ამბები

17:13 | 7.09.2011 | ნანახია 2866 - ჯერ

ავსტრალია - მსოფლიო თასის ორგზის მფლობელი

ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 1999 წელს პირველი გუნდი გახდა, რომელმაც მსოფლიო თასი მეორედ მოიგო (მოგვიანებით, ეს სამხრეთ აფრიკის ნაკრებმაც შესძლო). გარდა ამისა, ავსტრალიელები ერთხელ ვერცხლის მედლებსაც დაეუფლნენ, კიდევ ერთხელ კი, მე-4 ადგილი დაიკავეს. კუნძულ-კონტინენტზე, რაგბი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა და მას ზამთარსა თუ ზაფხულში, განუწყვეტლივ თამაშობენ. ავსტრალიამ ერთხელ ახალ ზელანდიასთან (1987 წელს) ერთად და ერთხელ დამოუკიდებლად (2003 წელს) უმასპინძლა მსოფლიო თასს. დღეისათვის, ავსტრალია მსოფლიო რეიტინგში 88,84 სარეიტინგო ქულით მე-2 ადგილზეა, მხოლოდ ახალ ზელანდიას ჩამორჩება (90,55 ქულა) და როგორც გასულ ექვს მსოფლიო თასზე, ახლაც ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლება.
ავსტრალიის ნაკრებს მეტსახელად Wallabies (კენგურუებს) ეძახიან. გარდა მსოფლიოს თასისა (რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება), გუნდი ყოველწლიურად მონაწილეობს “სამი ერის” გათამაშებაში (ახალი ზელანდიის და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებთან ერთად) და მის ფარგლებში ისინი ახალ ზელანდიასთან შეხვედრაში Bledisloe Cup-ის, ხოლო სამხრეთ აფრიკასთან Mandela Challenge Plate-ს თასებისთვისაც იბრძვიან. ქვეყანაში 770 კლუბი და 86952 მორაგბეა რეგისტრირებული. ავსტრალია 5 გუნდითაა წარმოდგენილი სამხრეთ ნახევარსფეროს და მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს საკლუბო ტურნირ ზე-15-ში და სამჯერ გამარჯვებას სწორედ ამ ქვეყნის გუნდებმა მიაღწიეს.  
ავსტრალიაში რაგბის 1820-იან წლების ბოლოდან თამაშობდნენ, პირველი ოფიციალური თამაში კი, სიდნეიში (სადაც რაგბი სამომავლოდ ყველაზე მეტად განვითარდა) 1839 წლის 25 ივლისსაა დარეგისტრირებული. 1864 წელს, სიდნეის უნივერსიტეტმა პირველი ავსტრალიური კლუბი დაარსა, ექვსი წლის შემდეგ კი, სიდნეის სასტუმრო “ოქსფორდში” შეხვედრა გაიმართა და სამხრეთ ავსტრალიის რაგბის კავშირი დაარსდა, რომელსაც თვიქნემში მდებარე ინგლისის რაგბის კავშირი განაგებდა. 1876 წელს რაგბი სიდნეის ფარგლებს გასცდა და კვინსლენდში პირველი სარაგბო შეხვედრა გაიმართა.
კოლონიებს შორის პირველი შეხვედრა 1882 წელს შედგა, როდესაც კვინსლენდის კლუბი ახალი სამხრეთ აფრიკის გუნდს ეთამაშა და 4 000 მაყურებლის თვალწინ მეტოქე 28:4 დაამარცხა. 1883 წლის 2 ნოემბერს კვინსლენდში ჩრდილოეთ ავსტრალიის რაგბის კავშირი დაარსდა. მომდევნო წელს სამხრეთის რაგბის კავშირის თაოსნობით ავსტრალია ახალ ზელანდიაში ტურნეზე გაემგზავრა, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი, ახალი ზელანდიის გუნდი ავსტრალიას ესტუმრა და ახალი სამხრეთ უელსის გუნდი სამივე ტესტში დაამარცხა. 1888 წელს მელბურნის რაგბის კავშირი დაარსდა, 1892 წელს კი, სამხრეთ და ჩრდილოეთ რაგბის კავშირები, შესაბამისად, ახალი სამხრეთ უელსის და კვინსლენდის რაგბის კავშირებმა შეცვალეს. 1888 წელს ავსტრალიას 21 კაცის შემადგენლობით “ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები” ეწვივნენ (რომელიც ამ ტურნეს დროს ძირითადად ინგლისელებით და შოტლანდიელებით იყო დაკომპლექტებული), თუმცა ეს ტურნე არ იყო სანქცინირებული რაგბის საბჭოს მიერ, რადგანაც ის კერძო კომპანიამ მოაწყო და ბრიტანელებს ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში (“ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები” ავსტრალიის შემდეგ ახალ ზელანდიასაც ესტუმრნენ) ერთი ოფიციალური ტესტიც არ ჩაუტარებიათ.
ავსტრალიის ნაკრებმა თავისი პირველი შეხვედრა კვინსლენდში, 1899 წელს “ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან” გამართა და 13:3 გაიმარჯვა. მთლიანობაში, ბრიტანელებმა ავსტრალიაში ოთხი ტესტი გამართეს, თუმცა ავსტრალიას იმ კოლონიის ნაკრები წარმოადგენდა, სადაც შეხვედრა იმართებოდა და ამის გამო ოფიციალურად ნაკრების მიერ ჩატარებულ პირველად შეხვედრად ეს მატჩები არ მოიხსენიება - ბრიტანელებმა პირველი მარცხის შემდეგ სამივე შეხვედრაში იმარჯვეს. 1903 წელს, სიდნეის კრიკეტის მოედანზე, “ვოლაბები” 30 000 მაყურებლის წინაშე ახალ ზელანდიას პირველად ეთამაშნენ და 3:22 დამარცხდნენ (ეს თამაში ითვლება ავსტრალიის ეროვნული ნაკრების პირველ ოფიციალურ შეხვედრად), იმავე მოედანზე ავსტრალია ახალ ზელანდიას 1907 წელსაც დაუპირისპირდა, ოღონდ მეორე ჯერზე მაყურებელთა რაოდენობა 50 000-მდე გაიზარდა - ავსტრალია ამჯერადაც დამარცხდა.
მომდევნო წელს, ავსტრალიის გუნდი, რომელსაც “ბოცვრები” ეწოდებოდა ბრიტანეთს ესტუმრა, მაგრამ მოთამაშეებმა ეს სახელი იუკადრისეს და “კენგურუები” დაირქვეს. ეს ტურნე 1908 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებს დაემთხვა და ავსტრალიელებმა ოქროს მედლები მოიპოვეს, როდესაც ფინალში ინგლისის საგრაფოს ჩემპიონი დაამარცხა, რომელიც დიდ ბრიტანეთს წარმოადგენდა, მაგრამ იმ წელს რაგბი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე არაოფიციალურად ითამაშეს და შესაბამისად, ჩემპიონობაც არაოფიციალურია. პირველ მსოფლიო ომამდე, ავსტრალიის ნაკრებმა ბოლო შეხვედრა 1914 წლის ივლისში ახალ ზელანდიასთან გამართა, მერე კი, ადგილობრივმა რაგბის კავშირმა გადაწყვიტა, რომ არაპატრიოტული იქნებოდა რაგბის თამაში მაშინ, როდესაც ათასობით ავსტრალიელი ახალგაზრდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ იბრძოდა და ამ ფაქტმა ავსტრალიურ რაგბზე უარყოფითი გავლენა იქონია, რადგანაც ახალი სამხრეთ უელსის და კვინსლენდის რაგბის კავშირები დაიხურა (ეს უკანასკნელი 1928 წლამდე არ აღდგენილა).
1920-იან წლებში, ერთადერთი ავსტრალიური გუნდი, რომელიც საერთაშორისო შეხვედრებს მართავდა ახალი სამხრეთ უელსური Waratahs-ი იყო, რომელმაც ამ პერიოდში 39 საერთაშორისო შეხვედრა გამართა. 1921 წელს ავსტრალიას სამხრეთ აფრიკა ესტუმრა და მასპინძლები სამივე ტესტში დაამარცხა. Waratahs-ი 1927-28 წლებში ყველაზე გამორჩეული გუნდი იყო. მათ ტურნე მოაწყვეს დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში და ჩრდილოეთ ამერიკაში. ეს გუნდი გამოირჩეოდა გახსნილი, მოძრავი სტილით თამაშით, რომელსაც მანამდე არცერთი გუნდი არ მისდევდა და Waratahs-მა ტურნეს დროს გამართულ 31 შეხვედრიდან 24-ში იმარჯვა, ორი კი, ფრედ დაასრულა.
1928 წელს კვინსლენდის რაგბის კავშირის აღდგენამ ქვეყნის რაგბის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა. იმ წელს ავსტრალიამ პირველად დაამარცხა ახალი ზელანდიის ნაკრები და მას შემდეგ ზედიზედ კიდევ ორ ტესტში აჯობა. 1931 წელს ახალი ზელანდიის გენერალ-გუბერნატორმა ლორდ ბლედისლოუმ, ახალი ზელანდიის და ავსტრალიის ნაკრებებს შორის შეხვედრებში გამარჯვებულისთვის თასი დააწესა, რომელმაც ტრადიციული სახე მიიღო და ამ გუნდებს შორის გამართულ შეხვედრაში, გამარჯვებული გუნდი ახლაც იღებს Bledisloe Cup-ს (ამჟამად თასის მფლობელი წლის განმავლობაში მეტი ურთიერთშეხვედრის მომგები ხდება). პირველი თასი 1932 წელს ახალმა ზელანდიამ მოიგო. 1933 წელს “კენგურუებმა” სამხრეთ აფრიკაში ტურნე მოაწყვეს და ოთხიდან მხოლოდ ერთ შეხვედრაში იმარჯვეს, მომდევნო წელს კი, ახალი ზელანდია დაამარცხეს და Bledisloe Cup-ი პირველად მოიპოვეს. აღსანიშნავი იყო ავსტრალიელთა ტურნე 1939 წელს ინგლისში, რადგანაც მეორე მსოფლიო ომი დიდ ბრიტანეთში “კენგურუთა” ჩასვლის მეორე დღეს დაიწყო და ორი კვირის შემდეგ, ავსტრალია შინ ისე დაბრუნდა, რომ არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია.
ომის დასრულების შემდეგ, ავსტრალიამ პირველი ტესტი 1946 წელს ახალ ზელანდიასთან გამართა და 8:31 დამარცხდა, რის შემდეგაც ახალი ზელანდიის “მაორებთან” 0:20 წააგო და მერე ისევ ახალი ზელანდიის ნაკრებთან 10:14 დამარცხდა. 1947-48 წლებში “კენგურუებმა” ტურნე მოაწყვეს “ხუთი ერის” ქვეყნების ნაკრებებთან. ინგლისთან და უელსთან მიღწეული წარმატებების შემდეგ, “ვოლაბები” საფრანგეთთან მცირე სხვაობით პარიზში დამარცხდნენ. 1949 წელს, ავსტრალიელებმა ახალ ზელანდიელ “მაორებს” უმასპინძლებს და გუნდებმა სამ ტესტში თითო-თითოჯერ იმარჯვეს და ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა. იმავე წლის სექტემბერში ისინი ახალი ზელანდიის ნაკრებს გასვლაზე ეთამაშნენ, პირველ ტესტში ავსტრალიელები დამარცხდნენ, მაგრამ მეორეში რევანშის აღება მოახერხეს. ამავე პერიოდში, ავსტრალიის პროვინციული რაგბის კავშირები გაერთიანდნენ და ერთიანი - ავსტრალიის რაგბის კავშირი დაარსდა, რომელიც იმავე წელს რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) წევრი გახდა.
1950 წელს “ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები” ავსტრალიას ეწვივნენ და ორივე ტესტში იმარჯვეს. მომდევნო წელს “ვოლაბები” ახალ ზელანდიას 3-ჯერ ეთამაშნენ და სამოვეჯერ მარცხი განიცადეს. ავსტრალიამ გამარჯვება 1952 წელს მოიპოვა, როდესაც სიდნეიში ფიჯი დაამარცხა, თუმცა ,მომდევნო ტესტში მათთან 2 ქულით დამარცხდა. იმავე წელს “კენგურუები” ახალ ზელანდიას ორჯერ ეთამაშნენ - ერთში იმარჯვეს, მერე კი მარცხი განიცადეს. 1953 წელს ავსტრალია სამხრეთ აფრიკას ესტუმრა და მართალია სერიაში დამარცხდა, მაგრამ მეორე შეხვედრაში 18:14 გამარჯვების შემდეგ, მაყურებლისგან და სპეციალისტებისგან შექება დაიმსახურა - ეს იყო სამხრეთ აფრიკელთა პირველი მარცხი ბოლო 15 წლის განმავლობაში. 1957-58 წლებში, ავსტრალიის ნაკრები იყო ერთადერთი გუნდი, რომელიც “ხუთი ერის” ყველა წარმომადგენელთან (ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია და საფრანგეთი) დამარცხდა.
ახალი ათწლეულის პირველ ტესტში, 1961 წელს, ავსტრალიამ ფიჯი დაამარცხა, იმავე მეტოქეს მეორე შეხვედრაშიც აჯობა, მაგრამ მესამე ტესტში ფიჯი ფრეს გამორჩა. ამას მოყვა ორი მარცხი სამხრეთ აფრიკასთან პორტ-ელისაბედში და იოჰანესბურგში და საშინაო მარცხი 8:15 საფრანგეთის ნაკრებთან. მომდევნო წელს “კენგურუები” ახალ ზელანდიასთან გამართული 5 შეხვედრიდან 4-ში დამარცხდნენ და მხოლოდ ერთი მატჩი დაასრულეს ფრედ, 1963 წელს ინგლისთან სიდნეიში 9:18 დამარცხდნენ, მერე კი, სამხრეთ აფრიკას ესტუმრნენ და მეტოქე ზედიზედ ორ ტესტში დაამარცხეს, რაც 1896 წელს “ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების” შემდეგ, იმ დრომდე ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა. 1964 წელს ავსტრალია ახალ ზელანდიასთან პირველ ორ შეხვედრაში დამარცხდა, მესამეში კი, გამარჯვება მოიპოვა. მომდევნო წელს მათ სამხრეთ აფრიკას უმასპინძლეს და მომხვდური ორივე მატჩში დაამარცხეს 18:11 და 12:8 - ეს იყო მათი პირველი მოგებული სერია სამხრეთ აფრიკასთან. 1960-იანი წლების ბოლოს, ავსტრალიამ ევროპაში ტურნე მოაწყო, პირველ მატჩში უელსი 14:11 დაამარცხა, მერე შოტლანდიასთან 5;11 დამარცხდა, ინგლისს 23:11 აჯობა, ბოლო ორ ტესტში კი ირლანდიასთან (8:15) და საფრანგეთთან (14:20) დამარცხდა. მომდევნო წელს მათ სიდნეიში ირლანდიამ აჯობა, მერე ახალ ზელანდიასთან ორჯერ დამარცხდა (20 და ერთი ქულით), საფრანგეთი ერთი ქულით დაამარცხა (ეს იყო 60-იან წლებში მათი უკანასკნელი გამარჯვება), ათწლეულის ბოლო შეხვედრაში კი, ერთმანეთის მიყოლებით ირლანდიასთან, შოტლანდიასთან და უელსთან დამარცხდა (შინ).
1970 წელს “კენგურუებმა” მხოლოდ ერთი შეხვედრა გამართეს და შოტლანდია 20 ქულით დაამარცხეს, მომდევნო წელს კი, სამხრეთ აფრიკელთა ავსტრალიური ტურნე მასპინძელთათვის სირცხვილად იქცა, რადგანაც მათ აპორტეიდის რეჟიმის მქონე ქვეყანასთან შეხვედრის გამართვისგან თავის შეკავებას ურჩევდნენ და სტუმრებს აეროპორტში საპროტესტო აქციები დახვდა. მელბურნში დაახლოებით 5 000 დემონსტრანტი თამაშის ჩაშლას შეეცადა, მაგრამ პოლიციამ მათი ქმედება აღკვეთა და 140 ადამიანი დააპატიმრა. მიუხედავად საპროტესტო აქციებისა, სამხრეთ აფრიკელებმა ავსტრალიელებთან 3 ტესტი გამართეს და სტუმრებმა სამივეში გაიმარჯვეს.
მომდევნო წელს ავსტრალია საფრანგეთს ეწვია და მასპინძლები ტულუზაში დაამარცხა, თუმცა, პარიზში თავად დამარცხდა. 1972 წელს უკვე საფრანგეთმა ჩააკითხა ავსტრალიას და ორი ტესტიდან სტუმარმა ერთში იმარჯვა, ერთი კი ფრედ დაასრულა. ამავე პერიოდში ახალმა ზელანდიამ “კენგურუებს” სამივე შეხვედრაში აჯობა, ამ წლის ერთადერთი გამარჯვება კი, ავსტრალიამ სუვაში ფიჯისთან მოიპოვა. შემდეგ მატჩში მათ ტონგა დაამარცხეს, თუმცა, იმავე ტონგასთან მომდევნო შეხვედრაში დამარცხდნენ, დიდი ბრიტანეთის ტურნეზე კი, უელსთან (0:24) და ინგლისთან (3:20) შერცხვნენ, რასაც ახალ ზელანდიასთან ორი მარცხი და ერთი ფრე მიაყოლეს.
“კენგურუები” გამარჯვებათა სერიებს 1975 წლიდან დაუბრუნდნენ, როდესაც ინგლისი ორჯერ დაამარცხეს, მერე იაპონიას ეწვივნენ, მათთან პირველად ითამაშეს და სამივე ტესტში იმარჯვეს. გამარჯვებათა სერია შოტლანდიასა და უელსში ტურნეს დროს შეწყდა, სადაც ავსტრალიამ ორ შეხვედრაში ერთი ლელოც ვერ გაიტანა. ევროპული ტურნე მომდევნო წელს თვიქნემში ინგლისთან მარცხით და Lansdowne-ზე ირლანდიელთა დამარცხებით გაგრძელდა. სამშობლოსკენ მიმავალ გზაზე, “ვოლაბებმა” ლოს-ანჯელესში შეიარეს და აშშ 24:12 დაამარცხეს, მერე კი, ფიჯის უმასპინძლეს და სამივე შეხვედრაში დაამარცხეს. წელი საფრანგეთის ტურნეთი დასრულდა, ავსტრალია ორიდან ორ შეხვედრაში დამარცხდა, 1977 წელს კი, ავსტრალიას შეხვედრა არ ჩაუტარებია.
1978 წელს ავსტრალიამ უელსი 18:8 დაამარცხა. იმავე წელს, ის ორჯერ დამარცხდა ახალ ზელანდიასთან, თუმცა მესამე ტესტში გრეგორ კორნელსენმა ოთხი ლელო გაიტანა და ავსტრალიამ რევანშის აღება მოახერხა. მომდევნო წელს ავსტრალიას ირლანდია ესტუმრა და ორივე ტესტში დაამარცხა, მერე კი, “ვოლაბებმა” ახალ ზელანდიას წლის ერთადერთ ტესტში 12:6 სძლია და იმ წელს Bledisloe Cup-ის მფლობელი გახდა. ამის შემდეგ ისინი არგენტინას ეწვივნენ და ბუენოს-აირესში პირველ ტესტში 13:24 მარცხის შემდეგ, მეორეში 17:12 იმარჯვეს. ავსტრალიამ Bledisloe Cup-ი 1980 წელსაც შეინარჩუნა, როდესაც ახალი ზელანდია წლის სამმატჩიან სერიაში 2:1 დაამარცხა. ეს ავსტრალიური რაგბის აღმავლობის პერიოდი იყო. 1984 წელს “ვოლაბები” ბრიტანეთს ეწვივნენ და ერთმანეთის მიყოლებით ინგლისის, ირლანდიის, უელსის და შოტლანდიის ნაკრებები, ასევე “ბარბაროსების” ძლიერი გუნდი დაამარცხეს. ეს იმის სიგნალი გახლდათ, რომ ავსტრალია მსოფლიოში ახალ, უძლეველ ძალად ყალიბდებოდა. მათ 4 ტესტში (ბრიტანულ გუნდებთან და ირლანდიასთან) 100-ზე მეტი ქულა დააგროვეს, ასეთი შედეგისთვის კი, აქამდე არცერთ გუნდს არ მიუღწევია.
1986 წელს “კენგურუები” ახალ ზელანდიას Bledisloe Cup-ის თასისთვის სამი ტესტის გასამართად ეწვივნენ. პირველ ტესტზე არ უთამაშია ახალ ზელანდიელთა რამდენიმე წამყვან მოთამაშეს, რადგანაც ისინი საკუთარ კლუბს სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე ახლდნენ და თამაში აუკრძალეს. ავსტრალიამ პირველი შეხვედრა 13:12 მოიგო. მომდევნო ტესტში ახალი ზელანდია უძლიერესი გუნდით წარდგა და რევანშის აღება მოახერხა, მასპინძელთა გუნდმა ასევე 13:12 იმარჯვა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ გაურკვეველი მიზეზის გამო, უელსელმა არბიტრმა ავსტრალიელებს ლელო გაუუქმა. დასკვნით შეხვედრაში ავსტრალიამ ახალი ზელანდია სრულად დაჯაბნა, 22:9 გაიმარჯვა და ახალ ზელანდიურ მიწაზე Bledisloe Cup-ის სერიებში პირველად იმარჯვა.
პირველი მსოფლიო თასი, რომელსაც ავსტრალიამ ახალ ზელანდიასთან ერთად უმასპინძლა, “ვოლაბებმა” თამაში დამაჯერებლად დაიწყეს და ჯგუფში ერთმანეთის მიყოლებით ინგლისი (19:6), აშშ (47:12) და იაპონია (42:23) დაამარცხეს, მათ მეოთხედფინალში ირლანდიაც მიაყოლეს 33:15, მაგრამ სიდნეიში გამართულ ნახევარფინალში, ავსტრალია სამხრეთელი გუნდების “სპეციალისტ” საფრანგეთთან 24:30 დამარცხდა, მე-3 ადგილისთვის მატჩში კი, უელსს ერთი ქულით - 21:22 დანებდა. იმ პერიოდში გუნდს ალენ ჯონსი ავარჯიშებდა და მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს დადებითი შედეგები ჰქონდა, ჯონსთან დაძაბული ურთიერთობის გამო, ხშირ შემთხვევაში ძლიერი ავსტრალიელი მორაგბეები შემადგენლობის მიღმა რჩებოდნენ. მსოფლიოს თასის შემდეგ, ჯონსი გუნდიდან დაითხოვეს და მთავარ მწვრთნელად ბობ დუაიერი დააბრუნეს, რომელიც მანამდე გუნდს 1982-83 წლებშია ავარჯიშებდა.
1989 წელს, 1966 წლის შემდეგ პირველად, ავსტრალიას “ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები” ეწვივნენ. პირველ ტესტში მოგების შემდეგ, მასპინძლები მომდევნო ორში დამარცხდნენ, რაც დუაიერმა ფორვარდების არადამაჯერებელი თამაშით ახსნა. გუნდი გადახალისდა და 1991 წლის ბრიტანეთის მსოფლიოს თასზე განახლებული შემადგენლობით წარდგა. ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიამ არგენტინა 32:19 დაამარცხა, მერე დასავლეთ სამოა დაძაბულ ბრძოლაში წვიმიან ამინდში 9:3 დასცა, ბოლოს კი, უელსს ეწვია და მასპინძელთა გუნდს კარდიფში 38:3 აჯობა. მეოთხედფინალურ შეხვედრაში “ვოლაბები” ირლანდიას დუბლინში შეხვდნენ. შეხვედრა ქულა-ქულაქულაში მიდიოდა, მის დასრულებამდე რამდენიმე წუთიღა რჩებოდა და ირლანდია 18:15-ს იგებდა, როდესაც მაიკლ ლინაგიმ ალამთან ლელო გაიტანა და საკუთარ გუნდს 19:18 მოაგებინა (მაშინ ლელო 4 ქულად ფასობდა). ნეხევარფინალში ავსტრალიამ ახალ ზელანდიას პირველ ტაიმში მაგრად შეუტია და საწყის 40 წუთში 13:3 დაწინაურდა. მეორე ნახევარში მათ დაამტკიცეს, რომ დაცვაში თამაშიც შეუძლიათ, ახალ ზელანდიელებს ფორის ამოქაჩვის საშუალება არ მისცეს და 16:6 იმარჯვეს. ფინალი თვიქნემში გაიმართა და ავსტრალიელთა მეტოქე მასპინძელი ინგლისი იყო. ინგლისელებმა საკუთარ სტილს უღალატეს და გახსნილი რაგბის თამაში სცადეს, “კენგურუებმა” მათ ამის საშუალება არ მისცეს და ფინალის 12:6 მოგებით, მსოფლიოს უძლიერესი გუნდის ტიტული პირველად მოიპოვეს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ავსტრალიელი დევიდ კემპეზე აღიარეს, რომელიც 6 გატანილი ლელოთი, ბრიტანეთში საუკეთესო მელელოვეც გახდა.
1995 წლის სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს თასზე, ავსტრალიას ტიტულის დაცვა სწყუროდა, მაგრამ პირველსავე შეხვედრაში, გახსნით მატჩში მასპინძლებთან 18:27 დამარცხდა, მაგრამ ჯგუფის დანარჩენ ორ მეტოქეს კანადას (27:11) და რუმინეთს (42:3) იოლად გაუსწორდა და მეოთხედფინალში გასული მსოფლიოს თასის ფინალი განმეორდა. ინგლისმა წარსული შეცდომები კარგად გაანალიზა, დასარტყმელი ჯარიმები კარში ურტყა, მეტოქეს ერთი გატანილი არეკნით აჯობა და ავსტრალია 25:22 დაამარცხა, რითაც 1991 წლის მსოფლიო თასის ფინალში მარცხისთვის რევანში აიღო. ავსტრალიამ ამ წელს მსოფლიო თასებზე მონაწილეობის ისტორიაში თავისი უარესი შედეგი აჩვენა და ნახევარფინალშიც ვერ გააღწია. ამავე წელს, რაგბის პროფესიულ რელსებზე გადასვლასთან დაკავშირებით ავსტრალიის რაგბის კავშირში მოთამაშეთა ასოციაცია (RUPA) დაარსდა, რომლის უმთავრესი დანიშნულება ავსტრალიელი მორაგბეთა უფლებების დაცვა გახლავთ, მომდევნო წელს კი, “სამი ერის” გათამაშება დაიწყო, სადაც ავსტრალიასთან ერთად, სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის ნაკრებები გამოდიან და სამხრეთ ნახევარსფეროსა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სარაგბო ტურნირია.
1996-97 წლებში, ავსტრალიის ნაკრებმა საწყის ორ “სამი ერის” პირველობაზე, რვიდან ექვსი შეხვედრა წააგო და მხოლოდ ორში იმარჯვა - ორივეჯერ სამხრეთ აფრიკა ავსტრალიაში დაამარცხეს. სამაგიეროდ, 1997 წლის 23 აგვისტოს, სამხრეთ აფრიკამ ავსტრალიას იმ დროისთვის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი აგემა - 61:22. აღსანიშნავია, რომ ერთი წლით ადრე, ავსტრალიასთან სარეკორდო სხვაობით ახალმა ზელანდიამ იმარჯვა - 43:6. 1998 წელი “კენგურუებისთვის შედარებით უკეთესი გამოდგა. “სამ ერზე” მათ ორჯერ დაამარცხეს ახალი ზელანდია და Bledisloe Cup-ს დაეუფლნენ, რომელიც 2003 წლამდე ხელიდან აღარ გაუშვიათ, თუმცა, მას შემდეგ ეს თასი აგერ უკვე ცხრა წელიწადია ვეღარ დაიბრუნეს.
აღსანიშნავია, რომ 1999 წელს, მსოფლიო თასამდე, ავსტრალიელებმა სიდნეიში ახალი ზელანდია სარეკორდო ანგარიშით - 28:7 დაამარცხეს, მაგრამ “სამი ერი” იმ წელსაც ვერ მოიგეს. როგორც ჩანს, ბრიტანეთი ავსტრალიელებს კარგად აქვთ დაცდილი, რადგანაც მსოფლიო ჩემპიონის მეორე ტიტული მათ უელსის მსოფლიო თასზე მოიპოვეს. ავსტრალიელებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩში იმარჯვეს (რუმინეთთან 57:9, ირლანდიასთან 23:3 და აშშ-სთან 55:19), მეოთხედფინალში მასპინძელ უელსი კარდიფში, 75 ათასი მაყურებლის წინაში 24:9 დაამარცხეს, ნახევარფინალში სამხრეთ აფრიკას შეხვდნენ და დამატებით დროში სტივენ ლარჰემის არეკნით (მისი პირველი ქულა ეროვნულ გუნდში) და მეტეუ ბურკეს საჯარიმოთი 27:21 მოიგეს, ხოლო ფინალში საფრანგეთს 35:12 ადვილად აჯობეს და Webb Ellis Cup-ი მეორედ აღმართეს. ეს მეორე მოგებული მსოფლიო თასი იყო ხუთი ავსტრალიელი მორაგბისთვის: ფილ კერნსი, ჯონ ეალსი, ტიმ ჰორანი, ჯეისონ ლიტლი და დენ კროული.
ეს პერიოდი ავსტრალიის ნაკრებისთვის საუკეთესო გახლდათ, რადგანაც მომდევნო წელს მათ პირველად იმარჯვეს “სამი ერის” პირველობაში და ეს ტიტული 2001 წელსაც შეინარჩუნეს. 2003 წელს ავსტრალიამ Bledisloe Cup-ი ახალ ზელანდიას გადაულოცა, მაგრამ 2003 წლის მსოფლიოს თასი, რომელსაც ავსტრალიამ თავად უმასპინძლა, კარგად დაიწყო. ჯგუფში არგენტინა 24:8, რუმინეთი 90:8, ნამიბია 142:0 (ავსტრალიის ნაკრების სარეკორდო ანგარიშით გამარჯვება) და ირლანდია 17:16 დაამარცხა. მეოთხედფინალში “ვოლაბებმა” შოტლანდიას 33:16 სძლიეს, ნახევარფინალში ახალ ზელანდიას 22:10 აჯობეს და ფინალში მსოფლიოს თასის შენარჩუნების იმედად გავიდნენ, სადაც 1991 წლის ფინალის გამეორებას გეგმავდნენ. შეგახსენებთ, რომ მაშინ ავსტრალიელებმა ინგლისი თვიქნემში დაამარცხეს. ევროპელებმა რევანში სიდნეიში აიღეს, ძირითადი დრო ფრედ 17:17 დასრულდა, დამატებულ წუთებზე ინგლისელთა კაპიტანმა უილკინსონმა არეკნი გაიტანა და მეტოქე 20:17 დაამარცხა, რის შემდეგაც ავსტრალია მხოლოდ მეორეობას დასჯერდა.
2006 წელს ავსტრალიამ ცხრა ტესტი ითამაშა და აქედან რვაში დამარცხდა, რამაც ჯონსის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლება გამოიწვია. მის მაგივრად მთავარ მწვრთნელად ჯონ კონოლი დაინიშნა და გუნდმა ინგლისი ზედიზედ ორჯერ დაამარცხა, მერე კი მას ირლანდიაც მიაყოლა. 2006 წლის “სამი ერის” გათამაშებაში ავსტრალიამ სამხრეთ აფრიკა სარეკორდო ანგარიშით - 49:0, მერე კი 20:18 დაამარცხა, მაგრამ ახალ ზელანდიასთან ორივე შეხვედრა დათმო და მე-2 ადგილს დასჯერდა. 2007 წლის სამი ერის გათამაშებაში ავსტრალიამ 4-დან კვლავ 2 შეხვედრაში იმარჯვა და მე-2 ადგილს დასჯერდა. “ვოლაბები” სამხრეთ აფრიკასთან კეიპტაუნში 19:22 დამარცხდნენ, მერე მელბურნში ახალი ზელანდია 20:15, ხოლო სიდნეიში სამხრეთ აფრიკა 25:17 დაამარცხეს და ტიტულის მოპოვებისათვის ოკლენდში ახალ ზელანდიასთან ფრეც ყოფნიდათ, მაგრამ 12:26 დამარცხდნენ და ზელანდიელებს 2007 წლის “სამი ერის” პირველობა და Bledisloe Cup-ი დაუთმეს.
გასული მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე, ავსტრალიელებმა იაპონია 91:3 გაანადგურეს, უელსს კარდიფში 32:20 სძლიეს, ფიჯი 55:12 დაიბრიყვეს, კანადა კი 37:6 დაამარცხეს და მეოთხედფინალში გავიდნენ. იქ ავსტრალიელებს ინგლისთან წინა მსოფლიო თასის ფინალში განცდილი მარცხისთვის რევანშის იმედი ჰქონდათ, მაგრამ ჯონ უილკინსონმა მათ ოთხი წლის წინანდელი გაკვეთილი ჩაუტარა, ოთხი ჯარიმა გაუტანა და ავსტრალია 10:12 დამარცხდა. 2008 წელს “ვოლაბების” მთავარ მწვრთნელად ზელანდიელი რობი დინსი დაინიშნა, რომელიც გუნდს ახლაც ავარჯიშებს. გუნდმა 2008 წლის “სამი ერი” კარგად დაიწყო, ერთმანეთის მიყოლებით სამხრეთ აფრიკა და ახალი ზელანდია დაამარცხა, თანაც “ოლ ბლექსს” ოთხი ლელო გაუტანა და 34:19 იმარჯვა, მაგრამ მერე იმავე ზელანდიასთან 10:39 დამარცხდა. ავსტრალიამ მდგომარეობა სტუმრად, დურბანში სამხრეთ აფრიკის 27:15 ძლევით გამოასწორა, თუმცა, ერთი კვირის შემდეგ იოჰანესბურგში მასთან 8:53 შერცხვა და არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხდა, მერე კი ზელანდიაშიც წააგო 24:28.
2009 წელი ავსტრალიისთვის არაერთგვაროვანი გამოდგა. “სამ ერზე” მხოლოდ ერთი თამაში მოიგეს და ბოლო ადგილი დაიკავეს, სამაგიეროდ, “ბარბაროსები” 55:7 გაანადგურეს, იტალიას ორჯერ, საფრანგეთს და ინგლისს კი, თითო-თითოჯერ აჯობეს. 27 წლის შემდეგ, “ვოლაბები” პირველად დამარცხდნენ შოტლანდიასთან 8:9 და მთლიანობაში, ამ წელს გამართული 14 შეხვედრიდან მხოლოდ 7 მოიგეს. გასული წლის “სამ ერზე” “კენგურუებმა” ორჯერ დაამარცხეს და ერთხელ დამარცხდნენ სამხრეთ აფრიკასთან, მაგრამ ზელანდიასთან ამ ტურნირის სამივე შეხვედრა დათმეს და ზედიზედ ათი, “ოლ ბლექსთან” წაგებების სარეკორდო სერია დააგროვეს, თუმცა, მოგვიენბით ეს სერია ჰონკობგში მოპოვებული გამარჯვებით შეწყვიტეს. 2011 წელი ავსტრალიის ექსპერიმენტალურმა ნაკრებმა სამოასთან 23:32 მარცხით დაიწყო, მაგრამ “სამ ერზე” შემადგენლობა და სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. სამხრეთ აფრიკის ძლევის შემდეგ, ავსტრალიელები ზელანდიასთან დამარცხდნენ და ცხადი გახდა, რომ ისინი Bledisloe Cup-ს ვერ დაიბრუნებდნენ, მაგრამ აფრიკაში მასპინძელთა 14:9 დამარცხების შემდეგ, ისინი “სამი ერის” ბოლო გათამაშების გამარჯვებულის ტიტულისთვის, ბრისბენში ზელანდიას დაუხვდნენ. ტაიმის 20:3 წაგების შემდეგ, “ოლ ბლექსმა” მეორე ნახევრის საწყისი 20 წუთი საოცრად ჩაატარა და წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ავსტრალიამ გადამწყვეტი ლელო მალევე გაიტანა, 25:20 იმარჯვა “სამი ერის” თასი ათი წლის შემდეგ დაიბრუნა. ახალ ზელანდიაში ავსტრალიელები მსოფლიო თასის მესამედ მოგებას ეცდებიან და ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიის, იტალიის, რუსეთის და აშშ-ს ნაკრებების წინაშე ითამაშებენ.
არსებობის ისტორიაში, ავსტრალიის ნაკრებმა სულ 526 მატჩი გამართა, მათგან 266-ში გამარჯვება მოიპოვა, 15 ფრედ დაასრულა და 245-ჯერ დამარცხდა. ყველაზე დიდი სხვაობით ავსტრალიელებმა 2003 წლის მსოფლიო თასზე ნამიბიასთან იმარჯვეს (142:0), ხოლო თავად 2008 წლის 30 აგვისტოს სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდნენ (8:53). “ვოლაბებს” უარყოფითი ბალანსი მხოლოდ ახალ ზელანდიასთან, სამხრეთ აფრიკასთან და “ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან” აქვთ, საფრანგეთს კი, ცოტათი ჯობნიან - 19 მოგება, 16 მარცხი და 2 ფრე. “კენგურუების” კვართით ყველაზე მეტი, 139 შეხვედრა ჯორჯ გრეგანს აქვს ჩატარებული (1994-2007 წლები), გუნდის ბომბარდირი 911 ქულით მიხაელ ლინაგია, ხოლო საუკეთესო მელელოვე დევიდ კამპეზეა (64 ლელო), ოღონდ დღევანდელ ავსტრალიის ნაკრებში მათგან აღარავინ თამაშობს. ავსტრალიის ნაკრებთან ერთად, მსოფლიო თასზე არ ითამაშებს “ვოლაბების” ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული მორაგბე მეტ გიტო. რობი დინსმა კაპიტნის სამკლავურთან დაკავშირებით არჩევანი ჯეიმს ჰორვილზე შეაჩერა და ის ამ რანგში როკი ელსომს ამჯობინა. 26 წლის ჰორვილი ნაკრებში 2007 წლიდან თამაშობს და მისი კვართი 26 შეხვედრაში მოირგო, ხოლო 28 წლის ელსომს 2005 წლიდან დღემდე 67 სანაკრებო შეხვედრა დაუგროვდა. მსოფლიო თასზე მიმავალ 30 კაცს შორის, ნაკრებში ჩატარებული შეხვედრებით რეკორდსმენი 33 წლის ნეითან შარპია, რომელმაც 94 სანაკრებო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თუ ყველაფერი კარგად აეწყო, ახალ ზელანდიაში 100-მატჩიან ზღვარსაც მიაღწევს. გუნდის ლიდერი 9 ნომერი უილ გენიაა, რომელიც დღეისათვის მსოფლიოში ამ პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბეა და გუნდის იერიშებს მუდამ სწორი მიმართულებით წარმართავს. მის გარდა ავსტრალიის ნაკრებში გამორჩეული მორაგბეები არიან ქუადე კუპერი, სტეფან მური, დრიუ მიჩელი, ადამ ეშლი-კუპერი და ახალგაზრდა ჯეიმს ოკონერი. სულ რობი დინსს ახალ ზელანდიაში შემდეგი მორაგბეები მიყავს:
უკანა ხაზი: კურტლი ბილი, ჯეიმს ოკონერი, დრიუ მიჩელი, დიგბი იოანე, ადამ ეშლი-კუპერი, რობ ჰორნი, პეტ მაკკეიბი, ენტონი ფაინგა, ბერიკ ბარნსი, კუეიდ კუპერი, ნიკ ფიპსი, ლუკ ბურგესი, უილ გენია;
შერკინება: ბენ მაკკელმენი, რადიკ სამო, უაიკლიფ პალუ, დევიდ პოკოკი, როკი ელსომი, სკოტ ჰიგინბოთემი, ჯეიმს ჰორვილი, რობ სიმონსი, ნათან შარპი, დენ ვიკერმანი, ბენ ალექსანდერი, სეკოპე კეპუ, ჯეიმს სლიპერი, სალესი მააფუ, სტივენ მური, საია ფაინგა, ტატაფუ პოლოტა-ნაუ.
მწვრთნელი: რობი დინსი
 
C ჯგუფი

ავსტრალია
ირლანდია
იტალია
რუსეთი
აშშ

11 სექტემბერი. ოკლენდი
ავსტრალია - იტალია
17 სექტემბერი. ოკლენდი
ავსტრალია - ირლანდია
23 სექტემბერი. ველინგტონი
ავსტრალია - აშშ
1 ოქტომბერი. ნელსონი
ავსტრალია - რუსეთი
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08157