ამბები

15:22 | 4.09.2011 | ნანახია 2823 - ჯერ

მეოთხე “სამხრეთელი ბობოლა” - არგენტინა

გასულ მსოფლიო თასზე, არგენტინამ საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ის მთელი სარაგბო სამყაროს პატივისცემის ღირსია. მან ორჯერ დაამარცხა მასპინძელი საფრანგეთი და თავის საუკეთესო შედეგს უწია – მე-3 ადგილი დაიკავა. მომავალი წლიდან, არგენტინა, რომლის ზედმეტსახელიც “პუმებია”, “სამ ერს” დაემატება და ის “ოთხ ერად” გადაკეთდება. მანამდე კი...
მანამდე მასთან კიდევ ერთხელ მოსინჯავს ძალებს საქართველოს ნაკრები. 4 წლის წინათ, “ბორჯღალოსნებმა” “პუმებს” გვარიანი ბრძოლა გაუმართეს და 35-ე წუთამდე ანგარიში 3:3 იყო, ტაიმი კი, მხოლოდ 3:6 დათმეს. ვერ ვიტყვით, რომ მე-2 ნახევარში ქართველები გატყდნენ, მაგრამ გამოცდილებამ და მაღალმა სათამაშო კლასმა თავისი გააკეთა - არგენტინამ 33:3 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთამერიკელებმა პრემიალური ქულის მომტანი მე-4 ლელო, მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაიტანეს და შვებით ამოისუნთქეს.
მას შემდეგ, ქართველებისა და არგენტინელების გზები კიდევ ორჯერ გადაიკვეთა. 2009 წელს, ქართული რაგბის 50 წლისთავის აღსანიშნავად, თბილისს არგენტინის A ნაკრები ეწვია, რომელსაც “იაგუარები” ეწოდება.
პირველ ტაიმში მასპინძლებმა ძალიან კარგად ითამაშეს და მნიშვნელოვანი ფორა მოიპოვეს, მე-2 ნახევარში არგენტინელებმა იმძლავრეს, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება ქართველებს დარჩათ - 24:22.
წლეულს, საქართველოს ნაკრები “იაგუარებს”, ბუქარესტში, IRB-ს ერთა თასზე შეხვდა, ბრძოლა ამჯერადაც დაძაბული გამოდგა და “ბორჯღალოსნებმა” მეტოქე ისევ დაამარცხეს - 14:13.
არგენტინასთან თამაშს ყველა უფრთხის, მაგრამ საქართველოს ნაკრებს დასაკარგი არაფერი აქვს და მოკლედ, 2 ოქტომბერს პამერსთონში დიდი ბრძოლა იქნება!
რაგბი არგენტინაში პოპულარობით ფეხბურთს ვერ შეედრება, თუმცა, ბოლოდროინდელმა წარმატებებმა ქვეყანაში მის მიმართ ინტერესი გაზარდა.
არგენტინული რაგბი, ადგილობრივი ფეხბურთის დონეზე ვერაა, მაგრამ 1999 და 2007 წლების მსოფლიოს თასებზე მიღწეული წარმატებების ფონზე, მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდება, ბუენოს-აირესში კი, არგენტინელებთან თამაში ყველა გუნდისათვის ჯოჯოხეთურად რთულია.
ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე, მისი დარი გუნდი ვერ გამოიძებნა და ამან სახეობის განვითარება შეაფერხა, მაგრამ წამყვანმა მორაგბეებმა თავს უშველეს, ევროპისა და ზე-15-ის გუნდებს მიაშურეს, ინდივიდუალური განვითარება განაგრძეს, რის შედეგადაც ნაკრების დონეც მნიშვნელოვნად ამაღლდა. მას შემდეგ, რაც “პუმები” “სამ ერს” დაუმატეს, საუბარია იმაზე, რომ 2 არგენტინული კლუბი სამხრეთის ყველაზე ძლიერ საკლუბო გათამაშებას, ზე-15-ს დაამატონ, მაგრამ ამ საკითხზე, ჯერჯერობით, მხოლოდ საუბრებია და მოხდება თუ არა ეს, არავინ იცის.
არგენტინაში რაგბი პირველად 1873 წელს ითამაშეს, რაგბის კავშირი 1899 წელს დაარსდა, რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) წევრი კი, პირველ მსოფლიო თასზე მიწვევის შემდეგ, 1987 წელს გახდა. როგორც ყველა არგენტინის ნაკრებს, “პუმებსაც” ნაციონალური დროშის ფერის (ცისფერი და თეთრი) სათამაშო ფორმა მოსავთ და მათ მაისურზე იაგურია გამოსახული. როგორც ამბობენ, არგენტინის ნაკრებს ზედმეტსახელი “პუმები” შეცდომით შეარქვეს. 1965 წელს, არგენტინის ნაკრებს თავისი პირველი შორეული ტურნე ჰქონდა სამხრეთ აფრიკაში და იაგუარი იქაურ ჟურნალისტებს პუმაში აერიათ, მერე კი, ეს სახელი არგენტინას სამუდამოდ შემორჩა. ჟურნალისტის სურვილი იყო, რომ სხვა ქვეყნების ნაკრებთა მსგავსად, არგენტინელებისთვისაც მრისხანე სახელი შეერჩია, მათ გერბზე იაგუარი ნახა, ის პუმად ჩათვალა და სახელიც ამად შეურჩია.
არგენტინის ნაკრებმა თავისი პირველი შეხვედრა 1910 წლის 12 ივნისს გამართა, როდესაც ამ ქვეყანას “ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები” (ძირითადად, ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც რამდენიმე სხვა კლუბის მორაგბით და 3 შოტლანდიელით იყო გაძლიერებული) ესტუმრნენ და მასპინძლები 3:28 დამარცხდნენ.
1927 წელს, “ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები” არგენტინას კიდევ ერთხელ ესტუმრნენ, 9 ტესტი გამართეს (ყველა შეხვედრა ბუენოს-აირესში გაიმართა) და მასპინძლები ყველა შემთხვევაში დაამარცხეს, მაგრამ ამ ტურნემ არგენტინის რაგბის კავშირს უდიდესი ფინანსური მოგება მოუტანა. 5 წელი გავიდა მას შემდეგ და არგენტინას მორიგი ნაკრები - სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდული გუნდი ეწვია. მათ ერთმანეთში 2 მატჩი გამართეს და ორივე შემთხვევაში ახალგაზრდა აფრიკელებმა იმარჯვეს. 1936 წელს, ბრიტანელებმა არგენტინას კიდევ ჩააკითხეს, 10 ტესტიდან 10-ვეში იმარჯვეს და მთლიანობაში, ამ შეხვედრებში სულ 9 ქულა გაუშვეს.
შემდეგ თვეში არგენტინა თავის პირველ ტურნეში - ჩილეში გაემგზავრა და ადგილობრივ ნაკრებს ვალპარაისოში დაუპირისპირდა. პირველ შეხვედრაში არგენტინამ 29:0 იმარჯვა. სტუმრებმა მასპინძლები არც მეორე ტესტში დაინდეს. 2 წლის შემდეგ, ჩილეს ნაკრები არგენტინას საპასუხო ვიზტით ესტუმრა და არგენტინელებმა ამჯერადაც იყოჩაღეს - მეტოქეს 30 ქულით სძლიეს.
1940-იანი წლების მიწურულს, არგენტინას ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტების გაერთიანებული გუნდი ეწვია და მასპინძლები ორივე შეხვედრაში დაამარცხა, 1949 წელს კი, არგენტინელებს, ბუენოს-აირესში, 2 მარცხი საფრანგეთის ნაკრებმა აგემა, თუმცა, ამ შეხვედრებში არგენტინამ თვალსასეირო თამაში აჩვენა. 1951 წელს, არგენტინამ პან-ამერიკული თამაშების დროს პირველი სამხრეთ ამერიკული სარაგბო ტურნირი მოაწყო, ჩელე (13:3), ურუგვაი (62:0) და ბრაზილია (72:0) დაამარცხა და კონტინენტზე თავისი უპირობო უპირატესობა დაამტკიცა.
1952 წელს, არგენტინას ირლანდიის A ნაკრები ესტუმრა და 2 არაოფიციალური შეხვედრა გამართა, პირველში ევროპელებმა 6 ქულით იმარჯვეს, მეორე ტესტი კი, ფრედ 3:3 დასრულდა. ეს არ იყო გამარჯვება, მაგრამ პირველი შეხვედრა გახლდათ, რომელშიც არგენტინა ბობოლა სარაგბო ქვეყნის გუნდთან არ დამარცხდა და სამხრეთამერიკელთათვის პრაქტიკულად გამარჯვების ტოლფასი გახლდათ.
1954 წელს, არგენტინამ საფრანგეთს უმასპინძლა და ორივე ტესტში დამარცხდა, 1956 წელს კი, ოქსფორდისა და კემბრიჯის გაერთიანებულ გუნდთანაც ორივე შეხვედრაში დამარცხდა (6:25 და 3:11). იმავე წელს, არგენტინამ პერუს 4:0, ურუგვაის კი 50:3 აჯობა, მერე კი, ჩილესთან ისტორიაში პირველი მარცხი განიცადა. 1958 წელს, არგენტინამ მეორედ მოიგო სამხრეთ ამერიკის ჩემპიონობა, დაამარცხა ურუგვაი 50:3, პერუ 44:0 და მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეჭვი ეპარებოდა, მათ გზას მასპინძელი ჩილე გაუყოლა - 14:0.
1959 წელს, სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდული ნაკრები ბუენოს-აირესში კიდევ ერთხელ ჩავიდა და მასპინძლებს ორივე შეხვედრაში აჯობა – 14:6 და 20:6.
1960 წელს, არგენტინას საფრანგეთი ეწვია და სამივე ტესტში დაამარცხა - 37:3, 12:3 და 29:6. სამაგიეროდ, მომდევნო წელს, არგენტინამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კონტინენტზე უძლეველი იყო და მონტევიდეოში ბრაზილიას (60:0), ურუგვაის (36:3) და ჩილეს (11:3) ერთმანეთის მიყოლებით მოუგო.
“პუმებმა” 1964 წელს სან-პაბლოში გამართული სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატიც მოიგეს (დაამარცხეს ურუგვაი 25:6, ბრაზილია 30:5 და ჩილე 30:8).
1965 წელს, არგენტინამ პირველად გადალახა ატლანტიკის ოკეანე და სამხრეთ აფრიკაში ორთვიანე ტურნე მოაწყო (სწორედ იქ მიანიჭეს მათ “პუმების” სახელი). სამხრეთ ამერიკელებმა აფრიკელთა პროვინციულ გუნდებთან რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს, რომელთა შორის განსაკუთრებით აღნიშვნას სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდული ნაკრების 11:6 დამარცხება იმსახურებს. ბუენოს-აირესში დაბრუნებულ გუნდს დიდი რაოდენობით გულშემატკივარი დახვდა, რადგან მათმა საყვარელმა ნაკრებმა შორეულ ტურნეში 11 გამარჯვება მოიპოვა, ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულა და მხოლოდ 4-ჯერ დამარცხდა.
იმავე პერიოდში არგენტინა საფრანგეთის ჩემპიონს ეთამაშა. ეს შეხვედრა გულშემატკივრებს უფრო ორივე გუნდის მორაგბეების არასპორტული ქცევით დაამახსოვრდა, სამხრეთ ამერიკული ნაკრებმა კი, მარცხი. შემდგომი მათი მეტოქე ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტის გუნდი იყო, პირველი შეხვედრა ფრედ დასრულდა - 19:19, მეორე მატჩში კი, ინგლისელებმა იმარჯვეს 9:3. 1965 წელი “პუმებმა” ჩილესთან გამარჯვებით დაასრულეს - 23:11. 1966 წელს სამხრეთ აფრიკელებს ორჯერ აჯობა ახალი ზელანდიის A ნაკრებმა (9:3 და 20:15), მომდევნო წელს კი, სამხრეთ ამერიკის პირველობაში კიდევ ერთხელ იმარჯვა. 1960-იანი წლების ბოლოს, არგენტინას ერთმანეთის მიყოლებით უელსი და შოტლანდია ესტუმრა. 1968 წელს, ბუენოს-აირესს უელსი ეწვია და არგენტინელებმა პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვეს. პირველ შეხვედრაში მასპინძლებმა 9:5 იმარჯვეს, მეორე ფრედ 9:9 დაასრულეს და სერიის გამარჯვებულები გახდნენ. 1969 წელს არგენტინამ შოტლანდიას უმასპინძლა და პირველ ტესტში სახელოვანი გამარჯვება მოიპოვა 20:3, ორი კვირის შემდეგ კი, მათთან მცირე სხვაობით დამარცხდა - 3:6, მაგრამ უკვე ცხადი გახდა, რომ “პუმები” იზრდებოდნენ და მომავალში მათთან იოლი გასეირნება არავის ექნებოდა.
1970-იან წლებში, არგენტინელებმა წარმატებას უკვე ევროპაში მიაღწიეს. უელსმა მხოლოდ ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით მოახერხა მარცხისთვის თავის დაღწევა და 20:19 იმარჯვა, ორი წლის შემდეგ კი, “პუმებმა” ინგლისის A ნაკრებთან ფრედ 13:13 ითამაშეს. 1970-იანი წლების ბოლოდან 1990-იან წლების დასაწყისამდე, არგენტინას ბუენოს-აირესში ზედიზედ ორი თამაში ერთხელაც არ წაუგია. ამ პერიოდში მათ მოუგეს საფრანგეთს, ინგლისს, ავსტრალიას და ფრედ 21:21 ითამაშეს ახალ ზელანდიასთან. ეს ფრე არგენტინისთვის ერთ-ერთ საუკეთესო შედეგად ითვლება, სამხრეთ ამერიკელთა მთელი მონაგარი კი ერთადერთ მორაგბე - ჰუგო პორტოიზე მოდის.
1987 წლის პირველი მსოფლიოს თასის დაწყებამდე, არგენტინელები დარწმუნებული იყვნენ, რომ მინიმუმ მეოთხედფინალში გააღწევდნენ, მაგრამ პირველივე მატჩში, ფიჯისთან განცდილმა მოულოდნელმა მარცხმა 9:28, მათ ჯგუფიდან გასვლის საშუალება არ მისცა. პულში ისინი ახალ ზელანდიასთანაც დამარცხდნენ 15:46 და მხოლოდ იტალიას სძლიეს 25:16, მაგრამ კონკურენტებთან შედარებით უარესი ლელოების სხვაობა ჰქონდათ (ფიჯის, იტალიას და არგენტინას თითო-თითო გამარჯვება დაუგროვდათ) და ბოლო ადგილზე გავიდნენ. ამის შემდეგ არგენტინის ნაკრები რამდენიმე გამორჩეულმა მორაგბემ დატოვა და გუნდმა 1991-1995 წლების მსოფლიოს თასებზე ხელშესახებ წარმატებებს ვერ მიაღწია, თუმცა მათი შერკინების ხაზის თამაშმა სპეციალისტთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 1991 წელს არგენტინა სამივე შეხვედრაში დამარცხდა - ავსტრალიასთან 19:32, უელსთან 7:16 და დასავლეთ სამოასთან 12:35. არგენტინა სამივე ჯგუფურ შეხვედრაში დამარცხდა 1995 წლის მსოფლიოს თასზეც - ინგლისთან 18:24, დასავლეთ სამოასთან 26:32 და იტალიასთან 25:31, მაგრამ აქ მთავარი ის იყო, რომ სამხრეთამერიკელები იოლად არცერთ მეტოქეს არ დანებებულან და ექვსივე თამაშში ბოლომდე იბრძოლეს.
1999 წლის მსოფლიოს თასი, არგენტინისთვის წარმატებული გამოდგა. ჯგუფის პირველ შეხვედრაში, სამხრეთამერიკელები მასპინძელ უელსთან მძიმე ბრძოლაში 18:23 დამარცხდნენ, მაგრამ მერე სამოასთან წინა მსოფლიო თასებზე განცდილი ორი მარცხისთვის რევანში აიღეს - 32:16, იაპონია 33:12 დაამარცხეს და სამ გუნდს ოთხ-ოთხი ქულა დაუგროვდა. მართალია “პუმებს” დამატებითი მაჩვენებლები უარესი აღმოაჩნდათ და ჯგუფში მესამე ადგილზე დარჩნენ, მაგრამ იმ წელს მსოფლიო თასი განსხვავებული სისტემით ტარდებოდა და როგორც საუკეთესო მეოსამეადგილოსანმა, მეოთხედფინალში გასასვლელ ფლეი ოფში ითამაშა. არგენტინა იქ ირლანდიას შეხვდა, ორივე გუნდმა 7-7 ჯარიმა გაიტანა, თუმცა, “პუმებმა” ევროპელთა ერთ არეკნს ერთი ლელოთი და ზუსტი გარდასახვით უპასუხეს და 28:24 იმარჯვეს, მაგრამ მეოთხედფინალში საფრანგეთთან ვერაფერს გახდნენ, 26:47 დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.
2000 წლის აპრილში, არგენტინის ნაკრების მწვრთნელად მარსელო ლაფრედა დაინიშნა, რომელიც თავის დროზე “პუმების” ღირსებას თავადაც იცავდა, ქვეყნის უპირველეს გუნდს 44 შეხვედრაში უკაპიტნა და ამ ხნის განმავლობაში 4 ლელო გაიტანა. მან 2003 წლის მსოფლიოს თასზე ავსტრალიაში ძლიერი გუნდი ჩაიყვანა, თუმცა, იქ არანაკლებ ძლიერი ჯგუფი დახვდა. პირველ შეხვედრაში მისი შეგირდები მასპინძლებთან 8:24 დამარცხდნენ, მომდევნო ორ მატჩში ნამიბია (67:14) და რუმინეთი (50:3) დაამარცხეს და მეოთხედფინალში გასასვლელ გადამწყვეტ შეხვედრაში ძლიერ ირლანდიას დაუპირისპირდნენ. დაძაბულ რკენაში არგენტინელებმა 3 ჯარიმა და 2 არეკნი გაიტანეს, მაგრამ ევროპელებთან მინიმალური სხვაობით - 15:16 დამარცხდნენ და ჯგუფში მე-3 ადგილით დაკმაყოფილდნენ. მიმომხილველები აღნიშნავდნენ, რომ ეს მარცხი მნიშვნელოვან წილად თამაშების გრაფიკმა გამოიწვია - არგენტინას ორ კვირაში ზედიზედ 4 მატჩის გამართვა მოუხდა, ირლანდიას კი, მეტი დასვენების საშუალება ჰქონდა.
აქედან მოყოლებული არგენტინის ნაკრების შედეგები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 2004 წელს “პუმებმა” ორჯერ დაამარცხეს არგენტინაში ჩასული უელსი, მარსელში (სადაც მანამდე საფრანგეთს არცერთი თამაში არ ჰქონდა წაგებული) აჯობა “ექვსი ერის” გამარჯვებულ საფრანგეთს - 24:14 და მხოლოდ ბოლო წუთზე გაშვებული ჯარიმით დამარცხდა ირლანდიაში (19:21). ამის შემდეგ, არგენტინა 7:39 დამარცხდა სამხრეთ აფრიკასთან, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მანამდე ნაკრების 10 წევრი ევროპულ კლუბებს დაუბრუნდა და “პუმები” შესუსტებული შემადგენლობით იყვნენ. 2005 წლის 23 მაისს, “პუმების” შესუსტებული შემადგენლობა, რომელსაც 25 წამყვანი მორაგბე აკლდა, ზელანდიური ტურნესთვის გამზადებულ “ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს” კარდიფში ეთამაშა. ავსტრალიელმა რეფერიმ შეხვედრას 8 წუთი დაამატა და ბოლო წუთზე ჯონ უილკინსონის მიერ გატანილმა ჯარიმამ, ბრიტანელები სირცხვილისგან იხსნა - შეხვედრა ფრედ 25:25 დასრულდა. იმავე წლის ნოემბერში არგენტინამ სამხრეთ აფრიკას უმასპინძლა და პირველ ტესტ-მატჩში 20:16 იმარჯვა. “პუმები” პირველი ტაიმის შემდეგ მეორე შეხვედრაშიც იგებდნენ, მაგრამ 23:34 დამარცხდნენ, ერთი კვირის შემდეგ კი, შოტლანდიას ესტუმრნენ და მასპინძლები 23:19 დაამარცხეს. 1990 წლიდან მოყოლებული, ეს იყო არგენტინელთა მე-5 გამარჯვება შოტლანდიის ნაკრებთან, ოდნავ მოგვიანებით კი, “ექვსი ერის” კიდევ ერთი ბინადარ იტალიას, გენუაში 39:22 სძლიეს.
2006 წელს უელსი არგენტინას შესუსტებული (სხვადასხვა მიზეზების გამო 20 წამყვანი მორაგბე აკლდა) შემადგენლობით ეწვია. არგენტინის ნაკრებმა პირველად ითამაშა პატაგონიის ქალაქ პუერტო მადრინში და 27:25 გაიმარჯვა. მომდევნო მატჩში ისინი ევროპელებს 45:13 ამარცხებდნენ, მაგრამ მატჩის მიწურულს ორი ლელო გაუშვეს და მხოლოდ 45:27 მოიგეს. იმავე წელს “პუმებმა” ახალ ზელანდიას უმასპინძლეს და დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად 19:25 დამარცხდნენ. ამავე პერიოდში მათ 2007 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევ შეხვედრაში ურუგვაი დაამარცხეს და საფრანგეთის მსოფლიოს თასის საგზური მოიპოვეს. 2006 წლის ტრიუმფალური სვლა, არგენტინამ თვიქნემში ინგლისის 25:18 ძლევით, იტალიის რომში წაქცევით და საფრანგეთის პარიზში ერთი ქულით დამარცხებით განაგრძეს.
2007 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების ეგიდით, არგენტინამ ორჯერ დაამარცხა ირლანდია (22:20 და 16:0), ერთხელ იტალია 24:6, მერე ჩილე გაანადგურა 70:14 და კარდიფში დამარცხდა უელსთან 20:27. საფრანგეთში “პუმები” ეგრეთწოდებულ “სიკვდილის ჯგუფში” მოხვდნენ. მეექვსე მსოფლიო თასი არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებების შეხვედრით გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ არგენტინელებს მესამედ უწევდათ მსოფლიო თასის მასპინძელ გუნდთან გახსნითი შეხვედრის ჩატარება. მიუხედავად პროგნოზებისა, “პუმებმა” დიდებულად ითამაშეს, პირველი ტაიმი 17:9 მოიგეს, მეორე ნახევარში უპირატესობა შეინარჩუნეს და პირველივე შეხვედრაში სენსაცია გამოაცხეს - 17:12. ამას არგენტინელთა მიერ საქართველოს 33:3 დამარცხება მოყვა, მერე კი, მათ მსოფლიო თასზე ყველაზე დიდი ანგარიშით იმარჯვეს და ნამიბია 63:3 გაანადგურეს. ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში არგენტინამ კიდევ უფრო კარგად ითამაშა, ირლანდიას ორი ლელო, ერთი რეალიზაცია და სამ-სამი ჯარიმა და არეკნი გაუტანა, რის შედეგადაც 30:15 იმარჯვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მეოთხედფინალში “პუმებმა” “სტად ფრანსეზე” შოტლანდია 19:13 დასცეს, მაგრამ ამავე სტადიონზე, თასისკენ მათი წარმოუდგენელი სვლა ნახევარფინალში მომავალმა ჩემპიონმა სამხრეთ აფრიკამ შეაჩერა - 13:37. მიუხედავად ამისა, არგენტინელებმა მობილიზება მოახერხეს და ზედიზედ მეორედ დაამარცხეს მასპინძელი საფრანგეთი, ამჯერად უფრო დამაჯერებელი ანგარიშით 34:10 და მსოფლიო თასზე თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ამით მათ ირლანდიას, რომელსაც აქამდე ნახევარფინალი არასდროს უთამაშია, შოტლანდიას, ვისი საუკეთესო შედეგიც მეოთხე ადგილია და გაუთანაბრდნენ უელსს, რომელმაც მესამე ადგილი შორეულ 1987 წელს დაიკავა.
არგენტინელთა წარმატებამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა ესპანურენოვან ქვეყნებში, მას გულშემატკივრობდნენ ურუგვაიში, ჩილეში და თვით ესპანეთშიც კი. აღსანიშნავია, რომ 2007 წლის ამ მონაკვეთში, არგენტინულმა რაგბიმ ფეხბურთი დაჩრდილა და ქვეყნის ჩემპიონატის უმნიშვნელოვანესი ელ-კლასიკო, მხოლოდ იმის გამო გადაიდო, რომ ის არგენტინის მორაგბეთა ნაკრების მეოთხედფინალურ შეხვედრას ემთხვეოდა. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამავე წლის ნოემბერში, IRB-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2008 წლიდან არგენტინას ძლიერ სარაგბო ქვეყნებთან მინიმუმ ცხრა ტესტ-მატჩის ჩატარების უფლება მიენიჭა. ქვეყანას გაეზარდა ფინანსური დახმარება, რათა იქ განვითარდეს შიდა პირველობა და უმთავრესი - გადაწყდა, რომ 2012 წლიდან არგენტინა სამხრეთ ნახევარსფეროს ბობოლა ქვეყნებს, ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკას და ავსტრალიას შეუერთდება და “სამი ერი” “ოთხ ერად” გადაკეთდება. და ბოლოს, მსოფლიო თასზე მიღწეული წარმატების შედეგად, არგენტინამ მსოფლიო რეიტინგში თავის საუკეთესო ადგილს უწია და სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის შემდეგ, მესამე ადგილამდე აღზევდა, რომელიც მომავალ წელს შოტლანდიის 21:15 დამარცხების შედეგად შეინარჩუნეს, მაგრამ მერე ნელ-ნელა პოზიციები დათმეს.
დღეისათვის, არგენტინული რაგბი განსაკუთრებით ბუენოს-აირესში და TUCUMAN-ის რეგიონშია (იქ სპორტის ეს სახეობა ფეხბურთზე უფრო პოპულარულია) განვითარებული. ქვეყანაში, ბოლო ოთხ წელიწადში, კლუბების რაოდენობა 80-დან 387-მდე გაიზარდა, რეგისტრირებულ მორაგბეთა რიცხვმა კი, 100 ათასს გადააჭარბა. და მაინც, არგენტინელთა მთავარი პრობლემა მაღალი დონის მორაგბეების მიგრაციაა. ისინი ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ სანაკრებო შეხვედრებზე ჩასვლას და ამის გამო, “პუმებს” ტესტ-მატჩებში სასურველი შედეგების ჩვენება უჭირთ. დღემდე არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა, 342 ჩატარებული საერთაშორისო შეხვედრიდან 192 მოიგო, ცხრა ფრედ დაასრულა და 141 მატჩში მარცხი განიცადა. ერთადერთი გუნდი, რომელთანაც არგენტინელებს დღემდე გამარჯვებისთვის არ მიუღწევიათ, ახალი ზელანდიის ნაკრებია. ყველაზე დიდი სხვაობით, “პუმები” სწორედ “ოლ ბლექსთან” დამარცხდნენ. ეს 1997 წელს მოხდა (8:93). თავის მხრივ, არგენტინელებმა სარეკორდო ანგარიშით 2002 წელს, პარაგვაისთან იმარჯვეს - 152:0. ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 87 შეხვედრა ლისანდრო არბიზუს აქვს ჩატარებული, საუკეთესო ბომბარდირი 593 ქულით ჰუგო პორტაა, ხოლო საუკეთესო მელელოვე დიეგო კუესტა სილვა - 28 ლელო.
არგენტინის ნაკრებს 37 წლის სანტიაგო ფელანი ავარჯიშებს, რომელსაც “პუმების” შემადგენლობაში 44 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ამ გუნდის წევრი 1999 და 2003 წლების მსოფლიო თასებზე იყო. გუნდს გამოცდილი ფელიპე კონტეპომი უკაპიტნებს. ის 34 წლისაა, ნაკრების შემადგენლობაში 70-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული გუნდს 500-ზე მეტი ქულა შესძინა. გასული წელი მან “ტულონში” გაატარა, ახალი სეზონიდან კი, “სტად ფრანსეში” ითამაშებს. ის 2007 წელს წლის მორაგბედ დაასახელეს, ხოლო 2009 წელს “ლინსტერთან” ერთად ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირ “ჰეინეკენის თასის” მფლობელი გახდა. ფელანს ზელანდიაში გამოცდილი და ახალგაზრდა მორაგბეების ნაზავი მიყავს. ნაკრების მაისური ჯერ არ მოურგია და “პუმებში” დებიუტს მსოფლიო თასზე ელის სამი მორაგბე, ცხრა მოთამაშეს კი, ათ სანაკრებო შეხვედრაშიც არ აქვს მონაწილეობა მიღებული. სამაგიეროდ, გუნდშია 38 წლის ლედესმა, რომელსაც ზურგს 77 სანაკრებო მატჩი უმაგრებსზელანდიაში მიდის 35 წლის სკელსოც. არგენტინელ მორაგბეთა უმეტესობას, ქართველი ლეგიონერები კარგად იცნობენ, რადგან 17 მათგანი ფრანგული კლუბის ღირსებას იცავს, კიდევ ხუთი ინგლისურ კლუბში გამოდის, ხოლო დანარჩენები ჯერ ან უგუნდოდ არიან, ან არგენტინულ გუნდებში გამოდიან.
არგენტინის ნაკრები მსოფლიო თასზე ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:
შერკინება:
პატრისიო ალბასეტე (“ტულუზა”, საფრანგეთი), ნიკოლაი ვერგალო (“ტულუზა”, საფრანგეთი), მარკოს აიერსი (“ლუკასტრი”, ინგლისი), მაქსიმილიანო ბუსტოსი (“მონპელიე”, საფრანგეთი), ავგუსტინ კრევი (“მონპელიე”, საფრანგეთი), ხუან ფიგალო (“მონპელიე”, საფრანგეთი), ალეხანდრო კამპოსი (უგუნდო), მარტინ სკელსო (“აჟენი”, საფრანგეთი), მანუელ კარისა (“ბიარიცი”, საფრანგეთი), ხულიო კაბელო (“ტუკუმანი”, არგენტინა), ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე (“ტულონი”, საფრანგეთი), მარიანო გალარსა (უგუნდო), ხენარი ფესია (“ლონდონ ვასპსი”, ინგლისი), მარიო ლედესმა (უგუნდო), ხუან მანუელ ლეგუსამონი (ლიონი”, საფრანგეთი), როდრიგო რონსერო (სტად ფრანსე”, საფრანგეთი), ლეონარდო სენატორე (GEღ, არგენტინა);
უკანა ხაზი: ორასიო აგულა (“ლესტერ ტაიგერსი”, ინგლისი), მარსელო ბოსხი (“ბიარიცი”, საფრანგეთი), გონსალო კამაჩო (“ექსეტერი”, ინგლისი), ფელიპე კონტეპომი (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), გონსალო ტიესი (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), მარტინ როდრიგესი (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), სანტიაგო ფერნანდესი (“მონპელიე”, საფრანგეთი), ლუკას გონსალეს ამოროსინო (“მონპელიე”, საფრანგეთი), ავგუსტი ხოსიო (“ნიუმანი”, არგენტინა), ხუან იმჰოფი (“დანდესი”, არგენტინა), ალფრედო ლალანე (უგუნდო), ნიკოლას სანჩესი (“ბორდო”, საფრანგეთი), ტომას ვალეხოსი (“ჰარლექვინსი”, ინგლისი).
მწვრთნელი: სანტიაგო ფელანი

B ჯგუფი
ინგლისი
არგენტინა
შოტლანდია
საქართველო
რუმინეთი

10 სექტემბერი. დანიდინი
არგენტინა - ინგლისი
17 სექტემბერი. ინვერქარგილი
არგენტინა - რუმინეთი
25 სექტემბერი. ველინგტონი
არგენტინა - შოტლანდია
2 ოქტომბერი. პალმერსტონი
არგენტინა - საქართველო
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084644