5 სექტემბერს, ორდღიანი მომქანცველი მგზავრობის შემდეგ, “ბორჯღალოსნები” ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის ქალაქ ქვინზთაუნში ჩავიდნენ, სადაც ადგილობრივმა მერიამ ქართულ დელეგაციას თბილი დახვედრა მოუწყო.
ქვინზთაუნის მერი, სამხრეთ კუნძულის წარმომადგენლები და ადგილობრივი სარაგბო კლუბების ბავშვები საქართველოს დროშებით ხელში, აეროპორტში შეიკრიბნენ და “ბორჯღალოსნებსა” და საქართველოს რაგბის კავშირის დელეგაციას მისასალმებელი “კაპა ჰაკათი” შეეგებენენ. (ჰაკა ბევრნაირია - ცეკვა, რომელსაც ახალზელანდიელი მორაგბეები სარაგბო მატჩების წინ ასრულებენ, საბრძოლო ჰაკაა და შესაბამისად, სხვა დატვირთვის მქონე რიტუალია).
6 სექტემბერს (ახალი ზელანდიის სასაათო სარტყელი ჩვენსას 10 საათით უსწრებს წინ) ოფიციალური დახვედრა და კეპების დარიგების ცერემონია შედგა: სტუმრები მიიწვიეს ქვინსთაუნის მთავარი ღირსშესანიშნაობის - “სქაილაინ” კომპლექსის დასათვალიერებლად, რომელიც ქალაქის ზემოთ, ციცაბოზე გაშენებულ გასართობ პარკს წარმოადგენს, ატრაქციონებითა და დიდებული ხედით - აქ არის ბანჯი-ჯამპინი, ლიუგერები, რესტორანი და დიდებული შესაძლებლობა პარაშუტით ხტომის მოყვარულთათვის. ბევრი რომ არ გავაგრძლოთ, იგივე “ბომბორას პარკია” ექტრემალებისთვის.
“სკაილანის” კომპლექსში, ოფიციალური დახვედრისას, სამხრეთ კუნძულის ტომის - ნგაი ტაჰუს წარმომადგენლებმა “ბორჯღალოსნებისთვის” ჰაკა შეასრულეს. ხოლო მათმა უხუცესმა, სერ ტაიპენე ო’რიგანმა (Sir Tipene O’Regan), რომელსაც რაინდის წოდება დედოფალმა უბოძა, ჩვენს ბიჭებს მაორების ენაზე მიმართა და წარმატება უსურვა.
ამის შემდგომ, ქვინზთაუნის მერმა საქართველოს დელეგაციას წევრებს მწვანე ნეფრიტის ფილა გადასცა საჩუქრად: მაორები ამ ქვას ძალიან აფასებენ და რკინაზე მტკიცე მასალად მიიჩნევენ. მათ ენაზე ქვას “პუნამუ” ქვია; ძველ დროში მისგან საბრძოლო და სამუშაო იარაღებს ამზადებდნენ; ამას გარდა, წარმატებისა და ბედნიერების სიმბოლოდ თვლიდნენ.
ცერემონიის დასასრულს, მსოფლიო თასის დირექტორმა სიდ მილარდმა “ბორჯღალოსნებს” საჩუქრად ფოჩიანი კეპები გადასცა, რომელსაც მსოფლიო თასის ყველა მონაწილეს აძლევენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრები 11 სექტემბრამდე კვინსტაუნში გაივლის მოსამზადებელ პერიოდს. 11-15 სექტემბერს ინვერკარგილში დაჰყოფს, სადაც 14 სექტემბერს შოტლანდიასთან გამართავს მატჩს. ამის შემდგომ, 19 სექტემბრამდე დანედინში დაბანაკდება, სადაც, 18 სექტემბერს ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება. 19-26 სექტემბერს “ბორჯღალოსნები” მასტერტონში ივარჯიშებენ, რის შემდეგაც პამერსტონ ნორსში გადავლენ. ამ ქალაქში, 28 სექტებმერს რუმინეთს, ხოლო 2 ოქტომბერს - არგენტინის ნაკრებს ვხვდებით.
საქართველოს ნაკრები: გოდერძი შველიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი), ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი), აქვსენტი გიორგაძე (“კასტრი”, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (“არმია”, თბილისი), დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი), ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), დიმიტრი ბასილაია (“ობენა”, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), ილია ზედგინიძე (“კერკერენი”, საფრანგეთი), ვახტანგ მაისურაძე (“ლა სენი”, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (“მონტობანი”, საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი), მალხაზ ურჯუკაშვილი (“გურდონი”, საფრანგეთი), ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი), მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), რევაზ გიგაური (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი), ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი), ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი”, საფრანგეთი), დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი).
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია