ამბები

22:44 | 28.08.2011 | ნანახია 2908 - ჯერ

დებიუტანტი ქართველებისთვის Top 14-ის პირველი ტური წარუმატებელი გამოდგა

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს სარაგბო თემის მთელი ყურადღება ახლა ახალი ზელანდიისკენაა მიპყრობილი, სადაც 9 სექტემბერს მე-7 მსოფლიო თასი დაიწყება, წამყვანი მორაგბეების გარეშე დარჩენილი საფრანგეთის ელიტარული დივიზიონის 14 გუნდი, შაბათ-კვირას, ქვეყნის ჩემპიონის გამოსავლენ გრძელ მარათონს შეუდგა.
შეგახსენებთ, რომ დებულების თანახმად, ეს 14 გუნდი ორ წრედ რეგულარულ პირველობას ატარებს და ბოლო ორ ადგილზე გასული Top 14-ს ემშვიდობება, ხოლო 6 საუკეთესო პლეი ოფში ჩემპიონობისათვის იბრძვის. პლეი ოფის პირველ ეტაპზე, რეგულარული პირველობის პირველ-მეორეადგილოსანი ისვენებს, ერთმატჩიან ჯახში მესამეადგილოსანი მეექვსეს, ხოლო მეოთხე მეხუთეს მასპინძლობს. გამარჯვებულები ნახევარფინალში გადიან და იქ რეგულარული პირველობის პირველ-მეორეადგილოსანს უწყვილდებიან. აქაც ერთი შეხვედრა იმართება და გამარჯვებული გუნდები ფინალში ჩემპიონის სახელისთვის იბრძვიან.
რეგულარულ პირველობაში გამარჯვებისთვის გუნდს 4 ქულა ერიცხება, ფრისთვის 2, ხოლო 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის, ან მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანისთვის - ერთი პერმიალური ქულა. გემახსოვრებათ, სარაგბო ტურნირების უმეტესობაში, პრემიალურ ქულას 4 ლელოს გამტანი ნებისმიერი გუნდი იღებს, მაგრამ საფრანგეთში განსხვავებული სიტუაციაა და მაგალითისთვის, თუ ერთმა გუნდმა 6 ლელო გაიტანა, მეორემ კი 4, ამ კომპონენტისთვის პრემიალურ ქულას ვერცერთი მათგანი ვერ ჩაიწერს.
Top 14-ის გუნდებში მოასპარეზე ქართველი ლეგიონერები ახლა საფრანგეთში არიან, მაგრამ მათი უმეტესობა ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიო თასისთვის ემზადება და ბუნებრივია, კლუბის განკარგულებაში ჯერ ვერ იქნებიან. მიუხედავად ამისა, პირველსავე ტურში ნაკრებს მიღმა დარჩენილმა ლეგიონერებმა მაინც ითამაშეს. აღსანიშნავია, რომ ორ მათგანს საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონში დებიუტი ჰქონდა, მაგრამ პირველ ტურში ორივეს გუნდი დამარცხდა.
სამწუხარო მარცხი იწვნია დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და იური ნატრიაშვილის “ბრივმა”, რომელიც ბექა შეყლაშვილის “აჟენს” მასპინძლობდა. სავარაუდოდ, მომავალ სეზონში, ამ გუნდების მიზანი უძლიერესთა შორის დარჩენა იქნება და ამ კუთხით ურთიერთშეხვედრას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. “ბრივმა” თამაში ძლიერად დაიწყო, პირველ ტაიმში მნიშვნელოვანი სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და ეს ქულებშიც ასახა. პირველ ტაიმში გატანილ ლელო-გარდასახვას, შესვენებამდე სამი ჯარიმა მოყვა, ერთი ჯარიმა კი, სტუმრებმა გამოიყენეს. ტაიმი “ბრივმა” 16:3 კი მოიგო, მაგრამ მათ პირველი ტაიმის მიწურულს ორი ხელსაყრელი ჯარიმა ვერ გაიტანეს და როგორც შემდგომში გაირკვა, ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა.
თუმცაღა, მეორე ნახევრის პირველ მეოთხედში, მასპინძლებს საქმე არცთუ ცუდად მისდიოდათ და ჯარიმით უპირატესობა 16 ქულამდეც კი გაზარდეს, მაგრამ 64-ე წუთიდან მათი საქმე უკან-უკან წავიდა. ამ დროს შევიდა შეცვლაზე “აჟენის” პირველხაზელი ბექა შეყლაშვილი და კიდევ ორი მორაგბე. სტუმართა ძალისმიერმა მიძალებამ შედეგი სამ წუთში გამოიღო და ლელოს ზუსტი რეალიზაცია მოყვა. მასპინძლებმა სიტუაცია ვერც ამის შემდეგ შეცვალეს, 75-ე წუთზე, ჯარიმით სხვაობა ექვს ქულამდე დავიდა, ბოლო წუთზე კი, “აჟენმა” ლელო გაიტანა და ზუსტმა რეალიზაციამ მათ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა - 20:19. “ბრივის” ქართველი ლეგიონერებიდან, ხინჩაგიშვილი და კაკოვინი ნაკრებთან ერთად ემზადებიან, ნატრიაშვილს კი, Top 14-ში თერთმეტწუთიანი დებიუტი ჰქონდა. ის მოედანზე 69-ე წუთზე, შეცვლაზე შევიდა და ამის შემდეგ “ბრივმა” 10 ქულა გაუშვა.
გურამ კავთიძეს დებიუტი საფრანგეთის ექს-ჩემპიონმა, დავით ზირაქაშვილის და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონმა” ჩაუმწარა. ქართველი ლეგიონერი ბრძოლაში 51-ე წუთიდან ჩაერთო, მაგრამ მატჩის მსვლელობაში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხა. Top 14-ში წელს აღზევებული “ლიონი”, მესამე წუთზე ლელო-გარდასახვით დაწინაურდა, მაგრამ 30-ე წუთამდე 3 ჯარიმა გაუშვა და მდევრის როლში აღმოჩნდა. ერთ წუთში სტუმრებმა ჯარიმითვე ლიდერობა დაიბრუნეს, მაგრამ შესვენებამდე მე-4 ჯარიმა თავად მიიღეს და ტაიმი “კლერმონმა” 12:10 მოიგო.
მე-2 ნახევრის დასაწყისში მასპინძლები ლელო-გარდასახვით კიდევ უფრო წინ გაიჭრნენ, მერე სტუმრებმა ჯარიმით იმედი დაიბრუნეს, მაგრამ ბოლო ნახევარ საათში ქულის აღება ვეღარ შეძლეს, “კლერმონმა” კი, ბოლო წამზე გატანილი ჯარიმით საბოლოო შედეგი დააფიქსირა და “ლიონი” სულაც პრემიალური ქულის გარეშე დატოვა - 22:13. ზირაქაშვილი და კოლელიშვილი ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასისთვის ემზადებიან, კიდევ ერთი ქართველი ტარიელ რატიანიძე კი, “ლიონის” განაცხადში ვერ მოხვდა.
შარშანდელი ფინალისტი, მამუკა გორგოძის, გოდერძი შველიძის, გიორგი ჟღენტის და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე”, პირველ ტურში, სტუმრად “რასინგ მეტროსთან” 22:30 დამარცხდა და პრემიალური ქულის გარეშე დარჩა. გორგოძე და შველიძე ნაკრებთან ერთად იმყოფებიან, ნარიაშვილი განაცხადში არ იყო, ხოლო ჟღენტი, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში ჯერ კიდევ გასულ სეზონში დაიმკვიდრა ადგილი, მოედანზე ახლაც პირველი წუთებიდან იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. თამაში დაძაბული გამოდგა და ბოლო მომენტამდე ვერავინ იტყოდა, გამარჯვება რომელ გუნდს დარჩებოდა. ჯერ მასპინძლები დაწინაურდნენ 2 ჯარიმით, რაზეც სტუმრებმა მე-20 წუთამდე ასევე 2 ჯარიმით და შუალედში გატანილი ლელო-გარდასახვით უპასუხეს. მერე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, 31-ე წუთზე “რასინგ მეტრომ” ჯარიმით სხვაობა შეამცირა, ხოლო 35-ეზე ლელო გაიტანა, რეალიზაცია გამოიყენა და 19:16 დაწინაურდა. შესვენებამდე თავისი წილი ჯარიმა “მონპელიემაც” გაიტანა და შესვენებისას ტაბლოზე ფრე დაფიქსირდა. 50-ე და 52-ე წუთებზე, გუნდებმა კვლავ ჯარიმები გაცვალეს (22:22), მაგრამ ხუთ წუთში მასპინძლებმა თავისი მე-2 ლელო მიითვალეს, 68-ეზე ჯარიმაც გამოიყენეს და 30:22 იმარჯვეს.
დიდი ანგარიშით, 30:5 დაამარცხა დავით ქუბრიაშვილის “ტულონმა” “ბიარიცი”, მაგრამ მასპინძლების სამ ლელოს, სტუმრებმა ერთით უპასუხეს და ქართველი ლეგიონერის გუნდს პრემიალური ქულა არ ააღებინეს. ქუბრიაშვილი ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასისთვის ემზადება.
სტუმრად 6:25 დამარცხდა “პერპინიანთან” ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი”, თუმცა, ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო. მასპინძლებმა პირველი ტაიმი სულ რაღაც 12:6 მოიგეს და ეს ანგარიში 70-ე წუთამდე შენარჩუნდა, დასკვნით ათ წუთში კი, სტუმრები გატყდნენ. ქვეყნის ჩემპიონი “ტულუზა” 18:13 დაამარცხა “ბაიონმა”, ხოლო ერთადერთი გუნდი, რომელმაც მეტოქეზე სამით მეტი ლელო გაიტანა და ამისათვის პრემიალური ქულა მიიღო, “სტად ფრანსეა”, რომელმაც “ბორდოს” ჩათვლის მოედანში ხუთჯერ შეაღწია, ბოლოჯერ მსაჯის მიერ წამატებულ წუთებზე, თავად კი მხოლოდ 2 ლელო მიიღო და 41:20 იმარჯვა.
 

სატურნირო მდგომარეობა: 1. სტად ფრანსე - 5, 2. ტულონი - 4, 3. პერპინიანი - 4, 4. კლერმონი - 4, 5. რასინგ მეტრო - 4, 6. ბაიონი - 4, 7. აჟენი - 4, 8. ბრივი - 1, 9. ტულუზა - 1, 10. მონპელიე - 0, 11. ლიონი - 0, 12. კასტრი - 0, 13. ბორდო - 0, 14. ბიარიცი - 0.
მომდევნო ტური (3-4 სექტემბერი): ბიარიცი - აჟენი, კასტრი - სტად ფრანსე, მონპელიე - ბრივი, რასინგ მეტრო - პერპინიანი, ტულონი - კლერმონი, ბორდო - ბაიონი, ლიონი - ტულუზა.

ზურა ქსოვრელი  


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084795