ისტორიკოსები ირწმუნებიან, რომ ბურთით, ფეხის და ხელის ერთობლივი გამოყენებით, რომის იმპერიის დროიდან შუა საუკუნეებამდე, სპორტის რაღაც სახეობას თამაშობდნენ, რომელიც ძლიერ წააგავდა ფეხბურთისა და რაგბის ნაზავს. იმასაც ამბობენ, რომ დღევანდელი სახით, რაგბი იტალიაში მილანის უნივერსიტეტში ფრანგმა სტუდენტებმა დანერგეს, თუმცა, არის ვერსია, რომ სადღაც 1890-1895 წლებში, რაგბის თამაში ბრიტანელებმა გენუაში დაიწყეს და სწორედ ამ ფაქტმა, დღეისთვის ჩრდილოეთ იტალიაში რაგბის მეტი პოპულარობა განაპირობა.
მოცემული მომენტისთვის, რაგბი იტალიაში პოპულარული სათამაშო სახეობაა. უნდა ვივარაუდოთ, რომ რაგბის თამაში იქ 1900-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყეს. იტალიის ტერიტორიაზე პირველი დარეგისტრირებული თამაში 1910 წელზე მოდის, მაგრამ ამ თამაშის ორგანიზატორთა წამოწყება უდღეური გამოდგა, თუმცა, ქვეყანამ რაგბი მაინც გაიცნო და მალე მისი ხელახალი აღორძინება დაიწყო. ერთი წლის შემდეგ, მილანში მცხოვრები ამერიკელები ფრანგებს გაეჯიბრნენ, 1911 წლის 25 ივლისს კი, სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, რაგბის პროპაგანდის კომიტეტი დაარსდა, რომელიც 1928 წელს იტალიის რაგბის კავშირად გადაკეთდა.
ეროვნულმა გუნდმა პირველი მატჩი მომდევნო წელს გამართა და ბარსელონაში ესპანეთთან 0:9 დამარცხდა, თუმცა, ერთ თვეში ესპანეთს მილანში უმასპინძლა და 3:0 მოუგო. იმავე წელს დაარსდა იტალიის საკლუბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშება, რომელშიც იმ დროს ქვეყანაში არსებული 16 კლუბიდან 6 მონაწილეობდა - პირველი ჩემპიონის ტიტული კლუბმა Ambrosiana Milano-მ მოიპოვა. დუჩე მუსოლინი ფეხბურთის და რაგბის ასოციაციებს ეწინააღმდეგებოდა, რადგანაც ისინი მისთვის ინგლისთან ასოცირდებოდა და ცდილობდა, მათი გაერთიანებით სპორტის რაიმე ახალი სახეობა შემოეღოთ, მაგრამ მისმა წამოწყებამ შედეგი ვერ გამოიღო, 1933 წელს ამ საკითხზე მუშაობა სამუდამოდ შეწყდა და ამ ფაქტმა იტალიაში რაგბის პოპულარობა და სპორტული კულტურის მაღალი დონე დაადასტურა.
1934 წელს იტალიის რაგბის კავშირი ევროპის სამოყვარულო რაგბის კავშირის (იგივე FIRA) ერთ-ერთი დამაარსებელი გახდა. 1937 წელს ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო FIRA-ს მიერ ორგანიზებულ ტურნირში, რომელიც პარიზში გაიმართა და მასში იტალიელთა გარდა საფრანგეთის, გერმანიის, რუმინეთის, ბელგიის და ჰოლანდიის ნაკრებებმა მიიღეს მონაწილეობა. 1987 წელს იტალიის რაგბის კავშირი მსოფლიოს რაგბის საბჭო IRB-ს წევრი გახდა და იმავე წელს მსოფლიოს თასი დააჭაშნიკა, თუმცა ბობოლებთან პირველ საშინაო ტესტამდე, მთელი ერთი წლის ლოდინი დაჭირდა. 1999 წელს იტალიაში მეასე საშინაო პირველობა ჩატარდა და მისი გამარჯვებული “ბენეტონ ტრევიზო” გახდა, 2000 წელს კი, ნაკრები მანამდე “ხუთი ერის” პირველობაში ჩაერთო და ის “ექვსი ერის” პირველობად გადაკეთდა.
იტალიის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, 2002 წლიდან მოყოლებული 10 კლუბი თამაშობს და მას სუპერლიგა ეწოდება. შეჯიბრი სტარტს სექტემბერში იღებს და მაისამდე გრძელდება. ორწრიანი შეხვედრების შემდეგ, ოთხი საუკეთესო გუნდი ფლეი ოფს თამაშს, გამარჯვებულს კი ALBO DORO-ს ტიტული მიენიჭება. გარდა სუპერლიგისა, იმართემა სერია A-ს გათამაშება, რომელშიც 20 კლუბი შინ და გარეთ თამაშობს, უფრო დაბალ დონეზეა სერია B, რომელიც ოთხ 10-10-გუნდიან დივიზიონისგან შედგება და სერია C, რომელშიც მთლიანობაში 50 კლუბია გაერთიანებული. გარდა რეგულარული ჩემპიონატისა, 1967 წლიდან იმართება იტალიის თასის გათამაშება, თუმცა, ამ პერიოდში რამდენიმე წელს (1974, 1980, 1983-1994, 1996, 1999 და 2002) მისი ჩატარება ვერ მოხერხდა. გარდა შინაური ჩემპიონატისა, იტალიის ორი საუკეთესო კლუბი რეგულარულად თამაშობს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ “ჰაინეკენის თასის” გათამაშებაში. გარდა ამისა, იტალიური კლუბები ევროპის CHALLENGE CUP-ის გათამაშებებშიც თამაშობენ. ამ ტურნირზე იტალიას 4 კლუბი წარადგენს.
იტალიაში მთლიანობაში 784 კლუბია, რომლებშიც საერთო ჯამში 61432 მამაკაცი და 4 744 ქალი მორაგბეა დარეგისტრირებული. პარმა ერთადერთი ქალაქია, რომელსაც ორი უმაღლესი კლასის გუნდი ყავს, კლუბთა უმრავლესობა კი, ჩრდილოეთ იტალიიდან, ძირითადად ვენეციიდან და ლომბარდიიდანაა. სპორტის ამ სახეობას დიდი მასშტაბებით აშუქებენ პრესაში და მას ბევრი მიმდევარი ჰყავს რომში, მილანში, გენუაში, პარმაში და ბოლონიაში. იტალიაში რაგბის პოპულარობის ბოლოდროინდელმა ზრდამ შიდა ჩემპიონატის და შესაბამისად, იქ მოთამაშე მორაგბეების განვითარება გამოიწვია.
ამ ყველაფერმა ევროპული სარაგბო გრანდები დააინტერესა და დღესდღეობით არაერთი იტალიელი მორაგბე ფრანგული და ინგლისური კლუბის ღირსებას იცავს. მოთამაშეთა გადინება ბევრმა უარყოფითად აღიქვა, რადგანაც ამით ნაკრები კი ძლიერდება, მაგრამ შიდა ჩემპიონატის დონე საგრძნობლად ეცემა. რაგბის პოპულარიზაცია მას შემდეგ უფრო გაიზარდა, რაც იტალიის ნაკრებმა 2007 წლის ექვსი ერის გათამაშებაში რამდენიმე ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა და თამაშის ამსახველი ფოტოები უკვე გაზეთების პირველ გვერდებზეც გამოჩნდა. ირლანდიელთა დამარცხების შემდეგ, რომის მთავარ მოედანზე 10000 რაგბის მოყვარული გამოვიდა და საყვარელი გუნდის გამარჯვება ხმაურიანად აღნიშნა.
იტალიის ეროვნული ნაკრები 1920-იანი წლების ბოლოს დაარსდა და დღესდღეობით ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ითვლება. მათ ზედმეტ სახელად “აძურას” (ლურჯები) და “რომაელ გლადიატორებს” ეძახიან. იტალიელთა წარმატებას მნიშვნელოვანწილად ხელი IRB-ს მხარდაჭერამ შეუწყო. გუნდი მას შემდეგ გაიზარდა, რაც მსოფლიოს რაგბის საბჭომ იტალია პირველი დონის სარაგბო ქვეყანად აღიარა, ევროპის რაგბის საბჭომ კი, 2000 წლიდან მოყოლებული ევროპის “ხუთ ერს” დაამატა და გათამაშება “ექვს ერად” გადააკეთა. ნაკრებმა 1987 წლიდან მოყოლებული ექვსივე მსოფლიოს თასი ითამაშა, ყველაზე დიდ წარმატებას კი, 2003 და 2007 წლებში მიაღწია, სადაც ჯგუფურ ეტაპზე ორი-ორი გამარჯვება მოიპოვა და ამის გამეორებას მისთვის მეშვიდე, 2011 წლის მსოფლიო თასზეც გეგმავს. დღეისათვის იტალიის ნაკრებს 73,88 სარეიტინგო ქულა მოუგროვდა და მსოფლიოს რეიტინგში მე-11 ადგილზე იმყოფება.
პირველ საერთაშორისო თამაშად, იტალიაში 1928 წელს მილანისა და ბუქარესტის კლუბებს შორის გამართული მატჩი ითვლება, რომელიც იტალიელთა სასარგებლოდ დასრულდა - 15:3, მაგრამ ეს კლუბებს შორის შეხვედრა იყო, ნაკრებს კი, დებიუტი 1929 წლის მაისში ბარსელონაში ჰქონდა და ესპანელებთან 0:9 დამარცხდა, თუმცა მალევე საკუთარ კედლებში მათთან რევანში აიღო და 3:0 იმარჯვა. 1934 წელს FIRA-ს დაარსების შემდეგ, რომელშიც კონტინენტური ევროპიდან იტალია, საფრანგეთი, ჩეხოსლოვაკია, რუმინეთი და გერმანია (რომელშიც რაგბი იტალიიდან შევიდა) გაერთიანდნენ, იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა პირველი საერთაშორისო შეხვედრა 1937 წელს საფრანგეთთან გამართა და 5:43 დამარცხდა.
ისევე, როგორც თითქმის ყველა ქვეყანაში, მეორე მსოფლიო ომმა იტალიაში რაგბის არსებობა პრაქტიკულად შეწყვიტა. ომის დასრულების შემდეგ იყო სურვილი, რომ იტალიის რაგბის კავშირი აღედგინათ და ამას არც მოკავშირეთა ძალები ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ 1970-იან წლებამდე იტალიელებმა საკუთარი რაგბის კავშირი ვერ ჩამოაყალიბეს და მთლიანად ფრანგულ მოდელზე გადაერთვნენ. მალე როვიგოს, პადუას და ტრევიზოს სარაგბო კლუბების წამოწყებით, იტალიამ საკუთარი რაგბის კავშირი ხელახლა დააარსა და მას სხვა რეგიონებიც შეუერთდნენ. 1970-1980 წლებში იტალიურმა რაგბმა უცხოელი მორაგბეთა და მწვრთნელთა დახმარებით, შიდა ჩემპიონატის განვითარების თვალსაზრისით, დიდი ნახტომი გააკეთა. ამ პერიოდში იტალიის ნაკრებს მუდამ უცხოელი მწვრთნელი ავარჯიშებდა და ეს ტრადიცია ახლაც გრძელდება. 1973 წელს ნაკრებს ტურნე ჰქონდა სამხრეთ აფრიკაში, რასაც ინგლისისა და შოტლანდიის, ოდნავ მოგვიანებით კი, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის ტურნეები მოყვა.
1980 წლიდან მოყოლებული, იტალიელებს ერთადერთი სურვილი ამოძრავებდათ - რამენაირად გაერთიანებულიყვნენ ევროპის “ხუთი ერის” პირველობაში. ამის წინაპირობა ის გახლდათ, რომ იტალიელები კარგად თამაშობდნენ და თითქმის მუდამ იმარჯვებდნენ ევროპის მეორე ეშელონის ნაკრებებთან - რუმინეთთან და ესპანეთთან, შიგადაშიგ კი, საფრანგეთს, შოტლანდიას, უელსს და ირლანდიასაც ამარცხებდნენ. ამ წარმატებებმა სამომავლოდ შედეგი გამოიღო და მოგვიენებით, დაახლოებით ოცწლიანი მცდელობის შემდეგ, იტალია “ხუთი ერის” გათამაშებაში დაუშვეს.
მაგრამ მანამდე იყო მსოფლიოს თასები. “აძურას” 1987 წლის მსოფლიოს თასზე მიწვევის პატივი ერგო და 22 მაისს პირველ შეხვედრაში მრისხანე ახალ ზელანდიას დაუპირისპირდა. ახალგაზრდა იტალიელებმა მომავალ ჩემპიონებთან ვერაფერი გააწყვეს და 6:70 განადგურდნენ, მომავალში იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯონ კირვანმა კი, მეტოქეს ორი ლელო დაუდო. იტალიას არც ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში გაუმართლა და არგენტინასთან 16:25 დამარცხდა, მაგრამ დასკვნით მატჩში ფიჯის 18:15 აჯობა, ამ ორ უკანასკნელთან ერთად ჯგუფში 2 ქულა მოაგროვა, მაგრამ ლელოებით ფიჯის ჩამორჩა, არგენტინას კი, აჯობა და მე-3 საპატიო ადგილი დაიკავა.
1991 წლის მსოფლიოს თასზე იტალია ძლიერ ჯგუფში მოხვდა - მასპინძელ ინგლისთან, მრისხანე ახალ ზელანდიასთან და აშშ-თან, თუმცა, თავი არ შეურცხვენია. პირველივე შეხვედრაში “რომაელმა გლადიატორებმა” აშშ დამაჯერებლად დაამარცხეს - 30:9, მომდევნო მატჩში მასპინძელთა გუნდთან ვერაფერი გააწყვეს - 6:36, სულ ბოლოს კი, ახალ ზელანდიას შეებრძოლნენ და მხოლოდ 21:31 დამარცხდნენ. 1995 წლის მსოფლიოს თასზე იტალიამ ისევ იბრძოლა, მაგრამ წინანდებურად, მხოლოდ ერთ მატჩში იმარჯვა და ჯგუფში მე-3 ადგილზე დარჩა. პირველ მატჩში აპენინელები სამოას ვერ გაუმკლავდნენ 18:42, მერე, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ინგლისთანაც დამარცხდნენ 20:27, სულ ბოლოს კი, არგენტინას ეკვეთნენ და 31:25 სძლიეს.
1990-იან წლებში იტალიელებმა დიდი სამუშაო ჩაატარეს და თავის ქვეყანაში რაგბი იმ დონემდე განავითარეს, რომ ხშირ შემთხვევებში “ხუთი ერის” წარმომადგენლებსაც ამარცხებდნენ. მათ შორის აღსანიშნავია ირლანდიასთან ზედიზედ ორი გამარჯვება - 1997 წლის 4 იანვარს “ლენსდაუნ როუდზე” 37:29 და ბოლონიაში 37:22. იმავე წლის 22 მარტს მათ საფრანგეთის ნაკრებთან პირველი გამარჯვება მოიპოვეს 40:32 (გრენობლში), მომდევნო წლის იანვარში კი, ტრევიზოში შოტლანდია დაამარცხეს 25:21. ამ გამარჯვებებს წინ უძღოდა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. 1996 წელს რაგბის მსოფლიო საბჭოსა და ინგლისის რაგბის კავშირს შორის სიტუაცია დაიძაბა, რადგანაც ამ უკანასკნელმა ინგლისის ნაკრების ტელეტრანსლიაციის უფლება ტელეკომპანია SKY-ს უბოძა და საქმე იქამდეც მივიდა, რომ “ხუთი ერიდან” ინგლისის გაძევებაზე და მისი იტალიით ჩანაცვლებაზე ალაპარაკდნენ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი თავის ადგილზე დარჩა, ინგლისი მოკვეთას გადაურჩა და იტალიას “ხუთ ერში” გასაერთიანებლად კიდევ ოთხი წელი მოუწია მოცდა.
1998 წელს, მომდევნო წლის მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპზე იტალიელები ჰადერსფილდში ინგლისთან 15:23 დამარცხდნენ, მაგრამ მათ დღემდე სჯერათ და პრეტენზია აქვთ რეფერისთან, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში ალესანდრო ტრონკონის ლელო არ ჩაუთვალა. ინგლისმა საკუთარი უპირატესობა თავად მსოფლიოს თასზე დაამტკიცა, როდესაც იტალიელებს 67:7 გადაურბინა - ეს იტალიელთა და ინგლისელთა მესამე შეხვედრა გახლდათ უმაღლეს დონეზე. “აძურა” 1999 წლის მსოფლიოს თასზე ასევე მესამედ ეთამაშა ახალ ზელანდიას და 3:101 განადგურდა, ჯგუფური ეტაპის კიდევ ერთ შეხვედრაში კი, ტონგასთან 25:28 დამარცხდა და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. იტალიელთათვის ეს იყო ყველაზე ცუდი მსოფლიოს თასი, რადგანაც სამივე მატჩში დამარცხდნენ და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.
მიუხედავად მსოფლიოს თასზე დაკავებული ბოლო ადგილისა, იტალიის ნაკრები 2000 წელს “ხუთ ერს” დაემატა და ის “ექვს ერად” გადაკეთდა. პირველივე შეხვედრაში იტალიამ ფურორი მოახდინა, “ხუთი ერის” ბოლო გამარჯვებულ შოტლანდიას შეხვდა და 34:20 იმარჯვა, რითაც რაგბის მამები საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დაარწმუნა, მაგრამ იტალიამ მეტი ვეღარ მოახერხა, დანარჩენ 4 მატჩში დამარცხდა და სადებიუტო “ექვს ერში” ბოლო ადგილი დაიკავა, ოღონდ, ეგ იყო, რომ ბოლო მატჩში ფრანგებს ეომა და მხოლოდ 31:42 დამარცხდა. მიუხედავად ამისა, 2001-2002 წლების “ექვსი ერის” გათამაშებებში იტალიამ ვერცერთი გამარჯვება ვერ მოიპოვა და “ექვსი ერიდან” იტალიელთა გაძევებაზე ალაპარაკდნენ, მაგრამ “აძურა” იმდენად დისციპლინირებულად თამაშობდა, რომ ტურნირიდან მისი მოკვეთა აღარ მოხდა.
2002 წლის ბოლოს, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, მთავარი მწვრთნელი ბრედ ჯონსტონი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მის ნაცვლად მთავარ მწვრთნელად ახალზელანდიელი ჯონ კირვანი დანიშნეს, ვინაც იტალიის მსოფლიოს თასის სადებიუტო მატჩში ორი ლელო დაუდო. მისი ხელმძღვანელობით 2003 წლის მსოფლიოს თასზე იტალიამ თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენა, ზედიზედ ორ გამარჯვება მოიპოვა - ტონგასთან 36:12 და კანადასთან 19:14, მაგრამ ახალ ზელანდიასთან მეოთხე დაპირისპირება ისევ წარუმატებლობით დასრულდა - 7:70, ბოლო მატჩში უელსთან მარცხმა (15:27) კი, ისინი მეოთხედფინალს მიღმა დატოვა.
2003 წლის მსოფლიოს თასამდე, ამავე წლის ექვსი ერის გათამაშებაში იტალიამ თავი ისევ გამოიჩინა, ამჯერად ერთადერთი გამარჯვება უელსთან მოიპოვა (30:22) და მორიგი შერცხვენა თავიდან აიცილა. 2004 წელს იტალიამ ისევ ერთი შეხვედრა მოიგო, ამჯერად შოტლანდიას სძლია 20:14. ამავე პერიოდიდან იტალიელმა მორაგბეებმა წამყვან ევროპულ კლუბებში გადაინაცვლეს და 2006 წლის “ექვს ერზე” უელსთან იტალიის ნაკრებმა ფრედ ითამაშა - 18:18. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ წელს იტალია ყველა გუნდს ბოლომდე ებრძოლა (მათ შორის აღიარებულ ლიდერებს ინგლისს და საფრანგეთს), შოტლანდიასთან მხოლოდ 10:13 დამარცხდა, მარკო ბერგამასკო კი, ამ წელს 3 ლელოთი ტურნირის საუკეთესო მელელოვე გახდა.
ამავე პერიოდში, იტალიის რაგბის კავშირმა სპორტის პოპულარიზაციისთვის უდიდესი სამუშაო გაწია და რადგან თავს არც ნაკრები ირცხვენდა, მათ თამაშებს სულ უფრო და უფრო ბევრი მაყურებელი ესწრებოდა, ამჟამად კი, “აძურას” საშინაო მატჩებზე “სტადიო ფლამინიო” თითქმის ყოველთვის გადაჭედილია. იტალიური რაგბის კიდევ უფრო განვითარების იმედს ისიც იძლევა, რომ სპორტის ამ სახეობით ახალგაზრდები მრავლად არიან დაინტერესებული და იტალიის რაგბის კავშირის ბიუჯეტიც წლიდან წლამდე იზრდება.
ყოველივეს პარალელურად, იტალიელებმა კარგად გამოიყენეს IRB-ს მიერ შემოღებული ახალი წესი, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ ქვეყანას უფლება ეძლევა, ნაკრებში გამოიყენოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, თუკი მას მსურველ ქვეყანასთან წინაპრები აკავშირებს, ან ამ ქვეყანაში მინიმუმ 3 წელი მაინც უცხოვრია. 2004 წელს იტალიელებმა განაცხადეს, რომ მსოფლიოს თასისთვის აიყვანდნენ მაქსიმუმ სამ ასეთ “არაიტალიელს”, რათა შიდა ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეებს მეტი განვითარების პერსპექტივა ჰქონდეთ. 2005 წლის წარუმატებელი “ექვსი ერის” შემდეგ, ჯინ კირვანი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა და მის ნაცვლად ნაკრების მთავარ მწვრთნელად იტალიელი პიერ ბერბიზიერი დაინიშნა. 2006 წელს იტალიამ არგენტინაში ტურნე მოაწყო და ყველა განაცვიფრა, როდესაც “პუმები” 30:29 დაამარცხა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ საპასუხო შეხვედრისას არგენტინამ გენუაში სრული რევანში აიღო და 39:22 იმარჯვა.
2007 წლის “ექვსი ერი” იტალიამ ცუდად დაიწყო, შინ საფრანგეთთან 3:39 დამარცხდა, მერე კი, ინგლისს თვიქნემში ესტუმრა, დიდი ბრძოლა გაუმართა და მხოლოდ 7:20 დამარცხდა, ისიც ისე, რომ ინგლისს საეჭვო ლელო ჩაუთვალეს, ამ მატჩის ყველაზე გამორჩეული მოთამაშე კი, იტალიელი ალესანდრო ტრონკონი გახდა. “აძურამ” მომდევნო მატჩი “მარიფილდზე” თავბრუდამხვევად დაიწყო, პირველ წუთზე ბერგამასკომ, მე-4-ზე სკანავაკამ, კიდევ ორ წუთში კი, რობერტსონმა სამი ლელო დადეს და გუნდი 21:0 დააწინაურეს, საბოლოოდ კი, 37:17 იმარჯვეს. მომდევნო მატჩში იტალია უელსს “სტადიო ფლამინიოზე” დაუპირისპირდა, დაძაბული ბრძოლა ბოლო წუთებამდე გაგრძელდა და შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ბერგამასკოს მიერ დადებული ლელოთი “რომაელმა გლადიატორებმა” 23:20 იმარჯვეს. ამ გამარჯვებით იტალიამ “ექვს ერზე” პირადი რეკორდი მოხსნა (ორი მატჩი მოიგო) და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ტურში ირლანდიასთან დამარცხდა, გულშემატკივრებმა ის “ლამაზ დამარცხებად” აღიქვეს, იტალიამ კი ამ მომენტისთვის ტურნირზე ყველაზე მაღალი - მე-4 ადგილი დაიკავა.
2007 წლის საფრანგეთის მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპი იტალიამ იოლად გადალახა, პორტუგალია შინ 83:0, ხოლო რუსეთი გასვლაზე 67:7 გაანადგურა და G ჯგუფში ახალ ზელანდიასთან, შოტლანდიასთან, რუმინეთთან და პორტუგალიასთან მოხვდა. “აძურა” მოუშორებელ ზელანდიასთან ამჯერადაც შერცხვა (14:76), რუმინეთთან მძიმე ბრძოლა გადაიტანა და არცთუ მსაჯების დაუხმარებლად 24:18 იმარჯვა, მერე პორტუგალიას 31:5 გაუსწორდა და ჯგუფიდან გასვლისთვის შოტლანდიას ეჭიდავა. სქოთებმა ექვსი ჯარიმა გაიტანეს, იტალიამ შეხვედრის ერთადერთი ლელო, რეალიზაცია და სამი ჯარიმა მიითვალა და 16:18 დამარცხდა, არადა, “აძურამ” სამი ჯარიმა გააფუჭა და მათგან ერთ-ერთი ძელებს შორის რომ გასულიყო, შედეგი სხვაგვარი იქნებოდა.
განვლილ ოთხ წელიწადში იტალიური რაგბი კიდევ უფრო განვითარდა. 2008 წლის “ექვს ერზე”, ირლანდიამ, ინგლისმა და საფრანგეთმა ის დიდი გაჭირვებით დაამარცხა, შოტლანდიას კი, “აძურამ” 23:20 აჯობა. მომდევნო წელს იტალია მხოლოდ უელსს გაუძალიანდა, 2009-ში კი, იტალიელებმა კვლავ ივაჟკაცეს, ყველა მეტოქე ანერვიულეს, ხოლო შოტლანდია 16:12 დაამარცხეს. წლევანდელ “ექვს ერზე” იტალია მინიმუმ ორი თამაშის მოგებას იმსახურებდა, მაგრამ არ გაუმართლა. პირველსავე ტურში, შეხვედრის დასრულებამდე ორიოდე წუთით ადრე ის ირლანდიას 11:10 ამარცხებდა, თანაც 75-ე წუთზე გატანილი ლელო მისდა საუბედუროდ ვერ გარდასახა, მერე კი, ოგარამ არეკნი გაიტანა და “აძურა” 11:13 დამარცხდა. სამაგიეროდ, იტალიელებმა ისტორიულ, მეორე გამარჯვებას მიაღწიეს საფრანგეთთან. შეხვედრა 22:21 დამარცხდა და ეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომელშიც იტალიამ საფრანგეთი დაამარცხა. ასეთმა შედეგებმა იტალიელებს იმედი გაუჩინა, რომ ბოლოსდაბოლოს, ისინი ჯგუფური ეტაპის დაძლევას და მეოთხედფინალში გასვლას მოახერხებენ.
იტალიის ნაკრები საშინაო შეხვედრებს რომში, “სტადიო ფლამინიოზე” მართავს, რომელიც ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 3 კილომეტრზეა დაშორებული. ამ არენაზე 24973 (8000 გადახურულია) მაყურებელი ეტევა, მაგრამ იტალიის რაგბის კავშირში მიიჩნევენ, რომ მისი ტევადობა საკმარისი არაა და გენუეში გადანაცვლებას ფიქრობენ, შიგადაშიგ კი, ნაკრები მილანში, “სან სიროზეც” თამაშობს. “სტადიო ფლამინიოს” ტრიბუნებს ქვეშ განთავსებულია საცურაო აუზი, ჭიდაობის, კრივის, ტანვარჯიშის და ძალოსნობის დარბაზები. სტადიონი 1957 წელს აშენდა.
იტალიის ნაკრებმა ყველაზე დიდი ანგარიშით 1994 წლის 18 მაისს ჩეხეთთან 104:8 იმარჯვა, თავად კი, ყველაზე დიდი ანგარიშით 1999 წლის 19 ივნისს სამხრეთ აფრიკასთან 0:101 დამარცხდა. იმავე წელს იტალია მსოფლიო თასზე ზელანდიასთან 3:101 შერცხვა. მთლიანობაში, “აძურას” ანგარიშზე 414 მატჩი მოდის, რომელთაგან 166-ში გამარჯვება მოიპოვა, 14 ფრედ დაასრულა და 234-ჯერ დამარცხდა. გუნდს ლურჯი ფერის მაისური და თეთრი ტრუსები აცვია. იტალიის ნაკრებთან ნაცნობობა “ბორჯღალოსნებსაც” აკავშირებს. 1998 წელს საქართველო “აძურას” 1999 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპზე დაუპირისპირდა და გასვლაზე 14:31 დამარცხდა. 2000 წელს ქართველები და იტალიელები ლივორნოში ერთმანეთს ამხანაგურად გაეჯიბრნენ და 7:51 წააგეს, 2003 წლის მსოფლიოს თასისთვის მზადების ეტაპზე კი, ქალაქ ასტიში ეთამაშნენ და მსაჯის უნამუსობით 22:31 დამარცხდნენ. 2007 წლიდან დღემდე, საქართველოს ნაკრები იტალიის A ნაკრებს ოთხჯერ ეთამაშა და ორჯერ იმარჯვა (22:20 და 25:3), ორჯერ კი, მარცხი განიცადა (7:8 და 3:21).
იტალიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი, 983 ქულა 1966 წელს დაბადებულმა დიეგო დომინგეშმა დააგროვა. ის იტალიის ნაკრებში 1991-2003 წლებში თამაშობდა და 74 სანაკრებო შეხვედრა ჩაატარა, მანამდე კი, ორი მატჩი არგენტინის ნაკრებში გამართა და 27 ქულა დააგროვა. იტალიელთა რიგებში ყველაზე მეტი ლელო ასევე 1966 წელს დაბადებულ მარსელო კუტიტაზე მოდის, მან მეტოქის ჩათვლის მოედანი 25-ჯერ დაალელოვა. “აძურას” კვართით ყველაზე მეტი, 101 შეხვედრა გამართა ალესანდრო ტრონკონიმ, რომელიც ნაკრებში 1994-2007 წლებში თამაშობდა და გუნდს 95 ქულა შესძინა.
დღეისათვის იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სამხრეთაფრიკელი ნიკ მალეტია, რომელიც 1996-2000 წლებში “სპრინგბოკის” მთავარი მწვრთნელი იყო. ის უპირატესობას იტალიელი ახალგაზრდების განვითარებას ანიჭებს და უცხოტომელებს ნაკრებში ნაკლებად იწვევს. მსოფლიო თასზე მალეტის ახალბედა და გამოცდილი მორაგბეების ერთგვარი ნაზავი მიყავს. გუნდის კაპიტანი 27 წლის სერჯო პარიზეა, რომელიც ფრანგული “სტად ფრანსეს” ღირსებას იცავს, ნაკრებში 1998 წლიდან გამოდის და 79 შეხვედრაში გუნდს 70 ქულა შესძინა (14 ლელო). მსოფლიო თასზე იტალიელთა ყველაზე გამოცდილი მორაგბე ანდრეა ლო ჩიჩერო იქნება, რომელსაც ნაკრების კვართი 88 შეხვედრაში აქვს მორგებული. მის გარდა ახალ ზელანდიაში მიდიან ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან მარტინ კასტროჯოვანი (78 კეპი), სალვატორე პერუჯინი (80), მარკო ბორტოლამი (85), მაურო (85) და მირკო (82) ბერგამასკოები.
იტალიის ნაკრები მსოფლიო თასზე ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: მარტინ კასტროჯოვანი (“ლესტერი”), ლორენცო ჩიტადინი (“ბენეტონი”), ანდრეა ლო ჩიჩერო (“რასინგ მეტრო”), სალვატორე პერუჯინი (“აირონი”), ტომაზო დაპისე (“აირონი”), ლეონარდო ჯირალდინი (“ბენეტონი”), ფაბიო ონგარო (“აირონი”), მარკო ბორტოლამი (“აირონი”), კარლო ანტონიო დელ ფავა (“აირონი”), ქუენტინ გელდენჰუსი (“აირონი”), კორნელიუს ვან ზული (“ბენეტონი”), რობერტ ჯულიან ბარბიერი (“ბენეტონი”), მაურო ბერგამასკო (უგუნდო), პოლ დერბუშირე (“ბენეტონი”), სარჯო პარიზე (“სტად ფრანსე”), ალესანდრო ძანი (“ბენეტონი”), პაბლო კანავოზიო (“კალვისანო”), ედუარდო გორი (“ბენეტონი”), ფაბიო სემენზატო (“ბენეტონი”), რიკარდო ბოჩინო (“კავალიერი”), ლუჩიანო ორკუერა (“აირონი”), ტომაზო ბენვენუტი (“ბენეტონი”), მირკო ბერგამასკო (“რასინგ მეტრო”), გონსალო კანალე (“კლერმონი”), გონსალო გარსია (“ბენეტონი”), ანდრეა მასი (“აირონი”), ლუკ მაკკლეანი (“ბენეტონი”), მატეო პრატიჩეტი (“აირონი”), ალბერტო სგარბი (“ბენეტონი”), ჯულიო ტონიოლატი (“აირონი”).
მწვრთნელი: ნიკ მალეტი
C ჯგუფი
ავსტრალია
ირლანდია
იტალია
რუსეთი
აშშ
11 სექტემბერი. ოკლენდი
ავსტრალია - იტალია
20 სექტემბერი. ნელსონი
იტალია - რუსეთი
27 სექტემბერი. ნელსონი
იტალია - აშშ
2 ოქტომბერი. დანიდანი
ირლანდია - იტალია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია