ამბები

19:49 | 31.08.2011 | ნანახია 4501 - ჯერ

შოტლანდია - “ბორჯღალოსნების” სამიზნე

შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრები ის გუნდია, რომელთანაც “ბორჯღალოსნები” 2011 წლის მსოფლიო თასზე ერთი თამაშის მოგებას ფიქრობენ. თუ ობიექტურები ვიქნებით, შოტლანდია საქართველოზე ძლიერია, მაგრამ მოვლენათა ჩვენთვის სასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში, ეს ფიქრი შესაძლოა რეალობად იქცეს. თავის მხრივ, სქოთებს საქართველოსთან და რუმინეთთან შესაძლო მარცხზე ფიქრიც არ უნდათ, ამ ორ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმის (10 ქულის, 4-4 მოგებისთვის და თითო-თითო პრემიალურის ოთხი და მეტი ლელოს გატანისთვის) აღებას გეგმავენ და ინგლისთან და არგენტინასთან ჯგუფიდან გასვლისთვის ჭიდილს აპირებენ.
შოტლანდიაში რაგბი ფეხბურთის შემდეგ სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა და ამ ქვეყანაში მას უამრავი მიმდევარი ჰყავს. ეროვნული ნაკრები “ექვსი ერის” გათამაშებაში თამაშობს, ყოველწლიურად მართავს ტესტებს მსოფლიოს წამყვან სარაგბო ნაკრებებთან და მსოფლიო თასის მუდმივი მონაწილეა. პროფესიული კლუბები თამაშობენ ძლიერ შიდა ჩემპიონატში, კიდევ უფრო ძლიერ “კელტების ლიგაში” და ევროტურნირებში (“ჰეინეკენის” და “ჩელენჯის” თასებზე). გარდა ამისა, სამოყვარულო და ნახევრადპროფესიულ კლუბებისთვის არსებობს შიდა გათამაშების მთელი სისტემა და ის ქვეყანაში დღითიდღე პოპულარული ხდება.
სხვანაირად არც შეიძლება იყოს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შოტლანდია ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, სადაც ოვალური ბურთი პირველად შეათამაშეს. 1858 წელს შოტლანდიაში რეგულარულად იმართებოდა შეხვედრები მარჩისტონის სასახლის სკოლის მოსწავლეებსა და ედინბურგის აკადემიის სტუდენტებს შორის. ედინბურგის აკადემია პირველი გახლდათ, რომელმაც საერთაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 1871 წლის 27 მარტს მათმა გუნდმა ინგლისის წარმომადგენლებს უმასპინძლა და გამარჯვება მოიპოვა - 4:1.
შოტლანდიის რაგბის კავშირი 1873 წელს დაარსდა და 1886 წელს, ირლანდიის და უელსის რაგბის კავშირებთან ერთად, რაგბის მსოფლიოს საბჭოს (IღB) ერთ-ერთი დამაარსებელი გახდა, ინგლისი კი, მათ ოდნავ მოგვიანებით - 1890 წელს შეუერთდა. 1924 წლამდე შოტლანდიის რაგბის კავშირს შოტლანდიის საფეხბურთო კავშირი ეწოდებოდა, 1899 წლიდან 1925 წლამდე კი, ანუ “მარიფილდის” გახსნამდე, ნაკრები საშინაო შეხვედრებს “ინვერლეითზე” ატარებდა.
ისტორიულად, შოტლანდიაში რაგბი სამოყვარულო სპორტის სახეობად ითვლებოდა, მაგრამ პროფესიონალიზმის განვითარებამ ის სხვა, პროფესიულ რელსებზე გადაიყვანა. თავდაპირველად, შოტლანდიაში მხოლოდ შიდა ჩემპიონატები იმართებოდა, რომელიც მთელ ქვეყანას მოიცავდა და გამარჯვებულ გუნდს ქვეყანაში ელიტურ კლუბად მოიხსენიებდნენ. დღევანდელი ლიგა სათავეს 1970-იანი წლებიდან იღებს. 1973-1974 წლების სეზონიდან კლუბები ექვს ლიგაში გადანაწილდნენ და არაოფიციალური გათამაშებები რეგულარულმა ჩემპიონატმა საბოლოოდ შეცვალა. ლიგები რამდენიმე დივიზიონად და ზონადაა დაყოფილი, უმაღლესი ლიგის 3 დივიზიონში კი, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბები გამოდიან. ქვედა დივიზიონის და სხვადასხვა ზონებში მოთამაშე გუნდებს, წარმატების შემთხვევაში, ყოველწლიურად შანსი ეძლევათ, რომ პროგრესი განიცადონ და უფრო მაღალ დონეზე ითამაშონ. შოტლანდია ის ქვეყანაა, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით პირველმა, 1901 წელს დააარსა პირველი ორგანიზებული სარაგბო ლიგა.
როდესაც ევროპის უძლიერესი საკლუბო ტურნირი “ჰეინეკენის თასი” დაარსდა (ის 1995 წელს დაფუძნდა და მასში ინგლისის, საფრანგეთის, ირლანდიის, იტალიის, შოტლანდიის და უელსის 24 უძლიერესი კლუბი მონაწილეობს), შოტლანდიის რაგბის კავშირმა დაასკვნა, რომ ქვეყანაში არსებული კლუბები კონკურენტუნარიანები არ იყვნენ. სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ შოტლანდიის, უელსის და ირლანდიის კლუბების მონაწილეობით დაარსებულიყო კელტების ლიგა, სადაც პროფესიული კლუბები კვალიფაკაციას აიმაღლებდნენ და “ჰეინეკენის თასზე” ფრანგულ და ინგლისურ კლუბებს ღირსეულ მეტოქეობას გაუწევდნენ. კელტების ლიგა 2001 წელს დაარსდა და დღეისათვის იქ რეგულარულად თამაშობს შოტლანდიის ორი კლუბი - ედინბურგის “ედინბურგი” და გლაზგოს “გლაზგოელი მეომრები”. სწორედ ეს ორი გუნდი იბრძვის ყოველწლიურად “ჰეინეკენის თასის” დასაუფლებლად, მაგრამ მათთვის ეს მიზანი ჯერჯერობით მიუღწეველი რჩება. ჯერჯერობით, საქმე ისე მიდის, რომ სქოთები ვერც კელტების ლიგაში ყოჩაღობენ.
ამას თავისი მიზეზი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდია ინგლისის და უელსის მეზობელი ქვეყანაა, სადაც რაგბი სპორტის ნაციონალურ სახეობადაა აღიარებული, ამ ქვეყანაში ოვალური ბურთით თამაშმა ფეხბურთი მაინც ვერ გადაფარა. ყველაზე მეტ განვითარებას რაგბიმ სასაზღვრო რაიონებში მიაღწია, ქვეყნის დანარჩენ ნაწილში კი, მას უფრო სკოლებში და კოლეჯებში თამაშობენ, თუმცა, ამ მხრივ გლაზგო გამონაკლისია. სანამ შოტლანდიური საკლუბო რაგბი ფეხბურთის დონეზე განვითარდება, ეროვნულმა ნაკრებმა უამრავი ქომაგი შეიძინა და “ექვსი ერის” პირველობებზე მას მუდამ მხურვალე ქომაგი ყავს. სწორედ აქედან გამომდინარეა ის, რომ შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრების საშინაო არენა “ჰემპდენ პარკზე” (52103 მაყურებელს იტევს) დაახლოებით 15000-ით ნაკლები მაყურებელი ეტევა შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრების სტადიონ “მარიფილდზე” (67130).
“მარიფილდი” ედინბურგში 1925 წელს აშენდა და ის შოტლანდიის რაგბის კავშირის სახლადაა მიჩნეული. დაფიქსირებულია, რომ 1975 წელს, შოტლანდიისა და უელსის მორაგბეთა ნაკრებების შეხვედრას 104000 მაყურებელი დაესწრო. ედინბურგის ზოოპარკთან ახლოს მდებარე სტადიონს 1995 წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, რომელიც 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდა, დამონტაჟდა ახალი სუპერთანამედროვე განათება, შეიცვალა მოედნის საფარი, დამონტაჟდა ინდივიდუალური სკამები და ამჟამად ტრიბუნები 67130 მაყურებელს იტევს. “მარიფილდზე” პირველი შეხვედრა ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის გაიმართა. თამაში მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა და შოტლანდიამ პირველად სწორედ მაშინ მოიპოვა “ხუთი ერის” გამარჯვებულის ტიტული, თანაც “გრანდ სლემით” (ყველა შეხვედრა მოიგო). მეორე მსოფლიო ომის დროს სტადიონმა დროებით პროფილი შეიცვალა, შოტლანდიის რაგბის კავშირმა ის მოკავშირე ძალებს დაუთმო და “მარიფილდზე” ერთგვარი სამხედრო საწყობი განლაგდა. ნაკრების საშინაო მატჩების გარდა, ამ სტადიონზე მსოფლიოს 7-კაცა რაგბის სერიების შეხვედრები და საკლუბო ტურნირების მატჩები იმართება. “მარიფილდზე” ატარებს ევროტურნირების საშინაო შეხვედრებს საფეხბურთო კლუბი “ჰართსიც”, 2005 წელს კი, მან ამხანაგურ შეხვედრაში ესპანურ “ბარსელონას” სწორედ ამ არენაზე უმასპინძლა და მას 58 000 მაყურებელი დაესწრო. 2004 წელს, შოტლანდიის რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, მორაგბეთა ნაკრებმა საშინაო შეხვედრები “ჰემპდენ პარკზე” და “მაკდირმიდზე~ გამართა, რისი მიზანიც რაგბის სხვა რეგიონებში პოპულარიზაცია იყო. “მარიფილდზე” გადაბარგებამდე, 1897 წელს, შოტლანდიის რაგბის კავშირმა ინვერლეითზე საკუთარი მიწა შეისყიდა, სარაგბო სტადიონი მოაწყო და 1925 წლამდე საშინაო შეხვედრებს სწორედ აქ მართავდა. ინვერლეითზე სქოთებს პირველად ირლანდია ესტუმრა (1899 წელს) და მასპინძლები 9:3 დაამარცხა.
შოტლანდიის ნაკრების ისტორია რამდენიმე ეტაპად შეგვიძლია დავყოთ. 1870 წელს, ინგლისელთა საფეხბურთო ნაკრების მიერ შოტლანდიელთა ძლევის შემდეგ, სქოთებმა მეტოქეს წერილით მიმართეს და მომავალ წელს ედინბურგში, რაგბის სათამაშოდ მიიწვიეს. ოვალური ბურთით გამართულ პირველ სანაკრებო შეხვედრაში, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, შოტლანდიამ ინგლისელთა ძლევა მოახერხა. 1883 წლიდან პირველ მსოფლიოს ომამდე, ანუ ბრიტანეთის ქვეყნებსა და ირლანდიას შორის გამართული გათამაშების გარკვეული ხნით შეჩერებამდე, შოტლანდიამ რამდენიმე სახელოვანი გამარჯვება მოიპოვა ინგლისის, უელსის და ირლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ (“ხუთი ერის” წინამორბედ ტურნირებზე, რადგანაც 1910 წლამდე საფრანგეთი ამ გათამაშებაში არ მონაწილეობდა და პირველობისთვის მხოლოდ ოთხი გუნდი იბრძოდა). ომამდე ჩატარებულ ტურნირებში, შოტლანდიამ რვაჯერ იმარჯვა და კიდევ ორჯერ პირველობა ინგლისთან გაიყო. რვიდან ხუთჯერ შოტლანდიამ ისე იპირველა, რომ სამივე მეტოქე დაამარცხა. ამ პერიოდში სქოთებმა უკანასკნელად 1907 წელს იმარჯვეს და მომდევნო წარმატებას მხოლოდ 18 წლის შემდეგ უწიეს.
1925 წელს, “ხუთი ერის” პირველობის რანგში, სქოთებმა ინვერლეითზე საფრანგეთი 25:4 დაამარცხეს, მერე უელსს (24:14) და ირლანდიას (14:8) გასვლაზე აჯობეს და გადამწყვეტ შეხვედრაში, “მარიფილდის” გახსნით მატჩში ინგლისს უმასპინძლეს. სტადიონზე შეკრებილმა 70000-მა მაყურებელმა სამჯერ იხილა ინგლისელთა დაწინაურება, მაგრამ საბოლოოდ მათმა საყვარელმა გუნდმა მაინც იმარჯვა - 14:11 და პირველად მოიპოვა “ხუთი ერის” გამარჯვებულის ტიტული. 1926 წელს შოტლანდიის ნაკრები გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ინგლისელებს თვიქნემში სძლია. შოტლანდიამ 1931 წლამდე ორჯერ მოიგო “ხუთი ერი” და ორჯერაც - ირლანდიასთან გაიყო, კიდევ ორჯერ კი, “ოთხი ერის” გამარჯვებული გახდა (1932 წლიდან “ხუთ ერს” საფრანგეთი გამოაკლდა). 1939 წლის სექტემბერში შოტლანდიის რაგბის კავშირმა მეორე მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით მუშაობა დროებით შეწყვიტა, ნაკრებს ყველა ტესტი გაუუქმა და კლუბები თავის ნებაზე მიუშვა. ბევრმა კლუბმა ამ პერიოდში არსებობა შეწყვიტა, ზოგიერთმა კი, მეზობელი რეგიონების კლუბებთან და შეიარაღებული ძალების გუნდებთამ ბურთაობა განაგრძო.
სანაკრებო შეხვედრები 1946-1947 წლებში განახლდა, მაგრამ მას წარმატებული არ ეთქმოდა. 1951 წელს შოტლანდიას სამხრეთ აფრიკის ნაკრები ეწვია, 9 ლელო გაუტანა და იმ პერიოდისთვის სარეკორდო მარცხი აგემა – 44:0. მთლიანობაში, 1951 წლის თებერვლიდან 1955 წლის თებერვლამდე, შოტლანდიის ნაკრებმა 17 შეხვედრა ჩაატარა და ყველა მათგანში დამარცხდა, თანაც, ამ 17 მატჩში გუნდმა სულ 54 ქულის მოგროვება მოახერხა - 11 ლელო, 6 გარდასახვა და 4 ჯარიმა. 1955-1963 წლებში გუნდმა საგრძნობი პროგრესი განიცადა. მართალია, ამ პერიოდში შოტლანდიელებმა ინგლისელთა დამარცხება ვერ მოახერხეს, მაგრამ მათთან 3-ჯერ ფრედ ითამაშეს. 1964 წელი შოტლანდიის ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. სქოთები ახალ ზელანდიას ფრედ ეთამაშნენ - 0:0, ეს იყო უკანასკნელი საერთაშორისო შეხვედრა, რომელიც ასეთი ანგარიშით დასრულდა. ამავე წელს კი, შოტლანდიელებმა უელსთან ერთად “ხუთი ერის” პირველობა მოიგეს. 1980 წელს შოტლანდიის ნაკრებმა ტურნე მოაწყო ავსტრალიაში და პირველ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა. ეს გამარჯვება დღემდე არის ერთადერთი, რომელიც შოტლანდიამ გასვლაზე მოიპოვა სამხრეთელ ბობოლებთან. 1983 წელს შოტლანდია ახალ ზელანდიას ეთამაშა და მასთან მეორე ფრეს გამორჩა - 25:25, ხოლო მომდევნო წელს “ხუთი ერი” დამოუკიდებლად და თანაც “დიდი სლემით”, დიდი ხნის შესვენების შემდეგ მოიგო.
ამასობაში 1987 წელიც დადგა და შოტლანდიის ნაკრები ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში გამართულ პირველ მსოფლიოს თასზე გაემგზავრა. მსოფლიოს თასის პირველივე შეხვედრის დასაწყისში, რომელიც სქოთებმა საფრანგეთთან ფრედ 20:20 დაასრულეს, მათმა უმთავრესმა ლიდერმა რუთერფორდმა უმძიმესი ტრავმა მიიღო, მუხლი გაიტეხა და მას შემდეგ რაგბი აღარც უთამაშია. ჯგუფური ეტაპის მომდევნო ორ მატჩში სქოთებმა ზიმბაბვე 60:21 და რუმინეთი 55:28 დაამარცხეს, ფრანგებთან ერთად 5-5 ქულა მოაგროვეს, მაგრამ გატანილ-გაშვებულ ქულათა უარესი სხვაობით ჯგუფში მე-2 ადგილზე გავიდნენ, მეოთხედფინალში ახალ ზელანდიას გადაეყარნენ და 3:30 მარცხის შემდეგ მსოფლიოს თასს დაემშვიდობნენ.
სამაგიეროდ, 1990 და 1991 წლები შოტლანდიისთვის დიდი წარმატების მომტანი გახდა. სქოთებმა ჯერ “ხუთი ერის” პირველობა წარმატებით განვლეს, “ძველი მტერი” ინგლისის ნაკრები გადამწყვეტ შეხვედრაში 13:7 დაამარცხეს და გამარჯვებულის სახელი მოიპოვეს, მერე კი ბრიტანეთის მსოფლიოს თასზეც გამოიჩინეს თავი. ისე მოხდა, რომ სქოთებს თითქმის ყველა შეხვედრის გამართვა საკუთარ “მარიფილდზე” მოუწიათ. ჯგუფში მათ ერთმანეთის მიყოლებით იაპონია (47:9), ზიმბაბვე (51:12) და ირლანდია (24:15) დაამარცხეს და პირველ ადგილზე გავიდნენ. სწორედ ამის გამო, შოტლანდიას მეოთხედფინალური მატჩის გამართვაც მშობლიურ კედლებში მოუწიათ - სამოას 28:6 სძლიეს, მაგრამ ნახევარფინალში ინგლისთან ვერც საკუთარმა გულშემატკივარმა უშველა და დაძაბულ ბრძოლაში 6:9, ხოლო მე-3 ადგილისთვის მატჩში, კარდიფში ახალ ზელანდიასთან 6:13 დამარცხდა. მიუხედავად ამისა, 1991 წლის მსოფლიოს თასი შოტლანდიისთვის დღემდე ყველაზე წარმატებული გახლავთ, რადგან ნახევარფინალში გაღწევა სქოთებმა მას შემდეგ ვეღარ მოახერხეს.
1991 წლიდან შოტლანდიის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში დღესდღეობით “ბორჯღალოსანთა” მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონი გამოჩნდა. 1995 წლამდე ის მწვრთნელის ასისტენტი იყო, ხოლო შემდგომი სამი წელი გუნდის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, მაგრამ დიქსონის დამოუკიდებლად მუშაობის პერიოდში სქოთები წარმატებით ვერ დაიკვეხნიან. 1998 წლის იანვარში ისინი იტალიასთან დამარცხდნენ და ეს აღმოჩნდა უკანასკნელი წვეთი - ამის შემდეგ მთავარ მწვრთნელს პოსტი დაატოვებინეს.
1995 წელს სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიოს თასი გარკვეულწილად 1987 წლის მსოფლიოს თასს ჰგავდა. ორი გამარჯვება კოტ დივუართან (89:0) და ტონგასთან (41:5), მინიმალური მარცხი საფრანგეთთან (19:22), მეოთხედფინალში კვლავ ახალი ზელანდია და კვლავ მარცხი - 30:48. 1999 წლის მსოფლიოს თასზე შოტლანდია მეოთხედფინალში ახალ ზელანდიას ისევ ვერ ასცდა და ისევ დამარცხდა. ეს ჩემპიონატი განსხვავებული სისტემით ჩატარდა. ჯგუფური ეტაპის შემდეგ, სადაც შოტლანდია სამხრეთ აფრიკასთან 29:46 დამარცხდა, ურუგვაის (43:12) და ესპანეთს (48:0) კი სძლია, მეოთხედფინალში მოსახვედრ ფლეი ოფში სამოას ეთამაშა და 35:20 დაამარცხა, მაგრამ მერე ახალ ზელანდიას კვლავ ვერ გადაურჩა - 18:30. მანამდე შოტლანდიელებმა “ხუთი ერის” გათამაშებაში წარმატებულად ითამაშეს, ინგლისთან მარცხის მიუხედავად, დანარჩენ მეტოქეებს სძლიეს და ამ ტურნირის ბოლო გამარჯვებულები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ სქოთებს მას შემდეგ წარმატებისთვის აღარ მიუღწევიათ.
მსოფლიოს თასის შემდგომ, 2000 წელს, “ხუთი ერის” პირველობას იტალია დაემატა და “ექვსი ერის” გათამაშებად გადაკეთდა. ეს ტურნირი შოტლანდიელებმა საშინლად დაიწყეს, საწყის 4 მატჩში მარცხი განიცადეს, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში, თავსხმა წვიმაში “მარიფილდზე” ინგლისს დაუპირისპირდნენ, 19:13 დაამარცხეს და დაამტკიცეს, რომ ღირსების გრძნობა ჯერ კიდევ შერჩენოდათ. 2003 წლის მსოფლიოს თასზე შოტლანდიამ ჯგუფური ეტაპი დიდი გაჭირვებით გადალახა. სქოთებმა პირველ ორ შეხვედრაში იაპონიას 32:11 და აშშ-ს 39:15 სძლიეს, მერე ჯგუფის თითქმის მუდმივ ბინადარ საფრანგეთთან 9:51 განადგურდნენ, გადამწყვეტ შეხვედრაში კი, ფიჯის მძიმე ბრძოლაში მხოლოდ 2 ქულით - 22:20 აჯობეს და მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც ავსტრალიასთან 16:33 მარცხის შემდეგ გათამაშებას გამოეთიშნენ. შეიძლება ითქვას, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, შოტლანდიური რაგბისთვის მძიმე პერიოდი დადგა, რომელიც დღესაც არ დასრულებულა. თითო-ოროლა გამონათების გარდა, გუნდი არასტაბილურ თამაშს აჩვენებს და ის ამ მდგომარეობიდან ვერც მწვრთნელთა ხშირმა ცვლამ გამოიყვანა.
2003-2004 წლის “ექვსი ერის” გათამაშების ცუდად ჩატარების გამო (შოტლანდიამ მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო), ნაკრების მწვრთნელად ავსტრალიელი მეტ უილიამსი მიიწვიეს. ის იყო პირველი უცხოელი მწვრთნელი შოტლანდიის ნაკრების ისტორიაში. შედეგები ძველებური იყო - 12 ჩატარებულ შეხსვედრაში მხოლოდ 2 გამარჯვება და 10 მარცხი. უილიამსის პოლიტიკის თანახმად, ნაკრებში მხოლოდ ის მოთამაშეები თამაშობდნენ, რომლებიც შიდა ჩემპიონატში, შოტლანდიურ კლუბებში გამოდიოდნენ. პარალელურად, შოტლანდიის რაგბის კავშირი მაქსიმალურად ცდილობდა, რომ შიდა რაგბიში რაც შეიძლება მეტი ფინანსები მიეზიდა, რათა შეეჩერებინა ნაკრების უკუსვლა. ამავე პერიოდში ფრენკ ჰადენი ზაფხულის ტესტებისთვის მარკ უილიამსის შემცვლელად, დროებით მწვრთნელად დაინიშნა, მაგრამ მისმა გაწვრთნილმა ნაკრებმა “ბარბაროსებთან” და რუმინეთთან გამარჯვება მოიპოვა. ამით ჰადენმა რაგბის კავშირის ნდობა დაიმსახურა და 2005 წლის 15 სექტემბერს გუნდის მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა. ახალმა თავკაცმა კოლოსალური სამუშაო ჩაატარა და 2006 წლის “ექვსი ერის” ტურნირზე, 1999 წლიდან მოყოლებული პირველად დაამარცხა საფრანგეთის ნაკრები - 20:16, მერე კი, “მარიფილდზე~ ინგლისს 18:12 სძლია.
2007 წლის დასაწყისში, შოტლანდიის ნაკრებმა ტრავმების გამო რამდენიმე მოთამაშე დაკარგა და სეზონიც, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ წარმატებული გამოუვიდა. შოტლანდია გახდა “ხუთი ერის” ქვეყნებიდან პირველი გუნდი, რომელიც საკუთარ მოედანზე იტალიასთან დამარცხდა. იტალიელებმა 37:17 იმარჯვეს და ამით მეტოქესთან დიდი ანგარიშით მოგების პირადი რეკორდი მოხსნეს. საგულისხმოა, რომ უკვე მე-6 წუთზე, საკუთარი შეცდომების გამო, შოტლანდია 0:21 აგებდა. საფრანგეთის მსოფლიო თასზე რევანში შედგა. სქოთები ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ახალ ზელანდიასთან დამარცხდნენ 0:40, პორტუგალია 56:10, ხოლო რუმინეთი 42:0 გაანადგურეს და გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიელებს დაუპირისპირდნენ. პატერსონმა ექვსიდან ექვსი ჯარიმა გამოიყენა და გუნდს 18 ქულა მოუტანა, იტალიელებმა შეხვედრის ერთადერთი ლელო კი გაიტანეს და გარდასახვაც შეძლეს, მაგრამ ექვსიდან მხოლოდ სამი ჯარიმა გამოიყენეს და 16:18 დამარცხდნენ. ამრიგად, შოტლანდია მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ იქ არგენტინასთან 13:19 დამარცხდა და ნახევარფინალში 1991 წლიდან მოყოლებული კვლავ ვერ გააღწია.
შემდგომ ორ წელიწადში შოტლანდიამ “ექვს ერზე” მხოლოდ თითო თამაშის მოგება მოახერხა. 2008 წელს სქოთებმა ინგლისი დაამარცხეს და იტალიასთან მხოლოდ ბოლო წუთზე გაშვებული არეკნით დამარცხდნენ (20:23), მაგრამ მომდევნო წელს, ჰადენს ჩავარდნა აღარ ეპატია და ის ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა ჩაანაცვლა, რომელიც მანამდე ორი წელიწადი სქოთთა A ნაკრებს ავარჯიშებდა. რობინსონმა გუნდს მალევე ავსტრალიასთან 9:8 მოაგებინა (პირველი გამარჯვება “ვოლაბებთან” 27 წლის შემდეგ) და შოტლანდიელებს მომავლის იმედი ჩაესახათ. ეს იმედი 2010 წლის “ექვს ერზე” ნაჩვენებმა თამაშმა უფრო მეტად გაამყარა. ფრანგებთან მარცხის შემდეგ, სქოთები უელსს კარდიფში 24:14 უგებდნენ, მაგრამ შეხვედრის მიწურულს, ბოლო 4 წუთში ორი ლელო გაუშვეს, ორივე გარდასახვა ზუსტი იყო, მასპინძლებმა ერთი ჯარიმის გამოყენებაც მოასწრეს და სტუმრებს მარცხი აგემეს. იტალიასთან 12:16 მარცხის მიუხედავად, შოტლანდიამ დასკვნითი ორი შეხვედრა კარგად ჩაატარა, ინგლისი ფრეს დააჯერა (15:15), ირლანდიას კი, სტუმრად დაძაბულ შეხვედრაში სულ ბოლოს გატანილი ჯარიმით 23:20 აჯობა.
2010 წლის ზაფხულში შოტლანდია ახალ ზელანდიაში თავის მომავალ მეტოქე არგენტინას ეწვია და ორივე ტესტ-მატჩში დაამარცხა - 24:16 და 13:9. ნომებრის ტესტებში სქოთებს ახალმა ზელანდიამ 49:3 კი სძლია, მაგრამ მერე რობინსონის შეგირდებმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა 21:17 დაამარცხეს, ზედ სამოა მიაყოლეს ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით. მიუხედავად ამისა, წლევანდელი “ექვსი ერი” შოტლანდიელებისთვის კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა და მხოლოდ ბოლო ტურში იტალიის ძლევით (21:8) გადაურჩნენ სქოთები “ხის კოვზს” (გუნდი, რომელიც ყველა თამაშს აგებს). მსოფლიო თასისთვის მზადების ეგიდით, შოტლანდიელებმა ახლახანს ორი მატჩი გამართეს და ირლანდიას შეხვედრის მიწურულს გატანილი ლელო-გარდასახვით 10:6 მოუგეს, იტალიას კი, 23:12 აჯობეს.
მთლიანობაში, შოტლანდიის ნაკრებს 602 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მათგან მოიგო 256, დამარცხდა 314 დაპირისპირებაში და 32 ფრედ დაასრულა. ყველაზე დიდი ანგარიშით 1997 წლის 6 დეკემბერს სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა - 10:68, ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება კი, 2004 წლის 13 ნოემბერს იაპონიასთან მოიპოვა - 100:8. 1883 წლიდან მოყოლებული, შოტლანდიელები 9-ჯერ გახდნენ “ოთხი ერის”, 5-ჯერ - “ხუთი ერის” გამარჯვებულები, კიდევ 8 შემთხვევაში კი, ტიტული სხვა გუნდთან გაინაწილეს. 2000 წლიდან, რაც ამ გათამაშებას იტალია დაემატა, მათ წარმატებისთვის არ მიუღწევიათ. 2011 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე თავის მომავალ მეტოქეთაგან, სქოთებმა 5 თამაში მოუგეს არგენტინას და 7-ჯერ დამარცხდნენ, 41 გამარჯვების და 17 ფრის წილ, 66 მარცხი განიცადეს ინგლისთან, რუმინეთს 10-ჯერ აჯობეს და მხოლოდ ორჯერ წააგეს, საქართველოს წინააღმდეგ კი, ჯერ არ უთამაშიათ. ქართველები ორჯერ ეთამაშნენ შოტლანდიის “A” ნაკრებს და 2008 წელს 3:69 წააგეს, ხოლო შარშან ბუქარესტში 22:21 ირევანშეს. ძლიერი სარაგბო ქვეყნებიდან, სქოთებს გამარჯვების გემო მხოლოდ ახალ ზელანდიასთან არ უგრძვნიათ - 25 მარცხი და 2 ფრე.
შოტლანდიის ნაკრების სიმბოლო და მეტსახელი ნაციონალური ყვავილი ნარშავია. ლეგენდის თანახმად, ეს ეკლიანი ყვავილი, განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ვიკინგთა მუდმივი თავდასხმების დროს, რადგანაც, როდესაც ისინი შიშველ ფეხს ამ ყვავილს აბიჯებდნენ, ტკივილისგან იმდენად ხმამაღლა ყვიროდნენ, რომ დამცველ ციხიონს აღვიძებდნენ და თავდამსხმელებს ჩუმად მიპარვის საშუალება ესპობოდათ. შოტლანდიის ნაკრების სიმბოლოდ ეს ყვავილი 1990 წელს შეირჩა. იმ წელს სქოთებმა “ხუთი ერის” პირველობა მოიგეს (გადამწყვეტ შეხვედრაში ინგლისი 13:7 დაამარცხეს). ამ ფაქტმა იმხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ შოტლანდიელ გულშემატკივრებს ყვავილი და მასთან მიძღვნილი ჰიმნი ძლიერ შეუყვარდათ და ნარშავმა სამუდამოდ დაიმკვიდრა შოტლანდიის ნაკრების სიმბოლოს სახელი.
შოტლანდიის ნაკრები ძირითადად მუქი ლურჯი ფერის ფორმით თამაშობს (ადრე -თეთრი ტრუსებით), შიგადაშიგ კი, თეთრ ფორმებსაც ირგებს. IRB-ს რეიტინგში, 87,83 სარეიტინგო ქულით შოტლანდიის ნაკრები მე-7 ადგილს იკავებს. ქვეყანაში რეგისტრირებულია 251 კლუბი და 38500 მორაგბე. ამ ქვეყნის მორაგბეებს მუდამ იძახებენ “ბრიტანელი და ირლანდიელი” ლომების” შემადგენლობაში, რომელიც რეგულარულად მართავს ტესტებს ახალი ზელანდის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის და არგენტინის ნაკრებებთან. შოტლანდიის ნაკრებთან ერთად, მსოფლიო თასზე მიემგზავრება კრის პატერსონი, რომელსაც “ნარშავების” შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 105 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ამ მაჩვენებელს უახლოეს პერიოდში კიდევ გაზრდის. დღეისათვის, 786 ქულით პატერსონია შოტლანდიელთა საუკეთესო ბომბარდირიც, ხოლო მელელოვეებში იან სმიტი და ტონი სტანგერი ლიდერობენ. პირველმა 24 სანაკრებო ლელო 1924-1933 წლებში ჩაატარებულ 32 სანაკრებო შეხვედრაში გაიტანა, მეორემ კი, 1989-2005 წლებში გამართულ 52 მატჩში. ახალ ზელანდიაში წამსვლელთა 30-კაციან განაცხადში 12 ისეთი მორაგბეა, რომელსაც აქამდე მსოფლიო თასზე არ უთამაშია. მათ შორისაა გუნდის კაპიტანი ალასტერ კელოკიც.
შოტლანდიის ნაკრები მსოფლიო თასზე ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:
უკანა ხაზი: ჯო ენსბრო (“ლონდონ აირიში”), მაიკ ბლერი (“ედინბურგი”), კრის კაზიტერი (“გლაზგო”), სიმონ დანიელი (“ოლსტერი”), ნიკ დე ლუკა (“ედინბურგი”), მაქს ევანსი (“კასტრი”), რუარიდ ჯექსონი (“გლაზგო”), რორი ლამონტი (“ტულონი”), შონ ლამონტი (“სკარლეტსი”), რორი ლოუსონი (“გლოსტერი”), გრემ მორისონი (“გლაზგო”), დენ პარკსი (“კარდიფი”), კრის პატერსონი (“ედინბურგი”);
შერკინება: ჯონ ბერდეი (“გლაზგო”), კელი ბრაუნი (“სარაცინი”), ჯეფ კროსი (“ედინბურგი”), ალასდეირ დიკინსონი (“სეილი”), როს ფორდი (“ედინბურგი”), რიჩი გრეი (“გლაზგო”), დუგი ჰოლი (“გლაზგო”), ჯიმ ჰემილტონი (“გლოსტერი”), ნეთან ჰაინსი (“კლერმონი”), ალან ჯეიკობსენი (“ედინბურგი”), ალასტერ კელოკი (“გლაზგო”), სკოტ ლოუსონი (“გლოსტერი”), მორეი ლოუ (“გლაზგო”), იუენ მიურეი (“ნიუკასლი”), როს რენი (“რდინბურგი”), ალასდერ სტროკოში (“გლოსტერი”), რიჩი ვერნონი (“სეილი”).
მთავარი მწვრთნელი: ენდი რობინსონი

B ჯგუფი
ინგლისი
არგენტინა
შოტლანდია
საქართველო
რუმინეთი

10 სექტემბერი. ინვერქარგილი
შოტლანდია - რუმინეთი
14 სექტემბერი. ინვერქარგილი
შოტლანდია - საქართველო
25 სექტემბერი. ველინგტონი
არგენტინა - შოტლანდია
1 ოქტომბერი. ოკლენდი
ინგლისი - შოტლანდია

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.17518