ამბები

22:10 | 3.09.2011 | ნანახია 3737 - ჯერ

“ცენტრალური” უსახური გამოდგა

საქართველოს მორაგბეთა XXIII ჩემპიონატის მეორე წრე, დაახლოებით ორთვიანი შესვენების შემდეგ, ოთხი შეხვედრით განახლდა. VIII ტურის ცენტრალურმა მატჩმა, რომელსაც “ავჭალის” სტადიონმა უმასპინძლა, დიდი ინტერესი გამოიწვია და შეხვედრას დაახლოებით 1500 მაყურებელი დაესწრო, რომელთა უმრავლესობაც, ტრადიციულად, სამხედროები იყვნენ, მაგრამ მათ ლამაზი რაგბი ვერ იხილეს.
სამაგიეროდ, გაიხარეს “არმიას” გამარჯვებით, რომელმაც “ლოკომოტივს” 23:6 სძლია და ოთხეულში დასამკვიდრებლად დიდი ნაბიჯი გადადგა, ქვეყნის ჩემპიონს კი, მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდა. საქართველოს ნაკრებში მივლინებული მორაგბეები ორივე გუნდმა მოისაკლისა. “ლოკომოტივს” მესამეხაზელები გივი ბერიშვილი და ზვიად მაისურაძე (რომელმაც შეკრებისას ტრავმა მიიღო და საოპერაციო შეიქმნა) აკლდათ, “არმიას” კი, პირველხაზელი ჯაბა ბრეგვაძე და ცხრა ნომერი ბიძინა სამხარაძე. ამასთან, “არმიას” მოედანზე თითქმის ყველა ის ახალწვეული ჰყავდა, რომლებიც ზაფხულის შესვენებისას დაიმატა და აშკარად ჩანდა, რომ გუნდს შეთამაშება აკლდა.
მთლიანობაში, შეთამაშება ორივე გუნდს აკლდა და ძალიან ბევრი იყო არაზუსტი გადაცემა, გადაწყვეტილება, თუ ტექნიკური წუნი. შეხვედრა ძირითადად მოედნის ცენტრში, 22-დან 22-მდე მიდიოდა და ეს ყველაფერი მოსაწყენი საყურებელი იყო. არადა, გულშემატკივარს კარგად ახსოვდა ამ გუნდებს შორის თასის მეოთხედფინალში და პირველ წრეში გამართული შეხვედრები და მეტის მოლოდინში იყვნენ. თავიდან, “არმიას” ფეხით ტაქტიკური დარტყმები არ წაუვიდა, ამ კომპონენტში “ლოკომოტივი” მეტოქეს აშკარად ჯობდა, ძალაშიც უპირატესობა იგრძნო და მოკლე დარტყმებით ცდილობდა ფონს გასვლას - არაფერი გამოვიდა.
მე-10 წუთზე არმიელებმა მეტოქის ნახევარზე გადასვლა მოახერხეს და ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს, მაგრამ ბახვა კობახიძის 40 მეტრიდან დარტყმული ძელმა აისხლიტა. ამის შემდეგ, “არმია” ათამაშდა, ბურთის გაშლა სცადა და მე-17 წუთზე კობახიძეს მეორე შანსი მიეცა, რომელიც უკვე ხელიდან არ გაუშვა და დაახლოებით 30 მეტრიდან გუნდს სამი ქულა შესძინა. 34-ე წუთზე, კობახიძემ კიდევ ერთხელ სცადა ჯარიმის გატანა და მიზანმა უმტყუნა, სამაგიეროდ, ტაიმის ბოლოს, მისმა თანაგუნდელებმა ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს: ჯერ თავისი დერეფანი მოიგეს, ბურთი საპირისპირო ფლანგის ბოლომდე ჩაათამაშეს, სადაც ხაზი ტუჩაშვილმა გაჭრა და ჩათვლის მოედანს ხუთ მეტრამდე მიუხლოვდა, რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ, შეტევის მიმართულებამ ცენტრისკენ გადმოინაცვლა, ელიზბარაშვილმა ცრუმოძრაობით მცველები დააბნია, ორ კაცს შორის გაძვრა და ლელო გაიტანა, კობახიძემ კი გარდასახვა გამოიყენა. ამან, “ლოკომოტივი” დააბნია, ბურთი თამაშში ცუდად შეიყვანა, “არმიამ” შერკინებიდან შეუტია, მეტოქე კვლავ დაჯარიმდა და ზედ შესვენების წინ, კობახიძემ 42 მეტრიდან ჯარიმა ზუსტად დაკრა - 13:0.
დაიწყო თუ არა მეორე ტაიმი, “ლოკომოტივმა” ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა და კვინიხიძემ 38 მეტრიდან შანსი ხელიდან არ გაუშვა. 50-ე წუთისთვის, მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, გუნდის კაპიტნები წაკინკლავდნენ და მსაჯმა ბობა კვინიხიძე და საფრანგეთიდან დაბრუნებული ბესო უდესიანი გაასინბინა. ამას “ლოკომოტივის” შეტევები მოჰყვა, “არმია” დაჯარიმდა, კვინიხიძის არყოფნაში ჯარიმა გენებაშვილმა შეასრულა, ბურთი ძელებსშუა გააძვრინა და ჩამორჩენა ერთ გარდასახულ ლელომდე დაიყვანა. 55-ე წუთზე “არმიამ” კვლავ კარგი კომბინაცია გაითმაშა, ხაზი კალმახელიძემ გაჭრა, მერე ბურთი მარჯვნივ ჩათამაშდა, სადაც სივრცით ტუჩაშვილმა ისარგებლა და ლელო გაიტანა, კობახიძემ კი, რეალიზაცია გამოიყენა.
შეივსო თუ არა გუნდების შემადგენლობა, ორ წუთში მსაჯს ყვითელი ბარათის ამოღება ისევ მოუხდა - უდესიანი ნიშნიანიძემ უხეშად შებოჭა. “არმიამ” კაცნაკლულ მეტოქეს შეუტია, სალელოვე შანსი თავისივე შეცდომის გამო ვერ გამოიყენა, ელიზბარაშვილმა ბურთი რატომღაც ფეხით გადაკიდა, არადა, ფლანგზე არმიელები მცველებზე მეტნი იყვნენ. სამაგიეროდ, მათ უპირატესობით ჯარიმა დაიბრუნეს და კობახიძემ ის სამ ქულად აქცია. დასკვნით ათ წუთში “ლოკომოტივმა” იმძლავრა, ფიზიკურად მეტოქე დაჩაგრა და ეს დრო მეტოქის 22-ში გაატარა, მაგრამ ლელოს გატანა ვერ მოახერხა. “არმიამ” ჯარიმების ხარჯზე მეტოქის იერიშები მოიგერია, 79-ე წუთზე გაგოშვილის სინბინის გამო კაცნაკლული დარჩა, მაგრამ საბოლოოდ მაინც იმარჯვა - 23:6.
მეორე წრე “ვისოლზე” თბილისური დერბით განახლდა. იქ შეხვედრა დანარჩენებზე საათნახევრით ადრე დაიწყო და “ყოჩებმა” მიმდინარე გათამაშებაში პირველი ქულა მოიპოვა. საუკეთესო ოთხეულში მოხვედრისთვის მებრძოლ “აკადემიას”, “ყოჩებმა” დიდი ბრძოლა გაუმართა და შეხვედრა ფრედ 19:19 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ წელს ამ გუნდებმა ფრედ მეორედ ითამაშეს, პირველად ეს თასის მეოთხედფინალში მოხდა და მაშინ, ნახევარფინალის საგზური “ყოჩებს” ერგო, რადგან მას მეტოქეზე უკეთესი რეიტინგი ჰქონდა. ამჯერად, ამ ქულამ “აკადემიას” უფრო არგო, რადგან მდევარ “ლოკომოტივს” და “ლელოს” დაშორდა და მესამე ადგილი შეინარჩუნა.
ეს იმიტომ, რომ ვიცე-ჩემპიონმა “ლელომ”, უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ “არმაზს” ვერაფერი მოუხერხა და 17:22 დამარცხდა. ამით, “არმაზი” გასავარდნ ზონას დაშორდა და ახლა უკვე ოთხეულში მოხვედრაზეც დაფიქრდა. სამაგიეროდ, დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს რეგულარული პირველობის ლიდერი ქუთაისის “აია”, რომელმაც რუსთავში “ხარებს” 27:9 სძლია და უახლოეს მდევართან ხუთქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა.  

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი
3 სექტემბერი. VIII რაუნდი
თბილისი. “ავჭალა”. 1500 მაყურებელი
არმია (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 23:6 (13:0)
არმია:
15. ბ. კობახიძე, 14. ტუჩაშვილი, 13. გაბროშვილი, 12. მჭედლიძე (გაგოშვილი 24), 11. შკინინი, 10. ელიზბარაშვილი, 9. ზაბახიძე; 1. კაკოვინი (ქორიძე 50), 2. მეკოკიშვილი, 3. დონაძე, 4. ბუჯიაშვილი (კ. კობახიძე 69), 5. ცხადაძე (ბიეაძე 50), 6. თავართქილაძე (თხილაიშვილი 56), 7. კალმახელიძე, 8. უდესიანი.
2 ლელო: ელიზბარაშვილი, ტუჩაშვილი
2 გარდასახვა: კობახიძე
3 ჯარიმა: კობახიძე
2 სინბინი: უდესიანი, გაგოშვილი
ლოკომოტივი: 15. კობერიძე (კავთიძე 69), 14. ქავთარაძე, 13. გოგიშვილი, 12. ბერძენიშვილი, 11. ჟამუტაშვილი, 10. კვინიხიძე, 9. ღვინჯილია; 1. ელოშვილი, 2. ზარიძე, 3. ვეფხვაძე, 4. ჩიტიძე (ნადირაძე 58), 5. ნიშნიანიძე, 6. გენებაშვილი, 7. შიოშვილი (გუნიავა 60), 8. ახვლედიანი.
2 ჯარიმა: კვინიხიძე, გენებაშვილი
2 სინბინი: კვინიხიძე, ნიშნიანიძე
 
თბილისი. “ვისოლი”. 15:30 საათი
აკადემია (თბილისი) - ყოჩები (თბილისი) 19:19
თბილისი. “შევარდენი”. 17:00 საათი
არმაზი (თბილისი) - ლელო (თბილისი) 22:17
რუსთავი. ტექნიკუმი. 17:00 საათი
ხარები (რუსთავი) - აია (ქუთაისი) 9:27

1.    აია                        8    8    0    0    211-96      16
2.    არმია                   8    5    1    2    176-140    11
3.    აკადემია            8    3    3    2    162-154     9
4.    ლელო                  8    4    0    4    195-164     8
5.    ლოკომოტივი    8    4    0    4    153-148      8
6.    არმაზი                8    3    1    4    158-184      7
7.    ხარები                 8    2    0    6    85-162        4
8.    ყოჩები                 8    0    1    7    117-209      1

მომდევნო ტური
10 სექტემბერი: ხარები - არმია, ლელო - ლოკომოტივი, ყოჩები - არმაზი, აია – აკადემია.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08938