ამბები

19:14 | 27.08.2011 | ნანახია 2536 - ჯერ

ავსტრალიამ 10 წლის შემდეგ ბოლო “სამი ერი” მოიგო

ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, 2011 წლის “სამი ერის” ბოლო ტურში, არაოფიციალურ ფინალში, ბრისბენში, ახალი ზელანდია 25:20 დაამარცხა და ტიტულს ათწლიანი პაუზის შემდეგ დაეუფლა. ეს არ იყო უბრალოდ მორიგი გათამაშების ბოლო ტური, აქ მოგებული გუნდი “სამი ერის” გამარჯვებული ხდებოდა და თანაც, “სამი ერი” წლეულს უკანასკნელად ჩატარდა. მომავალი წლიდან სამხრეთ ნახევარსფეროს სამ ბობოლას არგენტინა დაემატება და გათამაშებაც “ოთხ ერად” გადაკეთდება.
გადამწყვეტი მატჩისათვის ზელანდიელეთა მთავარმა მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ პრაქტიკულად უძლიერესი შემადგენლობა გამოიყვანა და შეხვედრაც “ოლ ბლექსის” იერიშებით დაიწყო, მაგრამ “კენგურუები” საწყისი მღელვარების შემდეგ დალაგდნენ, მეტოქეს სალელოვედ იქით შეუტიეს და მართალია, მიზნამდე სულ რაღაც მეტრი დააკლდა, მაგრამ მე-4 წუთზე, ქუადე კუპერმა ჯარიმით ანგარიში მაინც მასპინძლების სასარგებლოდ გახსნა. მთლიანობაში, ულამაზესი გადამწყვეტი მატჩის დასაწყისი ზელანდიელთათვის შოკისმომგვრელი გამოდგა. მათი, ფეხით გადაკიდებული ბურთები, ფეხითვე უკან ბრუნდებოდა და არც ხელდახელ თამაში გამოდიოდა, ავსტრალია კი, სწრაფ გარღვევებს ახორციელებდა და მალე უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
მე-11 წუთზე, მასპინძლებს ლელო უნდა გაეტანათ, მაგრამ ზელანდიელთა თავდადებულმა დაცვამ მათ ამის საშუალება არ მისცა, თუმცა, ამის დასაფიქსირებლად საქმეში ვიდეორეფერის ჩართვა გახდა საჭირო. ადამ ეშლი-კუპერი ფლანგზე გაიქცა და პირი ვეეპუსთან ჭიდილში მეტოქის ჩათვლის მოედანშიც შეაღწია, მაგრამ ზელანდიელმა მომხვდურს დაწოლის საშუალება არ მისცა, ორიოდე წამი საკმარისი აღმოჩნდა, მულიაინამ იმარჯვა, მას ბურთი ხელიდან გამოსტაცა და ის საკუთარ ჩათვლის მოედანში დაამიწა. 5-მეტრა შერკინებიდან ავსტრალიელებმა ბურთი კარგად ვერ გაიტანეს, ერთი ხანობა, თითქოს იერიშს სიმწვავე დააკლდა, მაგრამ მერე უილ გენიამ, რომელმაც მასპინძელთა გამარჯვება დიდწილად განაპირობა, ცრუ მოძრაობით, თითქოს გადაცემას აკეთებდა, ზელანდიელთა მთელი დაცვის ხაზი აიტყუა, ორ მცველს შორის გაძრვა და ლელო გაიტანა, კუპერმა კი, მე-15 წუთზე გატანილი რეალიზაციით უპირატესობა ათ ქულამდე გაზარდა.
“ოლ ბლექსი” გამოერკვა, მეტოქეს ფეხით თამაშში აჰყვა, ამით უპირატესობა მოიპოვა. ცოტა ხანში ეს უპირატესობა ავსტრალიელთა დაჯარიმებასა და დენ კარტერის საპასუხო სამქულიან დარტყმაში აისახა. ათქულიანი წონასწორობა 32-ე წუთზე აღდგა. გადამწყვეტ მომენტში, საკუთარ თავზე თამაში წარმოშობით ფიჯელმა რვა ნომერმა რადიკე სამომ აიღო, კარგი გარღვევა განახორციელა და თამაში მეტოქის ნახევარზე გადაიტანა. ავსტრალიელთა ზეწოლამ ის შედეგი მოიტანა, რომ “ოლ ბლექსმა” მეტოქის ნახევარზე გადასვლა ვერ მოახერხა, მერე კი, იქ ზელანდია დაჯარიმდა და კუპერმა 25 მეტრიდან ზუსტად დაარტყა. განახლდა თუ არა შეხვედრა, სამო ზღაპრული ლელოს ავტორი გახდა. ბურთი დენ ვიკერმანმა მოიგო და მეტოქესთან კონტაქტში სამოს გადააწოდა, ის ჯიქურ წავიდა მესამეხაზელ ადამ ტომსონზე, მბოჭველისგან კარგად გათავისუფლდა და მაღალი სიჩქარე აკრიფა, 50 მეტრი დაფარა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2-3 მეტრი ზურგზე 2 ზელანდიელი ეკიდა, მეტოქის ჩათვლის მოედანში შესრიალდა. კუპერმა რეალიზაცია გამოიყენა, ავსტრალიამ შესვენებამდე მეტოქის იერიშის მოგერიება მოახერხა და ტაიმი 20:3 დასრულდა.
ბევრი იფიქრებდა, რომ ავსტრალიას “სამი ერის” ტიტული განაღდებული ჰქონდა, მაგრამ ახალი ზელანდია შესვენებიდან საოცრად მობილიზებული დაბრუნდა. ზელანდიელთა თამაში საათივით იყო აწყობილი და ოც წუთში, სათამაშო დროის 90-მა პროცენტმა ავსტრალიელთა ნახევარზე ჩაიარა, რამაც სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. “ოლ ბლექსმა” ტაქტიკა შეცვალა და რადგან მეტოქეს ჯანში სჯობდა, აქცენტი მრავალფაზიან შეტევებზე, მოკლე დარტყმებზე გააკეთა. 47-ე წუთზე, კარტერმა 30 მეტრიდან გატანილი ჯარიმით სხვაობა შეამცირა. შემდეგი შეტევა თითქმის 5 წუთი გაგრძელდა და მან 26 ფაზა მოიცვა. ზელანდიელები მათთვის უჩვეულო სტილით იქამდე უტევდნენ, სანამ მეტოქის 22-ში არ შევიდნენ, იქ კარტერი ორ მცველს შუა შეიჭრა, მართალია, ის შებოჭეს, მაგრამ დაცვა გაიჭიმა, კონრად სმიტი შეტევას მიჰყვა, კარტერისგან ცალი ხელით კარგი გადაცემა მიიღო და ლელო გაიტანა, კარტერმა კი, რეალიზაცია გამოიყენა.
მოკლე დარტყმებით ფაზურმა შეტევებმა შვიდ წუთში შედეგი კიდევ ერთხელ გამოიღო. ავსტრალიის დაცვა მეტოქის შეტევების მოსაგერიებლად შემჭიდროვდა, ამით მაა ნონუმ ისარგებლა, რომელმაც სივრცეები კარგად გამოიყენა, დაახლოებით 23 მეტრი ლამაზი ფინტებით ისე გაიარა, რომ ხელის წავლება ვერავინ მოახერხა და მეორე საპასუხო ლელო გავიდა, კარტერმა კი, რეალიზაციით წონასწორობა აღადგინა და ანგარიში გაათანაბრა - 20:20. შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთიღა რჩებოდა, ყველაფერი კი თავიდან იწყებოდა, ოღონდ, ახლა ახალ ზელანდიას თავისი თამაში ნაპოვნი ჰქონდა. მაგრამ ავსტრალიას ჰყავს გენიალური გამთამაშებელი უილ გენია და მან მატჩის ბედი ორ წუთში გადაწყვიტა. მან ცენტრალური ხაზის სიახლოვეს მეტოქის ხაზი დიდებულად გაჭრა, ორ მცველს დაუსხლტა, სხვების ყურადღება მიიქცია და ბურთი დიგბი იოანეს გაატანა, რომელმაც კიდევ უფრო მარცხნივ კურტლი ბეილი მოძებნა და მანაც ლელო დაბრკოლების გარეშე გაიტანა. კუპერს რეალიზაცია გაუფუჭდა, მაგრამ ზელანდია გატყდა. ახლა მათ მოკლე დარტყმებითაც აღარაფერი გამოუვიდათ, რამდენჯერმე შეტევაში დაჯარიმდნენ და ბურთი ისედაც ბევრჯერ დაკარგეს. მთელი მატჩის განმავლობაში, ავსტრალიამ ბურთი ხუთჯერ დაკარგა, ზელანდიამ ორჯერ მეტჯერ და დასკვნით პერიოდში მასპინძლებმა თამაშის ცენტრის სიახლოვეს გადატანა მოახერხეს. ერთხელ კუპერს საქმის მოთავების შანსი მიეცა, მაგრამ 71-ე წუთზე ჯარიმა არაზუსტად დაარტყა, თუმცა, პასუხის გასაცემად ზელანდიას ძალა აღარ ეყო და “სამი ერის” ბოლო გამარჯვებული ავსტრალია ღირსეულად გახდა.
ამრიგად, მსოფლიო თასის დაწყებამდე 13 დღით ადრე, ახალმა ზელანდიამ და ავსტრალიამ რაგბის გულშემატკივარს ულამაზესი სანახაობა შესთავაზეს და შესაძლოა, ის უკვე ზელანდიაში, “უებ ელისის თასისთვის” ბრძოლაში განმეორდეს.

2011 წლის სამი ერი
23 ივლისი. ავსტრალია. სიდნეი
ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა 39:20
30 ივლისი. ახალი ზელანდია. ველინგტონი
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 40:7
6 აგვისტო. ახალი ზელანდია. ოქლენდი
ახალი ზელანდია - ავსტრალია 30:14
13 აგვისტო. სამხრეთ აფრიკა. დურბანი
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია 9:14
20 აგვისტო. სამხრეთ აფრიკა. პორტ ელიზაბეტი
სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია 18:5
27 აგვისტო. ავსტრალია. ბრისბენი
ავსტრალია - ახალი ზელანდია 25:20 (20:3)

1.    ავსტრალია                4    3    0    1    92-79    13
2.    ახალი ზელანდია    4    2    0    2    95-64    10
3.    სამხრეთ აფრიკა      4    1    0    3    54-98     5

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.140347