე ვატუვეი, რუიკოლინიასი ჰოლანი, იტარუ ტანიგუჩი, ფუმიაკი ტანაკა, ტომოკი იოშიდა, აცუში ჰივასა, ჯეიმს არლიდჯი, მურაი უილიამსი, იუტა იმამურა, რაიან ნიკოლასი, კოჯი ტაირა, ალისი ტუპუაილაი, ჰიროტოკი ონოზავა, კოსუკე ენდო, ტაკეჰისა უზუცუკი, შეინ ვები, ტაიჰეი უედა.

A ჯგუფი
ახალი ზელანდია
საფრანგეთი
ტონგა
კანადა
იაპონია

10 სექტემბერი. ნორს ჰარბორი
საფრანგეთი - იაპონია
16 სექტემბერი. ჰემილტონი
ახალი ზელანდია - იაპონია
21 სექტემბერი. ფონგარეი
ტონგა - იაპონია
27 სექტემბერი. ნეიპირი
კანადა - იაპონია

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.11428