ამბები

12:11 | 5.09.2011 | ნანახია 2348 - ჯერ

Top 14-ში ქართული დერბი არ შედგა

საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის ორი ყველაზე ქართული გუნდის დაპირისპირებისას, ერთი წუთიც არ იყო ისეთი, რომ მოედანზე ჩვენებური არ ყოფილიყო, მაგრამ ქართული დაპირისპირება მაინც არ შედგა.
“მონპელიეს” და “ბრივს” საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ორ-ორი “ბორჯღალოსანი” ჰყავთ მივლენილი - პირველს მამუკა გორგოძე და გოდერძი შველიძე, მეორეს კი, დავით ხინჩაგიშვილი და ვასილ კაკოვინი. სამაგიეროდ, “მონპელიეს” ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 72 წუთი გაატარა პირველხაზელმა გიორგი ჟღენტმა, ხოლო “ბრივის” პირველხაზელი იური ნატრიაშვილი, მოედანზე სწორედ 72-ე წუთზე, ჟღენტის შეცვლისთანავე გამოჩნდა.
პირველ ტურში ღირსეული თამაშის ფონზე “რასინგ მეტროსთან” წაგების შემდეგ, “მონპელიეს” საკუთარ მოედანზე წარმატების იმედი ჰქონდა, მაგრამ ამჯერად უკვე სამარცხვინო მარცხი განიცადა. გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ლიდერების, მათ შორის გორგოძის გარეშე, თამაში უჭირთ და მართლაც, “მონპელიედან” მსოფლიო თასზე სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებში ბევრი მორაგბე ითამაშებს, მაგრამ ეს გასასამართლებელ საბუთად მაინც ვერ გამოდგება, რადგან სანაკრებო დანაკლისი Top  14-ის ყველა გუნდს აქვს.
უშუალოდ ამ შეხვედრაში, რომელსაც 10 ათასამდე მაყურებელი დაესწრო, მასპინძლები უფრო უდისციპლინობამ დააზარალა. მათ ღირსეულად მხოლოდ 20-25-წუთიანი მონაკვეთი ჩაატარეს, დანარჩენ დროს კი, მოედანზე სტუმრები დომინირებდნენ. ანგარიში “ბრივმა” ჯარიმით გახსნა, შემდეგ მასპინძლები მოედანზე 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ და სტუმრებისგან კიდევ 2 ჯარიმა მიიღეს. მე-20 წუთიდან შესვენებამდე, “მონპელიემ” 3 საპასუხო ჯარიმა გაიტანა და წონასწორობა აღადგინა - 9:9. მე-2 ნახევრის დასაწყისში, გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, “ბრივი” წინ გავიდა, “მონპელიემ” ანგარიში ორ წუთში გაათანაბრა, მერე კი... მე-60 წუთამდე “ბრივმა” 2 ჯარიმა გამოიყენა, მერე სალელოვედ შეუტია და 63-ე და 65-ე წუთებზე, ფლანგებზე მიზანს მიაღწია და 28:12 იმარჯვა. ამრიგად, პირველ ტურში “აჟენთან” ბოლო წუთზე განცდილი მარცხის შემდეგ, “ბრივმა” ხასიათი მნიშვნელოვნად გამოიკეთა.
კიდევ ერთი ქართველი, რომელმაც Top 14-ის მე-2 ტურში ითამაშა, ბექა შეყლაშვილია, მისმა “აჟენმა” კი, მოახერხა და სტუმრად ისევ არ დამარცხდა. ამჯერად, ის “ბიარიცს” ეწვია და მე-20 წუთისთვის 2 ჯარიმით, 6:0 დაწინაურდა. მასპინძლებმა 2 საპასუხო ჯარიმა შესვენებამდე გაიტანეს, 59-ე წუთზე კი, ჯარიმითვე დაწინაურდნენ - 9:6. სწორედ ამის შემდეგ, 63-ე წუთზე, გამოჩნდა მოედანზე შეყლაშვილი, მისმა გუნდმა შეუტია და 73-ე წუთზე, “ბიარიცის” მესამეხაზელი ყვითლით დაისაჯა. პირველ ტურში, “ბრივთან” გამართულ შეხვედრაში, “აჟენმა” დასკვნით ხუთ წუთში 10 ქულა გააკეთა (ჯარიმა, ლელო და გარდასახვა) და 20:19 იმარჯვა. ამჯერად, “აჟენმა” მხოლოდ ჯარიმის გატანა მოახერხა, ანგარიში გაათანაბრა (9:9) და ორ ქულას დასჯერდა.
ქართული დერბი ვერც “ტულონისა” და “კლერმონის” დაპირისპირებაში შედგა, რადგან მათი ქართველი ლეგიონერებიც ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასისთვის ემზადებიან. “კლერმონმა” მასპინძელთა 14 ათასი გულშემატკივარი არად ჩააგდო, 4 ჯარიმა და ერთი ლელო გაიტანა, “ტულონს” ქულა არ ააღებნა და 17:0 იმარჯვა.
უქართველებოდ სძლია აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა” “სტად ფრანსეს”, რომელშიც ახლახანს ზურაბ ჟვანია ჩაირიცხა, მაგრამ ის ძირითად გუნდში ჯერ არ გამოჩენილა. რაც შეეხება “კასტრელ” ჩვენებურებს, გიორგაძე მსოფლიო თასისთვის ემზადება, ფეიქრიშვილი კი, ტრავმირებულია. “კასტრმა” თავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვა, ტაიმი 23:3 მოიგო, 70-ე წუთამდე კი, 28:3-ს იგებდა. მერე მასპინძლები ოდნავ მოეშვნენ, ლელო გაუშვეს და რეალიზაციაც ზუსტი აღმოჩნდა, მაგრამ დარჩენილ დროში თავისი მე-4 ლელო გაიტანეს, რეალიზაცია გამოიყენეს, 35:10 იმარჯვეს და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს.
ქვეყნის ჩემპიონ “ტულუზასთან” 9:19 დამარცხდა გურამ კავთიძის “ლიონი”, მაგრამ ქართველ ლეგიონერს ამაში ბრალი არ მიუძღვის - ის განაცხადშიც არ იყო. ჩემპიონი თავიდანვე დაწინაურდა და მიუხედავად Top 14-ის დებიუტანტის მცდელობისა, მან ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხა. ტურის სხვა შეხვედრებში, “რასინგ მეტრომ” თავისი მეორე გამარჯვება მოიპოვა, “პერპინიანი” 47:23 გაანადგურა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა, ხოლო “ბორდომ” “ბაიონს” 18:6 სძლია.
Top 14-ის მე-3 ტურის შეხვედრები 9-10 სექტემბერს გაიმართება.
სატურნირო მდგომარეობა: 1. რასინგ მეტრო - 9, 2. კლერმონი - 8, 3. აჟენი - 6, 4-7. ბრივი, კასტრი, ტულუზა, სტად ფრანსე - 5, 8-11. ტულონი, პერპინიანი, ბაიონი, ბორდო - 4, 12. ბიარიცი - 2, 13-14. ლიონი, მონპელიე - 0.

ზურა ქსოვრელი
მინაწერი - მონპელიე-ბრივი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08408