ირლანდიაში რაგბი ფეხბურთთან ერთად სპორტის ყველაზე პოპულარული სათამაშო სახეობაა. ირლანდიის რაგბის კავშირი განაგებს როგორც ირლანდიურ, ასევე ჩრდილოეთ ირლანდიურ რაგბის, ირლანდიის ნაკრებში კი, ორივე ამ ქვეყნის გამორჩეული მორაგბეები ბურთაობენ. 1860-70-იან წლებში, რაგბის პოპულარობამ იმდენად იმატა, რომ მიყრუებულ სოფლებშიც კი, ირლანდიური ტრადიციული სპორტი CAID-ი ჩაანაცვლა, მისი ცენტრი კი, დუბლინის “ტროიცის” კოლეჯი გახდა. გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ირლანდიელებმა რაგბის თამაში იმის გამო დაიწყეს, რომ ინგლისელები მათსავე მოგონილ თამაშში დაემარცხებინათ.
რაგბის ირლანდიის რეგიონებში ყველა სოციალური ფენისა და მდგომარეობის ხალხი თამაშობს, მთლიანობაში კი, ის პოპულარობით უფრო საშუალო კლასის წარმომადგენლებში სარგებლობს. მანსტრეში და კონახტში მას ძირითადად მუშათა კლასი თამაშობენ, დუბლინში საშუალო ფენა, ჩრდილოეთ ირლანდიაში კი, პროტესტანტები საშუალო სკოლებში. ირლანდიის რაგბის კავშირი (IRFU) 1879 წელს დაარსდა და მასში თავდაპირველად 4 პროფესიული კლუბი გაწევრიანდა, რომელთაც თამაშების განრიგს და დასვენების დღეებს IRFU უდგენდა. დღეისათვის, ირლანდიის რაგბი კავშირი ოთხ ერთეულადაა დაყოფილი - ოლსტერი, მანსტერი, ლენსტერი და კონაჩტი. მოგვიანებით, ირლანდიაში რაგბი მთლიანად პროფესიონალურ რელსებზე გადაერთო და მთლიანობაში, ამან ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ეროვნულმა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურნირი მოიგო და შესწევს ძალა, რომ “რაგბის გიგანტებს” თანასწორად ეთამაშოს. მან ბოლო 10 წლის მანძილზე, ყველა “გიგანტის” დამარცხება მოახერხა, გარდა ახალი ზელანდიისა, თუმცა, ზედ მსოფლიო თასის წინ, ზედიზედ ოთხი თამაში წააგო, მდგომარეობა ოდნავ გაირთულა და საკუთარ რეპუტაციასაც გვარიანი ჩრდილი მიაყენა.
ირლანდიაში მაღალ დონეზეა განვითარებული შიდა, საკლუბო რაგბი. ამ ქვეყანაში, დღევანდელი მონაცემებით 221 კლუბი და 153 080 სხვადასხვა ასაკის მორაგბეა რეგისტრირებული, რომელთაგან დაახლოებით 140 ათასი მამრობითი სქესისაა. შიდა ჩემპიონატის გარდა, ირლანდიური კლუბები თამაშობენ და მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ საერთაშორისო ტურნირებში. “კელტების ლიგა”, რომელიც საკლუბო და სანაკრებო განვითარების მიზნით ირლანდიელებმა, შოტლანდიელებმა და უელსელებმა 2001 წლიდან დააარსეს (ახლახანს მათ იტალიელებიც შეუერთდნენ), ყველაზე მეტჯერ სწორედ ირლანდიურმა კლუბებმა მოიგეს (3-ჯერ “მანსტერი”, 2-ჯერ “ლინსტერი” და ერთხელ “ოლსტერი”). ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ “ჰეინეკენის” თასზე, სამი, ან ოთხი ირლანდიური კლუბი ყოველწლიურად თამაშობს და მისი დაარსებიდან (1995 წლიდან) დღემდე, ხუთჯერ გამარჯვება მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ექვსი გათამაშებიდან ოთხში, სწორედ ირლანდიელებმა იმარჯვეს და 2011 წელს გამარჯვებული “ლინსტერი” გახდა. გარდა საკუთარი ქვეყნის ნაკრებისა, ირლანდიელი მორაგბეები მრავლად ხვდებიან “ბრიტანეთის და ირლანდიელი ლომების” შემადგენლობაში, რომელიც პერიოდულად ტურნეს მართავს სამხრეთ ნახევარსფეროს ძლიერ სარაგბო ქვეყნებში და მისი მაისურით თამაში დიდ პატივად ითვლება.
ირლანდიის ნაკრებმა თავისი პირველი შეხვედრა 1875 წლის 15 თებერვალს ინგლისთან გამართა და 0:7 დამარცხდა. საინტერესოა, რომ ამ მატჩში ორივე გუნდმა მოედანზე 20-20 მოთამაშე გამოიყვანა. ირლანდიამ პირველი საშინაო შეხვედრა იმავე წელს ინგლისთან გამართა, მეტოქეს კრიკეტის კლუბში, Rathmines-ზე უმასპინძლა, რადგანაც Lansdown-ზე მინდვრის საფარი არ ვარგოდა. Lansdown-ზე ირლანდიამ პირველი მატჩი 1878 წლის 11 მარტს ინგლისთან გამართა და ორი ჯარიმით და ერთი ლელოთი დამარცხდა.
ირლანდიელებმა პირველი გამარჯვება მხოლოდ 1881 წელს მოიპოვეს, როდესაც ბელფასტში შოტლანდიას სძლიეს, Lansdown-ზე კი, პირველად 1887 წლის 5 თებერვალს იმარჯვეს და თანაც გამარჯვება მოსისხლე მტერ ინგლისთან იზეიმეს. 1888 წლის 3 მარტს, ირლანდიამ უელსი დაამარცხა, შოტლანდიასთან თავად დამარცხდა, მაგრამ დღევანდელი “ექვსი ერის” წინამორბედ ტურნირზე, სადაც მხოლოდ ირლანდია, ინგლისი, უელსი და შოტლანდია თამაშობდნენ, პირველად იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ იმ წელს ინგლისელებს ამ გათამაშებაში მონაწილეობა არ მიუღიათ და თასი მხოლოდ სამ მონაწილეში გათამაშდა. 1894 წლიდან, ირლანდიელები უელსის მოდელზე გადაეწყვნენ, ექვსი უკანახაზელის მაგივრად შვიდი უკანახაზელით დაიწყეს თამაში და ამან მათ პირველი დიდი წარმატება მოუტანა. მათ ერთ სეზონში პირველად დაამარცხეს სამივე მეტოქე და “ოთხი ერი” Triple crown-ით (სამივე მეტოქის დამარცხება) მოიგეს. XX საუკუნის დადგომამდე, ირლანდიელებმა “ოთხი ერი” კიდევ ორჯერ მოიგეს (1896 და 1899 წლებში), 1899 წელს Triple crown-ით, რაგბის პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა და როგორც მოთამაშეთა, ასევე მაყურებელთა რიცხვი იზრდებოდა.
მაყურებელთა ინტერესმა ზღვარს 1905 წელს მიაღწია, როდესაც ირლანდიას ახალი ზელანდია ესტუმრა და ირლანდიის რაგბის კავშირს გაუსაღებელი ბილეთი არ დარჩა. ამ თამაშში მასპინძლებმა დაცვითი ტაქტიკა აირჩიეს, მაგრამ ვერც ამან და ვერც სავსე ტრიბუნებმა ვერ უშველა და 0:15 დამარცხდა. 1909 წლის 20 მარტს, ირლანდია საფრანგეთის ნაკრებს პირველად შეხვდა და იმ პერიოდისთვის საერთაშორისო შეხვედრებში თავისთვის სარეკორდო გამარჯვება მოიპოვა - 19:8, თანაც ერთ შეხვედრაში 5 ლელო პირველად გაიტანა. 1912 წლის 30 ნოემბერს ირლანდიას სამხრეთ აფრიკა ესტუმრა, მასპინძლებს 10 ლელო გაუტანა და დიდი სირცხვილი აჭამა - აფრიკელებმა სარეკორდო ანგარიშით, 38:0 იმარჯვეს.
1910 წლიდან, ოთხეულს საფრანგეთის ნაკრები დაემატა და ტურნირი “ხუთი ერის” პირველობად გადაკეთდა. 1912 წელს ირლანდიამ გამარჯვებულის სახელი ინგლისთან გაიყო, 1926 წელს კი, ტურნირი კარგად ჩაატარა, მაგრამ ბოლო მატჩში უელსთან დამარცხდა და ამჯერად პირველობა შოტლანდიასთან ერთად მოიპოვა. მომავალ წელს ირლანდიამ კვლავ ერთადერთი შეხვედრა დათმო, ინგლისთან 6:8 და ჩემპიონის ტიტული ისევ შოტლანდიასთან გაიყო. დამოუკიდებელ გამარჯვებას ირლანდიამ დიდი ხნის შემდეგ, 1935 წელსღა მიაღწია, ოღონდ იმ პერიოდისთვის ხუთეული კვლავ ოთხეულამდე იყო შემცირებული, რადგან 1932 წლიდან 1947 წლამდე, საფრანგეთი მასში მონაწილეობას არ იღებდა.
მეორე მსოფლიო ომმა, ირლანდიაში, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, რაგბის განვითარება გარკვეული ხნით შეაჩერა, მაგრამ, დაბრუნების შემდეგ, 1948 წელს, ირლანდიის ნაკრებმა თავისი საუკეთესო თამაში და შედეგი მაინც აჩვენა, ჯეკ კაილის ტაქტიკით მათ საფრანგეთი პარიზში, ინგლისი თვიქნემში, შოტლანდია დუბლინში, უელსი კი, ბელფასტში დაამარცხეს “ხუთი ერის” გამარჯვებული პირველად გახდა, თანაც “გრანდ სლემით” (“ხუთ ერზე” ყველა შეხვედრის მოგება). ირლანდიელებმა მომავალ ჩემპიონატშიც ივაჟკაცეს, კვლავ ყველა შეხვედრა მოიგეს და გამარჯვებულის ტიტული შეინარჩუნეს. აღსანიშნავია, რომ ოთხ მატჩში მათ სულ 19 მორაგბე ათამაშეს.
ირლანდიამ ხუთი ერის პირველობაზე 1951 წელსაც იმარჯვა, მაგრამ ბოლო ტურში უელსის დამარცხება ვერ მოახერხა, კარდიფში 3:3 ითამაშა და “გრანდ სლემის” და Triple crown-ის გარეშე დარჩა. მომდევნო წელს ირლანდიის ნაკრებმა პირველი შორეული ტურნე მოაწყო, არგენტინას ესტუმრა და 9 ტესტიდან 6-ში იმარჯვა, ორი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. 1954 წლის 27 თებერვალს, ირლანდიას შოტლანდიის წინააღმდეგ ბელფასტში უნდა ეთამაშა, თუმცა, გუნდის კაპიტანმა ჯიმ მაკარტიმ ირლანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტს განუცხადა, რომ დამოუკიდებელი ირლანდიის 11 მორაგბე, ამ თამაშზე არ გავიდოდა და დიდი ბრიტანეთის ჰიმნს პატივს არ სცემდა, რითაც ერთგვარ პროტესტის ფორმას გამოხატავდა. ამ დღიდან მოყოლებული დღემდე, ირლანდიის ნაკრებს ჩრდილოეთ ირლანდიის ტერიტორიაზე 2007 წლამდე შეხვედრა აღარ ჩაუტარებია. 1958 წლის 18 იანვარს, ირლანდიას ავსტრალია პირველად ესტუმრა და მასპინძლებმა მეტოქე დუბლინში 9:6 დაამარცხეს.
1960-იანი წლებიდან ირლანდიურ რაგბის კრიზისი დაეწყო. “ხუთი ერის” პირველობაზე, მათ ხუთ წელიწადში მხოლოდ სამი გამარჯვება მოიპოვეს, 1961 და 1964 წელს ინგლისთან, 1963 წელს კი უელსთან და ამავე პერიოდში ამ გუნდებთან თითო-თითო ფრე ითამაშეს. სამაგიეროდ, 1965 წელი მათთვის წარმატებული გამოდგა, საფრანგეთთან ფრის შემდეგ, მათ ერთმანეთის მიყოლებით ინგლისი და შოტლანდია დაამარცხეს და Triple crown-ი მხოლოდ იმის გამო დათმეს, რომ უელსთან კარდიფში დამარცხდნენ. სამაგიეროდ ამავე წლის 10 აპრილს სამხრეთ აფრიკას ეთამაშნენ და მათთან პირველი გამარჯვება მოიპოვეს. დუბლინში გამართული შეხვედრა ფრედ სრულდებოდა, როდესაც ტომ კირნანმა ზუსტი ჯარიმა შეასრულა და გუნდს ისტორიული გამარჯვება მოუტანა. 1967 წელს, ირლანდიელებმა დუბლინში ავსტრალია დაამარცხეს, ამავე წლის მაისში კი, ავსტრალიელებს სიდნეიში ეწვივნენ და იქიდან გამარჯვებულნი დაბრუნდნენ, ხოლო მომდევნო წელს, “კენგურუები” დუბლინში 16:3 დაიბრიყვეს.
1969 წლის “ხუთი ერის” პირველობაზე, 11 წლიანი პაუზის შემდეგ ირლანდიამ საფრანგეთი 17:9 დაამარცხა და ტურნირის ბოლომდე დაუმარცხებელი იყო, მაგრამ დასკვნით შეხვედრაში კარდიფში უელსთან დამარცხდა და თასი მას დაუთმო. 1972 წლის “ხუთი ერის” პირველობა დაუსრულებელი დარჩა, რადგანაც შოტლანდიამ და უელსმა ირლანდიაში თამაშზე უარი განაცხადეს. ამის მიზეზი ირლანდიელთა მუქარის წერილები გახლდათ, რომელსაც ირლანდიური ტერორისტული ორგანიზაცია IRA ავრცელებდა. მიუხედავად ასეთი მუქარისა, მომდევნო წელს ინგლისი ირლანდიას ესტუმრა და მატჩის დაწყებამდე, ადგილობრივი გულშემატკივრისგან გამბედაობისთვის ხუთწუთიანი აპლოდისმენტები დაიმსახურა. ირლანდიამ 18:9 იმარჯვა და იმავე წელს ახალ ზელანდიას უმასპინძლა, გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა, საბოლოოდ მხოლოდ ფრეს დასჯერდა - 10:10. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ირლანდია “ოლ ბლექსთან” არ დამარცხდა.
მომდევნო წელს, ირლანდია 1951 წლიდან პირველად, “ხუთი ერის” გამარჯვებული გახდა. 1982 წელს, ირლანდიამ ერთ სეზონში ყველა ბრიტანული გუნდი დაამარცხა და 33 წლიანი შესვენების შემდეგ Triple crown-ი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ირლანდია პარიზში საფრანგეთთან დამარცხდა, ამავე წელს ის “ხუთი ერის” გამარჯვებულიც გახდა. 1985 წელს ირლანდიელებმა კიდევ ერთხელ იმარჯვეს “ხუთი ერის” პირველობაზე და კვლავ Triple crown-ი გაახერხეს, საფრანგეთი კი, კვლავ დაუძლეველ ბარიერად დარჩა და დუბლინში ფრე დაფიქსირა. ეს იყო ირლანდიელთა ბოლო წარმატება “ხუთი ერის” პირველობაზე.
მართალია, ირლანდია ხუთი ერის პირველობაზე ვეღარ ყოჩობდა, მაგრამ 1986 წლის 1 ნოემბერს ის რუმინეთს დაუპირისპირდა, ათი ლელო გაიტანა, 60:0 იმარჯვა და საერთაშორისო შეხვედრებში იმ პერიოდის რეკორდი მოხსნა. 1987 წელს ირლანდიელებმა მსოფლიოს თასის ჯგუფურ ეტაპზე ორი მატჩი მოიგეს (კანადასთან 46:19 და ტონგასთან 32:9) და მიუხედავად იმისა, რომ უელსთან 6:13 დამარცხდნენ, მეოთხედფინალში გავიდნენ, მაგრამ იქ მასპინძელ ავსტრალიასთან ვერაფერს გახდნენ - 15:33. 1991 წლის მსოფლიოს თასი დიდ ბრიტანეთში ჩატარდა, ირლანდიამ ზიმბაბვე (55:11) და იაპონია (32:16) ადვილად დაამარცხა, მაგრამ შოტლანდიას “მარიფილდზე” ვერ აჯობა (15:24). მიუხედავად ამისა, ირლანდიელები მეოთხედფინალში გავიდნენ და დუბლინში ავსტრალიას დაუპირისპირდნენ. გულშემატკივრების მხარდაჭერით გამხნევებული ევროპელები, თამაშს ბოლო წუთამდე იგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, მაიკლ ლინაგისგან ლელო მიიღო და 18:19 დამარცხდნენ.
1995 წლის მსოფლიოს თასს სამხრეთ აფრიკამ უმასპინძლა. ირლანდია რთულ ჯგუფში მოხვდა და პირველივე შეხვედრაში ახალ ზელანდიასთან 19:43 განადგურდა, მერე იაპონიას იოლად სძლია 50:28, გადამწყვეტი მატჩში კი, უელსს სულ რაღაც ერთი ქულით - 24:23 აჯობა და მეოთხედფინალს ზედიზედ მესამედ უწია, მაგრამ საფრანგეთი მასზე ძლიერი აღმოჩნდა, 36:12 დაამარცხა და ირლანდია კვლავ ნახევარფინალს მიღმა დატოვა. 1996, 1997 და 1998 წლების “ხუთ ერზე”, ირლანდიამ ძალიან ცუდად ითამაშა და ინგლისელი მწვრთნელი ბრაიენ ეშტონი, რომელსაც ირლანდიის რაგბის კავშირთან 6 წლიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. 1998 წელს მთავარი მწვრთნელის პოსტზე უორენ გატლანდი მოგვევლინა, 1999 წლის მსოფლიოს თასზე კი, ნაკრებმა რეგრესი განიცადა და ამჯერად მეოთხედფინალშიც ვერ გააღწია (ჯგუფში დაამარცხა აშშ 53:8 და რუმინეთი 44:14, ავსტრალიასთან 3:23 დამარცხდა, მეოთხედფინალში გასასვლელ ფლეი-ოფში კი, არგენტინამ 28:24 აჯობა), თუმცა, ნაკრების თამაშში გარკვეული პროგრესი მაინც შეინიშნებოდა.
რაგბიში პროფესიონალიზმის დაფუძნების შემდეგ, ირლანდიის რაგბის კავშირმა კლუბებთან მიდგომა შეცვალა, მათ გარკვეული ფინანსური გარანტია მოთხოვა და ამავე დროს, სამოყვარულო კლუბებთან და სკოლებთან მჭიდრო ურთიერთობები შეინარჩუნა. მოთამაშეთა ერთი ნაწილი ფრანგულ, ინგლისურ და სამხრეთ აფრიკულ კლუბებში წავიდა, მოგვიანებით კი “კელტების ლიგა” დაარსდა, რითაც ირლანდიურ კლუბებს მაღალ დონეზე თამაშის მეტი შანსი გაუჩნდათ და ამ ყველაფერმა შედეგიც მოიტანა. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა “ხუთი ერის” პირველობაზე იტალიელთა დამატება და მისი “ექვს ერად” გადაკეთება. 2001 წლის გათამაშებაში, ირლანდიელებმა ფრანგები, ინგლისელები, უელსელები და იტალიელები დაამარცხეს, მაგრამ შოტლანდიასთან 10:32 დამარცხდნენ და ტურნირის მოგების შანსი ხელიდან გაუშვეს.
2003 წლის “ექვსი ერის” გათამაშებაში, ირლანდიელები გადამწყვეტ მატჩში ინგლისთან 6:42 დამარცხდნენ, მოგვიანებით კი, მსოფლიოს თასზე ჩაერთვნენ. ჯგუფში მათ 3 შეხვედრა მოიგეს (რუმინეთთან 45:17, ნამიბიასთან 64:7 და არგენტინასთან 16:15), ერთთან კი, მარცხი განიცადეს (ავსტრალიასთან 16:17) და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც საფრანგეთთან 21:43 დამარცხდნენ. 2004 წლის “ექვს ერზე” ირლანდია პირველივე შეხვედრაში საფრანგეთთან დამარცხდა, მაგრამ მერე ინგლისს აჯობა და პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ინგლისს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ მარცხი აგემა. ამის შემდეგ ირლანდიამ დანარჩენ შეხვედრებშიც იმარჯვა და საფრანგეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. 2005 წელს ირლანდია “ექვსი ერის” მოგების ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა და საწყის 3 შეხვედრაში იმარჯვა, მათ შორის ინგლისთან 19:13, მაგრამ მერე ჯერ საფრანგეთთან დუბლინში 19:26, კარდიფში უელსთან კი 20:32 დამარცხდა და მე-3 ადგილზე დარჩა. 2006 წელს ირლანდიამ უელსი, ინგლისი, შოტლანდია და იტალია დაამარცხა, მაგრამ საფრანგეთს კვლავ ვერაფერი მოუხერხა. ამავე წელს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა, ევროპაში პირველი ტურნეს 100 წლის თავის აღსანიშნავად “ბებერ კონტინენტზე” იმოგზაურა და ირლანდიასთან 15:32 დამარცხდა. ამავე წელს ირლანდიამ შინაურ კედლებში ავსტრალიის ნაკრებსაც სძლია და მსოფლიოს რეიტინგში მე-3 საფეხურზე აღზევდა. ასეთი წინსვლა ირლანდიას რეიტინგის შემოღებიდან (2003 წლიდან) არასდროს ჰქონია.
2007 წლის მსოფლიო თასზე, ირლანდიამ მეოთხედფინალში გაღწევა მეორედ ვერ მოახერხა და ძალიან დიდ სირცხვილსაც შემთხვევით გადაურჩა. ოთხი წლის წინათ, საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების გზები მესამედ გადაიკვეთა. მანამდე, 1998 წელს, ირლანდიელებმა “ბორჯღალოსნები” დუბლინში მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე 70:0 გაანადგურეს, 2002 წელს კი, ასევე მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე 63:14 დაამარცხეს. საფრანგეთში საქართველოს ნაკრები მეტოქეს მედგრად ეკვეთა, მეორე ტაიმში 10:7 დაწინაურდნენ. ირლანდიამ ლიდერობა 55-ე წუთზე გატანილი ლელოთი დაიბრუნა, დანარჩენი დრო კი, ქართველებმა “კელტები” საკუთარ ჩათვლის მოედნს მიაჯაჭვეს და ოდნავ რომ გამართლებოდათ, გამარჯვების ლელოსაც შეიტანდნენ. მაგრამ ასე არ მოხდა და ირლანდიამ 14:10 იმარჯვა. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრები ირლანდიის “ა” ნაკრებს 2009 წელს “ჩერჩილის თასზე” ეთამაშა და 5:40 დამარცხდა. რაც შეეხება მსოფლიო თასს, ირლანდიელებმა ქართველთა გარდა ნამიბია დაამარცხეს (32:17), მაგრამ საფრანგეთთან (3:25) და არგენტინასთან (15:30) წააგეს და ჯგუფში მესამე ადგილზე დარჩნენ.
მსოფლიო თასამდე, ირლანდიამ “ექვს ერზე” ხუთიდან ოთხი თამაში მოიგო, მათ შორის მნიშვნელოვანი ინგლისის 43:13 განადგურება იყო, მხოლოდ საფრანგეთთან დამარცხდა, ისიც მცირე სხვაობით (17:20) და მეორე ადგილს დასჯერდა. ამდენად, მსოფლიო თასზე ირლანდიელთა წარუმატებლობა ორმაგად გასაკვირი იყო. 2008 წელს ირლანდიელებმა უკვე ვერც “ექვს ერზე” ივარგეს და ედი ოსალივანმა, ამჟამად აშშ-ს ნაკრების თავკაცმა, დაკავებული თანამდებობა დატოვა. სამხრეთ ნახევარსფეროში გასამართი ტურნესთვის, “კელტების” დროებით დამრიგებლად დიკლენ კიდნი დაინიშნა, გუნდმა ახალ ზელანდიასთან (11:21) და ავსტრალიასთან (12:18) მცირე სხვაობებით წააგო და ის მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაამტკიცეს, რაც გუნდმა კანადის 55:0 განადგურებით აღნიშნა. 2009 წლის “ექვს ერზე”, ირლანდიამ უკვე ფურორი მოახდინა, როგორც იქნა საფრანგეთი დაამარცხა (30:21), იტალიას იოლად სძლია (38:9), ინგლისს მძიმე ბრძოლაში 14:13 აჯობა, დასკვნით ორ შეხვედრაში კი, სტუმრად ჯერ შოტლანდიას სძლია (22:15), მერე კი უელსს (17:15) და “ექვსი ერის” გამარჯვებული პირველად გახდა. ამასთან, ირლანდიამ 1948 წლიდან პირველად, 61 წლის შემდეგ იმარჯვა “გრანდ სლემით” და უელსის შემდეგ გახდა პირველი გუნდი, რომელმაც “ექვს ერზე” სტუმრად უფრო მეტი შეხვედრა ჩაატარა ვიდრე შინ და ტურნირში “გრანდ სლემით” იმარჯვა. ეს წელიწადი ირლანდიელებმა კიდევ უკეთ ჩაამთავრეს, შემოდგომის ტესტებში დაამარცხეს ფიჯი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, ავსტრალიასთან მატჩი ფრედ დასრულდა და წელი ირლანდიამ დაუმარცხებლად ჩაამთავრა.
2010 წელი ირლანდიამ იტალიის დამარცხებით დაიწყო, მაგრამ მომდევნო მატჩში მისი დაუმარცხებელი სერია საფრანგეთმა შეწყვიტა - 10:33. ამას ირლანდიამ ინგლისის ლონდონში 20:16 დამარცხება და შინ უელსის 27:12 ძლევა მოაყოლა. დასკვნით ტურში “კელტებს” მესამე ბრიტანული გუნდის ძლევის და Triple crown-ის შესრულების იმედი ჰქონდათ, მაგრამ პარქსმა შეხვედრის მიწურულს გადამწყვეტი დარტყმა შეასრულა და ირლანდია 20:23 დამარცხდა. ზაფხულის სამხრეთული ტურნე წარუმატებელი გამოდგა. ირლანდიამ ოთხივე თამაში წააგო, ახალ ზელანდიასთან კი, დიდი ანგარიშით - 28:66 განადგურდა და მეტოქისგან ყველაზე მეტი ქულა მიიღო. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა, უკვე მე-15 წუთზე, სტუმართა მორაგბემ წითელი ბარათი მიიღო და გუნდმა თითქმის მთელი შეხვედრა კაცნაკლულმა ჩაატარა. ამის ფონზე, ირლანდიელთა თავდადება და სამი გატანილი ლელო დასაფასებელია. დანარჩენ მატჩებში ევროპელებს “ბარბაროსებმა” (29:23), “მაორებმა” (31:29) და ავსტრალიის ნაკრებმა (22:15) აჯობა. წლის ბოლომდე ირლანდიამ კიდევ ორი შეხვედრა წააგო. მათ ჯერ სამხრეთ აფრიკამ 23:21, მერე კი, ზელანდიამ 38:18 აჯობა. სამაგიეროდ, ირლანდიელებმა თავად სძლიეს სამოას (20:10) და არგენტინას (29:9).
წლევანდელი წლის “ექვსი ერის” პირველ შეხვედრაში, ირლანდიამ იტალიასთან მხოლოდ ოგარას წყალობით იმარჯვა, რომელმაც 78-ე წუთზე არეკნი გაიტანა და გუნდს 13:11 მოაგებინა. ამას მოჰყვა საფრანგეთთან მცირე სხვაობით მარცხი (22:25), მერე კვლავ დაძაბული ბრძოლა, ამჯერად შოტლანდიასთან და 21:18 გამარჯვება. უელსთან ირლანდიური ხასიათი საკმარისი არ აღმოჩნდა და მეტოქემ 19:13 იმარჯვა. ”კელტების” აქტივში უნდა ჩაიწეროს ბოლო ტურში ინგლისის 24:8 დამარცხება. ამ მოგებით მათ მოსისხლე მეტოქეს “ექვსი ერის” “დიდი სლემით” მოგების უფლება არ მისცეს. და მაინც, მიმდინარე წელიწადი ირლანდიისთვის ჯერჯერობით მაინც უარყოფითად უნდა შეფასდეს. მსოფლიო თასისთვის მზადების პროცესში, ირლანდიელებმა ოთხი ტესტ-მატჩი გამართეს და ოთხივეში დამარცხდნენ. მათ ჯერ სტუმრად წააგეს შოტლანდიასთან 6:10 და საფრანგეთთან 12:19, მერე იმავე საფრანგეთთან შინაც დამარცხდნენ 22:26 და ბოლოს ინგლისს ვერ აჯობეს - 9:20. ასეთმა შედეგებმა ირლანდიელები მსოფლიო რეიტინგში მნიშვნელოვნად აზარალა და ერთ დროს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს საუკეთესო გუნდი, მეოთხე საფეხურიდან მისთვის ყველაზე დაბალ, მე-8 ადგილამდე დაეშვა. ირლანდიას 78,50 სარეიტინგო ქულა აქვს და 0,10-ით უსწრებს არგენტინას. მიუხედავად ასეთი შედეგებისა, ირლანდიელები მსოფლიო თასზე მინიმუმ მეოთხედფინალში გასვლის იმედს არ კარგავენ. ისინი C ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ურთიერთობის გარკვევა ავსტრალიასთან, იტალიასთან, რუსეთთან და აშშ-სთან მოუწევთ.
მთლიანობაში, ირლანდიის ნაკრების ანგარიშზე 609 მატჩია, რომელთაგან გუნდმა 253 მოიგო, 29 ფრედ დაასრულა და 327-ჯერ დამარცხდა. ყველაზე დიდი ანგარიშით ირლანდიელები ახალ ზელანდიასთან 1992 წელს, 6:59 დამარცხდნენ, ხოლო ყველაზე დიდი სხვაობით 2000 წელს აშშ დაამარცხეს - 83:3. ახალ ზელანდიაში ჯგუფის მეტოქეთაგან, “კელტებს” ავსტრალიის წინააღმდეგ 26 მატჩი აქვთ გამართული, მათგან 7 მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და 18-ჯერ დამარცხდნენ. იტალიასთან 16 მოგების წილ სამი მარცხი აქვთ, აშშ-ს ექვსიდან ექვსი, ხოლო რუსეთს ერთიდან ერთი შეხვედრა მოუგეს. “ექვს ერზე” და მის წინამორბედ ტურნირებზე, ირლანდიელებმა 11-ჯერ იპირველეს (4-ჯერ “ოთხ ერზე”, ექვსჯერ “ხუთ ერზე” და ერთხელ “ექვს ერზე”), რვაჯერ კი, ტიტული სხვა გუნდთან გაიყვეს.
ნაკრების თავკაცი დიკლენ კიდნი, ეროვნულ გუნდთან ერთად ერთხელ იყო “ექვსი ერის” გამარჯვებული და ამავე, 2009 წელს, ირლანდიის “ა” ნაკრებს “ჩერჩილის თასი” მოაგებინა. 1998 წელს მისმა გაწვრთნილმა 19-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო თასი მოიგო, ხოლო საკლუბო დონეზე ორჯერ იყო “ჰეინეკენის თასის” და ერთხელ “კელტების ლიგის” გამარჯვებული. გუნდს ბრაიან ოდრისკოლი უკაპიტნებს, რომელსაც დღეისათვის ირლანდიელთა კვართით ყველაზე მეტი, 113 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ის 44 გატანილი ლელოთი ირლანდიელთა საუკეთესო მელელოვეცაა და ჯამში 32 წლის მორაგბემ გუნდს 235 ქულა შესძინა. გარდა ამისა, ოდრისკოლს ექვსჯერ აქვს ნათამაშები “ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების” შემადგენლობაში. ნაკრების საუკეთესო მექულე რონან ოგარაა. 34 წლის მორაგბის ანგარიშზე, დღეისათვის 1031 ქულაა (111 შეხვედრაში) და ის თავისი მონაგარის გაზრდას მსოფლიო თასზეც ეცდება. კიდნის 30-კაციანი განაცხადში 16 მორკინალი და 14 უკანახაზელია, მათგან 15-ს, მსოფლიო თასზე ჯერ არ უთამაშია.
ირლანდიის ნაკრები:
უკანა ხაზი: ისააკ ბოსი (“ლენსტერი”), ტომი ბოუ (“ოსპრეი”), გორდონ დარსი (“ლენსტერი”), კიტ ერლსი (“მანსტერი”), რობ კერნი (“ლენსტერი”), ფერგუს მაკფადენი (“ლენსტერი”), ჯორდან მერფი (“ლესტერი”), კონორ მიურეი (“მანსტერი”), ბრაიან ოდრისკოლი (“ლენსტერი”), რონან ოგარა (“მანსტერი”), ეონ რედანი (“ლენსტერი”), ჯონათან სექსტონი (“ლენსტერი”), ენდრიუ ტრომბლი (“ოლსტერი”), პედი უოლისი (“ოლსტერი”);
შერკინება: რორი ბესტი (“ოლსტერი”), ტონი ბაკლი (“სეილი”), ტომ კორტი (“ოლსტერი”), შონ კრონინი (“ლენსტერი”), ლეო კალენი (“ლენსტერი”), სტივენ ფერისი (“ოლსტერი”), ჯერი ფლენერი (“მანსტერი”), კლენ ჰილი (“ლენსტერი”), ჯემი ჰისლიპი (“ლენსტერი”), დენის ლიმო (“მანსტერი”), შონ ობრაიენი (“ლენსტერი”), დონჩა ოკალაგენი (“მანსტერი”), პოლ ოკონელი (“მანსტერი”), მაიკ როსი (“ლენსტერი”), დონაჰა რაიანი (“მანსტერი”), დევიდ უოლისი (“მანსტერი”).
C ჯგუფი
ავსტრალია
ირლანდია
იტალია
რუსეთი
აშშ
11 სექტემბერი. ნიუ პლიმუთი
ირლანდია - აშშ
17 სექტემბერი. ოკლენდი
ავსტრალია - ირლანდია
25 სექტემბერი. როტორუა
ირლანდია - რუსეთი
2 ოქტომბერი. დანიდინი
ირლანდია - იტალია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია