ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, 2011 წლის, რიგით მე-7 მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაში, ტონგას საწყის 40 წუთში 4 ლელო გაუტანა და პრემიალური ქულა ნაადრევად ჩაიწერა. ტონგელებმა აჩვენეს, რომ ჯაბანნი არც ისინი არიან. მეორე ნახევარში “ზღვის არწივებმა” (ტონგას მეტსახელი) მრისხანე მასპინძლებს დიდი პრობლემები შეუქმნეს, საპასუხო ლელოც გაიტანეს, მაგრამ თავად კიდევ 2 გაუშვეს, 10:41 დამარცხდნენ და უქულოდ დარჩნენ.
მე-7 მსოფლიო თასს ახალი ზელანდია მასპინძლობს და სადებიუტო მატჩამდე, ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქ ოკლენდში ულამაზესი გახსნის ცერემონიალი გაიმართა, რომელიც დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ პირველი მსოფლიო თასის პირველი შეხვედრა და შესაბამისად, გახსნის ცერემონიალი, 1987 წელს სწორედ ოკლენდში შედგა და მაშინ პლანეტის უძლიერესი გუნდის სახელი სწორედ “ოლ ბლექსმა” (ზელანდიის ნაკრების თიკუნი) მოიპოვა. 24 წლის წინათ, მსოფლიო თასს ზელანდიამ ავსტრალიასთან ერთად უმასპინძლა, ახლა კი, ის ერთპიროვნული მასპინძელია.
პირველი თამაშის დაწყებამდე, 60 ათასიან სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა, ტელეეკრანების საშუალებით კი, მთელმა მსოფლიომ, მართლაც საოცარი სანახაობა იხილა. ტურნირის ორგანიზატორებმა მოედანზე ზელანდიის კუნძულების აღმოჩენის იმიტაცია გაითამაშეს. ამას მოჰყვა ადგილობრივი ტომის, “მაორების” საბრძოლო ცეკვა “ჰაკას” შესრულება, თანაც ისეთი “ჰაკასი” - “ვულკანსაც რომ გამოაღვიძებს”. მერე მოედანზე 11-ნომრიანი მაისურით და ოვალური ბურთით ბიჭუნა გამოჩნდა, რომელმაც სხვადასხვა სარაგბო ელემენტები შეასრულა. მოგვიანებით, ზელანდიისა და მთელი მსოფლიოს რაგბის ლეგენდა ჯონა ლომუც ვიხილეთ, მინდორზე კი, სპეციალური განათებებით, უზარმაზარი მსოფლიო თასი - “ვებ ელისის თასი” გამოისახა. ამას მოჰყვა რაგბიში მსოფლიო თასის ჰიმნი - “მსოფლიო რაგბით გაერთიანდება!”
გახსნა კიდევ ერთი ჰაკათი დასრულდა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და რაგბის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტმა, ბერნარ ლაპასემ, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და რიგით მე-7 მსოფლიო თასი გახსნილად გამოცხადდა.
მოედანი გასახურებლად მორაგბეებს დაეთმოთ, გახსნის ცერემონიალმა კი ოკლენდის ქუჩებში გადაინაცვლა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა, რომლის დროსაც ოთხ ტონამდე ასაფათქებელი მასალა გამოიყენეს.
მსოფლიო თასის გახსნის დღეს ოკლენდში მშვიდი საღამო იდგა, ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იყო, ქარი არ უბერავდა, ირლანდიელმა რეფერიმ, ჯორჯ კლენსიმ, მაორის ბუკის ხმაზე გუნდები მოედანზე გაიყვანა, ტონგას წითელი სამოსი ეცვა, ახალ ზელანდიას ტრადიციული - შავი... საბრძოლო ცეკვა “სივა ტაუ” პირველად ტონგელებმა შეასრულეს, მერე ზელანდიელთა “ჰაკას” დრო დადგა და თამაშიც დაიწყო.
პირველ ტაიმში ზელანდიამ ისე ითამაშა, როგორც მისგან ელიან. ტერიტორიული უპირატესობა ლამაზი კომბინაციების გათამაშებით და ლელოებით დააგვირგვინა. ისინი 29:3 დაწინაურდნენ, მაგრამ მე-2 ტაიმში მოეშვნენ, ან ტონგამ სადებიუტო მღელვარება დაძლია და როგორც სათამაშო, ისე ტერიტორიულ უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ. შედეგად, მათ საპასუხო ლელო დამსახურებულად გაიტანეს, მაგრამ 2 თავადაც გაუშვეს და “ოლ ბლექსმა” 41:10 იმარჯვა.
თუმცა, დასაწყისს დავუბრუნდეთ. ბურთი თამაშში ტონგელებმა შეიყვანეს, ზელანდიამ შეუტია, სტუმრებმა პირველი იერიში მოიგერიეს, მაგრამ შეცდომა დაუშვეს, დერეფნიდან ბურთი საკუთარი ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში სწრაფად შეიყვანეს, ფეხით მოგერიების მცდელობა კი არ გამოუვიდათ და მე-5 წუთზე, “ოლ ბლექსმა”, კარის გასწვრივ 7-8 მეტრში, ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა. მსოფლიოს საუკეთესო მექულე დენ კარტერმა, რომლის ანგარიშზეც სანაკრებო შეხვედრებში აქამდე 1229 ქულა იყო, 2011 წლის მსოფლიო თასზე პირველი ქულები მოინაგრა და მასპინძლები 3:0 დააწინაურა.
შემდგომში კარგად ათამაშდა ზელანდიელთა უკანა ხაზი. როგორც ჩანს, შუამარბების - მაა ნონუს და სონი ბილი უილიამსის კომბინაციები, “ოლ ბლექსის” მთავარ მწვრთნელ გრეჰემ ჰენრის დიდი ხნის დამუშავებული ჰქონდა, მაგრამ მსოფლიო თასისთვის სიურპრიზად ინახავდა და ახლაღა გამოამზეურა. მათ კარგად აუბეს მხარი ფლანგელმა რიჩარდ კაჰუიმ და ისრაელ დაგმა. 2 ლელოს გამტანმა დაგმა, 15 ნომრის პოზიციაზე ისეთი თამაში აჩვენა, რომ მულიაინას ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაბრუნება გაუჭირდება. ის კარგად ერთვებოდა შეტევებში და საჭირო დაბოლოებებს პოულობდა.
მე-11 წუთზე, წლევანდელი მსოფლიო თასის პირველი ლელო გავიდა. ზელანდიამ შეტევა ცენტრალური ხაზის სიახლოვიდან, ცენტრიდან დაიწყო, დენ კარტერმა კაჰუი ჯვარზე შეიყვანა, მანაც ხაზი გაჭრა, ნონუმ კი დაგს ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში შეაყოლა, კარტერს რეალიზაცია გაუცუდდა - 8:0.
ტონგამ სხვაობის შემცირება ჯარიმით სცადა, კურტ მორატის 43 მეტრიდან დარტყმული გაუცუდდა და მე-20 წუთზე ტონგამ მეორე ლელოც გაუშვა. ამჯერად, საუცხოოდ სონი ბილ უილიამსმა ითამაშა - მცველები თავისკენ მიიზიდა, რითაც ფლანგზე სივრცე გათავისუფლდა და ვარდნაში ისაია ტოეავას უპასა, რომელმაც თავის მხრივ კაჰუი მოძებნა, მანაც ბოლო მცველი ცრუმოძრაობით ჩამოიშორა და ლელო გაიტანა, კარტერმა კი, რეალიზაციით უპირატესობა 15 ქულამდე გაზარდა.
29-ე წუთზე, უილიამსმა და ტოეავამ კიდევ ერთი საუცხოო, ზელანდიელთათვის ჩვეული გარღვევა განახორციელეს და დაგმა თავისი მე-2 ლელო დადო, ხოლო 32-ე წუთზე, შუამარბების კარგ თამაშს კაჰუის ფლანგზე გაქცევა და ზელანდიელთა მე-4, პრემიალური ქულის მომტანი ლელო მოჰყვა. კარტერმა ბოლო 2 გარდასახვა გამოიყენა, ზედ შესვენების წინ კი, მორატიმ 35 მეტრიდან გატანილი ჯარიმით ტაიმის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 29:3 ზელანდიის სასარგებლოდ.
მე-2 ტაიმში მოედანზე სულ სხვა ტონგა ვიხილეთ. უილიამსი, ნონუ, ტოეავა და ბრედ ტორნი ბევრს ცდილობდნენ, თუმცა, სტუმართა დაცვა კარგად თამაშობდა. იყო ეპიზოდები, როდესაც ზელანდიელებმა სალელოვე შეტევები საკუთარი შეცდომის გამო დაჰკარგეს - ხან პასმა დააგვიანა, ხან კი, მიმყოლმა. ტოეავა ერთხელ კი შეცურდა მეტოქის ჩათვლის მოედანში, მაგრამ ვიდეორეფერიმ დააფიქსირა, რომ მან მანძილი ვერ გათვალა, ბურთი ხაზამდე დაამიწა და ის მერეღა გადაკვეთა. 59-ე წუთზე, “ოლ ბლექსს” ყველაფერი კარგად გამოუვიდა, კაჰუიმ შერკინებიდან გამოტანილი ბურთი მეტოქეს ფეხით თავზე გადაავლო და ლელოში ჯერომი კაინოს შეაყოლა. კარტერმა იოლად შესასრულებელი რეალიზაცია ვერ გამოიყენა და ბურთი ძელს გაარტყა - 34:3.
დასკვნით ოც წუთში ტონგამ მეტოქეზე ფიზიკურად იმძლავრა, მას შერკინებაში აჯობა, დაახლოებით 10 წუთი მის 22-ში, ჩათვლის მოედნის სიახლოვეს გაატარა და ბოლოს და ბოლოს მცდელობა ტაუმალოლოს ლელოთი დაუფასდა, მორატიმ კი, რეალიზაცია გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ეს ათწუთიანი მონაკვეთი სწორედ ტაუმალოლოს მხრიდან კარტერის საუცხოო ბოჭვას მოჰყვა. ზელანდიელმა ბურთი დაკარგა, ტონგელმა თავად შეუტია, ათწუთიანი მცდელობის შემდეგ კი, იერიში თავადვე დააგვირგვინა. ბოლო სიტყვა კვლავ ზელანდიამ თქვა. ნონუმ მეტოქის ხაზი გაჭრა, კოლინ სლეიდთან ბურთი გაითამაშა და ძელებსშუა დადებული, დამსახურებული ლელო მიითვალა. რეალიზაცია სლეიდმა ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 41:10.
მე-2 ტურის მატჩს, ტონგა 14 სექტემბერს კანადის წინააღმდეგ გამართავს, ახალი ზელანდია კი, 16 სექტემბერს იაპონიას დაუპირისპირდება. A ჯგუფის პირველი ტურის მატჩში, ხვალ საფრანგეთი იაპონიას ეთამაშება და ეს დაპირისპირება თბილისის დროით 10:00 საათზე დაიწყება. ხვალვე შედგება კიდევ 3 მატჩი: B ჯგუფში, საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქეები ითამაშებენ - 05:00 საათზე, შოტლანდია რუმინეთს დაუპირისპირდება, 12:30 საათზე კი, არგენტინა ინგლისს ეთამაშება; D ჯგუფის მატჩში, 07:30 საათზე, ფიჯი ნამიბიას შეხვდება.
მსოფლიო თასზე პლანეტის 20 საუკეთესო გუნდი თამაშობს და ისინი ოთხ ხუთგუნდა ჯგუფში არიან განაწილებული. სულ 48 შეხვედრა გაიმართება. ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნები მეოთხედფინალში განაგრძობენ თასისათვის ბრძოლას. აღსანიშნავია, რომ ჯგუფში მე-3 ადგილის დამკავებელი 4 გუნდი, 2015 წლის საგზურს ახლავე მიიღებს და შესარჩევ ეტაპზე ბრძოლა აღარ მოუწევს.
წლეულს ზელანდიაში, თავის მე-3 მსოფლიო თასზე (2003, 2007 და 2011 წლების) ითამაშებს საქართველოს ნაკრები, რომელიც B ჯგუფში ინგლისის, არგენტინის, შოტლანდიის და რუმინეთის ნაკრებებთან მოხვდა. “ბორჯღალოსნები” პირველ ტურში ისვენებენ, გათამაშებაში 14 სექტემბერს ჩაებმებიან და ინვერქარგილში შოტლანდიას დაუპირისპირდებიან. 18 სექტემბერს მათი მეტოქე ინგლისის ნაკრები იქნება, 28 სექტემბერს რუმინეთი, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას 2 ოქტომბერს არგენტინის წინააღმდეგ გამართავენ.
2011 წლის მსოფლიო თასი რაგბიში
I ტური
A ჯგუფი
ოკლენდი. “იდენ პარკი”. 60000 მაყურებელი
ახალი ზელანდია - ტონგა 41:10 (29:3)
ახალი ზელანდია: 15. ისრაელ დაგი, 14. რიჩარდ კაჰუი, 13. მაა ნონუ, 12. სონი ბილ უილიამსი, 11. ისაია ტოეავა (22. კორი ჯეინი 62), 10. დენ კარტერი (21. კოლინ სლეიდი 74), 9. ჯიმი კოუენი (20. პირი ვეეპუ 53); 1. ტონი ვუდკოკი (17. ბენ ფრანკსი 45), 2. ენდრიუ ჰორი (16. კორი ფლუნი 74), 3. ოუენ ფრანკსი, 4. ბრედ ტორნი (19. სემ ვიტელოკი 56), 5. ალი უილიამსი, 6. ჯერომი კაინო, 7. რიჩი მაკქოუ, 8. ვიქტორ ვიტო (18. ენტონი ბორიკი 75).
6 ლელო: დაგი (2), კაჰუი (2), კაინო, ნონუ
4 რეალიზაცია: კარტერი (3), სლეიდი
1 ჯარიმა: კარტერი
ტონგა: 15. ვუნგა ლილო, 14. ვილიამ ლონგი, 13. სუკა ჰუფანგა (21. სამისონი ფისილაუ 75), 12. ენდრიუ მაილეი (22. ალიპატე ფატაჰეი 41), 11. სიალე პიუტაუ, 10. კურტ მორატი, 9. ტანიელა მოა; 1. სოანე ტონგაუიჰა (17. ალისონა ტაუმალოლო 53), 2. ალეკი ლუტუი (16. ეფრაიმ ტაუკაფა 41), 3. ტაუფააო ფილისე (18. კისი პულუ 53), 4. პაინო ჰეჰეა (19. სიონე ტიმანი 41), 5. ჯოე ტუინეაუ, 6. სიონე კალამაფონი, 7. ფინაუ მაკა 20. (სამიუ ვაჰაფოლაუ 54), 8. ვილიამ მააფუ.
1 ლელო: ტაუმალოლო
1 რეალიზაცია: მორატი
1 ჯარიმა: მორატი
რეფერი: ჯორჯ კლენსი (ირლანდია)
10 სექტემბერი
შოტლანდია - რუმინეთი (B ჯგუფი, 05:00 საათი)
ფიჯი - ნამიბია (D ჯგუფი, 07:30 საათი)
საფრანგეთი - იაპონია (A ჯგუფი, 10:00 საათი)
არგენტინა - ინგლისი (B ჯგუფი, 12:30 საათი)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია