რაგბი, უფრო სწორედ 7-კაცა რაგბი, ზაფხულის ოლიმპიურ პროგრამაში 2016 წლიდან შევა, თუმცა, ჩვეულებრივი 15-კაცა რაგბი, ოთხჯერ იყო ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში და ყველაზე მეტჯერ, ორჯერ, გამარჯვება აშშ-ს ნაკრებმა მოიპოვა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაგბი მზარდი სპორტის სახეობაა და მას ძირითადად საშუალო სკოლებსა და კოლეჯებში ახალგაზრდები თამაშობენ. მოთამაშეთა უმრავლესობა ნახევრადპროფესიონალია. მთლიანობაში, აშშ-ში 88 151 მორაგბეა რეგისტრირებული და მათი უმრავლესობა, საშუალო სკოლის მოსწავლე, ან კოლეჯის სტუდენტია. აშშ-ს რაგბის კავშირში 7 რეგიონალური და 37 ადგილობრივი რაგბის ფედერაცია შედის და ისინი მთლიანობაში 2 433 კლუბს მოიცავენ. რეფერების რიცხვი 1 858-ია, არადა, ოთხი წლის წინ, აშშ-ში სულ რაღაც 570 სარაგბო კლუბ 815 რეფერი იყო რეგისტრირებული.
აშშ-ში სპორტის ეს სახეობა 1870-იანი წლებიდან დაინერგა და მე-19 საუკუნის ბოლომდე პოპულარობას მიაღწია, თუმცა, ამ პოპულარობამ გარკვეული პერიოდის შემდეგ კლება დაიწყო და მისი ხელახალი აღორძინება 30-40 წლის წინღა დაიწყო, ახლა კი, პიკს მიაღწია. პოპულარობის დაქვეითება 1924 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ შეინიშნებოდა და 1960 წლამდე რაგბის იშვიათად თუ თამაშობდნენ, თუმცა 1975 წელს აშშ-ს რაგბის კავშირი დაარსდა და “არწივებად” წოდებულმა მათმა ნაკრებმა, 1987 წელს მსოფლიოს თასიც დააჭიშნიკა. ვაჟთა ნაკრები რეგულარულად თამაშობს “ჩერჩილის თასის” გათამაშებაში, 1987 წელს კი, აშშ-ს რაგბის კავშირმა ქალთა ნაკრებიც ჩამოაყალიბა და მან 1991 წლის მსოფლიოს თასის ფინალში ინგლისის ნაკრები 19:6 დაამარცხა, 1994 და 1998 წლების გათამაშებაში კი, მხოლოდ ფინალში დამარცხდა.
აშშ-ში რაგბი ინგლისელმა ჯარისკაცებმა და კოლონიზატორებმა დანერგეს, 1872 წელს კი ბრიტანელმა ექსპატრიანტებმა სან ფრანცისკოს ყურეში პირველი კლუბი დაარსეს, რადგანაც ბრიტანელებისთვის რაგბის თამაში ბრიტანელად დარჩენის ერთ-ერთი საშუალება იყო. პირველი საერთაშორისო თამაში 1874 წელს ჩატარდა ჰარვარდის უნივერსიტეტსა და კანადის უნივერსიტეტის გუნდებს შორის. იმის ფონზე, რომ თამაშის მსვლელობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს და არავის ახსოვს, თუ ვინ იმარჯვა, თამაშმა დიდი ინტერესი აღძრა უნივერსიტეტების და კოლეჯების სტუდენტებს შორის. 1876 წელს ჰარვარდის, პრინსტონის და კოლუმბიის უნივერსიტეტებმა დაარსეს უნივერსიტეტთაშორისო ასოციაცია და ერთმანეთში რაგბის ტურნირებს რეგულარულად მართავდნენ, მათ ფონზე კი, შემდგომში ამერიკული ფეხბურთი ჩამოყალიბდა და აღორძინდა. იმავე პერიოდში, ბრიტანელი მორაგბეები რაგბის კალიფორნიის და ბერკლის უნივერსიტეტებში ნერგავდნენ. რაგბი იმდენად პოპულარული გახდა, რომ კალიფორნიის და სტენფორდის უნივერსიტეტებს შორის გამართულ შეხვედრებს 26 000 ათასი მაყურებელი რეგულარულად ესწრებოდა. პერიოდულად, რაგბისთვის აუთვისებელ რეგიონებში ეწყობოდა სათამაშო სურათების გამოფენები, რათა ხალხს რაგბის თამაშის ხასიათი და სილამაზე შეესისხლხორცებინა და მომავალში ეს სპორტი უფრო ფართოდ გაშლილიყო.
1908 და 1909 წელს აშშ-ს ავსტრალიის გუნდი ესტუმრა და მათი უნივერსიტეტის გუნდებთან შეხვედრები გამართა. ეს იყო უნივერსიტეტების გაერთიანებული გუნდისათვის პირველი საერთაშორისო შეხვედრა. 1910 წელს კალა-ს, სტენფორდის და ნევადას უნივერსიტეტების გაერთიანებულმა გუნდმა ტურნე მოაწყო ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში. 1912 წელს ავსტრალიის ნაკრებმა თავისი პირველი და ამ მომენტისთვის ერთადერთი ტურნე მოაწყო აშშ-ში და ადგილობრივი ქვეყნის ნაკრებს ეთამაშა. სწორედ ეს შეხვედრა ითვლება აშშ-ს ნაკრების პირველ ოფიციალურ ტესტად. მატჩში ავსტრალიელებმა 12:8 იმარჯვეს, მომავალ წელს კი, აშშ ახალ ზელანდიას ესტუმრა და ადგილობრივ ნაკრებთან 3:51 დამარცხდა.
მართალია, 1910-1920 წლებში აშშ-ში რაგბის პოპულარობა საგრძნობლად შემცირებული იყო, მაგრამ მას ჯერ კიდევ მრავლად ჰყავდა გულშემატკივარი. 1919 წელს “არწივებმა” თავისი პირველი შეხვედრა მოიგეს - რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს. ამერიკის რაგბის კავშირის დიდი სურვილი იყო, რომ მათ ნაკრებს 1920 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ეთამაშა. ამერიკის ოლიმპიური კომიტეტის ვერდიქტი ასეთი გახლდათ - რადგანაც რაგბს აშშ-ს ტერიტორიაზე პრაქტიკულად მხოლოდ კალიფორნიაში თამაშობდნენ, ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლებას დართავდა, მაგრამ მორაგბეთა ნაკრებს არანაირ ფინანსურ დახმარებას არ გაუწევდა.
ამ ფაქტით აღშფოთებულმა სან ფრანცისკოს შეძლებულმა მოსახლეობამ, ფული აკრიფა, რათა აშშ-ს ნაკრები კალიფორნიიდან ანტვერპენში ჩასულიყო, სადაც ზაფხულის ოლიმპიადა იმართებოდა. ჩეხოსლოვაკიამ და რუმინეთმა ოლიმპიადაზე რაგბის თამაშისგან თავი შეიკავეს და ტურნირს მხოლოდ აშშ-ს და საფრანგეთის ნაკრები შემორჩა, აშშ-მ 8:0 იმარჯვა და ოქროს მედლებს დაეუფლა. გაოცებულმა ფრანგებმა, აშშ-ს ნაკრებს საფრანგეთის ტურნე შესთავაზეს, ამერიკელებიც შეთავაზებას სიამოვნებით დათანხმდნენ და ოთხიდან სამ შეხვედრაში იმარჯვეს.
1924 წელს რაგბი პარიზის ოლიპიადაზეც დაუშვეს და რევანშის წყურვილით შეპყრობილმა ფრანგებმა აშშ-ს რაგბისტთა ნაკრები სათამაშოდ მიიწვიეს. 1920 წლიდან მოყოლებული, რაგბი მთელს აშშ-ში ფაქტობრივად ჩამკვდარი იყო, რადგანაც ამერიკულმა ფეხბურთმა უმაღლეს პოპულარობას მიაღწია. მიუხედავად ამისა, 1920 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულმა შვიდმა მოთამაშემ 20 000 დოლარი აკრიბა, ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეებს თავი მოუყარა, რომელთაც აქამდე რაგბის თამაშის შესახებ არაფერი არ იცოდნენ და ისინი ინგლისში ჩავიდნენ, სადაც ოთხ საკონტროლო შეხვედრაში დამარცხდნენ.
საფრანგეთის ნაკრები იმ ოლიმპიადაზე უპირობო ფავორიტად ითვლებოდა და სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ აშშ და რუმინეთი მათ კონკურენციას ვერ გაუწევდნენ. პირველ შეხვედრაში აშშ-მ რუმინეთს 9 ლელო გაუტანა და 39:0 გაანადგურა, რის შემდეგაც 1924 წლის 18 მაისს, პარიზში საფრანგეთის ნაკრების წინაშე წარსდგა. ტრიბუნებზე 50 000 ათასი მაყურებელი შეიკრიბა იმის სანახავად, თუ როგორ გაანადგურებდნენ ფრანგები ამერიკელებს, ბუქმეიქერები ამერიკელების შანსებს 20/1-ზე აფასებდნენ, მაგრამ დიდად იმედგაცრუებულნი დარჩნენ, როდესაც აშშ-მ 17:3 იმარჯვა და ოქროს მედლებს ზედიზედ მეორედ დაეუფლა. 1924 წლის ზაფხულის ოლიმპიადის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რაგბი ოლიმპიური სახეობებიდან ამოიღო და ოლიმპიური სტიმულის გარეშე დარჩენილ აშშ-ში, სპორტის ამ სახეობამ დიდი ხნით მიიძინა.
1939 წელს კალიფორნიის ლიგის წარმომადგენელი ბრიტანეთში ჩავიდა, რათა პროფესიული რაგბის წესები მიეღო. მომდევნო წელს ამ მიზნით აშშ-ში ინგლისის დელეგაცია უნდა ჩასულიყო, მაგრამ მეორე მსოფლიო ომმა, ეს წამოწყება შეაფერხა და აშშ-ში პროფესიული რაგბის ჩამოყალიბების შანსი ნულამდე დაეცა.
მიუხედავად ამისა, 1960 წლიდან აშშ-ში რაგბის პოპულარობამ ზრდა დაიწყო, ეს კი ადგილობრივი ფედერაციისთვის იმის მიზეზი გახდა, რომ აშშ-ს რაგბის კავშირი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის წარედგინა. ოთხმა ტერიტორიულმა ორგანიზაციამ, 1975 წელს ამერიკის რაგბის კავშირი დაარსა, 1976 წელს კი, ანაჰაიმში “არწივები” ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 12:24 დამარცხდნენ. იმავე წელს აშშ-მ ჩიკაგოში საფრანგეთს უმასპინძლა და მიუხედავად კარგი თამაშისა, 14:33 დამარცხდა. მომდევნი წელს მათ კიდევ ორი საერთაშორისო მატჩი გამართეს, თვიქნემში ინგლისთან 11:37, კანადასთან კი 6:17 დამარცხდნენ. განახლების შემდეგ, აშშ-ს რაგბის ნაკრებმა პირველი გამარჯვება 1978 წელს მოიპოვა, ბალტიმორში კანადასთან 12:7 იმარჯვა, თუმცა მომდევნო წელს მათ ტორონტოში ესტუმრნენ და 12:19 დამარცხდნენ.
ამერიკის ეროვნულმა გუნდმა გამორჩეულ შედეგებს 1980-იან წლებში მიაღწია და ამ პერიოდში ბევრი შეხვედრის გამართვა მოახერხა. 1980 წელს აშშ-მ სამი შეხვედრა გამართა და საკუთარ კედლებში სამივე მარცხი განიცადეს, მომდევნო წელს კი, ჯერ კანადასთან 3:6 და მერე სამხრეთ აფრიკასთან 7:38 დამარცხდა. მომდევნო წელს აშშ კანადას სამჯერ ეთამაშა, მერე ავსტრალიის ტურნეში გაემგზავრა და ადგილობრივ ნაკრებთან 3:49 განადგურდა, რასაც გამარჯვებები მიაყოლა იაპონიასთან და კანადასთან.
1987 წელს IRB-მ აშშ-ს ნაკრები ახალ ზელანდიაში და ავსტრალიაში გამართულ პირველ მსოფლიოს თასზე მიიწვია. “არწივები” პირველ ჯგუფში მასპინძელ ავსტრალიასთან, ინგლისთან და იაპონიასთან მოხვდნენ. მსოფლიოს თასის სადებიუტო შეხვედრაში “არწივები” იაპონიას შეხვდნენ და 21:18 იმარჯვეს, მაგრამ შემდეგ შეხვედრებში ავსტრალიასთან 12:47, ინგლისთან კი 6:34 დამარცხდნენ და ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავეს. ამერიკელთაგან ყველაზე მეტად რეი ნელსონი გამოირჩა, რომელმაც იაპონიას და ავსტრალიას თითო-თითო ლელო დაუდო და გარდა ამისა, ტურნირზე 5 გარდასახვა და 2 ჯარიმა გაიტანა. იმავე წლის ნოემბერში, აშშ უელსს ეწვია და ამ ქვეყნის ნაკრების წინააღმდეგ კარდიფში პირველი შეხვედრა გამართა, მასპინძლებმა 46:0 იმარჯვეს.
აშშ-ს ნაკრებმა 1991 წლის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია, მაგრამ დიდ ბრიტანეთში ძალიან მძიმე ჯგუფში მოხვდა, მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან, მასპინძელ ინგლისთან და იტალიასთან. პირველ შეხვედრაში “არწივები” შედარებით სუსტ იტალიას დაუპირისპირდნენ, თუმცა 9:30 დამარცხდნენ, მერე კი, ახალ ზელანდიასთან 6:46 და ინგლისთან 9:37 წააგეს და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს. აშშ-ს ნაკრები 1995 წლის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთო და პირველ რაუნდში ბერმუდი 60:3 გაანადგურა, მე-2 რაუნდში არგენტინასთან მაგრად იომა, თუმცა, შინ 22:28, გასვლაზე კი 11:16 დამარცხდა და სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს თასს მიღმა დარჩა.
1995 წლის მსოფლიოს თასის გამოტოვების შემდეგ, რაგბის მეტი განვითარებისთვის აშშ-ს რაგბის კავშირმა 1996 წელს ძლიერი შიდა ჩემპიონატი - სუპერლიგა ჩამოაყალიბა. მასში 14 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც ორ 7-7 გუნდიან ჯგუფად გაიყო - დასავლეთ-წყნარი ოკენის კონფერენცია და შუა დასავლეთის-აღმასვლეთ კონფერენცია. ამ ცვლილებებმა შედეგი გამოიღო და აშშ-ს ნაკრები 1999 წლის მსოფლიოს თასზე გავიდა, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპი “არწივებისთვის” მძიმე გამოდგა. პირველ შეხვედრაში ისინი ბუენოს-აირესში გამართულ ტურნირში არგენტინასთან 24:52 დამარცხდნენ, სამ დღეში კანადასთანაც წააგეს 14:31, მაგრამ გადამწყვეტ მატჩში მობილიზება მოახერხეს და ურუგვაი 21:16 დაამარცხეს. უელსში გამართულ მსოფლიოს თასზე, აშშ-ს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დუბლინში გამართა. პირველ მატჩში ირლანდიასთან 8:53 განადგურდა, მეორე ტურში რუმინეთთან არ გაუმართლა და მინიმალური სხვაობით 25:27 წააგო, ბოლო მატჩში კი, ავსტრალიასთან 19:55 დამარცხდა და ჯგუფში ბოლო ადგილზე დარჩა.
2003 წლის მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, აშშ-ს ნაკრები ორჯერ დამარცხდა კანადასთან 9:26 და 13:36, თითო-თითოჯერ, საკუთარ კედლებში სძლია ურუგვაის (28:24) და ჩილეს (35:22), გასვალზე ურუგვაისთან 9:10, ხოლო ჩილესთან 13:21 დამარცხდა, მაგრამ ლელოების უკეთესი სხვაობით ჩილეს აჯობა, ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და რეპეშაჟში თამაშის უფლება მიიღო. იქ აშშ-ს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა, გასვლაზე 62:13, შინ კი 58:13 იმარჯვა და ავსტრალიის საგზური მოიპოვა. ნიშანდობლივია, რომ ამავე პერიოდში აშშ-მ კანადის და იაპონიის ნაკრებები დაამარცხა და 1976 წლიდან მოყოლებული, ზედიზედ 4 გამარჯვება პირველად მოიპოვა.
5-გუნდიანი პულის შეხვედრებში, აშშ-ს ნაკრებს დიდი იმედგაცრუება ელოდა. პირველი ტაიმის შემდეგ, “არწივები” ფიჯის 6:3-ს ამარცხებდნენ, მეორე ნახევარში 13:3 დაწინაურდნენ, თუმცა, ფიჯიმ თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხა და 19:13 დაწინაურდა. შეხვედრის მიწურულს ამერიკელებმა ლელო დადეს, მაგრამ გარდასახვა მიკ ჰერკუსმა არაზუსტად შეასრულეს და მისი გუნდი 18:19 დამარცხდა. ეს იყო აშშ-ს ნაკრების ზედიზედ მე-9 მარცხი მსოფლიოს თასზე. ამის შემდეგ აშშ შოტლანდიასთან 15:39 დამარცხდა, თუმცა მე-3 შეხვედრაში მობილიზება მოახერხა და 1987 წლის მსოფლიოს თასზე დაბრიყვებული იაპონია კიდევ ერთხელ გააწბილა - 39:26. ბოლო ტურში აშშ საფრანგეთთან 14:41 დამარცხდა და ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა.
2003 წლიდან აშშ სუპერ თასის გათამაშებაში ჩაერთო. თავიდან ამ ტურნირზე აშშ-ს ნაკრებთან ერთად იაპონიის და რუსეთის ნაკრებები თამაშობდნენ, 2004 წლიდან კი, მათ კანადაც დაემატა და მე-3 ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში აშშ-მ რუსეთის გუნდს სძლია. მომდევნო წელს აშშ-მ ისევ მე-3 ადგილი დაიკავა. სუპერთასის გათამაშებაში რუსეთის ადგილი რუმინეთმა დაიკავა, პირველ შეხვედრაში “არწივები” კანადასთან 26:30 დამარცხდნენ, მე-3 ადგილისთვის მატჩში კი საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერების გარეშე დარჩენილი რუმინეთი 23:16 დაამარცხა. ამის შემდეგ აშშ-ს ნაკრები 2007 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპში ჩაერთო, მე-3 რაუნდში ბარბადოსი 91:0 გაანადგურა, მაგრამ კანადასთან 7:56 დამარცხდა და მე-4 რაუნდში ორმატჩიან ჯახში ურუგვაის დაუპირისპირდა. აქ “არწივები” შეუადრებლები იყვნენ, ორი მატჩის ჯამში 75:20 იმარჯვეს (42:13 გასვლაზე და 33:7 შინ) და საფრანგეთის მსოფლიოს თასის საგზური მოიპოვეს, სადაც მათი მეტოქეები A ჯგუფში ინგლისის, სამხრეთ აფრიკის, სამოას და ტონგას ნაკრებები იყვნენ. ამერიკელებმა ყველა მატჩში იბრძოლეს, მაგრამ გამარჯვებას ვერ მიაღწიეს - ინგლისთან 10:28, ტონგასთან 15:25, სამოასთან 21:25 და სამხრეთ აფრიკასთან 15:64.
2011 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, აშშ-მ კანადას საკუთარ მოედანზე 12:6 კი სძლია, მაგრამ სტუმრად ვერაფერს გახდა, 18:41 შერცხვა და ურთიერთობის გარკვევა ურუგვაისთან მოუხდა. “არწივებმა” მონტევიდეოში 27:22, ხოლო ფლორიდაში 27:6 იმარჯვეს და ახალი ზელანდიის საგზური ამერიკის კონტინენტის მეორე გუნდის სახელით მოიპოვეს. ზელანდიაში ისინი ავსტრალიის, ირლანდიის, იტალიის და რუსეთის წინააღმდეგ ითამაშებენ. გარდა მსოფლიო თასისა და მისი შესარჩევი ეტაპისა, აშშ-ს ნაკრები რეგულარულად იღებს მონაწილეობას “ჩერჩილის თასზე” და მართავს ტურნეებს, თუმცა, მათი მთავარი სპარინგ-პარტნიორი მეზობელი კანადის ნაკრებია. ქვეყნის 7-კაცა ნაკრები რეგულარულად თამაშობს მსოფლიო სერიებში და ამერიკელი უკანახაზელები საკუთარ ოსტატობას მსოფლიოს წამყვან 7-კაცა ნაკრებებთან ხვეწენ. მსოფლიო თასისთვის მზადების ეგიდით, ამერიკელები ორჯერ დამარცხდნენ კანადასთან, სულ ბოლოს კი, იაპონიას ეწვივნენ და 14:20 დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს წინააღმდეგ ორჯერ ითამაშა. პირველად ეს 2009 წლის “ჩერჩილის თასზე” მოხდა, როდესაც მეორე შემადგენლობით მობურთალი “ბორჯღალოსნები” მეხუთე ადგილისთვის აშშ-ს ეთამაშნენ და 13:31 დამარცხდნენ. “არწივები” თბილისს გასული წლის ნოემბერში ეწვივნენ და თავი კარგი თამაშით დაგვამახსოვრეს. ისინი 17:12-ს იგებდნენ, მაგრამ დამატებულ წუთებზე ქართველთა შერკინებამ სასწაული მოახდინა, გადამწყვეტ მომენტში მეტოქის შერკინება მოიგო, ლექსო გუგავამ ლელოთი ანგარიში გაათანაბრა, მერაბ კვირიკაშვილმა კი, რეალიზაცია გამოიყენა და გუნდს 19:17 მოაგებინა.
აშშ-ს ნაკრებს ირლანდიელი ედი ოსალივანი ავარჯიშებს, რომელიც 2007 წლის მსოფლიო თასზე ირლანდიის ეროვნულ გუნდს წვრთნიდა, გუნდის კაპიტანი კი, ტოდ კლევერია. კლევერის გარდა, “არწივების” შემადგენლობაში გამორჩეული მორაგბეები არიან ნგვენია ტაკუძვა და პოლ ემერიკი. ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი, 62-62 შეხვედრა აქვთ ჩატარებული ლუკ გროსის და მიკ მაკდონალდ, ოღონდ, გროსმა სანაკრებო კარიერა უკვე დაასრულა, მაკდონალდი კი, მონაგარს ახალ ზელანდიაში, მსოფლიო თასზე გაზრდის. აშშ-ს ნაკრების ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მიკ ჰერკუსია. ჰერკუსს ნაკრების შემადგენლობაში 48 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ამ ხნის განმავლობაში 465 ქულა მოაგროვა, მაგრამ ახლა მსოფლიო თასზე არ იქნება. მსოფლიო თასზე არ იქნება საუკეთესო მელელოვე ვაეა ანიტონიც, რომელსაც “არწივების” მაისურით 26 ლელო აქვს გატანილი.
მსოფლიოს ყოველკვირეულ რეიტინგში, აშშ-ს ნაკრებს ამჟამად 65,00 ქულა აქვს და მე-18 ადგილს იკავებს. “არწივებმა” ყველაზე დიდი ანგარიშით 2006 წელს იმარჯვეს, როდესაც ბარბადოსი 91:0 გაანადგურეს, თავად კი, ყველაზე დიდი სხვაობით1999 წლის 21 აგვისტოს, ინგლისთან დამარცხდნენ - 8:106. არსებობის ისტორიაში, აშშ-ს ნაკრებმა 184 მატჩი გამართა, 59-ში გამარჯვება მოიპოვა, ორი ფრედ დაასრულა და 123-ჯერ დამარცხდა. ზელანდიის მსოფლიო თასზე ამერიკელთა პროგრამა მინიმუმი რუსეთის დამარცხებაა, იტალიასთან ისინი მეორე გამარჯვების იმედად გავლენ, დანარჩენებთან კი, უბრალოდ ბოლომდე ბრძოლას გვპირდებიან.
აშშ-ს ნაკრები მსოფლიო თასზე ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: ინაკი ბასაური, კრის ბილერი, ტოდ კლევერი, პეტ დანაჰეი, ერიკ ფრეი, ჯ.ჯ. გაგიანო, ნიკ ჯონსონი, სკოტ ლავალა, მიკ მაკდონალდი, ბრაიან მაკკლენაჰანი, მეტ მოეაკიოლა, შონ პიტმანი, ჰეიდენ სმიტი, ლუის სტანფილი, ფილ ტიელი, ჯონ ვან დერ გისენი, პოლ ემერიკი, ტაი ენოსა, კოლინ ჰოულეი, ნესე მალიფა, ტაკუ ნგვენია, ჯეიმს პატერსონი, მიკ პეტრი, ბლეინ სკული, ჯუნიორ სიფა, ენდრიუ სუნიულა, როლანდ სუნიულა, კევინ სვირინი, ტიმ უსაზი, კრის უოლესი.
C ჯგუფი
ავსტრალია
ირლანდია
იტალია
რუსეთი
აშშ
11 სექტემბერი. ნიუ პლიმუთი
ირლანდია - აშშ
15 სექტემბერი. ნიუ პლიმუთი
რუსეთი - აშშ
23 სექტემბერი. ველინგტონი
ავსტრალია - აშშ
27 სექტემბერი. ნელსონი
იტალია - აშშ
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია