ამბები

13:21 | 8.09.2011 | ნანახია 4559 - ჯერ

სამხრეთ აფრიკა - მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი

რაგბიში ყველაზე ღირებული, Webb Ellis Cup-ის თასის მფლობელი დღეისათვის სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრებია და ასე იქნება 2011 წლის 23 ოქტომბრამდე, ამ დღეს კი, მეშვიდე მსოფლიო თასის ფინალური შეხვედრა ოკლენდში გაიმართება და გაირკვევა, გახდება თუ არა აფრიკელთა გუნდი პირველი ნაკრები, რომელიც ჩემპიონის ტიტულს მესამედ და თანაც ზედიზედ მეორედ მოიპოვებს.
სამხრეთ აფრიკაში რაგბი სპორტის ყველაზე მეტად პოპულარული სახეობაა. თავდაპირველად, ამ ქვეყნის ნაკრებში უფრო მეტად ადგილობრივი მოსახლეობა თამაშობდა, ინგლისურენოვანი თეთრკანიანები კი, ხშირ შემთხვევაში სხვა ქვეყნის სახელით ამჯობინებდნენ ბურთაობას (ინგლისის და ავსტრალიის). მერე და მერე რაგბი უფრო თეთრკანიანთა თამაშად იქცა, რადგანაც შავკანიანი მოსახლეობა უპირატესობას ფეხბურთის თამაშს ანიჭებდა. აპარტეიდის რეჟიმის დროს, შავკანიან მოსახლეობას თეთრკანიანებთან ერთად რაგბის თამაში აკრძალული ჰქონდა და ეს დიფერენციაცია ამან გამოიწვია. რასობრივი განსხვავებები პოსტაპარტეიდის შემდეგაც შეინიშნებოდა, თუმცა, მერე გაჩნდა დირექტივა, რომ გუნდები თეთრკანიანი და შავკანიანი მორაგბეებით თანაბრად დაკომპლექტებულიყო. ეს ოფიციალურად არსად ფიქსირდებოდა, მაგრამ სამხრეთ აფრიკის ნაკრები ამ პრინციპით კომპლექტდებოდა, რის გამოც ეროვნული ნაკრების მაისურს ყველა ღირსეული მორაგბე ვერ ირგებდა. ამჟამად გუნდს ფერადკანიანი პეტერ დე ვილერსი ავარჯიშებს, რომელიც სკანდალური გამონათქვამებითა და გადაწყვეტილებებითაა ცნობილი, თუმცა, გუნდის დაკომპლექტების მხრივ ახლა არანაირი შეზღუდვა აღარ არსებობს და ნაკრებიც მწვრთნელის შეხედულებით, უძლიერესი მორაგბეებით კომპლექტდება.
1861 წელს კეიპტაუნის ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა, საკუთარ სასწავლებელში რაგბის მსგავსი თამაში (რომელშიც ფეხბურთის და რაგბის წესები იყო გაერთიანებული) დანერგა. მალე მათ კეიპტაუნის ახალგაზრდა დიდგვაროვნები შეუერთდნენ და 1862 წელს პირველი რაგბის მსგავსი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს სამხედრო ჩინოვნიკები და სახელმწიფო მოხელეები შეხვდნენ, მატჩი 0:0 დასრულდა. 1875 წელს რაგბის თამაში მისას კოლონიაში დაიწყეს, მომდევნო წელს კი, საკუთარი კლუბი დაარსეს. 1878 წელს კეიპტაუნში ინგლისელი უილიამ გენრი მილტონი ჩავიდა, ის ადგილობრივ მოსახლეობას შეუერთდა, მათ რაგბის ანა-ბანა გააცნო და სპორტის ამ სახეობის პროპაგანდას მიყო ხელი. ამავე წლის ბოლოს, კეიპტაუნში მთლიანად რაგბის წესებზე გადაერთვნენ, ბრიტანელმა კოლონიზატორებმა მის განვითარებას შეუწყვეს ხელი და მალე რაგბის თამაში იოჰანესბურგშიც დაიწყეს. სამხრეთ აფრიკაში სპორტის ამ სახეობის განვითარებაში, კოლონიზატორებთან ერთად, დიდი როლი ითამაშეს დიდი ბრიტანეთის ჯარისკაცებმა და რაგბი მთელს ქვეყანას მოედო.
1883 წელს სარაგბო კლუბი უკვე კეიპტაუნის მოშორებითაც ჩამოყალიბდა. ახალგაზრდა ბურებმა ის დიდი ენთუზიაზმით აიტაცეს და მალე დასავლეთ და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი დაარსდა, მას სხვა მხარეებმაც აუბეს მხარი და 1889 წელს სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი დაარსდა, რაც პირველი შიდა ტურნირის ჩატარებით აღინიშნა. ერთი ხანობა ქვეყანაში ორი რაგბის კავშირი არსებობდა, რასისტული და არა რასისტული, მათი გაერთიანება 1992 წელს მოხდა, 2005 წელს კი, ამ ორგანიზაციამ სახელი შეიცვალა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირად გადაკეთდა (მასში 14 პროვინციალური რაგბის კავშირია გაერთიანებული). ეს მოვლენა დიდი ზარზეიმით აღინიშნა და სამხრეთ აფრიკის და ინგლისის ნაკრებების ორი შეხვედრით დაგვირგვინდა.
სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დღემდე გამართული ექვსი მსოფლიო თასიდან ორი აქვს მოგებული, მაგრამ, რეალურად, აფრიკელებმა მხოლოდ ოთხ მსოფლიო თასზე ითამაშეს, რადგან 1987 და 1991 წლებში, აპარტეიდის რეჟიმის გამო, ამ ქვეყნის გუნდებს საერთაშორისო შეხვედრების გამართვა აკრძალული ჰქონდათ. ახლა ყველაფერი რიგზეა და აფრიკელები სამხრეთის ყველაზე ძლიერ სანაკრებო ტურნირ “სამ ერში” (რომელიც მომავალი წლიდან “ოთხ ერად” გადაკეთდება) და საერთაშორისო ტესტ-მატჩებში რეგულარულად თამაშობენ. ქვეყნის ნაკრები გუნდები ოქროსფერით გაწყობილი მწვანე კვართებით, თეთრი ტრუსებით და ოქროსფერ კანტიანი წინდებით თამაშობენ, გულზე კი, სპრინგბოკის ჯიშის (შპრინგბოკკე) ქურციკია გამოსახული. სწორედ აქედან მომდინარეობს სამხრეთ აფრიკის ნაკრების მეტსახელი - “სპრინგბოკი”, იგივე “ბოკე”. რაგბის საერთაშორისო საბჭოს რეიტინგში, სამხრეთ აფრიკას 85,69 სარეიტინგო ქულა აქვს და მესამე ადგილი უჭირავს (ახალი ზელანდიის და ავსტრალიის შემდეგ). ქვეყანაში 1453 კლუბი 632 184 მორაგბეა რეგისტრირებული. ამ ქვეყნის ხუთი საუკეთესო გუნდი, რეგულარულად მონაწილეობს სამხრეთ ნახევარსფეროსა და მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს საკლუბო ტურნირ ზე-15-ში და ბოლო ხუთი ჩემპიონატიდან სამში, სწორედ აფრიკულმა გუნდებმა იმარჯვეს.
სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა პირველი საერთაშორისო შეხვედრა 1891 წლის 30 ივლისს გამართა, როდესაც სამხრეთ აფრიკას “ბრიტანელი ლომები” ეწვივნენ და მასპინძლები 4:0 დაამარცხეს. სამხრეთ აფრიკა ერთიანი ქვეყანა მხოლოდ 1910 წელს გახდა, მაგრამ მათმა ნაკრებმა პირველი ოფიციალური შეხვედრის ჩატარება მანამდე მოასწრო და საერთო ჯამში ბრიტანელებთან 20 ტესტი გამართეს. მაშინ აფრიკელები რაგბის თამაშს ჯერ კიდევ სწავლობდნენ და გამარჯვებას ვერ მიაღწიეს.
“ლომები” სამხრეთ აფრიკას 1896 წელსაც ესტუმრნენ და 21 ტესტიდან 20-ში იმარჯვეს, თუმცა, 1891 წლის შემდეგ, აფრიკელებმა თამაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს და განსაკუთრებით შეტევისას გამოირჩეოდნენ. ამ 21 შეხვედრიდან, სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ოთხ ტესტში ითამაშა და ბოლო მატჩში გამარჯვების მოპოვება მოახერხა, რითაც მომავლის იმედი ჩაესახა. “ლომების” ამ ტურნემ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყანაში რაგბის განვითარებას. აფრიკელთა მაშინდელმა კაპიტანმა ბარი ჰიტლიმ, ნაკრებისთვის მწვანე ფერის მაისურები საკუთარ კლუბ Diocesian-ისგან ითხოვა და “ბოკეს” ფორმას შეფერილობა მას შემდეგ აღარ შეუცვლია. ამ პერიოდში რაგბი იმდენად პოპულარული გახლდათ, რომ 1902 წელს, ბურებს შორის ატეხილი ომი დროებით შეწყდა, რათა ბრიტანელებსა და ბურებს შორის სარაგბო შეხვედრა გამართულიყო. 1903 წელს “ლომები” კიდევ ერთხელ ეწვივნენ სამხრეთ აფრიკას და 22 ტესტიდან გამარჯვება მხოლოდ 11-ში მოიპოვეს.
1906-1907 წლებში, სამხრეთ აფრიკის ნაკრები, რომლის კაპიტანიც პოლ რუსი გახლდათ, დიდ ბრიტანეთს თავად ეწვია და იქაურ ნაკრებებთან და გუნდებთან ტესტები გამართა. შოტლანდია გახლდათ ერთადერთი გუნდი, რომელმაც მომხდურების დამარცხება მოახერხა, ინგლისი მხოლოდ ფრეს გამორჩა, დანარჩენ შეხვედრებში კი, “სპრინგბოკმა” იმარჯვა. სწორედ ამ ტურნეს დროს დაერქვა სამხრეთ აფრიკის ნაკრებს “სპრინგბოკი”. ეს სახელი გუნდის კაპიტანმა რუსმა მოიგონა. მან იცოდა, რომ ბრიტანელი მიმომხილველები სამხრეთ აფრიკის ნაკრებს რაიმე სახელს შეურჩევდნენ და რათა მათთვის არასასურველი სახელი არ მიეღოთ, რუსმა მათ თავიანთი თავი De Springbokken-ად თავად წარუდგინა. ამ წარმატებულმა ტურნემ დიდი როლი ითამაშა სამხრეთ აფრიკელი ხალხის სულიერ გამოცოცხლებაში და ბურების ომისგან მიყენებული ჭრილობის მოშუშებაში. ამავე ტურნეს დროს, მათ გადალახეს სრუტე და პარიზში არაოფიციალურად ეთამაშნენ ამ ქალაქის ორი კლუბისგან შემდგარ ნაკრებს, რადგანაც საფრანგეთის ნაკრები მაშინ თავად იმყოფებოდა ინგლისურ ტურნეში. სამხრეთ აფრიკელებმა 13 ლელო გაიტანეს და 55:6 მოიგეს.
1910 წელს სამხრეთ აფრიკას პირველად ეწვია ოთხივე ნაკრებისგან (ინგლისი, შოტლანდია, უელსი და ირლანდია) დაკომპლექტებული “ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები” და არაოფიციალური ტესტებიდან ადგილობრივ გუნდებთან ნახევარზე მეტი მოიგეს, მაგრამ თავად ნაკრებთან ჩატარებული სამი ტესტიდან მხოლოდ ერთში იმარჯვეს. მეორე ევროპული ტურნე “ბოკეს” 1912-1913 წლებში ჰქონდა და “ოთხი ერის” (ინგლისი, შოტლანდია, უელსი და ირლანდია) ყველა წარმომადგენელთან გამარჯვება მოიპოვა, რითაც ერთგვარი Grand Slam-ი მოიპოვა. 1924 წლის “ლომების” ტურნე ბრიტანელთათვის კატასტროფული შედეგით დასრულდა. მათ 21 შეხვედრიდან მხოლოდ 9 მოიგეს და სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან ოთხივე ტესტი დათმეს. მანამდე, 1921 წელს, ახალი ზელანდიის და სამხრეთ აფრიკის სარაგბო ისტორიას საფუძველი ჩაეყარა. პირველი მატჩი ზელანდიელებმა 13:5 მოიგეს, მერე კი, აფრიკელებმა 9:5 იმარჯვეს, ხოლო მესამე თამაში საშინელ სათამაშო პირობებში ფრედ 0:0 დასრულდა. 1928 წელს აფრიკელებმა მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლულად მოთამაშე ახალი ზელანდია 17:0 დაამარცხეს და იმ დროისთვის ყველაზე დიდი სხვაობით მარცხი აგემეს, მაგრამ “ოლ ბლექსმა” მომდევნო მატჩში რევანშის აღება მოახერხა. ამას გუნდებმა თითო-თითო გამარჯვება შეუნაცვლეს. 1930-იან წლებში, აფრიკელებმა ფეხით ტაქტიკური დარტყმები და ამით ტერიტორიის მოგება დანერგეს და ევროპული გუნდები ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს. 1937 წელს აფრიკელებმა ზელანდიაში ტურნე მოაწყეს და სერიაში 2:1 იმარჯვეს, არადა, პირველ შეხვედრაში მარცხი განიცადეს და ზედიზედ ორი მოგება ამას მოაყოლეს. 1938 წელს “ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა” სამხრეთ აფრიკას კიდევ ერთხელ ჩააკითხეს და უმეტეს შეხვედრებში გამარჯვებული დარჩნენ. მიუხედავად ამისა, “სპრინგბოკთან” მათ პირველ ორ მატჩში მარცხი განიცადეს და მხოლოდ მესამე, ბოლო შეხვედრაში იმარჯვეს.
1949 წელს სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა 10-დან 10-ივე ტესტში იმარჯვა, მათ შორის ოთხჯერ დაამარცხა ახალი ზელანდია. იმ პერიოდის სამხრეთ აფრიკის ნაკრები ერთ-ერთ საუკეთესოდაა მიჩნეული. მაშინ “სპრინგბოკმა” ევროპული ტურნე მოაწყო და 31-დან 30 შეეხვედრაში იმარჯვა, დაამარცხა რა “ხუთი ერის” ყველა წარმომადგენელი. ამ ტურნეს დროს აფრიკელთა იმდროინდელმა კაპიტანმა ბაზილ კენიონმა თვალი დაკარგა. ამ ტურნეს დროს აფრიკელებმა შოტლანდიის ნაკრები 44:0 გაანადგურეს. 1954 წელს, უკანასკნელი 15 წლის მანძილზე, აფრიკულ მიწაზე “ბოკემ” პირველი მარცხი განიცადა, როდესაც მათ ავსტრალიამ 18:14 აჯობა, მაგრამ სერიაში გამარჯვებული მაინც მასპინძლები დარჩნენ. ორი წლის შემდეგ, აფრიკაში სერიულ გამარჯვებას უკვე ახალმა ზელანდიამაც მიაღწია, 1958 წელს კი, ამ მიწაზე ისტორიული გამარჯვება უკვე საფრანგეთმა მოიპოვა და ეს იოჰანესბურგში 90 ათასმა გულშემატკივარმა იხილა.  
1960 წელს “სპრინგბოკმა” ზელანდიასთან რევანში აიღო და სტუმრებს პირველ მატჩში 13:0 მარცხი აგემა. მეორე შეხვედრა “ოლ ბლექსმა” მოიგო, მესამე მატჩი ფრედ დასრულდა, გადამწყვეტი მეოთხე დაპირისპირება კი, აფრიკელთა სასარგებლოდ დასრულდა. 1960-61 წლებში “ბოკემ” ოთხთვიანი ევროპული ტურნე მოაწყო და 34 ტესტი გამართა. ისინი აგრესიულ, შემტევ რაგბის თამაშობდნენ და მეტოქე გუნდებს შიშს უნერგავდნენ. ეს იყო ბოლო ტურნე, როდესაც აფრიკელებმა ბრიტანეთის სამივე გუნდი და ირლანდია დაამარცხეს. ამან ევროპელები იმდენად გააღიზიანა, რომ დასკვნით ტესტში, რომელიც “სპრინგბოკმა” ევროპაში “ბარბაროსებთან” კარდიფში გამართა, “ბარბაროსებმა” თავისთვის არა დამახასიათებელი პრაგმატული, შედეგზე და არა სილამაზეზე ორიენტირებული რაგბი ითამაშეს და მომხვდური 6:0 დაამარცხეს. მომდევნო წელს “ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა” სამხრეთ აფრიკაში გამართული 25 ტესტიდან 16-ში იმარჯვეს, მაგრამ სამივე შეხვედრა დათმეს სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან. თითქმის ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა 1968 წელს. “ლომებმა” პროვინციულ ნაკრებებთან 16-დან 15 შეხვედრა მოიგეს, მაგრამ “სპრონგბოკთან” 3-ჯერ დამარცხდნენ და მხოლოდ ერთ ფრეს გამორჩნენ. მანამდე, 1964 წელს აფრიკელებს უელსის ნაკრები ეწვია და 40 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი სხვაობით - 3:24 დამარცხდა. 1969 წლის აფრიკელთა ევროპულმა ტურნემ, აპარტეიდის რაჟიმის წინააღმდეგ დემონსტრაციების ფონზე ჩაიარა და ყველა შეხვედრა ეკლიანი მავთულებით გარშემორტყმულ მოედნებზე გაიმართა. რეგიონალურ ნაკრებებთან მათ 7-დან 2 ტესტი დათმეს, უელსი კი ახლოს იყო, რომ “ბოკესთან” პირველი გამარჯვება ეზეიმა, მაგრამ მხოლოდ ფრეს დასჯერდა - 6:6.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ აპარტეიდის რეჟიმის დადგომამდე (1948 წელი), სამხრეთ აფრიკაში ჩასული გუნდები ცდილობდნენ, რომ იქ ფერადკანიანი მორაგბეები არ ჩაეყვანათ. ამის გამო, 1967 წელს ახალი ზელანდიის აფრიკული ტურნე ჩაიშალა, რადგან სამხრეთ აფრიკის ხელმძღვანელობამ “მაორების” თავის ქვეყანაში შეშვებაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით, ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მაორები “საპატიო შევკანიანებად” ჩაეთვალა და 1970 წელს ახალი ზელანდია “სპრინგბოკთან” ტესტ-მატჩებში 1:3 დამარცხდა. 1973 წელს, ზელანდიელები უკვე თავისი ქვეყნის პრემიერ მინისტრმა არ გაუშვა სამხრეთ აფრიკაში, მაგრამ 1976 წელს ეს ტურნე მაინც შედგა და სამხრეთ აფრიკამ ოთხმატჩიან სერიაში ამჯერადაც 3:1 იმარჯვა. დემონსტრაციები ახლავდა თან სამხრეთ აფრიკელთა ავსტრალიურ ტურნეს 1971 წელს. “სპრინგბოკი” იძულებული გახდა, ავსტრალიაში ამ ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავით ჩასულიყო, რადგანაც ავსტრალიურმა პროფკავშირებმა უარი განაცხადა მათი თვითმფრინავით და მატარებლით მომსახურებაზე. მიუხედავად ამისა, “ბოკემ” კონტინენტურ ქვეყანაში გამართული 3 ტესტიდან სამივეში გამარჯვება მოიპოვა - 18:6, 14:6 და 19:11. “ბრიტანელმა ლომებმა” აფრიკელებთან ძველი ჯავრი 1974 წელს იყარა, პროვინციულ გუნდებს 22-ივე შეხვედრაში აჯობა, ნაკრებს კი, 3 თამაში მოუგო და მასპინძლები მხოლოდ ერთ ფრეს დააჯერა. ამ თამაშებში ნათლად გამოჩნდა, რომ სამხრეთ აფრიკელთა უპირატესობას ფიზიკური ძალა წარმოადგენდა. მას “ლომებმა” სწრაფი, ტექნიკური თამაში დაუპირისპირეს და შედეგმაც არ დააყოვნა.
1977 წელს, ცალკეული რაგბის კავშირები გაერთიანდნენ და სახელმწიფოსთან გააფორმეს ხელშეკრულება, რომ ნაკრებში შავკანიანი მოთამაშეებისთვისაც მიეცათ თამაშის უფლება და ოთხი წლის შემდეგ ეროლ ტობიასი გახდა პირველი ფერადკანიანი მორაგბე, რომელმაც ქვეყნის სახელით ითამაშა. აპარტეიდის რეჟიმმა სამხრეთ აფრიკული რაგბი მაინც გვარიანად დააზარალა, რადგან მასთან თამაშზე საფრანგეთმა უარი განაცხადა და 1979 წელს “სპრინგბოკის” ფრანგული ტურნე ჩაიშალა, 1983 წელს კი, ფრანგები თავად არ ჩავიდნენ სამხრეთ აფრიკაში. 1981 წელს “ბოკე” აშშ-ში ჩავიდა, მაგრამ საპროტესტო აქციების გამო ტურნე მალევე შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრებში ერთი შავკანიანი მორაგბე გამოჩნდა, რაგბის მსოფლიოს საბჭომ “სპრინგბოკს” საერთაშორისო შეხვედრების ჩატარება მაინც აუკრძალა. ამ გადაწყვეტილების გვერდის ავლით, სამხრეთ აფრიკამ სათამაშოდ არგენტინის ნაკრები მიიწვია, “პუმები” შეთავაზებას დიდი სიამოვნებით დათანხმდნენ და აფრიკაში 8 შეხვედრა გამართეს. 1985 წლის ახალი ზელანდიის სამხრეთ აფრიკული ტურნე ზელანდიის სასამართლომ დაბლოკა, მაგრამ მომდევნო წელს “ოლ ბლექი” აფრიკას მაინც ეწვია. ეს არ გახლდათ ოფიციალური ტურნე და რამდენიმე ზელანდიელმა მორაგბემ სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებაზე უარი განაცხადა, მათ კი ვინც “სპრონგბოკთან” თამაში ისურვა, დისკვალიფიკაცია “დაირტყეს”.
აპარტეიდის რეჟიმის დამსახურება გახლდათ ისიც, რომ სამხრეთ აფრიკა 1987 წლის მსოფლიოს თასზე არ მიიწვიეს, მაგრამ 1989 წელს IRB-მ მსოფლიოს ნაკრებს, რომელშიც 10 ზელანდიელი, 8 ფრანგი, 6 ინგლისელი და თითი-თითო შოტლანდიელი და ირლანდიელი ირიცხებოდნენ, სამხრეთ აფრიკაში გამგზავრების ნება დართო. მიუხედავად ამისა, 1991 წლის მსოფლიოს თასზე “სპრინგბოკს” მაინც არ უთამაშია, 1992 წლიდან კი, მას შემდეგ, რაც აპარტეიდის რეჟიმმა ნგრევა დაიწყო, IRB-მ “ბოკეს” საერთაშორისო შეხვედრების ჩატარების ნება დართო და სამხრეთ აფრიკელებიც მთელი ძალით შეუდგნენ დაკარგული დროის “ამოქაჩვას”. ისინი ამავე წელს გახდნენ IRB-ს წევრი, პირველი შეხვედრა 1992 წელს, ახალ ზელანდიასთან გამართეს და 27:24 იმარჯვეს, მაგრამ 1994 წელს “ოლ ბლექთან” ზელანდიაში ყველა ტესტში დამარცხდნენ. ამავე პერიოდში გაჩნდა იდეა, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრების ემბლემა და სახელი “სპრინგბოკი” შეეცვალათ, რადგანაც ბევრ სამხრეთ აფრიკელს ის აპარტეიდის რეჟიმს ახსენებდა, თუმცა, საქმეში პირველი შავკანიანი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა ჩაერია და მსოფლიოს თასის წინ, გუნდმა ემბლემა და სახელი შეინარჩუნა.
1995 წელის სამხრეთ აფრიკული რაგბის ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდა. ამ წელს მათ მსოფლიოს თასს უმასპინძლეს და ამ ფაქტმა ადგილობრივი თეთრკანიანი და შავკანიანი მოსახლეობა გააერთიანა. სამხრეთ აფრიკის არქიეპისკოპოსმა ეს მოვლენა “ეროვნულ ცისარტყელად” შეაფასა. ნაკრებში მხოლოდ ერთადერთი შავკანიანი მოთამაშე ირიცხებოდა, მაგრამ ტრიბუნაზე თეთრი და შავი კანის ფერის მქონე მოსახლეობა გვერდიგვერდ იჯდა და საყვარელ გუნდს ერთნაირად გულშემატკივრობდა. მაშინ “სპრინგბოკი” მსოფლიოს რეიტინგში მე-9 ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ ამას გამარჯვებისკენ სავალ ბილიკზე არანაირი წინაღობა არ შეუქმნია. მსოფლიო თასის სადებიუტო შეხვედრაში, “ბოკემ” მოქმედი ჩემპიონი ავსტრალია 27:18 დაამარცხა, მერე ჯგუფურ ეტაპზე რუმინეთი (21:8) და კანადა (20:0) დაიბრიყვა, მეოთხედფინალში დასავლეთ სამოას 42:14, ხოლო ნახევარფინალში საფრანგეთს 19:15 აჯობა და ფინალში ახალი ზელანდიის წინააღმდეგ წარსდგა. შეხვედრა იოჰანესბურგის  63 ათასიან “ელის პარკზე” გაიმართა. ზელანდიელები ამტკიცებენ, რომ წინა დღეს ისინი საჭმელმა მოწამლა, მაგრამ ამას სამხრეთ აფრიკელთა ტრიუმფისთვის ხელი არ შეუშლია. მათ მოახერხეს და მეტოქის მთავარი საფრთხე, ჯონა ლომუ სპეციალურად შემუშავებული ტაქტიკით შეაჩერეს. ძირითადი დრო ფრედ 12:12 დამთავრდა, დამატებით დროში კი, ჯოელ შტრანსკიმ გადამწყვეტი არეკნი გაიტანა (მთლიანობაში, მან ამ შეხვედრაში 3 ჯარიმა და 2 არეკნი გაიტანა), “ბოკეს” 15:12 მოაგებინა და თასი სამშობლოში დატოვა. ქვეყნის შავკანიანმა პრეზიდენტმა ნელსონ მანდელამ, ჭებბ Eლლის ჩუპ-ი გუნდის თეთრკანიან კაპიტან ფრანსუა პიენარს გადასცა, რამაც სამხრეთ აფრიკის მოსახლეობის დაახლოებაში, სამომავლოდ დიდი როლი ითამაშა. სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ლუი ლეიტი ირწმუნებოდა, რომ “სპრინგბოკისთვის” პირველ ორ მსოფლიოს თასზე თამაშის უფლება რომ მიეცათ, ეს მათთვის უკვე მესამე მოგებული მსოფლიოს თასი იქნებოდა.
1996 წლიდან, რაგბი პროფესიულ რელსებზე გადავიდა და ქვეყანაში სარაგბო კრიზისი დაიწყო. ამის მიზეზი რამდენიმე ფაქტის ურთიერთდამთხვევა იყო. გუნდის მთავარ მწვრთნელ კიჩ კრისტის ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, სასწრაფოდ სამკურნალო გახდა და მან თანამდებობა დატოვა. ამასთან, “სპრინგბოკისთვის” რასობრივი აღრევა და გუნდში თანაბარი ოდენობით თეთრ და შავკანიანი მორაგბეების გაწვრიანებამ, ნაკრების სათამაშო ხარისხს დიდი დარტყმა მიაყენა. არადა, პროფესიონალიზმა სამხრეთ ნახევარსფეროში ძლიერი სანაკრებო ტურნირის - “სამი ერის” და საკლუბო ტურნირზე-12-ის (რომელიც ამჟამად ზე-15 გახდა) დაარსება გამოიწვია, რასაც წესით განვითარების პროცესი უნდა დაეჩქარებინა. მიუხედავად ამისა, აფრიკელები 1996 წელს ახალ ზელანდიასთან სერიაში დამარცხდნენ, მერე “ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა” დაჩაგრეს. წარუმატებელი სერია “სამ ერსა” და საერთაშორისო შეხვედრებში, 1997 წელსაც გაგრძელდა. სამაგიეროდ, სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა, იმ დროისთვის 1965-69 წლებში “ოლ ბლექსისგან” დამყარებული რეკორდი დაამხო, როდესაც ზედიზედ 17 ტესტ-მატჩში იმარჯვა, მათ შორის ოთხჯერ “სამ ერში” და ამ წელს ახლადდაარსებული ტიტული პირველად შემართა (ახალ ზელანდიას და ავსტრალიას თითო-თითო შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულით აჯობა).
1999 წლის მსოფლიო თასამდე, “სპრინგბოკმა” “სამი ერის” თასი დათმო, მაგრამ პლანეტის უმთავრესი ტურნირი წარმატებულად დაიწყო. ჯგუფში მან დამაჯერებლად იპირველა (დაამარცხა შოტლანდია 46:29, ესპანეთი 47:3 და ურუგვაი 39:3), მეოთხედფინალში ინგლისს 44:21 სძლია, მაგრამ ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ ავსტრალიასთან დაძაბულ ბრძოლაში 21:27 დამარცხდნენ და ახალი ზელანდიის 22:18 ძლევით, მხოლოდ მე-3 ადგილს დასჯერდა. ამის შემდეგ აფრიკელებს კვლავ პრობლემები გაუჩნდათ და “სამ ერზე” წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგებას თუ ახერხებდა. 2002 წლის ნოემბერში, სამხრეთ აფრიკა ინგლისს ეწვია და თვიქნემში დღემდე სარეკორდო მარცხი განიცადა - 3:53. ამავე პერიოდში, კრიზისში მყოფმა “სპრინგბოკმა” სარეკორდო მარცხები განიცადა საფრანგეთთან, შოტლანდიასთან და ახალ ზელანდიასთან, არგენტინასთან კი, მხოლოდ ერთი ქულით იმარჯვა. 2003 წლის მსოფლიოს თასზე სამხრეთ აფრიკამ თავისი ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა და გათამაშებას მეოთხედფინალში გამოეთიშა. ჯგუფში “ბოკემ” დაამარცხა ურუგვაი 72:6, საქართველო 46:19, სამოა 60:10 და თავად დამარცხდა ინგლისთან 6:25, რის შემდეგაც მე-2 ადგილი დაიკავა, მეოთხედფინალში ახალ ზელანდიას შეხვდა და 9:29 მარცის შემდეგ, გათამაშებას გამოეთიშა. აფრიკისთვის არა, მაგრამ საქართველოსთვის ეს წელი იმით იყო განსაკუთრებული, რომ სწორედ “ბოკესთან” მატჩში, “ბორჯღალოსანმა” დავით დადუნაშვილმა, მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების პირველი ლელო გაიტანა!
2004 წელი “ბოკესთვის” წარმატებული გამოდგა. ივნისის ტესტებში ირლანდიის ორჯერ და უელსისი დამარცხების შემდეგ, სამხრეთ აფრიკა “სამ ერზე” ჩაერთო. პირველ ორ შეხვედრაში ახალ ზელანდიასთან (21:23) და ავსტრალიასთან (26:30) მცირე ანგარიშით მარცხის შემდეგ, საკუთარ კედლებში ორივე მათგანი დაამარცხა (ახალი ზელანდია 40:26 და ავსტრალია 23:19), სამივე ნაკრებს თანაბარი მოგებები დაუგროვდა და რადგან სამხრეთ აფრიკას ყველაზე მეტი პრემიალური ქულა ჰქონდა, კონკურენტები უკან მოიტოვა და “სამი ერის” გამარჯვებულის ტიტული მეორედ მოიპოვა. მომავალ წელს აფრიკელებმა “სამ ერზე” უკვე სამი თამაში მოიგეს, მაგრამ ახალ ზელანდიას მაინც ჩამორჩნენ. სამაგიეროდ, 2005 წელს სამხრეთ აფრიკამ თავისთვის სარეკორდო გამარჯვება იზეიმა - ურუგვაი 134:3 გაანადგურა. 2006 წელი სამხრეთ აფრიკამ შოტლანდიის ორჯერ დამარცხებით დაიწყო, მაგრამ მერე საფრანგეთთან დამარცხდნენ და საკუთარ მიწაზე წაუგებელი სერია შეწყვიტეს. ამას მოყვა “სამ ერზე” ავსტრალიასთან განცდილი სამარცხვინო მარცხი 0:49. ამ ტურნირზე ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ, “ბოკემ” ახალი ზელანდია 21:20 დაამარცხა და ხუთმატჩიანი დამარცხებათა სერია შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ იმ წელიწადს “ოლ ბლექსმა” ერთადერთი მარცხი განიცადა და ეს სამხრეთ აფრიკამ მოახერხა. “სპრინგბოკმა” ბოლო ტურში ავსტრალიაც დასცა, მაგრამ მაინც ბოლო ადგილზე დარჩა. ევროპულ ტურნეზე აფრიკელებმა ყველაზე სახელოვანი გამარჯვება ლონდონში მოიპოვეს, როდესაც თვიქნემში ინგლისი 24:15 დასცეს.
2007 წლის “სამი ერი” აფრიკელებისთვის კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა და გუნდი საფრანგეთის მსოფლიო თასზე არცთუ კარგ ხასიათზე გაემგზავრა. ჯგუფური ეტაპი “ბოკემ” სამოას 59:7 ძლევით გახსნა, მერე ინგლისი 36:0 გაანადგურა, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ტონგას 30:25 აჯობა, ბოლოს კი, აშშ 64:15 დაამარცხა. მეოთხედფინალში აფრიკელებს კიდევ ერთ ოკეანეთის გუნდ ფიჯისთან დიდი ბრძოლა გადახდათ, მაგრამ დასკვნით ათ წუთში გატანილი ორი ლელოთი (სულ ხუთი ლელო) მათ ბოლო მოუღეს 37:20 და ნახევარფინალში არგენტინას დაუპირისპირდნენ. “ბოკემ” მეტოქე იოლად დაამარცხა 37:13 და ფინალში იმ ინგლისს შეხვდა, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე შეარცხვინა. ინგლისმა ორი ჯარიმა გაიტანა, აფრიკამ ხუთი (4 პერსი მონტგომერმა და ერთიც სტეინმა) და “სპრინგბოკმა” მეტოქის 15:6 დამარცხებით მსოფლიო თასი მეორედ შემართა. ინგლისელები მიიჩნევდნენ, რომ აფრიკელები გამარჯვებას არ იმსახურებდნენ, რადგან მსაჯმა მათ წესების სრული დაცვით გატანილი ლელო არ ჩაუთვალა, მაგრამ ამან ვეღარაფერი შეცვალა. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი, 105 ქულით პერსი მონტგომერი გახდა, ხოლო ბრაიან ჰაბანამ ყველაზე მეტი, 8 ლელო გაიტანა.
2008 წლის იანვარში, სამხრეთ აფრიკის რაგბის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა. მის მწვრთნელად პირველად დაინიშნა ფერადკანიანი ადამიანი - პიტერ და ვილერსი და ის გუნდს ახლაც ავარჯიშებს. ახალმა მწვრთნელმა გუნდში ათი ფერადკანიანი მორაგბე მიიყვანა და სადებიუტო შეხვედრებში ორჯერ დაამარცხა უალსი (43:17 და 37:21), ერთხელ კი, იტალია (26:0). მართალია “სამ ერზე” “ბოკე” ორი მოგებით ბოლო ადგილზე გავიდა, მაგრამ აფრიკელებმა მოახერხეს და ასწლიანი ისტორიის მანძილზე ახალ ზელანდიასთან პირველად იმარჯვეს დანიდინში (30:28). წლის ბოლოს სამხრეთ აფრიკამ უელსი და შოტლანდია დაამარცხა, მერე კი, მათ ინგლისისც მიაყოლა. 2009 წელი “სპრინგბოკისთვის” უკვე წარმატებული აღმოჩნდა. “ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები” მათ სერიაში 2:1 დაამარცხეს, მერე “სამ ერზე” მხოლოდ ერთი მატჩი დათმეს ავსტრალიასთან და ხუთი მოგებით თასს მესამედ დაეუფლნენ. ამასთან, მათ ზელანდიას თავისუფლების, ხოლო ავსტრალიას ნელსონ მანდელას თასები ჩამოართვეს, თუმცა, ნოემბრის ტესტებზე ევროპაში წარუმატებლად ითამაშეს და მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილი დათმეს. უკანასკნელი ორი წელიწადი აფრიკელებისთვის წარუმატებელი და სკანდალებით დატვირთული გამოდგა. გასული წლის “სამ ერზე”, მათ მხოლოდ ერთი თამაში მოიგეს და ბოლო ადგილი დაიკავეს, დე ვილერსმა კი, თავი მსაჯების, მეტოქეების და IRB-ს მაღალჩინოსნების ლანძღვით გამოიჩინა. ამ წელს მათი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა საფრანგეთის 42:17 დამარცხება იყო. მანამდე აფრიკელებს “ლურჯებთან” ხუთი წლის განმავლობაში ერთი გამარჯვებაც არ ჰქონდათ და ფიქრობენ, რომ 2011 წლის მსოფლიო თასისთვის, ამ მოგებით გარკვეული ფსოქოლოგიური უპირატესობა მოიპოვეს. წლევანდელ “სამ ერზე” სამხრეთ აფრიკამ კვლავ ერთი მატჩი მოიგო, თავის ბოლო შეხვედრაში ახალი ზელანდია დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ზელანდიაში და ავსტრალიაში ჩასატარებელი მატჩებისთვის, დე ვილერსმა ერთბაშად 21 მორაგბის ტრავმა მოიმიზეზა და ისინი შინ დატოვა. თითქმის მთელი მსოფლიო დარწმუნებულია, რომ ფერადკანიანმა სპეციალისტმა ხრიკს მიმართა და წამყვანი მორაგბეები მომავალი მსოფლიო თასის წინ დაასვენა. ბოლო ორ შეხვედრაში “ბოკემ” უკვე უძლიერესი შემადგენლობით ითამაშა, მაგრამ ავსტრალიასთან ვერაფერს გახდა და დურბანში 9:14 დამარცხდა, აი ზელანდიას კი, პორტ ელიზაბეტში 18:5 აჯობა.
მთლიანობაში, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დღემდე 401 მატჩი აქვს გამართული და მათგან 252-ში გამარჯვება მოიპოვა, 19 ფრედ დაასრულა, 130 შემთხვევაში კი, მარცხი განიცადა. ყველაზე დიდი ანგარიშით აფრიკელებმა 2005 წელს ურუგვაისთან იმარჯვეს (134:3), თავად კი 2002 წელს ინგლისთან დამარცხდნენ (3:53). გარდა ორი მსოფლიო თასისა, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს სამჯერ აქვს მოგებული “სამი ერი”. გუნდის ბომბარდირი პერსი მონტგომერია, რომლის ანგარიშზეც 102 მატჩში 893 ქულაა. ის 2007 წლის მსოფლიო თასის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა და ნაკრებში თამაშს თავი 2008 წელს დაანება. ნაკრებს დიდი ხანია დაემშვიდობა “ბოკეს” საუკეთესო მელელოვე ვან დერ ვესტჰაუზენიც, რომლის ანგარიშზეც 38 ლელოა. მისი რეკორდის გაუმჯობესების შანსი 28 წლის ბრაიან ჰაბანას აქვს, რომელმაც უკვე მოასწრო 38 ლელოს გატანა. ის ნაკრებში 2004 წლიდან თამაშობს, ოთხი წლის წინ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და 8 გატანილი ლელოთი, მისი საუკეთესო მელელოვეც გახდა. ნაკრებში ყველაზე მეტი, 107 მატჩი აქვს ჩატარებული ვიქტორ მეტფილდ და ამ მიღწევას ახალ ზელანდიაში გააუმჯობესებს. მასზე ერთით ნაკლები მატჩი აქვს ეროვნული გუნდის კვართით ჩატარებული გუნდის კაპიტან ჯონ სმიტს. მთლიანობაში, დე ვილერსს ზელანდიაში გამოცდილი გუნდი მიყავს. 30-დან 18 მორაგბე, ოთხი წლის წინაც ნაკრების შემადგენლობაში იყო და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებას ეცდება.
პიტერ დე ვილერს მსოფლიო თასზე შჭემდეგი მორაგბეები მიჰყავს:
შერკინება:
ვილემ ალბერტსი, ბაკის ბოთა, ჰეინრიხ ბრასოვი, სკალკ ბურგერი, ბისმარკ დუ პლესი, ჟანი დუ პლესი, ფრანსუა ლოუვი, ვიქტორ მეტფილდი, ტენდაი მტავარირა, იოჰან მიულერი, ჩილიბოი რალეპელე, დანი როსუ, ჯონ სმიტი, პიერ სპისი, გატრო სტიენკამპი, სი ჯეი ვან დერ ლინდე;
უკანა ხაზი: გიო აპლონი, ჟუან დე იონგი, ჟან დე ვილერსი, ფური დიუ პრი, ჟაკ ფური, ბრაიან ჰაბანა, ფრანსუა ჰუგარდი, ბუჩ ჯეიმსი, პეტ ლამბი, ოდვა ნდუნგანე, რუან პიენარი, ჯეი პი პიტერსენი, ფრანსუა სტეინი, მორნი სტეინი.

D ჯგუფი
სწამხრეთ აფრიკა
უელსი
ფიჯი
სამოა
ნამიბია

11 სექტემბერი. ველინგტონი
სამხრეთ აფრიკა - უელსი
17 სექტემბერი. ველინგტონი
სამხრეთ აფრიკა - ფიჯი
22 სექტემბერი. ოკლენდი
სამხრეთ აფრიკა - ნამიბია
30 სექტემბერი. ოკლენდი
სამხრეთ აფრიკა - სამოა
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079438