ფიჯი იმ იშვიათ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც რაგბი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა. მას ამ ქვეყანაში 1880 წლიდან თამაშობენ, ნაციონალურ სპორტად და საკუთარი ქვეყნის კულტურის ნაწილად მიიჩნევენ. ამ ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა ერთის გარდა (1995 წლის) ყველა მსოფლიოს თასზე მონაწილეობდა, 7-კაცა ნაკრებს კი, ყველაზე მეტჯერ, ორჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატი (1997 და 2005 წლებში) და ერთხელ IRB-ს მსოფლიოს სერიის გამარჯვებული (2006 წელს) გამარჯვებული გახდა.
მაგრამ ახლა ქვეყანას და შესაბამისად რაგბის, ძალიან უჭირს. ქვეყანაში მომხადრმა სამხედრო გადატრიალებამ, ამ ქვეყანაში ფინანსური პრობლემები წარმოშვა და ეს მორაგბეთა ნაკრებზეც აისახა. უფულობის გამო, ფიჯის ნაკრები 2011 წლის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის გავლას ვერ ახერხებდა და ერთი ხანობა მასში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმასაც აპირებდა. მერე სხვა პრობლემამაც იჩინა თავი. ახალმა ზელანდიამ უარი განაცხადა საკუთარ ქვეყანაში იმ პირების შეშვებაზე, რომლებიც სამხედრო გადატრიალებაში იღებდნენ მონაწილეობას. ასეთი ფიჯის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში 9 კაცი აღმოჩნდა. ფიჯელებმა თქვეს, რომ თუ ზელანდიაში უძლიერეს გუნდს ვერ ჩაიყვანდნენ, იქ საერთოდ არ ჩავიდოდნენ და IRB-ს თავისი შეხვედრების სხვა ქვეყანაში გადატანა სთხოვა. რაგბის საერთაშორისო საბჭომ სიტუაცია დაარეგულირა, ავად თუ კარგად, გუნდმა მოსამზადებელი ეტაპიც გაიარა, მაგრამ საკმარისი იქნება თუ არა ეს მსოფლიო თასზე ღირსეული შედეგის საჩვენებლად, უშულოდ ზელანდიაში გამოჩნდება.
უწინარესად, რაგბის ფიჯის კუნძულებზე ევროპელები თამაშობდნენ, მერე მათ ფიჯელი ჯარისკაცები და პოლიციელები შეუერთდნენ, 1890 წლიდან მოყოლებული კი, სპორტის ამ სახეობამ დიდი პოპულარულობა მოიპოვა და პრაქტიკულად მთელი ქვეყანა ათამაშდა. რაგბის განვითარებაში დიდი როლი ითამაშეს ზელანდიელებმა. 1913 წელს, ზელანდიელმა მოვაჭრე შეჰანმა პირველი რეგულარული კლუბი “წყნარი ოკეანე” დაარსა. მასში ძირითადად ზელანდიელი და ავსტრალიელი ექსპატრიანტები თამაშობდნენ, კლუბში გაწევრიანებულ მოთამაშეთა რაოდენობა კი, 40-ს აღწევდა. ამავე პერიოდში თავად ფიჯელებმა და იქ მცხოვრებმა ევროპელებმა, თავთავიანთი კლუბები დაარსეს და ფიჯის საკლუბო ჩემპიონატი კარგ სანახაობად იქცა. ფიჯის რაგბის კავშირი 1913 წელს დაარსდა, თუმცა, თავიდან ის მხოლოდ ევროპელებს ექვემდებარებოდა. ფიჯის პირველი ჩემპიონატი შეჰანის გუნდმა “წყნარმა ოკეანემ” მოიგო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეჰანი ძალებს არ იშურებდა, რათა ახალი ზელანდიის ნაკრები ფიჯიში ჩაეყვანა, ამერიკული ტურნედან დაბრუნებულმა “ოლ ბლექსმა”, მას ეს სურვილი შეუსრულა და მასპინძელთა გუნდი დიდი ანგარიშით, 67:3 დაამარცხა.
ამ პერიოდში ფიჯის ეგრეთ წოდებული ნაკრები ძირითადად ევროპელებით იყო დაკომპლექტებული, მაგრამ სულ უფრო და უფრო ბევრი ადგილობრივი ინტერესდებოდა სპორტის ამ სახეობით. ისინი შეჰანთან მივიდნენ და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის რაგბის თამაშის სწავლება თხოვეს. ზელანდიელმა ძალები არ დაიშურა, ადგილობრივებისგან ორი გუნდი დააკომპლექტა და ერთმანეთთან ათამაშა. თამაშმა წვიმიან ამინდში ჩაიარა და უხეში გამოდგა, მაგრამ ადგილობრივებს ის მაინც ძლიერ მოეწონათ, მომავალი წლისთვის ოთხი, მთლიანად ადგილობრივი მცხოვრებლებით დაკომპლექტებული ახალი გუნდი დაარსდა და შიდა ჩემპიონატი ჩატარდა, რომელიც კლუბმა Tarirere-მ მოიგო. 1915 წელს, ადგილობრივმა ბიზნესმენმა ჯ. დევისმა სპეციალური თასი დაარსა და მომდევნო წლებში გუნდები ერთმანეთს სწორედ ამ თასისთვის ეცილებოდნენ. 1928 წელს, სკოლებს შორის შიდა ჩემპიონატები დაიწყო, 1939 წელს კი, სკოლების რაგბის კავშირი დაარსდა და სასკოლო ჩემპიონატების ორგანიზება მას დაევალა. შედეგად, ფიჯიში რაგბის პოპულარობამ და განვითარების დონემ ერთი-ორად აიწია და დღეისათვის ამ ქვეყნის ნაკრები ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალაა.
1924 წლის 18 აგვისტოს, ახლა უკვე სუფთად ფიჯის ნაკრებმა თავისი პირველი ტესტი გამართა და კუნძულ აპიაზე დასავლეთ სამოას ნაკრებს დაუპირისპირდა. ფიჯელები იქ 20 მორაგბით ჩავიდნენ, რომლებიც 5 კლუბს წარმოადგენდნენ. შეხვედრა დილის 7 საათზე დაიწყო, რამაც ფიჯელებს იმის საშუალება მისცა, რომ იმავე დღეს მეორე შეხვედრაც ჩაეტარებინათ, მერე კი ტონგაში გადაენაცვლათ და მომდევნო მატჩი უკვე მათთან გაემართათ. მიუხედავად იმისა, რომ გუნდები ფეხშიშველა თამაშობდნენ, მათ მაყურებელი სწრაფი და თავდაუზოგავი თამაში აჩვენეს. ფიჯიმ პირველ მატჩში 6:0 იმარჯვა, მაგრამ სამოამ იმავე დღეს რევანშის აღება მოახერხა - 3:9. მერე ფიჯიმ ტონგაზე გადაინაცვლა იქ 9 ტესტი გამართა. მართალია ნუკუალოფში გამართულ პირველ ტესტ-მატჩში ტონგას ნაკრებმა 9:6 იმარჯვა, მაგრამ განმეორებით მატჩში ფიჯიმ რევანში აიღო - 14:3, გადამწყვეტი შეხვედრა კი, ფრედ დასრულდა - 0:0. ადგილობრივ გუნდებთან გამართული დანარჩენი ექვსი მატჩიდან, ფიჯელებმა ყველა მოიგეს და სამშობლოში თავაწეულები დაბრუნდნენ. მაშინ ფიჯის ნაკრები მთლიანად შავი მაისურებით თამაშობდა, ახლა კი, რადიკალურად განსხვავებული, თეთრი კვართები აცვიათ. თეთრი კვართები და შავი ტრუსები (ფიჯის ნაკრებს ახლაც ამ ფერის ფორმები აცვია) ფიჯიმ პირველად 1926 წელს მოირგო, როდესაც მათ ორი უცხოური გუნდი ესტუმრა - ოკლენდის უნივერსიტეტის გუნდი და ტონგას ნაკრები, ოღონდ, ოკლენდის უნივერსიტეტის გუნდი ფიჯელ ევროპელებს ეთამაშა, ტონგის ნაკრები კი, უშუალოდ ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდა.
1924-1938 წლებში, ფიჯის ძირითადი მეტოქე ტონგა გახლდათ და ამ ქვეყნის გუნდები ერთმანეთში ყოველწლიურად მინიმუმ 3 ტესტ-მატჩს მართავდნენ. ეს ჯახები მუდამ დიდი შეუპოვრობით გამოირჩეოდა და ბევრი ირწმუნება, რომ კუნძულელთა შორის ოდინდელმა დაპირისპირებამ, ამჯერად რაგბის მოედანზე გადაინაცვლა. 1938 წელს ფიჯის პირველად ეწვია ზელანდიური კლუბი “მაორი” და იქ ხუთი თამაში გამართა, ორი ფიჯელ ევროპელებთან, სამი კი ფიჯის ნაკრებთან. მაშინ ფიჯის ნაკრებმა პირველად ითამაშა სპორტული ფეხსაცმელებით, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობდა ტენდეცია, როდესაც მოთამაშეები თამაშის დროს ფეხზე იხდიდნენ და ბურთაობას ფეხშიშველა განაგრძობდნენ. “მაორმა” ფიჯისთან პირველი მატჩი 3:3 დაასრულა, მეორეში ფიჯიმ 11:5 იმარჯვა, დასკვნით ტესტში კი, “მაორმა” გაიმარჯვა (6:3).
1939 წელს ფიჯის ნაკრებმა ახალ ზელანდიაში ტურნე თავად მოაწყო და ერთადერთი გუნდი გახდა, რომელმაც ეს ქვეყანა დაუმარცხებელმა დატოვა. ტურნეს დაწყებამდე, ფიჯის ნაკრების მაშინდელმა კაპიტანმა კეკობომ გადაწყვიტა, რომ მის გუნდს მატჩის წინ საკუთარი საბრძოლო ცეკვა შეესრულებინა და ამით Haka-სთვის (მაორთა საბრძოლო ცეკვა, რომელსაც რეგულარულად ასრულებს ახალი ზელანდიის ნაკრები) კონკურენცია გაეწია. ის დაუახლოვდა ერთ-ერთი მებრძოლი ტომის ბელადს, რომელმაც კაპიტანს CIBI შესთავაზა და მას შემდეგ ფიჯის ნაკრები ყოველი შეხვედრას ამ საბრძოლო ცეკვის შესრულებით იწყებს. ეს ცეკვა ჯერ კიდევ მაშინ დაარსდა, როდესაც ფიჯელებს მეზობელ კუნძულებთან ომი ჰქონდათ და მისი სარაგბო მატჩების წინ შესრულება, მიზნად მორაგბეთათვის საბრძოლო განწყობის შექმნას ისახავს. ამ პერიოდში ბევრი ფიჯელი მორაგბე კვლავ ფეხშიშველა თამაშობდა, მაგრამ გუნდმა იმდენად თავდადებულად ითამაშა, რომ თავისი ქვეყნის რაგბისთვის უდიდესი ისტორია შექმნა, რადგანაც ამ დრომდე ერთადერთ გუნდად რჩება, რომელმაც ზელანდიური ტურნე დაუმარცხებლად ჩაამთავრა. ფიჯიმ 8 შეხვედრიდან 7-ში იმარჯვეს (მათ შორის დაამარცხა “მაორი” 14:4), ერთი კი ფრედ დაასრულეს და მაყურებელი თავისი გამოუცნობი, თავისუფალი და პლასტიკური თამაშის სტილით აღაფრთოვანა. ბოლო თამაშის შემდეგ, რომელიც ფიჯელებმა ახალ ზელანდიაში გამართეს, იქაური გაზეთები ირწმუნებოდნენ, რომ ეს ქვეყანა დიდ როლს ითამაშებდა მსოფლიო რაგბის განვითარებაში.
მომდევნო ზელანდიური ტური ფიჯის 1951 წელს ჰქონდა, ნაკრებმა 8 თამაშში გამარჯვება მოიპოვა (მათ შორის კიდევ ერთხელ დაამარცხა “მაორი” 21:14), 5-ჯერ დამარცხდა და ორი შეხვედრა ფრედ დაასრულა, მომდევნო წელს კი, ავსტრალიას ესტუმრა და იქაურ ნაკრებთან ორი ტესტი გამართა. ამ ტურნეს მთავარი დატვირთვა მაინც ის გახლდათ, რომ მან ავსტრალიის რაგბის კავშირი გაკოტრებისგან იხსნა. ავსტრალიის და ფიჯის ნაკრებების შეხვედრებს სარეკორდო რაოდენობის მაყურებელი დაესწრო და ადგილობრივმა რაგბის კავშირმაც მისთვის ესოდენ აუცილებელი ფინანსები მიიღო, თავად ტესტებში კი, პირველი ავსტრალიამ 15:9 მოიგო, მეორეში კი, ფიჯიმ რევანში აიღო - 17:15. მეორე ტურნე ფიჯის ავსტრალიაში 1954 წელს ქონდა და თავისი ლამაზი თამაშით, ტრიბუნაზე მაშინაც სარეკორდო რაოდენობის მაყურებელი მიიზიდა. პირველ ტესტში ავსტრალიამ დიდი გაჭირვებით, 22:19 იმარჯვა, მაგრამ მეორეში წინა ტურნეს მსგავსად ფიჯიმ რევანშის აღება მოახერხა და 18:16 იმარჯვა. იმავე წელს ფიჯი დასავლეთ სამოას ეთამაშა, 1957 წელს კი, კიდევ ერთი ზელანდიური ტურნე მოაწყო და “მაორი” დანიდინში 36:13, ვლინგტონში კი, 17:8 დაამარცხა, ხოლო ტურნეს ბოლოს ოკლენდის ძლიერ გუნდს დაუპირისპირდა და ის 38:17 დაამარცხა.
პირველი ევროპული ტურნე ფიჯის ნაკრებს 1964 წელს ჰქონდა და უელსში 5 განუმეორებელი მატჩი გამართა. კარდიფში უელსის ნაკრებმა 28:22 იმარჯვა, მაგრამ ისტორიაში მეორედ, 6 ლელო გაუშვა (მაშინ ლელო 3 ქულად ითვლებოდა). 1970 წელს ფიჯიმ “ბარბაროსები” დაამარცხება 29:9, 1974 წელს კი, ახალ ზელანდიას უმასპინძლა და სუვაში მხოლოდ ბოლო წუთზე გაშვებული ლელოთი დამარცხდა - 13:14. 1977 წელს ახალი ზელანდიის ტურნედან სახლში მიმავალმა “ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა”, ფიჯიში შეიარეს და იქაურ ნაკრებთან 21:25 დამარცხდნენ, 1982-იდან 1984 წლამდე კი, ფიჯის ნაკრებს 15 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია ჰქონდა. 1985 წელს ფიჯი უელსს კიდევ ერთხელ ეწვია და 3:40 დამარცხდა, მერე კი, ირლანდიასთან ერთი ქულით წააგო. უელსი სუვას მომდევნო წელს საპასუხო ვიზიტით ესტუმრა და ეს ტურნე მისი კაპიტან დეი პიკერინგისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა, რადგან მან თავის უმძიმესი ტრავმა მიიღო, მისმა გუნდმა კი, დაძაბულ ბრძოლაში 22:15 მოიგო.
წარმატებული თამაშის გამო, ფიჯი 1987 წელს გამართულ პირველ მსოფლიოს თასზე მიიწვიეს და იქ მათ მეოთხედფინალს უწია. ჯგუფში პირველივე შეხვედრაში არგენტინა 28:9 დაამარცხა, მერე მასპინძელ ახალ ზელანდიასთან 13:74 განადგურდა, ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში კი, იტალიასთან 15:18 დამარცხდა, მაგრამ არგენტინას და იტალიას ლელოებით აჯობა, მეორე ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში მომავალ ფინალისტ საფრანგეთს დაუპირისპირდა. იქ ფიჯელებს მოგების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში კოროდუადუას ბურთი ხელიდან გაუვარდა, სალელოვე შეტევა გააფუჭა და საბოლოოდ მისი გუნდი ფრანგებთან 16:31 დამარცხდა. ფიჯი 1991 წლის მსოფლიოს თასზე წინა მსოფლიოს თასის მეოთხედფინალისტის რანგში მოხვდა და მაგრად შერცხვა: ის ჯგუფის სამივე შეხვედრაში დამარცხდა - კანადასთან 3:13, საფრანგეთთან 9:33, ხოლო რუმინეთთან 15:17 და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.
1994 წელს ფიჯიმ სუვაში უელსის ნაკრებთან ითამაშა და შესუსტებულ სტუმრებს 23:8 აჯობა. 1995 წელს ფიჯიმ ტურნე მოაწყო უელსსა და ირლანდიაში და 9-დან 6 ტესტში დამარცხდა. მათ შორის ყველაზე გამორჩეული თამაში უელსის ნაკრებთან ჰქონდათ, რომელთანაც მცირე სხვაობით - 15:19 დამარცხდა. რაც მთავარია, ფიჯიმ ვერ აჯობა დასავლეთ სამოას და ტონგას და 1995 წლის მსოფლიოს თასს მიღმა დარჩა. ფიჯი მსოფლიოს თასს 1999 წელს დაუბრუნდა, როდესაც ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ბრედ ჯონსტონმა გუნდში სანიმუშო დისციპლინა დაამყარა. ოკეანელებმა პირველ ჯგუფურ შეხვედრაში ნამიბია 67:18 დაამარცხეს, მერე მათ კანადა მიაყოლეს (38:22), ბოლოს კი, საფრანგეთთან ისევ დამარცხდნენ - 19:28. როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ტულუზაში გამართულ შეხვედრაში მსაჯმა მასპინძელთა სასარგებლოდ იმსაჯა, შედეგად ფიჯიმ მეოთხედფინალში მოსახვედრ ფლეი-ოფში გადაინაცვლა და ინგლისთან 24:45 მარცხით, ტურნირს დაემშვიდობნენ, ჯონსტონმა კი, გუნდი მიატოვა და იტალიაში გადაინაცვლა.
2001 წელს ფიჯის ნაკრებმა წყნარი ოკეანის პირველობაში იმარჯვა, ფინალი ტოკიოში გაიმართა და ფიჯიმ სამოა 28:17 დაამარცხა, მომდევნო წელს კი, ტესტ-მატჩის გასამართად უელსს ეწვია და 14:58 დამარცხდა. 2003 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ფიჯიმ საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და პირველ ორ შეხვედრაში სამოას და ტონგას გასვლაზე დამარცხების შემდეგ, სამოასთან შინ 12:22 დამარცხდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფიჯელებს ბოლო ტურში ტონგას 20 ქულაზე მეტი სხვაობით დამარცხება სჭირდებოდათ. ეს ამოცანა წარმატებით გადაიჭრა, ფიჯიმ 47:20 იმარჯვა და მსოფლიოს თასზე გაემგზავრა, სადაც ჯგუფში დაამარცხა იაპონია (41:13), აშშ-ს მძიმე ბრძოლაში ერთი ქულით აჯობა (19:18), მაგრამ ასევე მძიმე ბრძოლაში თავად დამარცხდა შოტლანდიასთან 20:22 და განადგურდა მუდმივ მეტოქე საფრანგეთთან (18:61), რის შედეგად ჯგუფში მე-3 ადგილზე ჩარჩა და მეოთხედფინალში ვერ გააღწია.
მას შემდეგ ფიჯის ნაკრები არადამაჯერებელ შედეგებს აჩვენებს. მართალია, ისინი ერთ-ერთი უძლიერესები იყვნენ წყნარი ოკეანის გათამაშებაში, მაგრამ ამავე პერიოდში ახალ ზელანდიურმა “მაორმა” ფიჯი 29:27 დაამარცხა, 2005 წელს კი, ახალი ზელანდიის ნაკრებმა კუნძულელებს არსებობის მანძილზე ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი აგემა – 91:0. თავის მხრივ, ფიჯის ნაკრებმა ყველაზე დიდი ანგარიშით 1983 წელს იმარჯვა, როდესაც ნიუე 124:4 გაანადგურა. 2006 წლის ივლისში, ხუთ ფიჯელ მორაგბეს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, რადგანაც ტოკიოში გამართული წყნარი ოკენის ფინალური შეხვედრის შემდეგ, მათ მთვრალ მდგომარეობაში დებოში მოაწყვეს და ამით IRB-ს მამები ძლიერ გააღიზიანეს. უნდა ითქვას, რომ ფიჯელთა არადამაჯერებელი თამაში, ხშირ შემთხვევაში იმის ბრალია, რომ ნაკრების წამყვანი მორაგბეები ზე-14-ის და ევროპის წამყვანი კლუბების ღირსებას იცავენ, ისინი კი, მორაგბეებს ხშირ შემთხვევაში ნაკრებში სათამაშოდ არ უშვებენ. ამას ქვეყანში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობაც დაემატა და ფიჯის ნაკრებმა ნელ-ნელა პოზიციების დათმობა დაიწყო.
მიუხედავად ამისა, 2007 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპზე, ფიჯიმ ორივე შეხვედრაში სძლია ტონგას, სამოასთან შინ იმარჯვა, გასვლაზე კი მარცხი განიცადა, მას ლელოებით ჩამორჩა, მაგრამ ოკეანეთის ზონაში მე-2 ადგილი დაიკავა და მსოფლიოს თასზე გავიდა და წარმატებას იქაც მიაღწია. ფიჯიმ იაპონია მძიმე ბრძოლაში 35:31 დაამარცხა, მერე კანადას 29:16 გაუსწორდა, ავსტრალიასთან 12:55 შერცხვა, მაგრამ გადამწყვეტ ჯახში მობილიზება მოახერხა, თავის მუდმივ კონკურენტ უელსს მაგრად შეებრძოლა, ხუთის საპასუხოდ ოთხი ლელო გაუტანა, გარდასახვები და ჯარიმები მეტოქეზე უკეთ ადსრულა და 38:34 იმარჯვა. იქ ფიჯელები მომავალ მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას გადაეყარნენ, იოლად არაფერი დათმეს, მაგრამ 20:37 მაინც დამარცხდნენ. ამრიგად, ოკეანელებმა 2011 წლის მსოფლიო თასის საგზური ოთხი წლის წინ მოიპოვეს (2007 წლის მსოფლიო თასის 12 საუკეთესო გუნდმა, 2011 წლის მსოფლიო თასის საგზური შესარჩევი ეტაპის გარეშე მიიღო) და თავისი რეკორდიც გაიმეორეს - მსოფლიო თასის მეოთხედფინალში მეორედ ითამაშეს.
ფიჯის ნაკრები 2005 წლამდე რეგულარულად თამაშობდა წყნარი ოკეანის “სამ ერზე” და იქ სამოასთან მუდამ თანაბარი ბრძოლა ჰქონდა. 2005 წლამდე, ფიჯელებმა ეს ტურნირი რვაჯერ მოიგეს, მერე “წყნარი ოკეანის თასზე” გადაინაცვლეს, სადაც საუკეთესო შედეგი 2009-2010 წლებში ჰქონდათ. პირველ ჯერზე მხოლოდ ახალი ზელანდიის ახალგაზრდულ ნაკრებს ჩამორჩნენ და მეორე ადგილი დაიკავეს, ხოლო გასულ წელს სამოას მსგავსად 9 ქულა დაუგროვდათ და მეტოქეს მხოლოდ გატანილ-გაშვებული ქულათა უარესი სხვაობის გამო ჩამორჩნენ. წლევანდელ გათამაშებაში, ფიჯის ბოლო ტურში თასის მოგების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ლაუტოკაში იაპონიასთან დამარცხდა და თასიც აზიელებს დარჩათ. წელს გამართული მატჩებიდან, ფიჯიმ სამი წააგო და ორში გამარჯვება მოიპოვა. “წყნარი ოკეანის თასზე”, ის შერცხვა ტონგასთან 21:45 და იაპონიასთან 13:24, სამაგიეროდ, დაამარცხა სამოა 36:18. მერე ფიჯი ორჯერ გაეჯიბრა ტონგას და თუ პირველ ჯერზე ის 27:12 დაამარცხა, მერე საკუთარ კედლებში 20:32 დამარცხდა. ამან ფიჯელთა სარეიტინგო ვარდნა გამოიწვია და 2003 წლის შემდეგ, ისინი პირველად დაეშვნენ მე-15 ადგილამდე (70,83 სარეიტინგო ქულა). მთლიანობაში, ფიჯის ეროვნულ გუნდს 284 შეხვედრა აქვს გამართული და მათგან 135-ში გამარჯვება მოიპოვა, ცხრა შეხვედრა ფრედ დაასრულა, 140 შემთხვევაში კი, მარცხი განიცადა.
ფიჯიში დღეისათვის 490 კლუბი და 36 030 მორაგბეა რეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ ფიჯიში დაბადებული მორაგბეები, მრავლად თამაშობენ სხვა ქვეყნის ნაკრებებში და ამით “პალმები” (ფიჯის ნაკრების მეტსახელი) ზარალდებიან. მაგალითისთვის სამი მათგანის ჩამოთვლაც კმარა - ჯოე როკოკოკო და სიტივეი სივივატუ ახალი ზელანდიის, ხოლო ლოტ ტუკირი ავსტრალიის ნაკრების ლიდერები არიან. თავის მხრივ, ფიჯელთა ლიდერი ნიკ ლიტლი, ახალ ზელანდიაშია დაბადებული, მაგრამ “პალმების” ღირსებას იცავს. ლიტლის ფიჯის მაისურით ყველაზე მეტი - 67 შეხვედრა აქვს გამართული და 670 ქულით (125 ქულა მსოფლიო თასზე გამართულ 11 შეხვედრაში) ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია. აღსანიშნავია, რომ მოქმედი მორაგბეებიდან, მას წყნარი ოკეანის ზონაში ყველაზე მეტი სანაკრებო ქულა აქვს მოხვეჭილი და ამ მაჩვენებლის გაზრდის კარგი შანსი აქვს. 34 წლის მორაგბეს, ახალ ზელანდიაში, საფრანგეთსა და ინგლისში აქვს ნათამაშები, ამჟამად კი, ინგლისური “ბათის” მოთამაშეა. ლიტლის სანაკრებო დებიუტი 1996 წელს სამხრეთ აფრიკასთან ჰქონდა და 2003 და 2007 წლების მსოფლიო თასზე აქვს ნათამეშები. ოთხი წლის წინანდელი გუნდის წარმატება, დიდწილად სწორედ მისმა კარგმა თამაშმა განაპირობა. ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მელელოვე სანივალატი ლაულაუა, რომლის ანგარიშზეც 20 ლელოა, მაგრამ მან თამაშს თავი დიდი ხნის წინ დაანება.
მსოფლიო თასზე “პალმებს” დეაკონ მანუ უკაპიტნებს, 30 მორაგბიდან თითქმის ნახევარს (14), 2007 წლის მსოფლიო თასზე აქვთ ნათამაშები, ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელი სამუ დომონია, რომელსაც ახალ ზელანდიაში შემდეგი მორაგბეები მიყავს: კამპეზე მააფუ, ვაისეა ნაილაგო, სუნია კოტო, უილიამ ვეიკოსო, უამე ლეუარავუ, რუპენი ნასიგა, მალა რავულო, სისა კოიამაიბოლე, ნეთანი ედვარდ ტალეი, ნემია კენატალე, ნიკ ლიტლი, რავაი სუსაუ ფატიაკი, ალბერტ ჯეიმს ვულივული, ნაპოლეონ ნალაგა, ილიესა კერესონი, დეაკონ მანუ, სეტეფანო სომოკა, ტელემაიტოგა ტუაპატი, სეკო კალუ, ლეონ ნაკარავა, აკაპუსი ქერა, დომინიკო ვაქანიბუროტუ, საკიუსა მატადიგო, ვიტორ ბუატავა, სერემაი ბაი, ვაისეა ლუვენიუალი, გაბი ლოვობალავუ, ვერენიკი გონევა, მიხაელ ტაგისაკიბაუ, კინი მურიმურივალუ.
მწვრთნელი: სამუ დომონი
D ჯგუფი
სამხრეთ აფრიკა
უელსი
ფიჯი
სამოა
ნამიბია
10 სექტემბერი. როტორუა
ფიჯი - ნამიბია
17 სექტემბერი. ველინგტონი
სამხრეთ აფრიკა - ფიჯი
25 სექტემბერი. ოკლენდი
ფიჯი - სამოა
2 ოქტომბერი. ჰემილტონი
უელსი - ფიჯი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია