ამბები

15:08 | 10.09.2011 | ნანახია 6251 - ჯერ

ბრიტანული ტაიმბოლი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ქვეჯგუფში მოხვედრილი გუნდებიდან მსოფლიოს თასში “ბორჯღალოსანთა” გარდა ყველა ჩაერთო. მას შემდეგ, რაც შოტლანდიელებმა დაძაბულ ბრძოლაში რუმინელებს სძლიეს (34:24), ერთმანეთის პირისპირ ინგლისი და არგენტინა დადგნენ. ფავორიტად მიჩნეულმა გუნდმა ვერც ამ მატჩში მოახერხა ფავორიტული თამაშის ჩვენება.
პირველ ტაიმში სამმა საჯარიმო დარტყმამ უწია მიზანს. აქედან ორი არგენტინელების იყო. თავი ფელიპე კონტეპომიმ და მარტინ როდრიგესმა გამოიჩინეს, ხოლო ბრიტანელთაგან ჯარიმა ზუსტად ჯონ უილკინსონმა დაარტყა. პუმები შესვენებაზე 3-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 6:3.
მეორე ტაიმიც სამხრეთ ამერიკელთათვის სასურველი სცენარით დაიწყო – 45-ე წუთზე როდრიგესმა მორიგი საჯარიმოთი უპირატესობა გაზარდა – 9:3. ოციოდ წუთში კი ინგლისმა ანგარიში სათავისოდ შეატრიალა – 10:9 ბენ იანგსის ლელოსა და უილკინსონის გარდასახვის შემდეგ. შეხვედრის დასრულებამდე ხუთიოდ წუთით ადრე კი წერტილი ისევ უილკინსონმა დასვა, ზუსტი საჯარიმოთი - 13:9.
ამრიგად, პირველი ტურის შემდეგ ჯგუფის ლიდერი შოტლანდიაა, რომელმაც 4 ლელოს გატანით პრემიალური ქულაც მიიღო. ინგლისს ერთით ნაკლები – 4 ქულა აქვს. არგენტინელებმა 7 ქულაზე ნაკლებით წაგებისთვის აიღეს დამატებითი ქულა. რუმინეთი და საქართველო კი უქულოები არიან, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ქართველები საქმეში ჯერ არც ჩართულან, ხოლო რუმინელებმა წაგებით დაიწყეს.
დღესვე ახალ ზელანდიაში კიდევ ორი მატჩი შედგა. ფიჯიმ ნამიბიას 49:25 მოუგო, საფრანგეთმა კი იაპონიას აჯობა – 47:21.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087701