ამბები

19:25 | 2.09.2011 | ნანახია 2281 - ჯერ

ერთ დროს მესამეადგილოსანი უელსი

რაგბი უელსში ეროვნული სპორტის სახეობაა და ის ქვეყნის კულტურის დიდ ნაწილად ითვლება. ქვეყანაში მისი თამაში 1850-იანი წლებიდან დაიწყეს და ახლა მისი ნაკრები ყოველწლიურად მონაწილეობს ევროპის უმაღლესი დონის - “ექვსი ერის” გათამაშებაში. ის მონაწილეობდა აქამდე გამართულ ყველა მსოფლიო თასზე და ერთხელ მესამე ადგილი დაიკავა. უელსური კლუბები თამაშობენ “კელტების ლიგაში”, სადაც 4 გუნდით არიან წარმოდგენილი და პირველობისთვის ირლანდიურ და შოტლანდიურ გუნდებს ებრძვიან (ახლახან მათ იტალია დაემატა). მისი დაარსებიდან დღემდე (2001 წლიდან), ულსურმა “ოსპრეიმ”, ირლანდიურ “მანსტერთან” ერთად, “კელტების ლიგა” ყველაზე მეტჯერ, 3-ჯერ მოიგო, ერთხელ კი, “სკარლეტსმა” იპირველა. გარდა ამისა, ამ ქვეყნის კლუბები მონაწილეობას იღებენ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ “ჰეინეკენის თასზე” და რანგით მეორე “ჩელენჯის თასზე”. უელსურმა გუნდმა ამ ტურნირებში ერთადერთხელ იმარჯვა - 2009-2010 წლების სეზონში, “კარდიფმა” “ჩელენჯ ქაფი” მოიგო.
რაგბის მსგავს თამაშ cnapan-ს, უელსში რამდენიმე ასეული წლით ადრე თამაშობდნენ, მერე კი, ის რაგბიმ ჩაანაცვლა. 1870-იან წლებში, ქვეყანაში უკვე რამდენიმე სარაგბო კლუბი არსებობდა, მაგრამ უელსის რაგბის კავშირი მხოლოდ 1881 წელს დაარსდა და მისი მთავარი დანიშნულება ინგლისის ნაკრებთან შეხევდრის ორგანიზება იყო, 1934 წლიდან კი, მასში ადგილობრივმა კლუბებმაც დაიწყეს გაერთიანება. უელსურმა რაგბიმ თავის განვითარების უმაღლეს წერტილს 1970-იან წლებში მიაღწია, როდესაც მათ ისეთი მორაგბეები ჰყავდათ, როგორებიც არიან ბარი ჯონი, ჯონ პიტერი, რის უილიამსი და გარეტ ედვარდსი. ისინი უელსის ყველა დროის საუკეთესო მორაგბეებად არიან მიჩნეული, განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსი კი, 9 ნომერი ედვარდსია. ის 2003 წლის გამოკითხვაში, უელსის ყველა დროის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა, 1973 წელს კი, “ბარბაროსების” შემადგენლობაში ითამაშა და ახალ ზელანდიას ულამაზესი ლელო დაუდო. მისი ნახვა მსურველებს “ბარბაროსების” ოფიციალურ საიტზე დღესაც შეუძლიათ. 1980-1990-იან წლებში, უელსის რაგბის კრიზისი დაუდგა, რაც ქვეყანაში არსებულმა მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა გამოიწვია. ისეთი პროფესიონალი მორაგბეები, როგორებიც ჯონათან დევისი და სკოტ გიბსი იყვნენ, იძულებული გახდნენ სათამაშოდ სხვა ქვეყანაში წასულიყვნენ, რათა ამ გზით ოჯახის გამოსაკვები ფული ეშოვათ, თუმცა, მათ ამ საქციელის გამო ბევრი სამშობლოს გამყიდველად მიიჩნევდა.
1881 წელს დაარსებული უელსის რაგბის კავშირი, 1886 წელს მსოფლიოს რაგბის საბჭოში (IRB) გაწევრიანადა, 1999 წელს კი, ევროპის FIRA-AER-ის წევრიც გახდა. მას პატრონობას უელსის პრინცი უილიამსი უწევს. ქვეყანაში 325 კლუბი და 50 557 მორაგბეა რეგისტრირებული. რაგბი უელსელი ხალხის ხასიათს კარგად მოერგო და სპორტის ამ სახეობისადმი სიყვარული, ხანდახან ზღვარსაც სცილდება. 1999 წლის მსოფლიოს თასის მიმდინარეობისას, რომელსაც უელსმა უმასპინძლა, დაფიქსირდა რამდენიმე მოვლენა, როდესაც გულშემატკივარმა სახლი გაყიდა, რათა თავისი საყვარელი გუნდის თამაშს დასწრებოდა. 2005 წლის ექვსი ერის შეხვედრამ, რომელშიც ერთმანეთს უელსის და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, უდიდესი ინტერესი გამოიწვია არა მარტო ამ ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს რაგბის ქომეგებში. ამავე წელს, დაახლოებით 40 000 უელსელი ქომაგი ჩავიდა ედინბურგში, რათა თვალყური ედევნებინა საკუთარი გუნდისა და შოტლანდიის ნაკრებების დაპირისპირებისათვის.
უელსის ნაკრებმა პირველი შეხვედრა 1881 წლის 19 თებერვალს, ინგლისის წინააღმდეგ გამართა და სადებიუტო შეხვედრაში 0:30 დამარცხდა. უელსელებმა ინგლისთან შეხვედრის ჩატარება მომდევნო წელსაც ისურვეს, მაგრამ უარი მიიღეს. სამაგიეროდ, ამ ქვეყანაში რაგბის სწრაფად განვითარდა და 1883 წლიდან გუნდი ეგრეთ წოდებულ ბრიტანეთის ჩემპიონატში, “ოთხ ერზე” (რომელიც 1910 წლიდან ჯერ 5, შემდეგ კი 2000 წლიდან 6 ერად გადაკეთდა) ინგლისთან, ირლანდიასთან და შოტლანდიასთან ერთად ჩაება, სადაც 1893 წელს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, თანაც ყველა მეტოქე დაამარცხა (Triple Crown). 1900-დან 1910 წლამდე გამართულ 11 გათამაშებაში, უელსმა 5-ჯერ Triple Crown-ით იმარჯვა, ერთხელ კი, გამარჯვება ირლანდიასთან გაიყო. 1911 წელს უელსელებმა უკვე “ხუთი ერის” პირველობაზე Grand Slam-ით იპირველეს (ოთხივე გუნდის დამარცხება) და საკუთარ კედლებში დაუმარცხებელი გუნდის სახელი მოიხვეჭეს. ამასთან, 1905 წელს მათ დიდ ბრიტანეთში ტურნეზე მყოფი ახალი ზელანდია დაამარცხეს. ეს პერიოდი ქვეყანაში რაგბის პირველ `ოქროს ხანად~ არის მიჩნეული.
1914 წელს პირველი მსოფლიოს ომი დაიწყო და ბრიტანეთში, ისევე როგორც მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, გარკვეული პერიოდით რაგბის თამაში შეწყდა. ომის შემდგომ პერიოდში, ქვეყანაში ინდუსტრიალურმა ვარდნამ, რაც განსაკუთრებით სამხრეთ უელსში შეინიშნებოდა, რაგბის დონის დაცემაც განაპირობა. უელსი უმუშევრებოს გამო დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დატოვა, მათ შორის რაგბის კავშირის მმართველმაც და 1920-დან 1930 წლამდე გამართულ 42 შეხვედრაში, უელსმა მხოლოდ 17 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა, დანარჩენებში კი, მარცხი განიცადა. მიუხედავად ამისა, 1922 წელს უელსმა “ხუთი ერის” პირველობა მოიგო, მაგრამ 1923-1925 წლების შუალედში, მათ მხოლოდ საფრანგეთის დამარცხება მოახერხეს, დანარჩენ შეხვედრებში კი, დამარცხდნენ.
1931 წელს უელსის ეკონომიკის და რაგბის აღზევება ერთმანეთს დაემთხვა. 9 წლის შესვენების შემდეგ, მათ “ხუთი ერის” პირველობა მოიგეს და პირველად დაამარცხეს ინგლისის ნაკრები თვიქნემში. 1935 წელს, უელსმა ახალ ზელანდიასთან 13:12 იმარჯვა, მომდევნო წელს კი, “ოთხი ერის” გათამაშებაში (რადგანაც 1932-დან 1939 წლამდე, საფრანგეთი “ხუთი ერის” პირველობაში არ მონაწილეობდა) კიდევ ერთხელ იპირველა. შვიდწლიანი შესვენების შემდეგ, რომელიც მეორე მსოფლიოს ომმა გამოიწვია, უელსი კვლავ ჩაერთო “ხუთი ერის” პირველობაში და 1950 და 1952 წლებში მისი გამარჯვებული გახდა (ორივეჯერ Grand Slam-ით), მომდევნო წელს კი, ეს გამარჯვებები ახალი ზელანდიის დამარცხებით გაალამაზა - 13:8. 1964 წელს, უელსის ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან იმ დროისთვის სარეკორდო ანგარიშით დამარცხდა და ამან უელსურ რაგბიში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია, რაც ძირითადად გუნდის ახლებურ მომზადებაში გამოიხატა. ნაკრების ზრდა ეტაპობრივად დაიწყო, 1965-66 წლებში გუნდმა “ხუთი ერის” პირველობა ზედიზედ ორჯერ მოიგო, მერე იგივე 1969 წელს გაიმეორა და უელსს ახალი “ოქროს ხანა” დაუდგა.
1970-იან წლებში უელსის ნაკრებს თავის არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგები ჰქონდა. ამ პერიოდის უელსის ნაკრები, ბობოლა სარაგბო ქვეყნების ნაკრებებთან ძირითადად გამარჯვებული რჩებოდა - 10-დან 9 შეხვედრაში დაამარცხა ინგლისი, 10-დან 8-ჯერ აჯობა შოტლანდიას, უელსთან გამართული 9 შეხვედრიდან მხოლოდ თითო მოგებას და ფრეს გამორჩა ირლანდია და მხოლოდ საფრანგეთი გახლდათ ის გუნდი, რომელიც უელსელებს მეტ-ნაკლებ წინააღმდეგობას უწევდა: ფრანგებმა 10 შეხვედრიდან სამში იმარჯვეს და ერთი ფრედ დაასრულეს. 1969-დან 1979 წლამდე, უელსმა შვიდჯერ (ერთხელ საფრანგეთთან ერთად) იპირველა “ხუთი ერის” გათამაშებაში, აქედან 3-ჯერ დაიმსახურა Grand Slam-ი და 5-ჯერ Triple Crown-ი. ამასთან, ორჯერ დაამარცხა ავსტრალია. აღსანიშნავია, რომ 1972 წელს “ხუთი ერი” არ ჩატარდა, რადგან უელსმა და შოტლანდიამ დუბლინში ჩასვლაზე უარი განაცხადეს. ამის მიზეზი ირლანდიური ტერორისტული ორგანიზაცია IRA-ს მუქარის წერილები იყო.
მომდევნო 5 წლის განმავლობაში უელსის ნაკრებმა ნელ-ნელა თავისი დიდების დაკარგვა დაიწყო და 1983 წელს კარდიფში იაპონია მხოლოდ 29:24 დაამარცხა, თუმცა, 1987 წლის პირველ მსოფლიოს თასზე ის მაინც ანგარიშგასაწევი ძალა გახლდათ. ჯგუფში მათ ერთმანეთის მიყოლებით ირლანდია (13:6), ტონგა (29:16) და კანადა (40:9) დაამარცხეს, მეოთხედფინალში კი, ინგლისი 16:3 დაიბრიყვა და ჩემპიონობის მოპოვების ფავორიტი გახდა, მაგრამ ნახევარფინალში მასპინძელ ახალ ზელანდიასთან 6:49 დამარცხდა და მხოლოდ მე-3 ადგილი დაიკავა (ავსტრალია მძიმე ბრძოლაში 22:21 დაამარცხა). ეს იყო უელსის ნაკრების საუკეთესო შედეგი აქამდე გამართულ ექვს მსოფლიოს თასზე.
მომდევნო წელს უელსმა “ხუთი ერის” პირველობის გამარჯვებულის სტატუსი საფრანგეთთან ერთად გაინაწილა და Triple Crown-ის ტიტული მოიხვეჭა. ამ წელს საკუთარი კარიერა ბევრმა უელსელმა მორაგბემ დაასრულა და გუნდის თამაში უარესობისკენ შეიცვალა. 1989-1991 წლების “ხუთი ერის” გათამაშებებში, უელსმა მხოლოდ ერთი თამაში მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა, 1991 წლის მსოფლიოს თასზე კი, ჯგუფიდანაც ვერ გააღწია. ის დასავლეთ სამოასთან (13:16) და ავსტრალიასთან (3:38) დამარცხდა და მხოლოდ არგენტინა დაამარცხა (16:7). უელსის რაგბის უკუსვლა, მნიშვნელოვან წილად პროფესიულ რელსებზე გადასვლის დაგვიანებამ გამოიწვია. ქვეყანაში პროფესიონალი მოთამაშეები და მწვრთნელები მხოლოდ 1995 წლიდან გამოჩდნენ, შედეგები კი, 1998 წლიდან გამოასწორეს, თუმცა, მანამდე, 1994 წელს “ხუთი ერი” მაინც. 1995 წლის მსოფლიოს თასი უელსისთვის ისევ წარუმატებელი გამოდგა. მათ პირველ მატჩში იაპონია 57:10 დაამარცხეს, მაგრამ მერე ახალ ზელანდიასთან 9:34 და ირლანდიასთან 23:24 დამარცხდნენ და ჯგუფში ჩარჩნენ.
1999 წლის მსოფლიოს თასის წინ, რომელსაც უელსმა უმასპინძლა, ნაკრებს 10 მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა და გულშემატკივრებს მსოფლიოს თასის მოგების იმედი გაუჩნდათ. ჯგუფურ ეტაპზე უელსელებმა არგენტინა 23:18 და იაპონია 64:15 დაამარცხეს და მიუხედავად იმისა, რომ სამოასთან 31:38 წააგეს, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. უელსს, არგენტინას და სამოას 4-4 ქულა დაუგროვდათ და ევროპელებმა მეტოქეებს გატანილ-გაშვებული ქულებით აჯობეს. მეოთხედფინალში მასპინძლები მომავალ ჩემპიონ ავსტრალიას გადაეყარნენ და 9:24 დამარცხდნენ. არგენტინასთან და ირლანდიასთან მარცხის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის პოსტი გრეჰემ გენრიმ დატოვა და თანამდებობა მისმა თანაშემწე სტივ ჰანსენმა დაიკავა, რომლის გუნდმაც 2003 წლის მსოფლიოს თასზე დამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა. უელსმა ჯგუფში სამი გამარჯვება მოიპოვა - კანადასთან 41:10, ტონგასთან 27:20 და იტალიასთან 27:15, ხოლო ახალ ზელანდიასთან 37:53 დამარცხდა. მეოთხედფინალში უელსი ახლაც მომავალ ჩემპიონს, ამჯერად ინგლისს გადაეყარა და ვერაფერს გახდა - 17:28. ინგლისთან და ახალ ზელანდიასთან გამართული შეხვედრები, სპეციალისტებმა 2003 წლის მსოფლიოს თასის საუკეთესო შეხვედრებად აღიარეს და ეს დიდწილად იმის დამსახურება იყო, რომ უელსელები უპირატესობას ხელით თამაშს ანიჭებდნენ.
უელსმა თავისი საუკეთესი თვისებები 2005 წლის “ექვს ერზე” წარმოაჩინა, როდესაც გუნდს მაიკლ რადოკო ავარჯიშებდა. პირველ შეხვედრაში, კარდიფში, უელსმა ინგლისს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 11:9 იმარჯვა. გადამწყვეტი მომენტი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე დადგა, როდესაც გევინ ჰენსონმა შორი მანძილიდან ჯარიმა გაიტანა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა. მომდევნო მატჩში უელსმა იტალიასთან იოლად იმარჯვა, მერე კი, გასვლაზე საფრანგეთთან ტურნირის ულამაზესი მატჩი გამართა. პირველი ტაიმი საფრანგეთმა 15:6 მოიგო, მაგრამ მეორე ტაიმში ულესი ათამაშდა და საბოლოო ჯამში 24:18 იმარჯვა, ბოლოს კი, შოტლანდიაში მასპინძლებს 5 ლელო დაუდო და 46:22 გაიმარჯვა. ბოლო შეხვედრაში უელსმა ირლანდიას უმასპინძლა. შეხვედრა 74 000 ათასიან “მილენიუმზე” გაიმართა. ტრიბუნები გადაჭედილი იყო, რადგანაც 1978 წლის შემდეგ, უელსს Grand Slam-ის მოგების შანსი პირველად ჰქონდა. მასპინძლებმა 32:20 იმარჯვეს და “ექვსი ერის” პირველობა 1994 წლის შემდეგ (მაშინ ჯერ კიდევ “ხუთი ერის” პირველობა იყო) პირველად მოიგეს. გარდა სტადიონზე მყოფი 74 000 მაყურებლისა, უელსელთა ტრიუმფს დაახლოებით 100 000 მაყურებელი პაბებში ადევნებდა თვალს. გამარჯვება ქვეყანაში მასიური ზეიმით აღინიშნა. უელსელებს საზეიმო ორი რამ ჰქონდათ - “ექვსი ერის” მოგებასთან ერთად, მათ მსოფლიოს რეიტინგში ინგლისს და ირლანდიას გადაასწრეს და ყველა ბრიტანულ გუნდზე წინ მოექცნენ.
2005 წელს უელსმა ახალ ზელანდიას უმასპინძლა და საკუთარ სტადიონზე ყველაზე დიდი ანგარიშით - 3:41 დამარცხდა. ამის მიზეზი გარკვეულწილად წამყვანი მოთამაშეების ტრავმები გახდა, რომელიც მათ “დიდი ბრიტანეთის და ირლანდიელი ლომების” შემადგენლობაში თამაშისას მიიღეს. ამავე წელს, უელსი ფიჯის ეთამაშა და მხოლოდ ერთი ქულით იმარჯვა, მერე კი, სამხრეთ აფრიკასთან თამაშის ხარისხი გამოასწორა, თუმცა, მაინც დამარცხდა. საბოლოოდ უელსმა ავსტრალია დაამარცხა და 2005 წელს, 2 შეხვედრის გარდა (დამარცხდა ახალ ზელანდიასთ და სამხრეთ აფრიკასთან) ყველა შეხვედრაში იმარჯვა. უელსის რაგბის კავშირის დაარსებიდან 125 წლისთავის აღსანიშნავად, ნაკრებს ახალი, შავი ფერის მაისურები ემოსა ფიჯისთან და ავსტრალიასთან.
მომდევნო ორი წელი უელსელებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ჯერ იყო და მათ “ექვს ერზე” მხოლოდ შოტლანდია დაამარცხეს და იტალიას ფრედ ეთამაშნენ, მერე კი, ამ მეტოქეებთანაც მარცხი განიცადეს. ეს იყო უელსის პირველი მარცხი იტალიასთან. სამაგიეროდ, მათ დაამარცხეს მოსისხლე ინგლისი და საფრანგეთის მსოფლიო თასს იმედიანად შეხვდნენ, მაგრამ მთავარი უბედურება წინ ელოდათ. ჯგუფურ ეტაპზე კანადის 42:17 დამარცხების შემდეგ, ევროპელები ავსტრალიასთან 20:32 დამარცხდნენ, მერე იაპონია 72:18 გაანადგურეს, მაგრამ გადამწყვეტ ჯახში ფიჯის ვერ გაუმკლავდნენ, 77-ე წუთზე გადამწყვეტი ლელო გაუშვეს 34:38 დამარცხდნენ. შედეგად, უელსმა ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა. ამან მთავარი მწვრთნელი შეიწირა და მისი ადგილი ზელანდიელმა უორენ გეტლენდმა დაიკავა, რომელიც თავის დროზე “ოლ ბლექსის” შემადგენლობაში თამაშობდა. ახალმა მწვრთნელმა შედეგი მალევე აჩვენა და უელსმა 2008 წლის “ექვსი ერი” Grand Slam-ით მოიგო.
უელსის ნაკრებმა ბოლო სამ “ექვს ერზე” ღირსეული შედეგი ვეღარ აჩვენა და ტესტ-მატჩებშიც არ უმართლებდა. 2010 წელს ის მხოლოდ 31:34 დამარცხდა სამხრეთ აფრიკასთან, მაგრამ ვერაფერს გახდა ახალ ზელანდიას და ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო. ამავე წლის ნოემბერში, ფიჯიმ დაამტკიცა, რომ მსოფლიო თასზე მისი გამარჯვება შემთხვევითობა არ იყო და კარდიფში ფრედ 16:16 ითამაშა. დანარჩენ მატჩებში, სამხრეთელი ბობოლებიდან უელსმა წინააღმდეგობა კვლავ სამხრეთ აფრიკას გაუწია (25:29), ავსტრალიასთან (16:25) და ახალ ზელანდიასთან (25:37) კი, ვერაფერს გახდა. წლევანდელ “ექვს ერზე” უელსმა შოტლანდია (24:6) და იტალია (24:16) სტუმრად დაამარცხა, ირლანდიას შინ 19:13 აჯობა, მაგრამ ინგლისთან (19:26) და საფრანგეთთან (9:28) ვერაფერს გახდა. 2011 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების ეგიდით, მათ პირველი შეხვედრა “ბარბაროსებთან” გამართეს და 28:31 წააგეს, ინგლისთან ლონდონში 19:23 დამარცხდნენ, მაგრამ ერთ კვირაში კარდიფში 19:9 ირევანშეს და მერე არგენტინასაც სძლიეს - 28:13.
მთლიანობაში, უელსის ნაკრებს 627 შეხვედრა აქვს ჩაატარებული და მათგან 323-ში გამარჯვება მოიპოვა, 28 ფრედ დაასრულა, 276-ჯერ კი დამარცხდა. ახალ ზელანდიაში მისი მეტოქეთაგან, ევროპელებს თითო-თითო მოგება-ფრის წილ 23 მარცხი აქვთ სამხრეთ აფრიკასთან, ფიჯის რვაჯერ ეთამაშნენ და თუ წინა ექვს შეხვედრაში იმარჯვეს, ბოლოს ჯერ მარცხი იწვნიეს, მერე კი, შეხვედრა ფრედ დაასრულეს. უელსმა ოთხჯერ მოუგო და სამჯერ დამარცხდა სამოასთან, ხოლო ნამიბიას სამიდან სამი მარცხი აგემა. ყველაზე დიდი ანგარიშით უელსმა 2004 წელს იმარჯვა და იაპონია 98:0 გაანადგურა, 1998 წელს კი, მსოფლიო თასზე მომავალ მეტოქე სამხრეთ აფრიკასთან, ყველაზე დიდი სხვაობით 13:96 დამარცხდა. უელსის ნაკრების ფორმა წითელი მაისურები და თეთრი ტრუსებია. გუნდს ზედმეტ სახელად “დრაკონებს” ეძახიან და დღეისათვის ის მსოფლიო რეიტინგში 80,79 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს. “დრაკონების” მაისურით ყველაზე მეტი - ას-ასი შეხვედრა აქვთ ჩატარებული გარეთ ტომასს და სტეფან ჯონსს. გუნდის ბომბარდირი 1049 ქულით ნილ ჯენკინსია, ხოლო საუკეთესო მელელოვე შეინ უილიამსი - 54 ლელო. აღსანიშნავია, რომ ჯენკინსი, რომელსაც ნაკრების მაისურით 87 შეხვედრა აქვს ჩატარებული, პირველი მორაგბეა, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით სანაკრებო შეხვედრებში ათას ქულიან ზღვარს გადააბიჯა.
უორენ გეტლენდის გადაწყვეტილებით, ახალ ზელანდიაში გუნდს ახალგაზრდა სემ უორბერტონი უკაპიტნებს, რომელიც სულ რაღაც 22 წლისაა და აქამდე მხოლოდ ახალგაზრდულ და ასაკობრივ ნაკრებებს კაპიტნობდა. ის “კარდიფის” ღირსებას იცავს და ეროვნული გუნდის მაისურით სულ 19 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ზელანდიაში მიდის 24 წლის კენი ოუენი, რომელსაც “დრაკონების” კვართი ჯერ არ მოურგია და მისი დებიუტი, შესაძლოა, პირდაპირ მსოფლიო თასზე შედგეს. რაც შეეხება სტეფან ჯონსს, მას ეძლევა შანსი, რომ უელსის ნაკრებში ჩატარებული შეხვედრათა რაოდენობით, ტომასს გადაასწროს და ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდეს.
უელსის ნაკრები მსოფლიო თასზე ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:
შერკინება: გეტინ ჯენკინსი (“კარდიფი”), ლოიდ ბერნსი (“ნიუპორტი”), ჰიუტ ბენეტი (“ოსპრეი”), რაიან ბევინგტონი (“ოსპრეი”), ადამ ჯონსი (“ოსპრეი”), პოლ ჯეიმსი (“ოსპრეი”), კენ ოუენი (“სკარლეტსი”), კრეიგ მიჩელი (“ეგზეტერი”), ბრედლი დევისი (“კარდიფი”), სემ უორბერტონი (“კარდიფი”), ლუკ ჩარტერისი (“ნიუპორტი”), დენ ლიდიეიტი (“ნიუპორტი”), ტობი ფეილტონი (“ნიუპორტი”), რაიან ჯონსი (“ოსპრეი”), ალუნ ვან ჯონსი (“ოსპრეი”), ენდი პაუელი (“სეილი”);
უკანა ხაზი: მაიკლ ფილიპსი (“ბაიონი”), ლოიდ უილიამსი (“კარდიფი”), ტევის კნოილი (“სკარლეტსი”), ჯემი რობერტსი (“კარდიფი”), ჯეიმს ჰუკი (“პერპინიანი”), ჯონათან დევისი (“სკარლეტსი”), სტეფან ჯონსი (“სკარლეტსი”), რის პრისტლენდი (“სკარლეტსი”), სკოტ უილიამსი (“სკარლეტსი”), ლი ჰალფპენი (“კარდიფი”), ლი ბერნი (“კლერმონი”), ელედ ბრიუ (“ნიუპორტი”), შეინ უილიამსი (“ნიუპორტი”), ჯორჯ ნორტი (“სკარლეტსი”).
მწვრთნელი: უორენ გეტლენდი

D ჯგუფი
სამხრეთ აფრიკა
უელსი
ფიჯი
სამოა
ნამიბია

11 სექტემბერი. ველინგტონი
სამხრეთ აფრიკა - უელსი
18 სექტემბერი. ჰემილტონი
უელსი - სამოა
26 სექტემბერი. ნიუ პლიმუთი
უელსი - ნამიბია
2 ოქტომბერი. ჰემილტონი
უელსი - ფიჯი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.131766