ამბები

22:35 | 8.09.2011 | ნანახია 7789 - ჯერ

ახალი ზელანდია - მასპინძელი და უპირველესი ფავორიტი

მართალია, ახალი ზელანდიის ნაკრები აქამდე გამართულ 6 მსოფლიოს თასიდან მხოლოდ ერთის, ისიც პირველის გამარჯვებულია, მაგრამ ის მუდამ ყველა გათამაშების და ყველა შეხვედრის მოგების მთავარი ფავორიტია. ამ ფაქტზე ისიც მეტყველებს, რომ ახალი ზელანდიის ნაკრებს, ყველა სხვა ნაკრებებთან დადებითი ბალანსი აქვს და მსოფლიოს რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს - მას 90,55 სარეიტინგო ქულა აქვს და უახლოეს მდევარ ავსტრალიას 1,71 სარეიტინგო ქულით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, ეს სხვაობა შვიდ ქულას აღემატებოდა, მაგრამ ზედიზედ ორმა მარცხმა სამხრეთ აფრიკასთან და ავსტრალიასთან, ამ უპირატესობის მნიშვნელოვნად შემცირება გამოიწვია
ამ ქვეყანაში რაგბი ნაციონალური კულტურის განუყოფელი ნაწილია, სავიზიტო ბარათია და ნებისმიერი ზელანდიელი მოზარდის ოცნებაა, რომ ეროვნული ნაკრების შავი, მკერდზე ვერცხლისფერი გვიმრის ფოთლით დამშვენებული კვართი მოირგოს. სხვანაირად არც შეიძლება იყოს. ახალ ზელანდიაში, რომლის მოსახლეობაც 4 393 500 ადამიანია, 595 კლუბი და 137 835 მორაგბეა რეგისტრირებული. ეროვნული გუნდის მეტსახელი მათი ფორმის ფერიდან გამომდინარეობს - ALL BLACK. აი, როგორ იზრდებიან მომავალი “ოლ ბლექსელები”:
ამბობენ, რომ პატარა “კივები” ოვალურ ბურთს “აკვანშივე” ეზიარებიან. ის ბავშვებიც კი, რომლებიც “არასარგბო” ოჯახში იბადებიან, ძნელად, რომ ოვალურ ბურთს გადაურჩნენ. სადაც არ უნდა ცხოვრობდეს პატარა ზელანდიელი, სუბტროპიკულ ჩრდილოეთში, ყინულოვან სამხრეთში, შუაგულ ქალაქში თუ ქენთებერის ველზე, პრესტიჟულ უბანში თუ მუშათა გარეუბანში, ბაღიდან მოყოლებული მთელი ახალგაზრდობა, ოვალური ბურთი მისი უცვლელი თანამგზავრი იქნება. ახალი ზელანდიის ყველა დაწყებითი სკოლის აუცილებელი ატრიბუტებია: აუზი, სადაც ბავშვი ცურვას სწავლობს და მინიმუმ, ერთი სარაგბო მოედნისთვის საკმარისი ბალახიანი მინდორი. მარტო ოკლენდში 160 დაწყებით სკოლას გააჩნია თავისი საკუთარი მოედანი, რომელზეც 5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვთა 230 გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია, მოთამაშეთა საბოლოო დაოსტატება კი, კლუბებში ხდება.
წარსულში ცნობილ ზელანდიელ მორაგბეებს თუ გადავხედავთ, მათ “ოლ ბლექსში” თამაში სწორედ სკოლის ასაკში დაისახეს მიზნად და საბოლოოდ, სანუკვარ მიზანსაც უწიეს. ტანმორჩილი 9 ნომერი დევიდ ქირქი 8 წლის გახლდათ, როდესაც ამაყად განაცხადა – “მე ოლ ბლექი უნდა გავხდე”. ბრაიან ლოჰორი 8 წლის იყო, როდესაც დაირარაჰაში მათი კუთვნილი ფერმის ერთ-ერთი ოთახი “ოლ ბლექსის” 1949 წლის ტურნეს ამსახველი ფოტოებით მორთო და განაცხადა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ისიც ამ გუნდის წევრი გახდებოდა. გრეჰემ ბამოჰი 5 წლის იყო, როდესაც 1972-73 წლის ტურნეს ერთ-ერთი მატჩის ტელეტრანსლიაციისას ფეხზე წამოხტა და ყველას გასაგონად განაცხადა, რომ აუცილებლად ითამაშებდა “ოლ ბლექსში”, მაიკლ ჯონსს 7 წლის ასაკში ესიზმრებოდა, რომ ახალი ზელანდიის შავი მაისურით ლელო გაჰქონდა და მთელი ცხოვრება ამ მიზნის ასრულებას მიუძღვნა.
იმისათვის, რომ პატარები დაიცვან და არც დიდები დაჩაგრონ, სასკოლო შეჯიბრებები ასაკის და წონის მიხედვით ტარდება. 7-8 წლის ასაკში, კონტაქტი პრაქტიკულად არ არსებობს. ამ პერიოდში პატარები შერკინების პრინციპებს სწავლობენ. 9-10 წლის ასაკში 10-10 მოთამაშიანი გუნდები ნახევარ მოედანზე თამაშობენ, კარში არ ურტყამენ, მაგრამ სწავლობენ შებოჭვას, მოლს, რაქს და თამაშის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად აუცილებელ მიყოლას. 11 წლიდან მოყოლებული, უკვე 15-კაცა რაგბის თამაში იწყება მისი ყველა კომპონენტის გამოყენებით, ოღონდ, აუცილებელია კბილსაცავები, რეკომენდირებულია ჩაფხუტები, ყველა მსაჯს და მწვრთნელს გავლილი აქვს სპორტული მედიცინის და ტრავმატოლოგიის კურსები, ამიტომ, ტრავმების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი. 15-წლიანები დიპლომირებული მწვრთნელის ხელმძღვანელობით ეუფლებიან ყველა სათამაშო ელემენტს და 10-15-ჯერ იმეორებენ ერთი და იმავე ილეთს. მიუხედავად სათამაშო ამპლუისა, შერკინების და ხაზის მოთამაშეები საერთო დინამიკისთვის ყველა კომპონენტს ერთნაირად ხვეწენ, რათა სათამაშო სიტუაციიდან გამომდინარე, ნებისმიერი ტექნიკური ილეთის შესრულება შეძლონ.
გარდა სკოლაში სათანადო აღზრდისა, ახალ ზელანდიური რაგბის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო პროვინციული რაგბია. "ოლ ბლექსის" ერთ-ერთი ლეგენდა, ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ყოფილი მწვრთნელი (1987 წელს მსოფლიოს თასი ახალი ზელანდიის ნაკრებმა მისი მწვრთნელობისას მოიპოვა, რის შემდეგაც ლოჰორი პოსტიდან საკუთარი ნებით, კონტრაქტის ამოწურვისთანავე წავიდა) და მენეჯერი ბრაიან ლოჰორი ამბობს - “აიყვანე პროვინციის ნაკრების გამოცდილი მოთამაშე, სულ ერთია რომელი, დაავალე მას შავი მაისურით თამაში და იგი იმედს არასოდეს გაგიცრუებს”.
ლოჰორი სიტყვებს ჰაერზე არასდროს ისვრის და ეს სიტყვებიც მას საკუთარმა გამოცდილებამ ათქმევინა. 1986 წელს, როდესაც ახალ ზელანდიას “ხუთი ერის” გამარჯვებული, უძლეველი საფრანგეთის ნაკრები ეწვია, ახალი ზელანდიის რაგბის კავშირს ნაკრების რამდენიმე წამყვანი მორაგბე ჰყავდა დასჯილი (ისინი სამხრეთ აფრიკის ტურნეს შემდეგ დასაჯეს). ლოჰორს ძირითადი გუნდიდან მხოლოდ დევიდ ქირქი და ჯონ ქირვანი (რომელთაც უარი განაცხადეს სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე), ბრაინ მაკგრატანი, არტურ სტოუნი და კევინ ბოროევიჩი ჰყავდა, დანარჩენები კი, ყველასათვის უცნობი მორაგბეები გახლდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგები ძალიან გამოცდილები იყვნენ და პირველი მიწოლისთანავე ახალ ზელანდიელთა შერკინება დაშალეს, “ოლ ბლექსმა” მეტოქე 18:9 დაამარცხა და 12 სრულიად უცნობი მოთამაშე უცბად მოექცა უმაღლესი დონის რაგბის შუაგულში. ბევრმა მათგანმა ბრწყინვალე სარაგბო კარიერა აიწყო. მაშინ, ჯო სტენლის 29 წლის ასაკში ჰქონდა ნაკრებში დებიუტი და მერე 27 ტესტში ითამაშა. ის, გამოუცდელობის სრული უქონლობის მიუხედავად, სირბილის მიმართულების მოულოდნელი ცვლით და აგრესიული, ხისტი ბოჭვებით, მოედნის შუაგულის ბატონ-პატრონი გახდა.
ახალი ზელანდიის სარაგბო კულტურა, ტალანტების გამოვლენის სისტემა და დაძაბული კონკურენცია ისეთია, რომ მოთამაშეები უმტკივნეულოდ ახერხებენ პროვინციული ნაკრებიდან საერთაშორისო დონეზე გადასვლას. ეს ასწლოვანი სისტემა სათავეს ამ ქვეყნის პოლიტიკური მოწყობიდან და გეოგრაფიული მდებარეობიდან იღებს. დიდი ტერიტორია, მთაგორიანი რელიეფი და გადაადგილების პრობლემა შეუძლებელს ხდიდა ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებას, ამიტომ, ყველა პროვინციას საკუთარი პირველობა ჰქონდა. სამოციან წლებშიც კი, ოქლენდიდან ქრაისთჩერჩამდე ჩასვლას მინიმუმ სამი დღე სჭირდებოდა. სამხრეთის კუნძულის გუნდებთან შესახვედრად, ოქლენდის, ან ტარანაკის ნაკრები რამდენიმეკვირიან მოგზაურობაში უნდა წასულიყო. ახალი ზელანდიის პროვინციებს შორის ოფიციალური ჩემპიონატი მხოლოდ 1976 წლიდან იმართება და ის დღითიდღე უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, მაგრამ 1902 წელს დაარსებული რანფერლის ფარი დღესაც აქტუალურია. ის ახალ ზელანდიელ მორაგბეთა საკულტო საგანია და გამოწვევით თამაშდება (ფარის მფლობელ გუნდს, პრეტენდენტი გამოწვევას სთავაზობს ფარზე სათამაშოდ და გამარჯვებული შემდეგ გამოწვევამდე ფარის მფლობელი ხდება), ანუ ამა თუ იმ გუნდს, ეს ფარი შეუძლია ერთი თამაშით მოიპოვოს და ერთი თამაშით დაკარგოს.
ცალკე საუბრის თემაა ქვეყნის ადგილობრივი მაცხოვრებლები “მაორები” და მათი საბრძოლო ცეკვა “ჰაკა”. ახალი ზელანდიის ნაკრები, ყველა შეხვედრის წინ ტრადიციულ რიტუალს, ცეკვა “ჰაკა”-ს ასრულებს. ისინი მას პირველი საერთაშორისო შეხვედრიდანვე ასრულებდნენ, თუმცა, არა ყოველთვის, სავალდებულო კი, 1914 წლიდან გახდა. უნდა ითქვას, რომ “ჰაკა” რამდენიმენაირი არსებობს, “ოლ ბლექსი” კი, დღესდღეისობით მის ერთ-ერთ სახეობა “კა მატეს” ასრულებს. ჰაკა საომარი ცეკვაა. მის სიტყვებს მღერიან ხმამაღლა (თითქმის ყვირილით), მუქარის გამომხატველი ჟესტებისა და ბრაგუნის თანხლებით. ტრადიციულად, ჰაკას ბრძოლის წინ ასრულებდნენ. დაახლოებით 180 წლის წინათ, მაორების ერთი ტომის, ნგატი ტოას ბელად ტე რაუპარაჰას მტრები დაედევნენ. ის ბოსტნეულის შესანახ ორმოში დაიმალა და როდესაც ზევიდან ხმა შემოესმა და გაიფიქრა, რომ მტერმა იპოვნა, დაინახა ადგილობრივი ბელადის “ბანჯგვლიანი” ფეხები, რომელმაც ის თავდამსხმელებისგან იხსნა. წარმატებით გახარებულმა ტე რაუპარაჰამ იქვე ცეკვა ჰაკა შეასრულა, რათა თავის მხსნელზე შთაბაჭდილება მოეხდინა.
ჰაკას სიტყვები ადრე ასე ჟღერდა - “მე ვკვდები! მე ვკვდები! მე ვცოცხლობ! მე ვკვდები! მე ვკვდები! მე ვცოცხლობ! აი, თმახშირი კაცი, რომელმაც მომიტანა მზე და აიძულა, კვლავ გაბრწყინებულიყო! ნაბიჯი ზევით! კიდევ ზევით! ნაბიჯი ზევით! და კიდევ ზევით! და მზე ანათებს!! ჰიი!!!” ასეთი ტექსტით ასრულებდნენ ჰაკას თავის დროზე ახალი ზელანდიელები, მაგრამ დროთა განმავლობაში ტექსტში ცვლილებები მოხდა და თამაშის შესაბამისი სახე მიიღო. როდესაც ახალ ზელანდიას პირველი გასვლითი შეხვედრა ჰქონდა დიდ ბრიტანეთში და გუნდმა ჰაკა შეასრულა, ზოგიერთში მან დიდი მოწონება დაიმსახურა, ზოგიერთები კი აღაშფოთა, ისინი ვერ მიხვდნენ, თუ რა საჭირო იყო მოედანზე ასეთი ყვირილი. დღეისათვის ჰაკას სიტყვები დაახლოებით ასე ჟღერს - “ჩვენ ვართ შავები, კაცები ახალი ზელანდიიდან. ჩვენ ვდგავართ ამ მინდორზე, შემართულნი საბრძოლველად. ზურგს გვიმაგრებს ძალა ჩვენი ადათ-წესისა, შექმნილი მათ მიერ, რომლებიც უკვე აღარ არიან. მკერდს ვერცხლისფერი გვიმრა გვიმშვენებს, ეს ემბლემაა, მისთვის ღირს სიკვდილი. და ჩვენ გიწვევთ თქვენ საბრძოლველად. მიიღეთ ეს გამოწვევა, თუ კი გაბედავთ, რადგან ჩვენ ნებას არ მივცემთ საკუთარ თავს შემწყნარებლები ვიყოთ - დღევანდელ დღეს”. ამ ჰაკა-ს მოსმენა მაყურებელს მსოფლიოს თასზე არაერთხელ მოუწევს.
ახალ ზელანდიაში რაგბის თამაში 1870-იან წლებში ჯონ მონრომ დანერგა, თუმცა 1863 წელს ახალ ზელანდიაში უკვე არსებობდა კლუბი (დღესდღეისობით ის ახალი ზელანდიის უძველესი სარაგბო კლუბია), რომელიც რაგბის მსგავს თამაშს თამაშობდა, ოღონდ საკუთარი წესებით. თავდაპირველად, რაგბს მხოლოდ ევროპიდან ჩასული მოსახლეობა თამაშობდა, მერე კი, მათ ფიზიკური შრომით მოღონიერებული ადგილობრივი მოსახლეობაც შეუერთდა. ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი 1892 წელს დაარსდა (იმ პერიოდში მასში 7 პროვინციული კავშირი შედიოდა), ნაკრები 1893 წელს ჩამოყალიბდა და პირველი საერთაშორისო შეხვედრა ახალ სამხრეთ უელსთან გასვლაზე გამართა, მომდევნო წელს კი, ახალ სამხრეთ უელსს შინ უმასპინძლა.
ნაკრებებს შორის სადებიუტო შეხვედრა ახალ ზელანდიას 1903 წელს, ავსტრალიასთან ჰქონდა და მეტოქე 22:3 დაამარცხა, 1905 წელს დიდ ბრიტანეთში ტურნეზე გაემგზავრა და მხოლოდ უელსის ნაკრებთან, კარდიფში 0:3 დამარცხდა. თამაში ფრედ, 3:3 უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ბობ დინსს მაშინ მსაჯმა ლელო არ ჩაუთვალა. დინსი 26 წლის ასაკში გარდაიცვალა და სიკვდილის წინ იფიცებოდა, რომ ლელო წესების სრული დაცვით გაიტანა. სწორედ ამ ტურნეს დროს უწოდეს ახალ ზელანდიას ბრიტანელმა მიმომხილველებმა “ოლ ბლექსი” (სულ შავები), რაც მათი ფორმის ფერიდან გამომდინარეობდა. ანგლო-უელსის ნაკრები ზელანდიას საპასუხო ვიზიტით 1908 წელს ეწვია და ორივე თამაშში მარცხი განიცადა.
ახალი ზელანდიის და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების შეხვედრა სათავეს 1921 წლიდან იღებს. მაშინ ზელანდიას აფრიკელები ეწვივნენ და მატჩი ფრედ დაასრულეს. “ოლ ბლექსი” აფრიკაში საპასუხო ვიზიტით 1928 წელს ჩავიდა და ის მატჩიც ფრედ დასრულდა. “ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები” ახალ ზელანდიას პირველად 1930 წელს ესტუმრნენ (ახალი ზელანდია ბრიტანეთის ნაკრებს 1924 წელსაც ეთამაშა, მაგრამ მაშინ ბრიტანეთის ნაკრებში თამაშზე შოტლანდიელებმა უარი განაცხადეს), ზელანდიელები ბრიტანეთში 1935-36 წლებში ჩავიდნენ და 30 ტესტიდან მხოლოდ 3-ში დამარცხდნენ. მათ შორის ერთ-ერთი იყო ინგლისის ნაკრებთან, მასში პრინცმა ობოლენსკიმ ორი ლელო გაიტანა და ინგლისს ახალ ზელანდიასთან პირველად მოაგებინა - 13:0.
მომდევნო წელს ახალ ზელანდიას სამხრეთ აფრიკა ესტუმრა და იქ მასპინძლებს ყველა თამაში მოუგო. ამ გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ - 1949 წელს შედგა და აფრიკელებმა “ოლ ბლექსი” ორივე ტესტში დაამარცხა. ისინი ამავე წელს ორჯერ ავსტრალიასთანაც დამარცხდნენ 9:16 და Bledisloe Cup-ი მეტოქეს გადაულოცეს. მართალია, 1949 წელი ახალი ზელანდიისთვის წარუმატებელი გამოდგა - ოთხივე ტესტში მარცხი განიცადა, მაგრამ ქვეყნის რაგბის კავშირისთვის ის მაინც მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგანაც სწორედ 1949 წელს, ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი (რომელიც დღეისათვის 26 შიდა კავშირისგან შედგება) IRB-ს წევრი გახდა.
1956 წელს, “ოლ ბლექსმა” სამხრეთ აფრიკა ზედიზედ ორ ტესტში დაამარცხა. ეს იყო ზელანდიელთა პირველი ზედიზედ ორი გამარჯვება სამხრეთ აფრიკასთან და აგრეთვე პირველი ზედიზედ ორი მარცხი სამხრეთ აფრიკისთვის მსოფლიოს ნებისმიერ გუნდთან. სერია მასპინძლებმა 3:1 მოიგეს. 1959 წელს ზელანდიელებმა ოთხიდან სამ ტესტში დაამარცხეს “ბრიტანელი ლომები”. 1963-64 წლებში, ზელანდიელები ბრიტანეთს ეწვივნენ და შოტლანდიის გარდა (მათთან ფრედ ითამაშეს) ყველა შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვეს. 1967 წელს ზელანდიელები კიდევ ერთხელ ეწვივნენ ბრიტანეთს, იმ იმედით, რომ ახლა მაინც დაამარცხებდნენ ყველა ადგილობრივ ნაკრებს და სამ შეხვედრაში იმარჯვეს კიდეც (ინგლისთან, უელსთან და შოტლანდიასთან), თუმცა ირლანდიასთან, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო შეხვედრა ვერ გამართეს. ამის შანსი მათ 1972-73 წლებში ჰქონდათ, მაგრამ ირლანდიასთან ფრედ ითამაშეს და შანსი ხელიდან გაუშვეს. ეს ტურნე იმითაც იყო ცნობილი, რომ უელსის ძლევით გახარებულმა კიტ მერდოკმა, კარდიფის სასტუმროში ჩხუბი ატეხა და ის ნაკრების ხელმძღვანელობამ გუნდიდან დაითხოვა. 1965-1970 წლებში, “ოლ ბლექსს” ყველაზე გრძელი გამარჯვებათა სერია ჰქონდა, მათ 17 ტესტში იმარჯვეს, მათ შორის ოთხჯერ “ბრიტანელ ლომებთან” 1966 წელს (იგივეს გამეორება 1997-1998 წლებში სამხრეთ აფრიკამ მოახერხა). უნდა ითქვას, რომ 1951-1978 წლებში, მთელი 28 წლის განმავლობაში, ახალი ზელანდია წლის ჯამით ავსტრალიას ჯაბნიდა და Bledisloe Cup-ი ხელიდან არ გაუშვია. ზელანდიელთა წარმატებული სერია 1971 წელს ისევ “ბრიტანელმა ლომებმა” შეწყვიტეს და ხუთი წლის წინანდელი მარცხისათვის რევანში აიღეს. ამასთან, ეს იყო პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როდესაც “ლომებმა” ზელანდიელებს სერია მოუგეს.
ერთ ტურნეში ყველა ბრიტანულ გუნდს და ირლანდიას ახალმა ზელანდიამ 1978 წელს აჯობა, ბოლო შეხვედრაში მათ უელსი უკანასკნელ წამებზე 13:12 დაამარცხეს. მანამდე, 1976 წლის სამხრეთ აფრიკულმა ტურნემ მოსახლეობაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, რადგანაც ამ პერიოდში, აფრიკის ამ ქვეყანაში აპორტეიდის რეჟიმი მძვინვარებდა. აქედან მოყოლებული, 1995 წლამდე (ანუ მსოფლიოს თასამდე), ახალი ზელანდია სამხრეთ აფრიკას ოფიციალურად აღარ სწვევია. სამაგიეროდ, 1981 წელს სამხრეთ აფრიკა ესტუმრა ახალ ზელანდიას და ამან ქვეყანაში დიდი პროტესტი და ვნებათაღელვა გამოიწვია. მართალია, “ოლ ბლექსმა” თავის ორ ტესტში იმარჯვა, მაგრამ აფრიკელთა ორი შეხვედრა პროვინციულ გუნდებთან ხალხის პროტესტის გამო გადაიდო და მთლიანობაში, სამხრეთ აფრიკელთა ტურნემ ცუდი სახე მიიღო. 1985 წელს ზელანდიელთა სამხრეთ აფრიკული ტურნე სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად ჩაიშალა. 1986 წელს ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის გადაწყვეტილების გვერდის ავლით, “ოლ ბლექსის” “მეამბოხეთა” ნაკრები სამხრეთ აფრიკას მაინც ესტუმრა და ტურნეში მონაწილე 30-ივე მორაგბეს, ქვეყნის რაგბის კავშირმა დისკვალიფიკაცია მისცა და მათ პირველი მსოფლიო თასის გამოტოვება მოუხდათ.
1987 წლის სადებიუტო მსოფლიოს თასს, ახალმა ზელანდიამ ავსტრალიასთან ერთად უმასპინძლა. “ოლ ბლექსი” უბრალოდ შეუჩერებელი იყო. მათ მხოლოდ 52 ქულა მიიღეს, თავად 45 ლელო გაიტანეს (2 საჯარიმო) და ტურნირის ღირსეული გამარჯვებულები გახდნენ. ჯგუფურ ეტაპზე ზელანდიამ იტალია (70:6), ფიჯი (74:13) და არგენტინა (46:15) დაამარცხა, მეოთხედფინალში შოტლანდიას (30:3), ხოლო ნახევარფინალში უელსს (49:6) სძლიას და ფინალში, ოკლენდში “იდენ პარკზე” საფრანგეთს დაუპირისპირდა. 46 000 გულშემატკივარის თვალწინ, ახალმა ზელანდიამ ევროპელი მეტოქე 29:9 დაამარცხა და Web Ellis-ის თასი პირველმა აღმართმა. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გრანტ ფოქსი გახდა (126 ქულა), საუკეთესო მელელოვეების ტიტული კი ჯონ კირვანმა და კრეიგ გრინმა გაინაწილეს (6-6 ლელო).
1991 წლის მსოფლიოს თასი გუნდისთვის მძიმე გამოდგა. მართალია, “ოლ ბლექსმა” ჯგუფში მასპინძელი ინგლისი თვიქნემში დაამარცხა (18:12), მერე კი აშშ-ს (46:6) და იტალიას (31:21) აჯობა, მაგრამ გუნდი შეკრული მაინც არ იყო. მეოთხედფინალში ზელანდიელებმა კანადა 29:13 დაამარცხეს, თუმცა, ნახევარფინალში მომავალ გამარჯვებულ ავსტრალიასთან თავად დამარცხდნენ (6:16) და მხოლოდ მე-3 ადგილით დაკმაყოფილდნენ (შოტლანდია 13:6 დაამარცხეს). ტურნირის დასრულების შემდეგ გუნდი ბევრმა წევრმა დატოვა, მათ შორის მთავარმა მწვრთნელმა ალექს ვილიმ, რომელსაც 29 ტესტიდან 86%-ში გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული. 1995 წლის მსოფლიოს თასზე ახალი ზელანდია კვლავ ფავორიტად მიიჩნეოდა, მით უმეტეს, რომ გუნდში ახალი ძალა - ჯონა ლომუ გამოჩნდა. ჯგუფში ზელანდიამ ირლანდია (43:19), უელსი (34:9) და იაპონია (145:17 - ამ შეხვედრაში მარკ ელისმა 6 ლელო გაიტანა და “ოლ ბლექსმა” ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით იმარჯვა) ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა, მეოთხედფინალში შოტლანდიას 48:30 აჯობა, ნახევარფინალში კი, ლომუს ოთხი ლელოს წყალობით, ინგლისს 45:29 სძლია და ფინალს ფავორიტის სახელით შეხვდა. ძირითადი დრო ფრედ 12:12 დასრულდა, დამატებულ წუთებზე კი, სამხრეთ აფრიკელმა ჯოელ შტრანსკიმ არეკნი გაიტანა და მსოფლიოს თასი სამშობლოში დატოვა.
პროფესიულ ერაზე გადასვლასთან ერთად, 1996 წელს “სამი ერის” პირველობა დაარსდა, რომლის მიზანიც სატელევიზიო ჩვენებების უფლებების გაყიდვა და შემოსავლების მიღება გახლდათ. პირველ ორ გათამაშებაში ახალმა ზელანდიამ 4-4 შეხვედრა მოიგო და თასის მფლობელი გახდა. 1998 წელს, 1949 წლიდან მოყოლებული, ახალმა ზელანდიამ პირველად წააგო ზედიზედ ოთხი ტესტი და “სამი ერის” პირველობა სამხრეთ აფრიკას გადაულოცა. “ოლ ბლექსმა” დაკარგული ტიტული მომდევნო წელს დაიბრუნა - ოთხი შეხვედრიდან სამში იმარჯვა. ის ერთი ავსტრალიასთან სიდნეიში დათმო, თანაც ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი განიცადა, ავსტრალიამ 28:7 იმარჯვა.
1999 წლის მსოფლიოს თასზე ახალმა ზელანდიამ მხოლოდ მე-4 ადგილი დაიკავა. მართალია, ჯგუფურ ეტაპზე მათ ინგლისი 30:16 დაამარცხეს (გარდა ამისა, ტონგას 45:9 და იტალიას 101:3 აჯობეს), მეოთხედფინალში კი, შოტლანდიას 30:18 სძლიეს, მაგრამ ნახევარფინალში ფრანგულ ტაქტიკას ვერაფერი დაუპირისპირეს. პირველ ტაიმში “ოლ ბლექსი” ფრანგებს 17:10-ს ამარცხებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ევროპელებმა თამაშის ტაქტიკა შეცვალეს და ზელანდიელები 43:31 დაამარცხეს, მე-3 ადგილისთვის მატჩში კი, ზელანდია სამხრეთ აფრიკამაც დაამარცხა 22:18 და “შავები” მედლების გარეშე დარჩნენ. ზელანდიამ 2000 და 2001 წლის “სამი ერის” პირველობაც დათმო და ტიტული მხოლოდ 2002 წელს დაიბრუნა. მან “სამ ერზე” 2003 წელსაც იმარჯვა და Bledisloe Cup-იც დაიბრუნა, რომელსაც მანამდე ხუთი წელი ავსტრალია ფლობდა. მას შემდეგ, აგერ, უკვე ცხრა წელიწადი გავიდა და “ოლ ბლექსს” ზომით ყველაზე დიდი თასი, ავსტრალიისთვის აღარ დაუთმია. ამავე წლის ავსტრალიის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი “ოლ ბლექსმა” იოლად გადალახა (იტალია 70:7, კანადა 68:6, ტონგა 91:7 და უელსი 53:37), მეოთხედფინალში სამხრეთ აფრიკა 29:9 დაამარცხა, რომელთანაც მსოფლიოს თასზე აქამდე არცერთხელ არ ემარჯვა, მაგრამ ნახევარფინალში ისევ ავსტრალიასთან დამარცხდა 10:22 და მხოლოდ მე-3 ადგილით დაკმაყოფილდა (საფრანგეთი დაამარცხეს 40:13).
სწორედ ამ მსოფლიოს თასის შემდეგ დაინიშნა მთავარ მწვრთნელად “ოლ ბლექსის” დღევანდელი თავკაცი გრემ ჰენრი და მან თავის სადებიუტო შეხვედრებში, ორჯერ დაამარცხა მსოფლიოს ჩემპიონი ინგლისის ნაკრები (ორი მატჩის ჯამში ინგლისისთვის კატასტროფული ანგარიშით 72:15). მიუხედავად ასეთი დებიუტისა, ახალმა ზელანდიამ 2004 წელს “სამი ერი” ვერ მოიგო (ყველა გუნდს ორ-ორი გამარჯვება და მარცხი დაუგროვდა და გამარჯვებულის ბედი პრემიალურმა ქულებმა გადაწყვიტეს, რის შედეგადაც “ოლ ბლექსი” ბოლო ადგილზე დარჩა). სამაგიეროდ, ამ წელს ზელანდიამ ევროპულ ტურნეზე იმარჯვა და ყველა გუნდი დაამარცხა, მათ შორის საფრანგეთს სარეკორდო სხვაობით სძლია - 45:6.
2005 წელი ახალი ზელანდიის რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა. ამ წელს მათ მოიგეს “სამი ერის” გათამაშება (სამი მოგება და ერთი მარცხი), სერიაში 3:0 დაამარცხეს “ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები” და ცალ-ცალკე აჯობეს ინგლისის, ირლანდიის, შოტლანდიის და უელსის ნაკრებებს. მსოფლიოს რაგბის საბჭომ, ახალი ზელანდიის “ოლ ბლექსი” წლის გუნდად, მისი მთავარი მწვრთნელი ჰენრი წლის მწვრთნელად, მორაგბე დენ კარტერი კი, წლის მოთამაშედ დაასახელა. ამასთან ერთად, მათ 2005 წლის წარმატებული სეზონისთვის 2006 წელს ყველა სპორტის სახეობაში წლის გუნდის სახელიც მიენიჭათ.
2006 წლის “სამ ერზე”, ზელანდიამ ზედიზედ ხუთი შეხვედრა მოიგო და დასკვნით მატჩში სამხრეთ აფრიკასთან მხოლოდ ქულით დამარცხდა, მაგრამ “სამი ერის” გამარჯვებული მაინც გახდა. ამასთან, მათ ევროპულ ტურნეზე მოუგეს საფრანგეთს, ინგლისს და უელსს, რის შემდეგაც, წლის გუნდად მეორედ დაასახელეს, რიჩი მაკკოუს კი, წლის მოთამაშის სახელი ერგო. 2007 წელი “ოლ ბლექსმა” საფრანგეთის ორი ძლევით (42:11 და 61:10) დაიწყეს, მერე კანადა დაამარცხეს და “სამი ერის” ტიტული დაიცვეს. მათ პირველ მატჩში აფრიკელებს დასკვნით ათ წუთში ორი ლელო გაუტანეს და 26:21 იმარჯვეს. მართალია, შემდეგ შეხვედრაში, 2004 წლის შემდეგ ავსტრალიასთან პირველად დამარცხდნენ, მაგრამ დასკვნით ორ შეხვედრაში იმარჯვეს და თასი შეინარჩუნეს. ამრიგად, საფრანგეთის მსოფლიო თასზე ისინი ფავორიტის რანგში ჩავიდნენ და საქმეს შეუდგნენ. ჯგუფში იტალიის (76:14), პორტუგალიის (108:13) შოტლანდიის (40:0) და რუმინეთის (85:8) განადგურების შემდეგ, მეოთხედფინალში მასპინძელ საფრანგეთს უელსში, კარდიფში ეთამაშნენ და ტაიმის 13:3 მოგების მიუხედავად, ჯამში 18:20 დამარცხდნენ. ამრიგად, ოთხი წლის წინ, ახალმა ზელანდიამ პირველად ვერ მოახერხა ნახევარფინალში გასვლა და მსოფლიო თასზე თავისი უარესი შედეგი აჩვენა.
მიუხედავად ამისა, გრემ ჰენრიმ დაკავებული თანამდებობა შეინარჩუნა და 2008 წელს გუნდს “სამი ერი” ზედიზედ მეოთხედ მოაპოვებინა. მიუხედავად ორი მარცხისა, “ოლ ბლექსმა” გადამწყვეტ ჯახში ავსტრალიასთან ბრისბენში 28:24 იმარჯვა. ამ წლის “სამ ერზე”, ახალი ზელანდია 2003 წლის შემდეგ საკუთარ მოედანზე პირველად დამარცხდა და 30 მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. “შავებს” სამხრეთ აფრიკამ დანიდინში 30:28 აჯობა, მაგრამ თასი მაინც ზელანდიაში დარჩა. 2009 წელი ზელანდიამ ფრანგებთან მარცხით გახსნა, მაგრამ ერთ კვირაში მათთან რევანში აიღო. სამაგიეროდ, “სამ ერზე” მათ სამივე შეხვედრა დათმეს სამხრეთ აფრიკასთან და მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიასთან სამივე მატჩში იმარჯვეს, თასი აფრიკელებს გადაულოცეს. ზელანდიამ 2010 წელს ირევანშა, როდესაც “სამ ერზე” ყველა შეხვედრა მოიგო და “სამი ერის” თასი დაიბრუნა. ამ წელს მათ 15-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდათ და ის ოქტომბრის ბოლოს, ჰონკონგში ავსტრალიასთან შეწყვიტეს, რომელთანაც მანამდე ზედიზედ ათი გამარჯვება ჰქონდათ. წლის ბოლოს, “ოლ ბლექსი” ევროპას ეწვია და ოთხიდან ოთხი მატჩი მოიგო (ინგლისთან, შოტლანდიასთან, ირლანდიასთან და უელსთან).
წლეულს ზელანდიამ ფიჯის დამარცხებით დაიწყო და მერე “სამ ერზე”სამხრეთ აფრიკას (40:7) და ავსტრალიას (30:14) სძლია, მაგრამ ბოლო ორ შეხვედრაში დამარცხდა. ჯერ აფრიკასთან 5:18 დამარცხდა და “სამი ერის” ბოლო გათამაშების გადამწყვეტ ჯახში ავსტრალიას დაუპირისპირდა. ტაიმის 6:20 წაგების შემდეგ, მეორე ნახევარში “შავებმა” ორი ლელო გაიტანეს და წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ მერე ლელო თავადაც მიიღეს და 20:25 დამარცხდნენ. მთლიანობაში, “სამი ერის” 16 გათამაშებიდან, ზელანდიელებმა 10 მოიგეს, Bledisloe Cup-ს 40-ჯერ ფლობდნენ, მაშინ, როდესაც ავსტრალია მას მხოლოდ 12-ჯერ შეწვდა და ერთადერთი გუნდია, რომელსაც ყველა ნაკრებთან დადებითი ბალანსი აქვს. სულ, ახალი ზელანდიის ნაკრებმა 481 მატჩი გამართა, მათგან 359-ში გამარჯვება მოიპოვა, 105-ში დამარცხდა, 17 კი ფრედ დაასრულა. ყველაზე დიდი ანგარიშით “ოლ ბლექსმა” 1995 წელს იმარჯვა, როდესაც იაპონია 145:17 გაანადგურა, თავად კი, ყველაზე დიდი სხვაობით 1999 წელს ავსტრალიასთან დამარცხდა - 7:28. ნაკრებში ყველაზე მეტი, 98 მატჩი გუნდის კაპიტან რიჩი მაკქოუს აქვს ჩატარებული, რომლისთვისაც ეს მსოფლიო თასი მესამე იქნება. ის მონაგარის გაზრდას და ასიანი ზღვარის გადალახვას მსოფლიო თასზე ეცდება. მასსავით 98 მატჩი აქვს ჩატარებული მილს მულიაინას, რომელიც მაკქოუს მსგავსად მონაგარის გაზრდას ამ მსოფლიო თასზეც ეცდება. ნაკრების საუკეთესო მელელოვე დაგ ჰოვლეტია, რომელმაც ნაკრებში ბოლოს ოთხი წლის წინ ითამაშა და ჯამში ანგარიშზე 49 ლელო ჩაიწერა. “ოლ ბლექსის” საუკეთესო მექულე დენ კარტერია, რომელსაც ამავდროულად, ნაკრებში ჩატარებულ შეხვედრებში, მსოფლიოში ყველაზე მეტი ქულა აქვს მოპოვებული და ამ მაჩვენებლით ინგლისელ ჯონ უილკინსონს უსწრებს. ის ნაკრების ღირსებას 2003 წლიდან იცავს, ჯერ მხოლოდ 29 წლისაა, ანგარიშზე 1229 ქულა აქვს (83 მატჩში) და გარდა ამ მსოფლიო თასისა, მონაგარს 2015 წლამდე კიდევ გაზრდის, რადგან “შავებთან” კონტრაქტი სწორედ ამ წლამდე გააფორმა. ამავდროულად, მაკქოუსთან ერთად, ის ზელანდიელთა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბეა და წელიწადში 750 ათას ზელანდიურ დოლარს იღებს.
წლევანდელ მსოფლიო თასს ახალი ზელანდიის ნაკრები გახსნის, რომელიც 9 სექტემბერს, თბილისის დროით 12:300 საათზე, ოკლენდში ტონგას დაუპირისპირდება.
ახალი ზელანდიის ნაკრები 2011 წლის მსოფლიო თასზე ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:
შერკინება:
კორი ფლინი, ენდრიუ ჰორი, კევინ მეალამუ, ჯონ აფოა, ბენ ფრანკსი, ოუენ ფრანკსი, ტონი ვუდკოკი, ენტონი ბორიჩი, ბრედ ტორნი, სამუელ უაიტლოკი, ალი უილიამსი, ჯერომ კაინო, რიჩი მაკქოუ, კირან რიდი, ადამ ტომპსონი, ვიქტორ ვიტო;
უკანა ხაზი: ჯიმი კოუენი, ენდი ელისი, პირი ვეეპუ, დენ კარტერი, კოლინ სლეიდი, რიჩარდ კაჰუი, მაა ნონუ, კონარდ სმიტი, სონი ბილ უილიამსი, ისრაელ დაგი, ზაკ გილფორდი, კორი ჯეინი, მილს მულიაინა, ისაია ტოეავა.
მწვრთნელი: გრემ ჰენრი

A ჯგუფი
ახალი ზელანდია
საფრანგეთი
ტონგა
კანადა
იაპონია

9 სექტემბერი. ოკლენდი
ახალი ზელანდია - ტონგა
16 სექტემბერი. ჰემილტონი
ახალი ზელანდია - იაპონია
24 სექტემბერი. ოკლენდი
ახალი ზელანდია - საფრანგეთი
2 ოქტომბერი. ველინგტონი
ახალი ზელანდია - კანადა

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078956