შვიდკაცა რაგბი 2016 წლიდან ზაფხულის ოლიმპიადების პროგრამაში შევა. არც თუ დიდი ხნის წინ ამუშავდა ე.წ. “ოლიმპიურ სოლიდარობის პროგრამა”, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში ოლიმპიური სახეობების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამ პროგრამის ფარგლებში, 23 აგვისტოს საქართველოს რაგბის კავშირს რაგბის საერთაშორისო საბჭოს მწვრთნელთა სერტიფიცირებული პედაგოგი (educator) ლორან ვიოლი ეწვია.
ფრანგმა პედაგოგმა შვიდკაცას ქართველ მწვრთნელებს ოთხდღიანი სემინარი, ხოლო შვიდკაცა ნაკრების კანდიდატებს რამდენიმე საჩვენებელი ვარჯიში ჩაუტარა. გთავაზობთ ვიოლის მოსაზრებებს ჩვენში შვიდკაცას განვითარების პერსპექტივებზე:
- ახალი ქვეყნის კულტურის გაცნობა ყოველთის საინტერესოა. საქართველოში რაგბიზე შეყვარებული ხალხი მრავლად აღმოვაჩინე. დავათვალიერე ახალი ინფრასტრუქტურა და შევადარე ძველს - დიდი კონტრასტია. აშკარაა, რაგბისთვის ძალღონეს არავინ ზოგავს. საქართველოში რაგბის განვითარების დიდი პოტენციალია. ამას ადასტურებს კაცთა ეროვნული ნაკრების ზედიზედ მესამედ გასვლა მსოფლიო თასზე. ასევე, დიდი პოტენციალია შვიდკაცა რაგბის განვითარების მხრივ. ეს უკვე რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის პრიორიტეტებზე იქნება დამოკიდებული. თხუთმეტკაცა და შვიდკაცა განსხვავებული თამაშებია. კი, ბურთიც ერთია და მოედანიც, მაგრამ თხუთმეტკაცას კარგი მოთამაშე, შესაძლოა შვიდკაცას სახეობაში ვერ იყოს ძლიერი, შვიდკაცა კი, საკმაოდ კარგი სკოლაა თხუთმეტკაცასთვის.
- ჩვენში,ხშირად სწორედ თხუთმეტკაცადან იწვევენ მორაგბეებს შვიდკაცას დიდ ტურნირებზე. როგორ უნდა მოხდეს ამ ორი დისციპლინის განვითარება, ცალცალკე, თუ შერწყმით?
- ჩემი აზრით, ამ ორი მიმართულების შერწყმა აჯობებს: კარგია, ცალკე იყოს შვიდკაცას ნაკრები, მაგრამ რაგბი 15-ის მაღალი დონის მოთამაშე, რაგბი 7-საც ითამაშებს, ოღონდ, სპეციალური წვრთნის შემდეგ. ამ შემთხვევაში, ბევრს წყვეტს რაგბის საერთაშორისო საბჭოს მე-9 წესის განხორციელება, რომლის თანახმად, კლუბს ნაკრებში გამოძახებული მოთამაშის დაბლოკვის უფლება არ აქვს. მეორე მხრივ, კლუბის ინტერესის იგნორირებაც არ შეიძლება - კლუბი ხომ განვითარების საფუძველია. მთავარია, კალენდარი შედგეს იმდაგვარად, რომ შიდა და საერთაშორისო შეჯიბრებები ერთმანეთს არ დაემთხვას.
- შვიდკაცა 2016 წლიდან ზაფხულის ოლიმპიადების პროგრამაში შედის. ხომ არ დააზარალებს ეს 15-კაცას განვითარებას?
- პირიქით - ორივე დისციპლინა ძალიან კარგად განვითარდება. უკვე ავღნიშნე - შვიდკაცას მოთამაშეს სპეციალური მომზადება სჭირდება - შვიდკაცა რაგბი საკმაოდ ძნელი სათამაშოა და მორაგბისგან მაღალ ფიზიკურ კონდიციას მოითხვოს; წვრთნასა და საშეჯიბრო პროცესს დიდი ენერგია და დრო მიაქვს. შვიდკაცა, როგორც ოლიმპიური სახეობა, რაგბის პოპულარობას კიდევ უფრო გაზრდის. შვიდკაცა, როგორც რაგბის კარგი სკოლა, თავის მხრივ, თხუთმეტკაცას განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
Rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია