ამბები

15:08 | 9.09.2011 | ნანახია 4398 - ჯერ

დაიწყო!

ახალი ზელანდიის ყველაზე დიდ ქალაქ ოკლენდში, რაგბიში რიგით მე-7 მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო. გახსნის ცერემონიალის შემდეგ, სადებიუტო შეხვედრაში, მასპინძელი “ოლ ბლექსი” ტონგას დაუპირისპირდა და მეტოქე 41:10 დაამარცხა.
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ზელანდიელთა იერიშებით დაიწყო, მსოფლიო თასის პირველი ქულა კი საკუთარ ანგარიშზე დენ კარტერმა ჩაიწერა, რომელმაც ანგარიში ჯარიმით გახსნა. პირველი ლელო, მე-11 წუთზე, ისრაელ დაგმა მიითვალა, რომელმაც მოგვიანებით მეორე ლელოც გაიტანა. შესვენებამდე, მასპინძელთა ფლანგელმა რიჩარდ კაჰუიმაც დადო 2 ლელო, კარტერმა 3 რეალიზაცია გამოიყენა, ტონგამ ტაიმის ბოლო წუთზე ერთი ჯარიმა გაიტანა და საწყისი 40 წუთი 29:3 დასრულდა.
მე-2 ნახევარში, სტუმრებმა პირველზე უკეთ ითამაშეს, მხოლოდ 2 ლელო გაუშვეს, თავად კი, ერთი გაიტანეს. ამრიგად, ზელანდიამ 4 ლელოს გატანისთვის, გამარჯვების ოთხთან ერთად, ერთი პრემიალური ქულა პირველსავე ტაიმში ჩაიწერა, ხოლო ტონგა უქულოდ დარჩა და მხოლოდ იმით თუ გაიხარებს, რომ მასპინძლებთან ლელოს გატანა მოახერხა და დიდი ანგარიშით არ დამარცხდა.
მე-2 ტურის მატჩს ტონგა 14 სექტემბერს კანადის წინააღმდეგ გამართავს, ახალი ზელანდია კი, 16 სექტემბერს იაპონიას დაუპირისპირდება. A ჯგუფის პირველი ტურის მატჩში ხვალ საფრანგეთი იაპონიას ეთამაშება.
მსოფლიო თასზე პლანეტის 20 საუკეთესო გუნდი თამაშობს და ისინი ოთხ ხუთგუნდა ჯგუფში არიან განაწილებული. სულ 48 შეხვედრა გაიმართება. ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნები მეოთხედფინალში გააგრძელებენ თასისთვის ბრძოლას. აღსანიშნავია, რომ ჯგუფში მე-3 ადგილის დამკავებელი 4 გუნდი, 2015 წლის ჩემპიონატის საგზურს ახლავე მიიღებს და შესარჩევ ეტაპზე ბრძოლა აღარ მოუწევს.
წლეულს, ზელანდიაში, თავის მე-3 მსოფლიო თასზე (2003, 2007 და 2011 წლების) ითამაშებს საქართველოს ნაკრები, რომელიც B ჯგუფში ინგლისის, არგენტინის, შოტლანდიისა და რუმინეთის ნაკრებებთან მოხვდა. “ბორჯღალოსნები” პირველ ტურში ისვენებენ, გათამაშებაში 14 სექტემბერს ჩაებმებიან და ინვერქარგილში შოტლანდიას დაუპირისპირდებიან. 18 სექტემბერს მათი მეტოქე ინგლისის ნაკრები იქნება, 28 სექტემბერს რუმინეთი, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას 2 ოქტომბერს არგენტინის წინააღმდეგ გამართავენ.
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088682