ამბები

9:28 | 10.09.2011 | ნანახია 8165 - ჯერ

სიმონი რომ არა...

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ქვეჯგუფი მსოფლიოს თასზე შოტლანდია – რუმინეთის დაპირისპირებით ჩაერთო. ფავორიტები სქოთები იყვნენ და იმარჯვეს კიდეც, მაგრამ გვარიანი წინააღმდეგობა და ნერვიულობა კი გადახდათ.
ოცდამეერთე წუთისთვის შოტლანდია უკვე 15:3-ს იგებდა, მაიკ ბლერისა და ჯო ენსბროს ლელოებითა და კრის პატერსონის თითო გარდასახვა-საჯარიმოს წყალობით. რუმინელთაგან თავი მარინ დუმბრავამ გამოიჩინა, მაშინ, როდესაც მისი გუნდი 0:8 მარცხდებოდა. დუმბრავამ და პატერსონმა 23- და 38-ე წუთებზე თითო საჯარიმოც მიითვალეს – 18:6 შოტლანდიელთა სასარგებლოდ, ტაიმის მიწურულს კი ალექსანდრუ ლაზარმა ლელო გაიტანა და ჩამორჩენა შვიდ ქულამდე შეამცირა.
შესვენების შემდეგ, პატერსონმა ჯარიმიდან ისევ გაიტანა და ანგარიში 21:11 გახადა, მერე კი “მუხის ფოთლებმა” დაიწყეს და რა დაიწყეს. ტიბერიუს დიმოფტეს ორ საჯარიმოს დანიელ კარპოს ლელო მოჰყვა და თამაშის დასრულებამდე 13 წუთით ადრე წინ უკვე რუმინეთი გაიჭრა 24:21. პატერსონმა წონასწორობა ოთხ წუთში აღადგინა.
სქოთები სირცხვილისგან უკანახაზელმა სიმონ დანიელიმ იხსნა, რომელმაც 75-ე და 78-ე წუთებზე ორჯერ შეიტანა ბურთი მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანში და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 34:24.
დღესვე, ამავე ქვეჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება - თბილისის დროით 12:30-ზე არგენტინა და ინგლისი ითამაშებენ. საქართველოს ნაკრები კი მსოფლიოს თასს 14 სექტემბერს, შოტლანდიასთან შეხვედრით გახსნის.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089572