სამოას კუნძულებზე რაგბი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა და ამ ქვეყნის ნაკრებს ხშირად აქვს პატივი, ბობოლა სარაგბო ქვეყნებს ეთამაშოს. დღეისათვის, სამოას ნაკრებს 74,54 სარეიტინგო ქულა აქვს და კლასიფიკაციაში მე-10 ადგილზე იმყოფება. მიუხედავად ამისა, გასული მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე ამ გუნდმა მესამე ადგილის დაკავება ვერ მოახერხა და რიგით მეშვიდე მსოფლიო თასისთვის შესარჩევი ეტაპის გავლა მოუხდა, მაგრამ ეს უფრო პირობითი იყო. სამოელებმა პაპუა ახალ გვინეასთან ითამაშეს და მეტოქე შინ 115:7, ხოლო სტუმრად 73:12 გაანადგურეს.
სამოას კუნძულებზე სპორტის ეს სახეობა ფრანგმა ძმებმა მარისტებმა 1920 წელს დანერგეს, 1924 წელს კი, დასავლეთ სამოას რაგბის კავშირი დააარსეს. იმავე წელს ნაკრებმა თავისი პირველი საერთაშორისო შეხვედრა გამართა, აპიაში ფიჯის უმასპინძლა და საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ 0:6 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ თამაში გამთენიისას გაიმართა, რათა სამოელებს სამუშაოზე წასვლა მოესწროთ. საპასუხო მატჩში სამოამ თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა და ფიჯისთან 9:3 ირევანშა.
აქედან მოყოლებული, სამოა და ფიჯი ერთმანეთის განუყრელი მეტოქეები გახდნენ და მათ შორის გამართული შეხდვედრები მუდამ მაყურებელთა დიდ ინტერესს იწვევდა. დიდი ხნის განმავლობაში დასავლეთ სამოას ნაკრები მხოლოდ ფიჯისთან და ტონგასთან თამაშობდა, მერე კი, ახალ ზელანდიაში ტურნე მოაწყო და ადგილობრივ კლუბებთან 8 ტესტიდან მხოლოდ ერთში იმარჯვა. წყნარი ოკენის ნაკრებების ტრადიციული ურთიერთშეხვედრების მიუხედავად, ამ ქვეყნების “სამი ერი” მხოლოდ 1982 წელს დაარსდა და მის პირველ გათამაშებაში დასავლეთ სამოამ იმარჯვა. მთლიანობაში, წყნარი ოკენის “სამ ერში”, რომელიც 2005 წლამდე ტარდებოდა, სამოამ 9-ჯერ იმარჯვა (1990-1993 წლებში ზედიზედ 4-ჯერ, 1997 წელს, 2000-2001 წლებში ზედიზედ ორჯერ და ბოლო, 2005 წლის გათამაშებაში), მერე კი, მისი ფორმატი შეიცვალა. ამავე პერიოდში, დასავლეთ სამოას უელსის ნაკრები ეწვია და აპიაში 32:16 იმარჯვა. უელსი დასავლეთ სამოას შემდგომშიც არაერთხელ ეწვია, რაც იმას ნიშნავდა, რომ სამოელებს მსოფლიო რაგბის ბობოლები უკვე ანგარიშგასაწევ ძალად მიიჩნევდნენ, თუმცა, მიზეზთა გამო, ის 1987 წლის მსოფლიოს თასზე მიწვეულ გუნდებს შორის მაინც ვერ მოხვდა.
1988 წელს დასავლეთ სამოა საერთაშორისო რაგბის საბჭოში (IRB) გაწევრიანდა, ევროპულ ტურნეზე გაემგზავრა, იქ 14 ტესტი გამართა და 1991 წლის მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე აზიისა და ოკეანეთის ზონაში ითამაშა. ერთ წრედ გამართულ შეჯიბრში სამხრეთ კორეას (74:7) და ტონგას (12:3) შინ, იაპონიას (37:11) კი, გასვლაზე სძლია და დიდი ბრიტანეთის მსოფლიოს თასზე თამაშის უფლება მოიპოვა, რამაც მომავალში ამ ქვეყანაში რაგბის განვითარება მნიშვნელოვნად დააჩქარა. ეს იმის გამო მოხდა, რომ მსოფლიოს თასზე დასავლეთ სამოას ნაკრები არ შერცხვენილა, პირიქით, მათ ჯგუფში სძლიეს არგენტინას 35:12, კარდიფში დაამარცხეს მასპინძელი უელსი 16:13 და მცირე ანგარიშით დამარცხდნენ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ, მოქმედ ჩემპიონ ავსტრალიასთან - 3:9. მართალია, დასავლეთ სამოა მეოთხედფინალში “მარიფილდზე” მასპინძელ შოტლანდიასთან ვერაფერს გახდა და 6:28 დამარცხდა, მაგრამ ტურნირზე ინდივიდუალურად ყველაზე ძლიერი გუნდის სახელი მოიხვეჭა, რითაც მსოფლიოს ყურადღება კიდევ უფრო გააღვივა, მით უმეტეს, რომ მაშინ ასეთ წარმატებას იმ გუნდმა მიაღწია, რომლის მოსახლეობაც 160000 ადამიანს არ აღემატებოდა.
მომდევნო ორ წელიწადში, სამოამ რამდენიმე ღირშესანიშნავი გამარჯვება იზეიმა, რომელთა შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი 1992 წლის ლონდონის და 1993 წლის ჰონკონგის შვიდკაცა მსოფლიოს სერიებში გამარჯვებაა. აქედან მოყოლებული, სამოა 7-კაცა სერიების მუდმივი მონაწილეა და ფავორიტებს შორის ირიცხება, 15-კაცა რაგბიში კი, მასთან თამაშს ავსტრალია, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ევროპელი გრანდებიც კი არ თაკილობენ. 1995 წლის მსოფლიოს თასზე დასავლეთ სამოამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის ნაკრები ყავდა. ჯგუფში დაამარცხა იტალია (42:18) და არგენტინა (32:26), ხოლო ინგლისთან 22:44 დამარცხდა და მეოთხედფინალში გააღწია, იქ კი, მასპინძელ სამხრეთ აფრიკას გადეყარა და 14:42 წააგო. მსოფლიოს თასის დასრულებისთანავე, დასავლეთ სამოა ევროპულ ტურნეში გაემგზავრა და იქ 13 ტესტი გამართა, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი შოტლანდიის და ინგლისის ნაკრებებთან შეხვედრები გახლდათ - ოკეანელებმა პირველი ფრედ დაასრულეს 15:15, მეორეში კი, 9:27 დამარცხდნენ.
რაგბის პროფესიულ რელსებზე გადასვლის შემდეგ, სპორტის ეს სახეობა სამოას მთელ ტერიტორიაზე განვითარდა, თუმცა, პროფესიონალიზმმა სამოური რაგბი მნიშვნელოვნადაც აზარალა. საქმე ისაა, რომ ნიჭიერმა მობურთალებმა ზელანდიურ და ავსტრალიურ კლუბებს მიაშურეს, ნაწილი ევროპაში გადაბარგდა და ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით ვეღარ იკრიბებოდა. ამასთან, სპორტსმენთა ნაწილმა, ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო და საკუთარი ქვეყანა უფრო მაღალ ანაზღაურებაზე და უკეთეს პირობებზე გაცვალა. “ოლ ბლექსში” ახლაც თამაშობს წარმოშობით სამოელი მილს მულიაინა, ისაია ტოეავა, ინგლისის ნაკრების ღირსებას იცავს მანუ ტუილაგი. უნდა ითქვას ისიც, რომ ერთიხანობა სამოას ნაკრებშიც თამაშობდნენ წარმოშობით ზელანდიელი მორაგბეები, მაგრამ მერე ასეთი მიგრაცია შეწყდა და სამოა უფრო მაღალი კლასის მორაგბეთა იმპორტიორად იქცა.
სანამ საქმე აქამდე მივიდოდა, 1999 წლის მსოფლიოს თასზე, სამოას უკვე გაერთიანებულმა ნაკრებმა თავი არ შეირცხვინა, უელსს 38:31 სძლია, იაპონია ზედ მიაყოლა - 43:9 და მხოლოდ არგენტინასთან დამარცხდა - 16:32. შედეგად, არგენტინამ, უელსმა და სამოამ ერთნაირი ქულები დააგროვეს და რადგან იმ წელს მსოფლიოს თასი განსხვავებული სისტემით ტარდებოდა, სამოამ, როგორც ხუთ ჯგუფში საუკეთესო შედეგის მქონე მესამეადგილოსანმა, მეოთხედფინალში გასასვლელ ფლეი ოფში ითამაშა, მაგრამ იქ შოტლანდიას გადაეყარა და 20:35 დამარცხდა. 2003 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი სამოამ ცუდად, შინ ფიჯისთან 16:17 მარცხით დაიწყო, მაგრამ შემდეგ თამაში და შედეგები გამოასწორა, ტონგას ორივე მატჩი მოუგო (27:16 გასვლა და 31:13 შინ), ფიჯისთან კი გასვლაზე სრულფასოვანი რევანში აუღო 22:12, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპზე მაინც მე-2 ადგილი დაიკავა და მსოფლიოს თასზე მძიმე ჯგუფში მოხვდა. ურუგვაისთან (60:13) და საქართველოსთან (46:19) გამარჯვების შემდეგ, სამოელები მომავალ ჩემპიონ ინგლისსაც უგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ 22:35 დამარცხდნენ, მერე კი, სამხრეთ აფრიკასთანაც განადგურდნენ 10:60 და ჯგუფში მე-3 ადგილზე დარჩნენ. ეს იყო საქართველოსა და სამოას ნაკრებების პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი შეხვედრა.
2007 წლის მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სამოა 2005 წელს ჩაერთო, ტონგა ორჯერ დაამარცხა (შინ 50:28 და გასვლაზე 30:19), ფიჯის ორივეჯერ გასვლაზე ეთამაშა და ჯერ 38:10 იმარჯვა, მერე კი 15:21 დამარცხდა, მაგრამ ჯგუფში პირველი ადგილი მაინც დაიკავა და საფრანგეთის მსოფლიოს თასზე A ჯგუფში ითამაშა. ეს მსოფლიო თასი სამოასთვის ყველაზე წარუმატებელი იყო. სამხრეთ აფრიკასთან 7:59 და ინგლისთან 22:44 მარცხი დასაშვები შედეგია, მაგრამ აშშ-ის მხოლოდ 25:21 დამარცხება და მით უმეტეს, მისთვის კარგად ნაცნობი ტონგასთან 15:19 წაგება, ამ გუნდს არ ეპატია. სამოელებმა ჯგუფში მხოლოდ ბოლოსწინა, მეოთხე ადგილი დაიკავეს და ნაწილობრივ დაკარგული რეპუტაციის აღდგენას წლეუს ეცდებიან.
გარდა მსოფლიო თასებისა, 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიებისა, სამოას ნაკრები 2006 წლიდან მონაწილეობას იღებს “წყნარი ოკეანის” თასის გათამაშებაში, რომელმაც მანამდე არსებული წყნარი ოკეანის “სამი ერი” ჩაანაცვლა. ამ ტურნირში სამოას, ტონგას და ფიჯის ნაკრებეთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ ახალი ზელანდიის და ავსტრალიის A ნაკრებები, ასევე, ზელანდიელი “მაორები” და იაპონიის ეროვნული გუნდი. სამოამ თასი ერთადერთხელ, 2010 წელს, მას შემდეგ შემართა, რაც გათამაშება ოთხგუნდა გახდა და მასში ზელანდიელები და ავსტრალიელები აღარ მონაწილეობდნენ, თუმცა, მანამდე სამოელები გრანდთა მეორე შემადგენლობებს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდნენ. ბობოლა სარაგბო ქვეყნებიდან, სამოას ერთხელ ყავს დამარცხებული ზელანდიური “მაორი”, სამჯერ სძლია და ამდენჯერვე დამარცხდა უელსთან, მხოლოდ ერთი ფრით დაიკვეხნის შოტლანდიასთან, ერთხელ წააგო და სამჯერ მოუგო იტალიას, პირიქით, სამჯერ წააგო და ერთხელ აჯობა ირლანდიას, ორიდან ორჯერ მოუგო კანადას, ხოლო აშშ სამივე დაპირისპირებაში დაიბრიყვა, შვიდი დაპირისპირებიდან ექვსჯერ დაჩაგრა იაპონია.
მაგრამ უმთავრეს წარმატებას სამოას ნაკრებმა ახლახანს, 17 ივლისს მიაღწია, როდესაც ავსტრალიას სიდნეიში ეწვია და არსებობის ისტორიაში პირველად, “კენგურუებს” 32:23 აჯობა. გასულ უქმეებზე, მსოფლიო თასისთვის მზადების ეგიდით, სამოელებმა ავსტრალიურ “ვესტერნ ფორსს” უმასპინძლეს და მეტოქე 37:10 დაიბრიყვეს.
სამოას ეროვნული ნაკრები, თამაშის დაწყებამდე ტრადიციულ საბრძოლო ცეკვა SIVA TAU-ს ასრულებს. გუნდს ლურჯი კვართები და თეთრი ტრუსები აცვია. სამოას ნაკრებს ტიტიმაე ტაფუა ავარჯიშებს, ხოლო გუნდის კაპიტანი 31 წლის სეილალა მაპუსუა იქნება, რომელიც 2006 წლიდან “ლონდონ აირიშის” ღირსებას იცავს და ამის გამო ნაკრების კვართი სულ 20 შეხვედრაში მოირგო. ყველაზე დიდი ანგარიშით სამოამ 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე, 2009 წლის 11 ივლისს იმარჯვა და პაპუა ახალი გვინეა 115:7 გაანადგურა, ხოლო ყველაზე დიდი სხვაობით ახალ ზელანდიასთან დამარცხდა - 3:101. საერთო ჯამში, სამოას ნაკრებს 179 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული და 86-ჯერ გამარჯვება მოიპოვა, 88-ჯერ დამარცხდა, ხუთი შეხვედრა კი, ფრედ დაასრულა. ნაკრების კვართით ყველაზე მეტი შეხვედრა ბრაიან ლიმამ გამართა და საუკეთესო მელელოვეც სწორედ ისაა (67 მატჩი, 29 ლელო, 145 ქულა), ხოლო ყველაზე მეტი – 172 ქულა, გუნდს ერლ ვაამ შესძინა. ქვეყანაში 140 კლუბი და 23372 მორაგბეა რეგისტრირებული, სამოაში კი, სულ 179 ათასი კაცი ცხოვრობს.
გუნდი მსოფლიო თასზე ასეთი შემადგენლობით მიემგზავრება: კენსუს ჯონსტონი, ენტონი პერენისე, ოლე ავეი, მაჰონრი შვალგერი, დანიელ ლეო, კანე ტომპსონი, მაურიე ფაასავალუ, ოფისა ტრევირანუსი, კან ფოტუალი, ჯერემი სუა, ტუსი პისი, ჯონ ლეოტა, ჯორჯ პისი, საილოსი ტაგიკაკიბაუ, ჯეიმს სოოიალო, ლოგოვი მულიპოლა, საკარია ტაულაფო, ტიი პაულო, ფილიპო ლავეა ლევი, ჯოე ტეკორი, ტაიასინა ტუიფუა, მანაია სალავეა, ჯორჯ სტოვერსი, ჯუნიორ პოლულეულიგაგა, ტასესა ლავეა, ელიოტ საპოლუ ფუიმაონო, სეილალა მაპუსუა, დევიდ ლემი, ალესანა ტუილაგი, პოლ უილიამსი.
D ჯგუფი
სამხრეთ აფრიკა
უელსი
ფიჯი
სამოა
ნამიბია
14 სექტემბერი. როტორუა
სამოა - ნამიბია
18 სექტემბერი. ჰემილტონი
უელსი - სამოა
25 სექტემბერი. ოკლენდი
ფიჯი - სამოა
30 სექტემბერი. ოკლენდი
სამხრეთ აფრიკა - სამოა
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია