რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე ორი კვირა რჩება, საქართველოს ნაკრები კი, თავის მესამე ჩემპიონატში პირველ შეხვედრას 19 დღეში გამართავს და მზადების ეტაპიც დასკვნით ფაზაში შედის. ძირითადი საწვრთნელო ეტაპების დასრულების შემდეგ, გუნდის ხელმძღვანელობამ ბიჭებს ერთკვირიანი დასვენება გამოუწერა. მთავარი მწვრთნელის, რიჩი დიქსონის ასისტენტი ილია მაისურაძე ცოტა ხნით თბილისში დაბრუნდა და რაგბის კავშირის პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძესთან ერთად, ჟურნალისტებთან განვლილ პერიოდზე ისაუბრა.
გიორგი ნიჟარაძე: “მზადების უმთავრესი პერიოდი დასრულდა და მწვრთნელებმა ბიჭებს დასვენების საშუალება მისცა. ეს აუცილებელი იყო, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ისე ნუ გაიგებთ, რომ ეს კვირა ბიჭები უსაქმოდ იყვნენ, უბრალოდ, ისინი აქტიური დასვენების რეჟიმში, ინდივიდუალურად ემზადებოდნენ. გუნდი ორშაბათს შეიკრიბება და გაგრძელდება ფიზიკური, ტექნიკური და ტაქტიკური ელემენტების დახვეწა. მანამდე, ორშაბათ საღამოს, ბიჭები ტესტებს ჩააბარებენ და მათი მდგომარეობა კიდევ ერთხელ შემოწმდება.
სამწუხაროდ, ტრავმების გამო დიქსონს ახალ ზელანდიაში წამსვლელთა შერჩევა გაუადვილდა. ზვიად მაისურაძემ “ორიაკთან” მატჩში მუხლი დაიზიანა და საოპერაციოა. მას საფრანგეთშივე გაუკეთდება ოპერაცია და სარეაბილიტაციო პერიოდსაც იქვე გაივლის. ხელი იტკინა და შემადგენლობას გამოეთიშა გიორგი ბეგიძე. გვესმის გულშემატკივრების, რომლებსაც ბევრი ამხანაგური მატჩების, თანაც ძლიერ მეტოქეებთან გამართვა სურდათ, მაგრამ აქ არის ორი მხარე. ერთის მხრივ, ბევრი თამაში შეთამაშებას უწყობს ხელს, მეორეს მხრივ კი, ტრავმების მიღების ალბათობის შანსი იზრდება. “ბურგუენთან” მატჩში, მეც, მწვრთნელებსაც და მორაგბეებსაც, ერთი სული გვქონდა, მსაჯი საფინალოს როდის ჩასტვენდა, რათა ტრავმები თავიდან აგვეცილებინა. ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ რომელიმე მორაგბის გამოკლების შემთხვევაში, მისი შემცვლელი უმტკივნეულოდ ვიპოვოთ.
ამხანაგურ შეხვედრებში ბიჭებს ყველაფერი არ უჩვენებიათ, რაც ვარჯიშებზე დახვეწეს. ტრიბუნებზე იყო ხალხი, რომლებიც საქართველოს ნაკრების შესახებ მეტოქეებს ინფორმაციას აუცილებლად მიაწვდიდა და მათთვის სიურპრიზები შემოვინახეთ. “ბურგუენთან” შეხვედრებში იყო ლამაზი ეპიზოდები და სწორედ ასეთ ლამაზ კომბინაციას მოყვა ჩვენი ერთ-ერთი ლელო. აშკარად ჩანდა, რომ ბიჭებს მომატების დიდი პოტენციალი აქვთ, მაგრამ ტრავმების თავიდან ასარიდებლად, მეტის გაკეთება საჭიროდ არ ჩავთვალეთ. რაც შეეხება ორ სინბინს, ფრანგებმა კარგად იციან, როგორ გამოიყვანონ მდგომარეობიდან გორგოძე და ნებისმიერი ქართველი კაცი. რაც მამუკამ იმ ეპიზოდში გააკეთა, ნებისმიერი ჩვენგანი იგივეს გააკეთებდა. მეტოქემ ისეთი რაღაც უთხრა, რომ მან თავი ვეღარ შეიკავა. მაინც უფრო კორექტულად მოიქცა, რადგან მსოფლიო თასისთვის ემზადება, თუმცა, მეტოქესაც ღირსეული პასუხი გასცა. დარწმუნებული ვარ, მსგავსი შემთხვევები მსოფლიო თასზე არ იქნება. დისციპლინის მხრივ ყველაფერი წესრიგში იქნება და დათუნაშვილის სინბინიც სათამაშო ეპიზოდს მოყვა.
როგორც ჩვენ ვვითარდებით, ასე ვითარდებიან ჩვენი მოწინააღმდეგეებიც. ჩვენა ყველა მომავალი მეტოქის თამაშის ვიდეოფირი გვაქვს. რიჩი დიქსონი შოტლანდიის ნაკრების თამაშს (იტალიასთან) უშუალოდ დაესწრო, დანარჩენებმა არგენტინის უელსთან თამაში იხილეს და ინგლისის ირლანდიასთან ჯახსაც დაესწრებიან. მინდა აღვნიშნო, რომ ინგლისი, არგენტინა და შოტლანდია, ურთულესი მეტოქეები არიან, ხოლო რუმინეთი ერთა თასზე ის ერთადერთი გუნდია, რომელთანაც უარყოფითი ბალანსი გვაქვს. მიზანს კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ - ზელანდიაში მინიმუმ ერთი თამაში უნდა მოვიგოთ, დანარჩენებთან კი, ჩვენი თამაშით გრანდების პატივისცემა მოვიპოვოთ. ერთი რამ ნაღდად ვიცი, საქართველოს ნაკრების თამაშის შემყურე, არცერთ ქართველს სირცხვილის გრძნობა არ გაუჩნდება და ყველა შეხვედრაში იქნება ბრძოლა პირველიდან ბოლო წამამდე”.
ილია მაისურაძე: “ორ თამაშში რამდენიმე მორაგბე დაშავდა და ადვილი წარმოსადგენია, რა იქნებოდა მეტი საკონტროლო მატჩი რომ ჩაგვეტარებინა. ვინც მსოფლიო თასზე მიდის მათგან, ხელის თითი მოიტეხა და უკვე ოპერაცია გაიკეთა ილია ზედგინიძემ. ის პირველ შეხვედრაში ნაღდად ვერ დაგვეხმარება, თუმცა, მერე თამაში შეეძლება. დავით ზირაქაშვილს სამი წელია მენისკი აწუხებს და ახლა ანთება ჰქონდა. არ გავრისკეთ და მეორე შეხვედრაში არ ვათამაშეთ, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ის მსოფლიო თასისთვის მზადყოფნაში იქნება. ფეხის თითი აწუხებს ლაშა მალაღურაძეს, მიკრო ტრავმა ძლივს მოიშუშა მალხაზ ურჯუკაშვილმა. სწორედ ამიტომ, ფულბეკის (15 ნომერი) პოზიციაზე რევაზ გიგაური მოვსინჯეთ, რათა გაუთვალისწინებელი შემთხვევის პირობებში, შემცვლელი გვყავდეს.
მინდა გითხრათ, რომ გიგაურს 15 ნომერზე თამაში კარგად გამოსდის, უბრალოდ ცოტა დრო უნდა რაღაც-რაღაცეების დასახვეწად. ამ პოზიციაზე მისი და ურჯუკაშვილის გარდა მერაბ კვირიკაშვილი მოიაზრება. 10 ნომერზე კვირიკაშვილის გარდა ლაშა ხმალაძე და მალაღურაძე განიხილება, თუმცა, ამ უკანასკნელს უფრო შუამარბად მოვიაზრებთ. პირველ შეხვედრაში, შოტლანდიის წინააღმდეგ, ძირითადი შემადგენლობის ბირთვი ისეთივე იქნება, როგორითაც “ბურგუენის” წინააღმდეგ ვითამაშეთ და სავარაუდოდ, მაქსიმუმ 4-5 კაცი შეიცვლება. ორშაბათიდან ვარჯიში განახლდება, მეტოქის თამაშების სრული ანალიზი გვაქვს, მათ კიდევ უკეთ შევისწავლით და ამის მიხედვით განვაგრძობთ მზადებას.
საფრანგეთში მხოლოდ ვარჯიშით არ ვიყავით დაკავებული. სამდღიან ინტენსიურ ვარჯიშებს, ერთდღიანი განტვირთვები ანაცვლებდა. დავდიოდით ზღვაზე, ვსეირნობდით ველოსიპედებით. სხვათა შორის, საფრანგეთში საქართველოს ნაკრებს გულშემატკივართა მთელი არმია ყავს. “მონპელიეს”, “კლერმონის” და სხვა ფრანგული კლუბების გულშემატკივრები, საფრანგეთის ნაკრების შემდეგ საქართველოს ქომაგობენ. საფრანგეთში სტუმრად გვეწვია ლევან ვასაძე და მისი “ბასიანის” ბიჭები. მათ ჩამოგვიტანეს პატრიარქის მიერ ჩვენი გუნდისთვის საჩუქრად გამოგზავნილი ხატი. იყო ქართული სიმღერა და შესანიშნავი საღამო, ისეთი, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება”.
სრკ-ს პრეზიდენტისა და ნაკრების მწვრთნელის გარდა, პრესკონფერენციას ნაკრების მედია-მენეჯერი ახალ ზელანდიაში ლაშა ხურციძე ესწრებოდა. მისი თქმით, ზელანდიაში საქართველოს ნაკრებს არასპორტული ღონისძიებებიც ელის, რაც ძირითადად მეორე-მესამე თამაშობს შორის არსებულ ათდღიან პერიოდში გაიმართება.
ლაშა ხურციძე: “საქართველოს ნაკრების ტვირთი უკვე ზელანდიაშია. მისი განბაჟების შემდეგ, ზელანდიელი მებაჟეებისგან მივიღეთ თხოვნა, რომ მათთვის საქართველოს ნაკრების ორმოცდაათი მაისური გაგვეგზავნა და ისინი ჩვენ გვიქომაგებდნენ. ზელანდიაში გვხდება საქართველოს ნაკრების ქომაგთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც ჩვენს პატივსაცემად აღლუმის გამართვას აპირებს. გარკვეულ კულტურულ ღონისძიებებს ჩვენც ვგეგმავთ. გვექნება ქართული კულტურის დღეები, სადაც მთელი ნაკრები ქართულ ჩოხებში იქნება გამოწყობილი და სტუმრებს გავასინჯებთ ქართულ ღვინოს. იქნება სხვა სიურპრიზებიც”.
პრესკონფერენციის ბოლოს სიტყვა კვლავ გიორგი ნიჟარაძემ აიღო. ქართული დელეგაცია ზელანდიაში 3 სექტემბერს მიემგზავრება და სრკ-ს პრეზიდენტმა მორაგბეთა ნაკრების, მთელი სარაგბო ოჯახის სახელით, წარმატებები უსურვა საქართველოს კალათბურთელთა და ფეხბურთელთა ნაკრებს, ძიუდოისტებს და მოჭიდავეებს: “ჩვენ შორს ვიქნებით, მაგრამ სულით და გულით მათ გვერდზე ვიდგებით. გვწამს, რომ კალათბურთელებს მინიმუმ 3 თამაშის მოგების ძალა შესწევთ. წარმატებებს ვუსურვებთ ფეხბურთელებს, ძიუდოისტებს და მოჭიდავეებს”.
ჩვენი მხრივ კი, დავამატებთ, რომ მსოფლიო თასის მეშვიდე გათამაშება, სტარტს 9 სექტემბერს აიღებს. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 14 სექტემბერს შოტლანდიის წინააღმდეგ, ინვერქარგილში გამართავს, ხოლო 18 სექტემბერს დანიდანში ინგლისს დაუპირისპირდება. 28 სექტემბერს “ბორჯღალოსანთა” მეტოქე რუმინეთის ნაკრები იქნება და ეს შეხვედრა პალმერსტონში გაიმართება, ხოლო 2 ოქტომბერს, იქვე საქართველოს ნაკრები არგენტინას გაეჯიბრება.
თასისწინა მზადებაზე “ბორჯღალოსანთა” შოტლანდიელმა დამრიგებელმა რიჩი დიქსონმა შემდეგი განაცხადა: “ნაკრებმა ძალიან კარგად იმუშავა და ჩვენ უაღრესად კმაყოფილი ვართ მათი წინსვლით. საფრანგეთში გამართულმა ორმა თამაშმა ჩვენი გუნდი ერთ მუშტად შეკრა და საშუალება მისცა, დაემუშავებინათ ძირითადი სათამაშო კომბინაციები. დამსახურებული შესვენების შემდეგ, ჩვენ ყველანი კვლავ შევიკრიბებით საფრანგეთში, სადაც გავაგრძელებთ გუნდის სარაგბო ტექნიკისა და ფიზიკური ფორმის სრულყოფას”.
რაც შეეხება საბოლოო, 30 კაციან განაცხადს, შვიდი “ბორჯღალოსანისთვის” ეს მსოფლიო თასი მესამე იქნება. ესენი არიან პირველხაზელები გოდერძი შველიძე და აქვსენტი გიორგაძე, მეორეხაზელი ილია ზედგინიძე, მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე, ცხრა ნომერი ირაკლი აბუსერიძე, მგეზავი მერაბ კვირიკაშვილი და ფულბეკი მალხაზ ურჯუკაშვილი. მსოფლიო თასზე პირველად ითამაშებს საქართველოს ნაკრების თოთხმეტი მორაგბე: პირველხაზელები ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე და დავით ქუბრიაშვილი, მეორეხაზელები ვახტანგ მაისურაძე და გიორგი ნემსაძე, მესამეხაზელები ვიქტორ კოლელიშვილი, დიმიტრი ბასილაია და გივი ბერიშვილი, მგეზავი ლაშა ხმალაძე, შუამარბი ლაშა მალაღურაძე და გარემარბები ლექსო გუგავა, ირაკლი ჩხიკვაძე და ალექსანდრე თოდუა. დანარჩენმა ცხრა სპორტსმენმა, რაგბის უდიდეს ფორუმზე ოთხი წლის წინ, საფრანგეთში ითამაშა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრები 2011 წლის მსოფლიო თასზე ასეთი შემადგენლობით მიემგზავრება: გოდერძი შველიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი), ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი), აქვსენტი გიორგაძე (“კასტრი”, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (“არმია”, თბილისი), დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი), ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), დიმიტრი ბასილაია (“ობენა”, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), ილია ზედგინიძე (“კერკერენი”, საფრანგეთი), ვახტანგ მაისურაძე (“ლა სენი”, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (“მონტობანი”, საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი), მალხაზ ურჯუკაშვილი (“გურდონი”, საფრანგეთი), ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი), მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), რევაზ გიგაური (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი), ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი), ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი”, საფრანგეთი), დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი).
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია