რაგბი, სპორტის ეს ულამაზესი, ვაჟკაცური სახეობა, XIX საუკუნის დასაწყისში ინგლისში დაიბადა. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ევროპაში და ზოგადად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ინგლისის ნაკრები ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. სწორედ ინგლისელებმა გაავრცელეს რაგბი დანარჩენ მსოფლიოში და ეს იმდენად კარგად გააკეთეს, განსაკუთრებით ახალ ზელანდიაში, ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში, რომ ახლა “სამხრეთელი გიგანტები” მათზე უკეთ ბურთაობენ. ინგლისის ნაკრები ერთადერთი ევროპული გუნდია, რომელმაც მსოფლიო თასი მოიპოვა (2003 წელს), ორჯერ ფინალში ითამაშა (1991 და 2007 წლებში), ერთხელ კი, მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა.
რაგბი 1823 წელს ინგლისელმა უილიამ ვებ ელისმა გამოიგონა და ამ დამსახურებისათვის მას ქვეყანამ და მთელმა მსოფლიომ პატივი ოდნავ მოგვიანებით მიაგო. ჯერ იყო და მას სამშობლოში ძეგლი დაუდგეს, მოგვიანებით კი, 1987 წელს დაარსებულ მსოფლიოს თასს Web Ellis Cup-ი ეწოდა და ოთხ წელიწადში ერთხელ, მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებები სწორედ ოვალური ბურთის გამომგონებლის სახელობის თასისთვის ეცილებიან ერთმანეთს. 1871 წელს, იმ დროს არსებული 21 ინგლისური სარაგბო კლუბი შეიყარა და ინგლისის რაგბის ასოციაცია დაარსა, მერე კი, ამ ქვეყნის ნაკრები პირველ საერთაშორისო შეხვედრაში შოტლანდიას შეხვდა და თავიანთივე მოგონილ თამაშში 1:4 დამარცხდა, თუმცა, მერე მეტოქეს ლონდონში უმასპინძლა და 8:3 მოგებით რევანშის აღება მოახერხა.
დღეისათვის, რაგბი ფეხბურთთან ერთად ინგლისში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. გამოთვლილია, რომ ამ ქვეყანაში 18 000 ფეხბურთის ფანზე, 14 000 რაგბის გულშემატკივარი მოდის და მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება (ოთხი წლის წინანდელი შეფარდებით, 17 000 ფეხბურთის ფანზე 10 000 ათასი რაგბის გულშემატკივარი მოდიოდა). პოპულარობის ზრდის გამო, ინგლისური კლუბები მათ დაქვემდებარებაში მყოფი სტადიონების ტევადობას მუდმივად ზრდიან. უნდა ითქვას, რომ რაგბის გულშემატკივართა რიცხვის ზრდა ბოლო წლებიდან შეინიშნება, თორემ 1970-იან წლებში, “ლესტერის” საშინაო შეხვედრებს 100-ზე მეტი მაყურებელი თითქმის არასოდეს ესწრებოდა. სამაგიეროდ, გულშემატკივარი არასდროს აკლდა ინგლისის ნაკრებს. ვარაუდობენ, რომ მაყურებელთა ინტერესის უეცარი აღზევება, სწორედ ნაკრების წარმატებას უკავშირდება, რომელმაც 2003 წლის მსოფლიოს თასის მოგებით ინგლისელები გვარიანად გაახარა. ისიც სათქმელია, რომ თუ ინგლისელი რაგბის გადამკვდარი ფანი არაა, რაგბის წესებში მაინცდამაინც ვერ ერკვევა და ამის გამო, უმრავლესობა თამაშს მხოლოდ გასართობად უყურებს და არა იმისათვის, რომ თამაში შეისისხლხორცოს და მომავალში ოვალური ბურთი თავად გაათამაშოს.
და მაინც, ინგლისში რეგისტრირებულ კლუბთა რაოდენობა ბოლო ოთხ წელიწადში 200-ით გაიზარდა და 2 099-ს მიაღწია, ყველა ასაკის მოთამაშეთა რიცხვმა კი, თითქმის მილიონნახევრით იმატა და ბოლო მონაცემებით 2 549 196 ადამიანამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში 34 558 რეფერია რეგისტრირებული და ეს მაჩვენებელი ბევრად მეტია საქართველოში, რუსეთში, რუმინეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, კანადასა სხვა ქვეყნებში რეგისტრირებული მოთამაშეთა რაოდენობაზე. 12 საუკეთესო ინგლისური კლუბი, უმაღლეს დონეზე ორგანიზებულ, ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს შიდა ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, კლუბები ყოველწლიურად თამაშობენ ევროპის უძლიერეს საკლუბო ტურნირ Heineken Cup-ზე, სადაც ინგლისი ყოველწლიურად ექვსი-შვიდი გუნდითაა წარმოდგენილი, რანგით მეორე ევროპის საკლუბო ტურნირ Challenge Cup-ზე კი, ის 5-6 გუნდი გადის, რომელიც “ჰეინეკენის თასზე” ვერ ხვდება. აღსანიშნავია, რომ “ჰეინეკენის თასის” განვლილი 16 გათამაშებიდან, ყველაზე მეტი, ექვსი გამარჯვება, სწორედ ინგლისურმა კლუბებმა მოიპოვეს (ხუთ-ხუთჯერ იმარჯვეს ფრანგებმა და ირლანდიელებმა). “ჩელენჯ ქაფ”-ზე ინგლისურ კლუბებს უფრო დიდი მიღწევები აქვთ - მათ ეს ტიტული ცხრაჯერ აღმართეს.
როგორც ზევით ვახსენეთ, ინგლისის ნაკრებმა თავისი პირველი ოფიციალური შეხვედრა 1871 წლის 27 მარტს შოტლანდიის წინააღმდეგ გამართა და 1:4 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მაშინ ქულათა დარიცხვის ჩამოყალიბებული სისტემა არ არსებობდა, ის მხოლოდ 1890 წლიდან დადგინდა და ლელო ან არეკნი ერთ ქულად ითვლებოდა. ეს იყო არა მხოლოდ ინგლისის ნაკრების პირველი შეხვედრა, არამედ პირველი საერთაშორისო შეხვედრა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მომავალ წელს ინგლისელებმა შოტლანდიას ლონდონში უმასპინძლეს და რევანში აიღეს, მომდევნო შეხვედრა კი, ინგლისის ნაკრებმა მხოლოდ სამი წლის შემდეგ გამართა. ისინი ირლანდიას 1875 წელს ეთამაშნენ (ეს ირლანდიის ნაკრების პირველი საერთაშორისო შეხვედრა გახლდათ) და მეტოქე 7:0 დაამარცხეს. 1880 წელს, ინგლისმა შოტლანდიას სძლია და Calcutta Cup-ის (დღემდე თამაშდება ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებების ურთიერთშეხვედრების დროს) პირველი გამარჯვებული გახდა. მომავალ წელს ინგლისელები უელსს პირველად ეთამაშნენ და იმ პერიოდისთვის სარეკორდო გამარჯვება მოიპოვეს - 30:0. 1883 წელს დღევანდელი “ექვსი ერის” წინამორბედი გათამაშება - “ოთხი ერი” (სადაც ინგლისის, შოტლანდიის, ირლანდიის და უელსის ნაკრებები თამაშობდნენ) დაარსდა და პირველი თასი ინგლისმა მოიპოვა, თანაც ყველა მეტოქეს აჯობა და Triple Crown-ი დაიმსახურა (ამ ტიტულს დღესაც იღებს ის გუნდი, რომელიც წლის განმავლობაში ამ ოთხეულში სამივე მეტოქეს დაამარცხებს). ეს შედეგი ინგლისმა მომავალ წელსაც აჩვენა, 1885 წელს გათამაშება არ შედგა, 1886 წელს კი, ინგლისმა გამარჯვებულის სახელი შოტლანდიასთან გაინაწილა.
1889 წელს ინგლისმა პირველად ითამაშა არა “ოთხი ერის” გუნდთან და ახალი ზელანდიის გუნდი 4 ლელოთი და ერთი არეკნით დაამარცხა. 1905 წელს ინგლისის ნაკრები ახალ ზელანდიასთან 0:15 დამარცხდა (ამ დროისთვის ერთი ლელო სამ ქულად ფასობდა), მომდევნო წელს ისინი პირველად შეხვდნენ საფრანგეთს, ოდნავ მოგვიანებით კი, სამხრეთ აფრიკასაც პირველად დაუპირისპირდნენ და მათთან ფრედ 3:3 ითამაშეს. აღსანიშნავია, რომ იმ მატჩში აფრიკელებმა ინგლისელთა შავკანიანი მოთამაშის წინააღმდეგ თამაშზე უარი განაცხადეს და ჯეიმს პეტერსი შემადგენლობაში ვერ მოხვდა. 1909 წელს ინგლისმა ძალები ავსტრალიასთან მოსინჯეს და 3:9 დამარცხდა. 1910 წელს ლონდონის “თვიქნემის” სტადიონი გაიხსნა და ინგლისის ნაკრების ოქროს ხანა დაიწყო. პირველ საერთაშორისო შეხვედრაში “ვარდებმა” (ინგლისის ნაკრების თიკუნი, რადგან მათ მაისურზე ვარდი აქვთ გამოსახული) თვიქნემში (დღეისათვის ლონდონში მდებარე ეს სტადიონი 82 000 მაყურებელს იტევს და ინგლისის ნაკრების საშინაო შეხვედრებს მასპინძლობს) უელსი დაამარცხეს და იმ წელს, 1892 წლიდან მოყოლებული, პირველად მოიპოვეს “ხუთი ერის” პირველობა (1910 წლიდან, ინგლისს, შოტლანდიას, ირლანდიას და უელსს საფრანგეთიც შეუერთდა და გათამაშება “ხუთ ერად გადაკეთდა”). მართალია, მომდევნო წელს მათ ეს ტიტული ვერ შეინარჩუნეს, მაგრამ 1912 წელს გამარჯვება ირლანდიასთან გაინაწილეს, 1913 და 1914 წლებში კი, Grand Slam-ი (“ხუთი ერის” პირველობაზე ყველა შეხვედრის მოგება) მოიპოვეს. ეს მიღწევა ინგლისმა პირველი მსოფლიოს ომის შემდეგ 1921, 1923 და 1924 წელსაც გაიმეორა.
1925 წელს თვიქნემში ინგლისი 60 000 გულშემატკივარის თვალწინ ახალ ზელანდიასთან დამარცხდა, 1928 წელს მორიგი “ხუთი ერის” პირველობა და Gრანდ შლამ-ით მოიგო, 1931 წელს კი, სამხრეთ აფრიკასთან თვიქნემში სტადიონზე უკვე 70 000 მაყურებელი მოაგროვა (მაშინ ეს სტადიონი მეტ გულშემატკივარს ვერ იტევდა). 1932 წლიდან საფრანგეთი პროფესიონალურ რელსებზე გადასვლის გამო “ხუთი ერის” პირველობიდან მოკვეთეს და 1934 და 1937 წლებში ინგლისმა “ოთხ ერზე” Triple Crown-ი შეასრულა, 1935 წელს კი, ახალი ზელანდიის ნაკრებთან პირველი გამარჯვება მოიპოვა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც საფრანგეთი “ხუთი ერის” პირველობაზე ისევ დაუშვეს, 1947 წელს ინგლისმა გამარჯვებულის სახელი უელსთან გაიყო, 1950-51 წლების გათამაშებებში კი, ინგლისმა მხოლოდ ერთადერთი გამარჯვება მოიპოვა. 1952 წელს ინგლისი პირველად ეწვია სამხრეთ აფრიკას და 3:8 დამარცხდა, მომდევნო წელს “ხუთ ერზე” იპირველა, მერე კი, ამავე გათამაშებაში 1957 წელს Grand Slam-ი შეასრულა და 1958 წლის გათამაშების გამარჯვებულიც გახდა. 1963 წელს ინგლისმა “ხუთ ერზე” საფრანგეთის ოთხწლიანი ჰეგემონია დაამხო, მაგრამ ამ ათწლეულში მეტი ტიტული ვეღარ მოიპოვა. იმავე წელს ისინი ტურნეში გაემგზავრნენ და ახალ ზელანდიასთან 11:21 და 6:9, ხოლო ავსტრალიასთან 9:18 დამარცხდნენ.
სამაგიეროდ მათ 1972 წელს სამხრეთ აფრიკასთან, 1973 წელს ახალი ზელანდიასთან და 1976 ავსტრალიასთან გამარჯვებების მოპოვება მოახერხეს, 1973 წლის “ხუთ ერზე” კი ყველა გუნდმა თანაბარი რაოდენობის გამარჯვებები მოიპოვა და ხუთივე ქვეყანამ გამარჯვებულის ტიტული გაინაწილა. წინა წლის “ხუთი ერის” პირველობა იმის გამო ჩაიშალა, რომ ირლანდიური ტერორისტული ორგანიზაცია IRA-ს მუქარის გამო შოტლანდიამ და უელსმა დუბლინში ჩასვლა იუარეს. სამაგიეროდ დუბლინს თავად ინგლისის ნაკრები ესტუმრა და ამ თამამი ნაბიჯის გამო, ირლანდიელი მაყურებლისგან მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურეს, რომელიც ინგლისის ნაკრების გამოჩენისთანავე, თამაშის დაწყებიდან დაახლოებით 10 წუთი გრძელდებოდა - “ვარდებმა” შეხვედრა 9:18 დათმეს.
80-იანი წლები ინგლისმა “ხუთ ერზე” Gრანდ შლამ-ის მოგებით დაიწყო, პირველი Grand Slam-ი ბოლო 23 წლის განმავლობაში, თუმცა 1983 წელს ერთი შეხვედრაც ვერ მოიგო და ბოლო ადგილი დაიკავა. აქედან მოყოლებული ინგლისის ნაკრებში გარკვეული კრიზისი დაიწყო. ისინი ვერც “ხუთ ერზე” თამაშობდნენ დამაჯერებლად და თავი 1987 წლის პირველ მსოფლიო თასზეც შეირცხვინეს. მსოფლიოს თასის სადებიუტო შეხვედრაში “ვარდები” მასპინძელ ავსტრალიასთან 6:19 დამარცხდნენ, ჯგუფის დანარჩენ ორ შეხვედრაში იაპონიას (60:7) და აშშ-ს (34:6) სძლიეს და მეოთხედფინალში გააღწიეს, მაგრამ იქ უელსთან 3:16 წააგეს და ტურნირი უსახელოდ დატოვეს. 1989 წლის ბოლოდან ინგლისურმა რაგბიმ მორიგი აღზევება დაიწყო, რუმინეთის და ფიჯის ძლევის შემდეგ, 1990 წლის “ხუთ ერზე” სამი შეხვედრა მოიგეს, მხოლოდ შოტლანდიასთან დამარცხდა და Grand Slam-ი მათ გადაულოცა.
სამაგიეროდ მომდევნო წელს Grand Slam-ი უკვე აღარავის დაუთმო (პირველი 1980 წლიდან მოყოლებული) და 1991 წლის მსოფლიო თასს, რომელსაც ინგლისმა უმასპინძლა, იმედიანად შეხვდა. მართალია მათ ჯგუფური ეტაპი ახალ ზელანდიასთან 12:18 მარცხით დაიწყეს, მაგრამ იტალიას (36:6) და აშშ-ს (37:9) დამაჯერებლად გაუსწორდნენ და მეოთხედფინალში საფრანგეთის წინაშე წარდგნენ. ჩემპიონატის ოფიციალური მასპინძელი ინგლისი კი გახლდათ, მაგრამ შეხვედრები “ხუთი ერის” მონაწილე ხუთივე ქვეყანაში იმართებოდა და მატჩს პარიზის “პარკ დე პრენსმა” უმასპინძლა. მიუხედავად ამისა, ინგლისმა საკუთარი უპირატესობა გასვლაზეც დაამტკიცა და 19:10 იმარჯვა, ნახევარფინალში შოტლანდიას ედინბურგში ეწვია და დაძაბულ ბრძოლაში 9:6 გამარჯვებით ფინალში გააღწია, სადაც თვიქნემში ავსტრალიას დაუპირისპირდა. მიუხედავად გულშემატკივართა მხურვალე მხარდაჭერისა 6:12 დამარცხდა და იმ ჯერზე მხოლოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა, მაგრამ ავსტრალიასთან მსოფლიო თასზე შინაურ კედლებში განცდილი მარცხის გამო, ჯავრი მოგვიანებით იყარა.
მომდევნო წელს ინგლისმა Grand Slam-ი კვლავ მოიპოვა. იმ წელს “ვარდებმა” სამხრეთ აფრიკაც დაამარცხეს და წელიწადი დაუმარცხებლად ჩაამთავრეს. 1995 წლის მსოფლიოს თასის დაწყებამდე, ინგლისმა ბოლო ხუთ წელიწადში მესამე Grand Slam-ი მოიპოვა და სამხრეთ აფრიკას Web Ellis Cup-ის მოპოვების იმედით ესტუმრა. ჯგუფურ ეტაპზე ინგლისმა სამი მძიმე შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ სამივეში გამარჯვება მოიპოვა (არგენტინასთან 24:18, იტალიასთან 27:20 და დასავლეთ სამოასთან 44:22) და პირველი ადგილი დაიკავა, მეოთხედფინალში წინა მსოფლიოს თასზე თავის გამამწარებელ ავსტრალიას დაუპირისპირდა და მეტოქე რობ ენდრიუს არეკნის წყალობით 25:22 დაამარცხა, თუმცა ნახევარფინალში ახალ ზელანდიელი ჯონა ლომუს ოთხ ლელოს ვერაფერი მოუხერხა, 29:45 დამარცხდა და ამ შეხვედრებს იმდენი ენერგია შეალია, რომ მესამე ადგილისთვის მატჩში საფრანგეთთანაც დამარცხდა - 9:19.
1996 წელს ინგლისმა “ხუთი ერი” Triple Crown-ით მოიგო, 1997 წელს ახალ ზელანდიას გასვლაზე ფრედ ეთამაშა, მომავალ წელს კი, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკაში ტურნეზე გამგზავრება გადაწყვიტა, მაგრამ ჯობდა არ გამგზავრებულიყო. 1998 წლის 6 ივნისს “ვარდების” დაცვა ავსტრალიას “გაეფურჩქნა” და თავისთვის სარეკორდო, შემარცხვენელი ანგარიშით 0:76 დამარცხდა. ინგლისმა ვერც 1999 წლის მსოფლიოს თასზე იყოჩაღა. ოფიციალური მასპინძელი უელსი გახლდათ, მაგრამ ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრა ინგლისმა ლონდონში ჩაატარა, იტალია (67:7) და ტონგა (101:10) დაამარცხა, თუმცა ახალ ზელანდიასთან დამარცხდა (16:30) და რადგან იმ წელს მსოფლიოს თასი ახალი სისტემით იმართებოდა, ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებით მეოთხედფინალის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდა. აქ ინგლისმა ფიჯის ლონდონში 45:24 მოუგო, მაგრამ მეოთხედფინალში სამხრეთ აფრიკას ვეღარ აჯობა, პარიზში 21:44 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
2000-იანი წლების დასაწყისი ინგლისის ნაკრებისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა. 2000 წელს სადებიუტო “ექვსი ერის” თასი (“ხუთი ერის” ქვეყნებს იტალია დაემატა) ინგლისმა მოიპოვა. მათ ტიტული მომდევნო წელსაც შეინარჩუნა, თუმცა ბოლო შეხვედრაში დუბლინში ირლანდიასთან 14:20 დამარცხდა და Grand Slam-ი ვერ მოიპოვა. ამავე პერიოდში ინგლისელებმა რუმინეთი 134:0 გაანადგურეს და თავიანთთვის სარეკორდო გამარჯვება ჩაიწერეს. 2002 წლის “ექვსი ერის” პირველობა საფრანგეთმა მოიგო, ინგლისს მეორე ადგილი და Triple Crown-ი დარჩა. ამავე სეზონში მათ ბუენოს-აირესში დაამარცხეს არგენტინა, მერე კი თვიქნემში ერთმანეთის მიყოლებით ახალი ზელანდია, ავსტრალია და სამხრეთ აფრიკა მოინელეს. 2003 წელს ინგლისმა 1995 წლიდან მოყოლებული პირველად მოიგო Grand Slam-ი, ივნისის ტესტებში კი, ავსტრალიას და ახალ ზელანდიას სძლია.
2003 წლის მსოფლიოს თასს ავსტრალიამ უმასპინძლა და იქ ინგლისი უძლეველი ნაკრებით წარდგა. “ვარდებმა” ჯგუფური ეტაპი საქართველოს 84:6 ძლევით დაიწყეს, შემდეგ სამხრეთ აფრიკას( 25:6), სამოას (35:22) და ურუგვაის (111:13) აჯობეს და მეოთხედფინალში გავიდნენ. უელსელთა სამი ლელოს საპასუხოდ, ინგლისმა მხოლოდ ერთის გატანა მოახერხა, მაგრამ მათმა 10-მა ნომერმა ჯონ უილკისონმა, ერთ გარდასახვასთან ერთად, 6 ჯარიმა და ერთი არეკნი ზუსტად შეასრულა და საკუთარ გუნდს 28:17 მოაგებინა. ფრანგებთან გამართულ ნახევარფინალში ისევ უილკინსონმა იყოჩაღა, 5 ზუსტ ჯარიმას 3 არეკნი მიაყოლა და 24:7 მოგებით, ინგლისი ფინალში მასპინძელ ავსტრალიის წინაშე წარსდგა. ფინალს სიდნეიში 82 957 მაყურებელი დაესწრო. ინგლისელებს კარგად ახსოვდათ 1991 წელი, როდესაც ავსტრალიამ მათ ჩემპიონის ტიტული თვიქნემში გამართულ ფინალში ააწაპნა და რევენშის წყურვილი კლავდათ. გუნდებმა ძირითად დროში თითი-თითო ლელო და 4-4 ჯარიმა გაიტანეს და ძირითადი დრო 17:17 დასრულდა. დაინიშნა დამატებითი დრო და მის ბოლო წუთზე, როდესაც დამატებითი დროის დასრულებამდე 21 წამი რჩებოდა, უილკინსონმა ზუსტი არეკნი შეასრულა და ინგლისს Web Ellis Cup-ი პირველად მოაპოვებინა. ინგლისი სამშობლოში 8 დეკემბერს დილაუთენია დაბრუნდა, თუმცა, დროის მიუხედავად აეროპორტში მათ 750 000 გულშემატკივარი ელოდებოდა. გულშემატკივრებმა საკუთარი გმირები ბუკინგემის სასახლემდე, დედოფალ ელიზაბეტ მეორესთან დიდი ზარ-ზეიმით მიაცილეს. უილკინსონი 2003 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ ქვეყნის გმირად იქცა. მთლიანობაში, მან ტურნირზე ყველაზე მეტი - 113 ქულა მოაგროვა, ინგლისს კი, სწორედ მისმა ზუსტმა ჯარიმებმა და არეკნებმა მოუტანა სანუკვარი თასი.
ამის შემდეგ ინგლისის ნაკრების საქმეები მთლად კარგად ვერ აეწყო. გუნდმა 2004 წლის “ექვსი ერი” საფრანგეთს დაუთმო, ირლანდიასაც ჩამორჩა და მხოლოდ მე-3 ადგილზე გავიდა. 2005 წელს მთავარ მწვრთნელად ის ენდი რობინსონი დაინიშნა, რომელიც ამჟამად შოტლანდიის ნაკრების თავკაცია. რობინსონის სადებიუტო “ექვს ერზე”, ინგლისმა მხოლოდ მე-4 ადგილი დაიკავა, თუმცა, ამავე წელს დაამარცხა ავსტრალია 26:16 და მცირედით დამარცხდა ახალ ზელანდიასთან 19:23. 2006 წელს შედეგები კიდევ უარესი იყო. წლის ბოლოს ინგლისი სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა და წლის ჯამით 9 ტესტიდან 8-ში მარცხი განიცადა, რაც ინგლისის ნაკრების ყველაზე ცუდი შედეგია. ასეთი ცუდი შედეგების გამო, რობინსონმა დაკავებული თანამდებობა დატოვა და მისი ადგილი ბრაიან ეშტონმა დაიკავა, მაგრამ შედეგები არ გაუმჯობესებულა. “ვარდები” 2007 წლის “ექვს ერში” ჩაებნენ და შოტლანდიის ძლევით ჩალცუტტა ჩუპ-ი მოიპოვა, მაგრამ ირლანდიასთან ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხდა 13:43, მერე უელსთანაც წააგეს და საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრებების შემდეგ, მხოლოდ მე-3 ადგილი დაიკავა. ინგლისელებმა ხასიათი მსოფლიო თასისთვის მზადების ეტაპზე გამოიკეთეს, როდესაც უელსს ამ გუნდებს შორის გამართულ შეხვედრებში ყველაზე დიდი სხვაობით - 62:5 აჯობა. შეხვედრა თვიქნემში გაიმართა. უნდა ითქვას, რომ უელსმა რამდენიმე წამყვანი მორაგბე მოისაკლისა, რის გამოც მწარედ დაისაჯა და საკუთარ ჩათვლის მოედანში 9 ლელო მიიღო. 2007 წლის მსოფლიო თასი, ინგლისმა აშშ-ს 28:10 ძლევით დაიწყო, მაგრამ მომავალ მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან ვერაფერს გახდა და 0:36 შერცხვა. სამაგიეროდ, ინგლისმა იმარჯვა დარჩენილ ორ შეხვედრაში, სამოა 44:22, ხოლო ტონგა 36:20 დასცა და მეოთხედფინალში გავიდა. ავსტრალიასთან გამართულ მატჩში კიდევ ერთხელ იყოჩაღა უილკინსონმა. მან თითო ტაიმში ორ-ორი ჯარიმა გაიტანა და ინგლისმა პირველი ნახევრის 6:10 დათმობის შემდეგ, ჯამში 12:10 იმარჯვა. ნახევარფინალი კვლავ ჯონ უილკინსონის ბენეფისად იქცა. “სტად ფრანსეზე”, 80 ათასზე მეტი მაყურებლის თვალწინ, მან დასკვნით ხუთ წუთში ჯერ ჯარიმა, სამ წუთში კი, არეკნი გაიტანა და მასპინძლებთან თითქმის წაგებული შეხვედრა შემოატრიალა. ინგლისმა საფრანგეთი 14:9 დაამარცხა და ფინალში ჯგუფურ ეტაპზე შერცხვენილი სამხრეთ აფრიკის წინაშე წარსდგა. ამჯერად უილკინსონის ჯადომ ვეღარ გაჭრა, მის ორ ჯარიმას პერსი მონტგომერმა ოთხით, ხოლო ფრანსუა სტეინმა ერთი ჯარიმით უპასუხა და “სპრინგბოკმა” 15:6 იმარჯვა. მიუხედავად ამისა, ინგლისელებისგან იმ წელს ასეთ წარმატებას არავინ ელოდა და “ვარდების” მხრიდან ვერცხლის მედლების მოპოვება, გმირობის ტოლფას მიღწევად ჩაითვალა. ასეთი შედეგი დიდწილად სწორედ უილკინსონის ფეხით თამაშის განსაკუთრებულმა უნარმა განაპირობა. უილკინსონს მსოფლიო თასებზე 249 ქულა მოუგროვდა და ის ამ ტურნირების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ამასთან, 2007 წლის მსოფლიო თასის ნახევარფინალში, 40 მეტრიდან ფრანგებთან გატანილი მისი არეკნი, მსოფლიო თასებზე სარეკორდო, მე-13 აღმოჩნდა იყო. გარდა ამისა, უილკინსონი ერთი ხანობა ტესტ-მატჩების საუკეთესო ბომბარდირიც იყო, ახლა კი, მხოლოდ ზელანდიელ დენ კარტერს ჩამორჩება და 1 218 ქულით მეორე ადგილზეა.
2008 წლის “ექვს ერზე”, ინგლისმა ორი თამაში წააგო - უელსთან და შოტლანდიასთან და რობინსონი დაკავებული თანამდებობიდან მისი ადგილი კი, მარტინ ჯონსონმა დაიკავა. მართალია გასული ორი წლის “ექვს ერზე” ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ინგლისი მიღწევებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ წელს “ვარდებმა” კარგი თამაში აჩვენეს და პირველი ადგილი არავის დაუთმეს. ინგლისი მხოლოდ დასკვნით შეხვედრაში, ირლანდიასთან დამარცხდა 8:24 და Grand Slam-ს ამის გამო ვერ შეწვდა, მანამდე კი, უელსი სტუმრად 26:19, იტალია შინ 59:13, საფრანგეთი 17:9 და შოტლანდია 22:16 დაამარცხა. გარდა ამისა, გასული წლის ნოემბრის ტესტ-მატჩებში, ინგლისელებმა ავსტრალიას 35:18 აჯობეს, თუმცა, დამარცხდნენ ზელანდიასთან (16:26) და სამხრეთ აფრიკასთან (11:21). წელს აგვისტოში, “ვარდებმა” სამი საკონტროლო თამაში გამართეს. უელსს ლონდონში 23:19 მოუგეს, მაგრამ კარდიფში 9:19 დამარცხდნენ, ირლანდიას კი, დუბლინში 20:9 სძლიეს და “ექვს ერზე” განცდილი მარცხისთვის რევანში აიღეს.
სულ ინგლისის ნაკრებს 644 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მათგან 255-ში გამარჯვება მოიპოვა, 49 ფრედ დაასრულა, 253 შემთხვევაში კი, მარცხი განიცადა. ყველაზე დიდი ანგარიშით მათ 2001 წელს რუმინეთთან იმარჯვეს (134:0), ხოლო 1998 წელს ყველაზე დიდი სხვაობით თავად დამარცხდნენ - 0:76 ავსტრალიასთან. ინგლისის ნაკრებს “ექვსი ერი” და მისი წინამორბედი ტურნირები ყველაზე მეტჯერ, 26-ჯერ აქვს მოგებული, 10-ჯერ კი, ტიტული სხვა გუნდებთან გაინაწილა. “ვარდების” ანგარიშზე 12 Grand Slam-ი და 23 Triple Crown-ია. გუნდს 41 წლის მარტინ ჯონსონი ავარჯიშებს, რომელიც 1993-2003 წლებში თავად იყო ინგლისის ნაკრების წევრი და 84 შეხვედრაში ორი ლელო გაიტანა. ნაკრების კვართი მეტჯერ, 114-ჯერ ჯეისონ ლეონარდს აქვს მორგებული (1990-2004 წლები), ხოლო გუნდის ბომბარდირი ჯონ უილკინსონია. აღსანიშნავია, რომ მან ინგლისის ნაკრებში 83 შეხვედრა ჩაატარა და 1141 ქულა გააკეთა, კიდევ 67 ქულა კი, “ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების” შემადგენლობაში თამაშისას მოინაგრა (6 თამაში). ნაკრების ისტორიაში 49 ლელოთი საუკეთესო მელელოვე რორი უნდერვუდია.
ახალ ზელანდიაში ნაკრებს 33 წლის ლუის მუდი უკაპიტნებს, რომლის ანგარიშზეც 67 სანაკრებო შეხვედრაა. გუნდის ყველაზე მხცოვანი მოთამაშე 38 წლის საიმონ შოუა, ყველაზე ახალგაზრდა კი, 20 წლის მანუ ტუილაგი, რომელიც სამოაში დაბადებული, მაგრამ ინგლისის ნაკრებში თამაში უკვე მოასწრო, რამდენიმე ლელოც გაიტანა და მსოფლიო თასზე ევროპელების სახელით ითამაშებს. დღეისათვის ინგლისის ნაკრებს 82,89 სარეიტინგო ქულა აქვს და მსოფლიო რეიტინგში საფრანგეთის შემდეგ მეხუთე ადგილს იკავებს. მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მეტოქეთაგან, ინგლისი 15-ჯერ ეთამაშა არგენტინას, 10 შეხვედრა მოიგო, ოთხჯერ დამარცხდა, ერთი დაპირისპირება კი, ფრედ დასრულდა, 128 თამაშიდან 68-ში იმარჯვა შოტლანდიასთან (42 მარცხი, 18 ფრე), ოთხიდან ოთხივე მოუგო რუმინეთს, ხოლო საქართველოს 2003 წლის მსოფლიო თასზე ეთამაშა და 84:6 იმარჯვა. ინგლისს უარყოფითი ბალანსი მხოლოდ სამ სამხრეთელ გრანდთან აქვს - ახალ ზელანდიას 6-ჯერ მოუგო, ერთხელ ფრედ ეთამაშა და 27-ჯერ დამარცხდა, ავსტრალიასთან 16 თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და 23 მარცხი განიცადა, ხოლო სამხრეთ აფრიკასთან 12 მოგების და ერთი ფრის წილ, 19 მარცხი დაუგროვდა.
მარტინ ჯონსონ ახალ ზელანდიაში ასეთი შემადგენლობა მიყავს:
უკანა ხაზი: დელონ ერმითეიჯი, შონთაინ ჰეპი (ორივე “ლონდონ აირიში”), ბენ ფოდენი, კრის ეშტონი (ორივე “ნორთჰემპტონი”), მარკ კუეტო (“სეილ შარქსი”), მეტ ბანაჰანი (“ბათი”), მაიკ ტინდოლი (“გლოსტერი”), მანუ ტუილაგი, ტობი ფლუდი, ბენ იანგსი (სამივე “ლესტერ ტაიგერსი”), ჯონ უილკინსონი (“ტულონი”, საფრანგეთი), ჯო სიმპსონი (“ლონსონ უოსპსი”), რიჩარდ უგლსვორდი (“სარაცინი”);
შერკინება: დენ კოული, ტომ კროფტი, ლუის დიკონი (სამივე “ლესტერ ტაიგერსი”), ალექს კორბისიერო (“ლონდონ აირიში”), ენდრიუ შერიდანი (“სეილ შარქსი”), მეტ სტივენსი (“სარაცინი”), დევიდ უილსონი, ლი მირსი, ლუის მუდი (სამივე “ბათი”), დილან ჰარტლი, კორტნი ლოუსი, ტომ ვუდი (სამივე “ბათი), სტივ ტომპსონი, საიმონ შოუ (ორივე “ლონდონ უოსპსი”), ტომ პალმერი (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), ნიკ ისტერი (“ჰარლეკინსი”), ჯეიმს ჰასკელი (“ბლექ რამსი”, იაპონია).
მთავარი მწვრთნელი: მარტინ ჯონსონი
B ჯგუფი
ინგლისი
არგენტინა
შოტლანდია
საქართველო
რუმინეთი
10 სექტემბერი. დანიდინი
არგენტინა - ინგლისი
18 სექტემბერი. დანიდინი
ინგლისი - საქართველო
24 სექტემბერი. დანიდინი
ინგლისი - რუმინეთი
1 ოქტომბერი. ოკლენდი
ინგლისი - შოტლანდია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია