ამბები

11:23 | 28.08.2011 | ნანახია 1854 - ჯერ

ინგლისი მსოფლიოზე კარგ ხასიათზე მიდის

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქემ მსოფლიო თასზე ინგლისმა, თავისი მოსამზადებელი ეტაპი დუბლინში ირლანდიის 20:9 ძლევით დაასრულა და ორი კვირის წინ უელსთან განცდილი მარცხის შემდეგ ხასიათი გამოიკეთა.
ამრიგად, ინგლისელებმა მოსამზადებელ ეტაპზე ორი თამაში მოიგეს (უელსთან და ირლანდიასთან), შუალედში ერთი მარცხი განიცადეს და რაც მთავარია, ბოლო მატჩში წინამორბედებზე უკეთესი თამაში აჩვენეს. თავის მხრივ, ირლანდია მსოფლიო თასზე მოგების გარეშე მიდის. განვლილ ოთხ კვირაში, მათ ოთხი თამაში ჩაატარეს და ყველა წააგეს - შოტლანდიასთან, ორჯერ საფრანგეთთან და ახლა ინგლისთან.
აგერ უკვე წელიწადია, ინგლისს დუბლინში აღარ მოეგო. ამასთან, მათ ირლანდიელებთან ბოლო სამი თამაში ჰქონდათ წაგებული, მათ შორის “ექვსი ერის” დასკვნით ტურში 8:24 და ამის გამო, ტურნირის “დიდი სლემით” გამარჯვებულები ვერ გახდნენ, ახლა კი, მეტოქეს ორი ლელო გაუტანეს, თავისი ჩათვლის მოედანი ხელშეუხებელად შეინახეს და 20:9 იმარჯვეს. ლელოები სამოაში დაბადებულმა მანუ ტუილაგიმ და დელონ ერმიტეიჯმა მიითვალეს, რასაც 2003 წლის მსოფლიო თასის გმირმა ჯონ უილკინსონმა ოთხიდან ოთხი ზუსტი დარტყმით 10 ქულა შემატა, ირლანდია კი, მხოლოდ პირველ ტაიმში გატანილი სამი ჯარიმით შემოიფარგლა.
აღსანიშნავია, რომ ინგლისის უკანა ხაზი შეტევისას ძალიან კარგად მოქმედებდა და დაცვაშიც მხოლოდ მცირეოდენ შეცდომებს თუ უშვებდა. სამაგიეროდ, “ვარდებს” არ უვარგოდათ დისციპლინა და ამის გამო კრის ეშტონი სინბინითაც დაისაჯა. ინგლისმა პირველივე წუთებიდან თამამად შეუტია და პირველი ლელოს გასატანად სულ რაღაც ხუთი წუთი დასჭირდა. ანდრე ფური მეტოქის 22-ში შეიჭრა, მას რვა ნომერის პოზიციაზე მოთამაშე ჯეიმს ჰასკელი წამოეშველა, გუნდის კაპიტანმა, შუამარბმა მაიკ ტინდლიმ ტუილაგის სივრცე გაუთავისუფლა და მასაც ლელოს გატანის მეტი აღარაფერი დარჩენოდა. უილკინსონმა გარდასახვა გამოიყენა - 7:0.
ოთხ წუთში რონან ოგარამ სტუმრებს ჯარიმით უპასუხა, მაგრამ უილკინსონმა სტატუსქვო ჯარიმით მალევე აღადგინა. მერე ტუილაგი დაჯარიმდა და ოგარამ სხვაობა კვლავ შეამცირა, რასაც ხუთ წუთში კვლავ უილკინსონის ზუსტი დარტყმა მოყვა. ირლანდიამ კვლავ შეუტია, მაგრამ ეს იმით დამთავრდა, რომ დევიდ უოლასმა ტრავმა მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა. ნახევარი საათის თავზე, ირლანდიის პირველხაზელმა ჯერი ფლენერიმ შეცდომა დაუშვა, თავისუფალი ბურთი ტუილაგამ აიტაცა, ლამის 70 მეტრი ირბინა და თითქოს ლელოც გარდაუვალი იყო, მაგრამ შესანიშნავად ითამაშა მასპინძელთა ბოლო მცველმა ჯორდან მერფიმ. ტაიმის ბოლომდე ინგლისი კიდევ ერთხელ დაჯარიმდა, ოგარამ ეს დარტყმაც გამოიყენა და ტაიმი სტუმრებმა 13:9 მოიგეს.
განახლდა თუ არა მეორე ტაიმი, ეშტონი სინბინით დაისაჯა და ინგლისი მოედანზე ათი წუთით კაცნაკლული დარჩა. ოგარამ კვლავ ჯარიმით სცადა ფონს გასვლა, მაგრამ ამჯერად მიზანმა უმტყუნა და ერთ წუთში კაცნაკლულმა ინგლისმა თავისი მეორე ლელო გაიტანა. კვლავ კარგად იმოქმედა უკანა ხაზმა, ტინდლიმ მეტოქის ხაზს უკან ბურთი ფეხით გადაკიდა, მას ერმიტეიჯი შეყვა და ლელო მარცხენა ალამთან გაიტანა, უილკინსონმა კი, რთული რეალიზაცია გამოიყენა. ეს 46-ე წუთზე მოხდა, დარჩენილ დროში ქულის მოპოვება ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა და ინგლისმა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
შემდეგი მატჩები გუნდებს უკვე მსოფლიო თასზე ელით. ირლანდია წარუმატებელი სერიის შეწყვიტას 11 სექტემბერს, ამერიკასთან ეცდება, რომელსაც ოთხიოდე წლის წინ ირლანდიელთა დამრიგებელი ედი ოსალივანი ავარჯიშებს, ხოლო ინგლისი 10 სექტემბერს წინა მსოფლიო თასის მესამეადგილოსან არგენტინასთან გამართავს. საქართველოსა და ინგლისის ნაკრებების დაპირისპირება 18 სექტემბერს, დანიდანში შედგება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.127566