ამბები

14:43 | 11.09.2011 | ნანახია 3951 - ჯერ

ევროაფრიკული სანახაობა

მსოფლიოს თასის დაწყებიდან მესამე დღეს ახალ ზელანდიაში ჯგუფური ეტაპის მორიგი სამი შეხვედრა გაიმართა. პირველ ორში ფავორიტად მიჩნეულმა გუნდებმა ზედმეტი ნერვიულობის გარეშე მიაღწიეს საწადელს. ავსტრალიამ იტალია დაჩაგრა 32:6, ხოლო ირლანდიამ ამერიკის შეერთებული შტატები – 22:10. დღის მესამე მატჩი კი მიმდინარე მსოფლიოს თასზე აქამდე ჩატარებულ ყველა თამაშზე სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. სამხრეთ აფრიკამ უელსს 17:16 მოუგო.
აფრიკელები მესამე წუთზე უკვე 7:0 დაწინაურდნენ. ფრანს შტეინის ლელო მორნე შტეინმა გარდასახა. მეათე წუთზე ჯეიმს ჰუკმა საჯარიმოთი ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა. მოენე შტეინმა და ჯეიმს ჰუკმა ტაიმის ბოლომდე თითო ზუსტი საჯარიმოც გაცვალეს – 10:6.
შესვენების შემდეგ ჰუკმა მორიგი ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, ამ მომენტიდან ხუთიოდ წუთში – 55-ე წუთზე კი ტიბი ფალეტაუს ლელოთი უელსი წინ გაიჭრა 16:10. აფრიკელებმა მძლავრად შეუტიეს და ბრწყინვალედ მოთამაშე მეტოქის დაცვის ხაზი 65-ე წუთზე მაინც გაარღვიეს – ჩათვლის მოედანში ხუხარდი შეიჭრა და მას შემდეგ, რაც ლელოს ზუსტი გარდასახვაც მოჰყვა, ისევ სამხრეთ აფრიკა დაწინაურდა 17:16.
ევროპელებს ანგარიშის სათავისოდ შეტრიალება ნამდვილად შეეძლოთ. ორი ურეალურესი შანსიც მიეცათ, მაგრამ ჯერ ოციოდ მეტრიდან არეკნი ვერ გამოიყენეს, შემდეგ კი საჯარიმოც გააცუდეს და მხოლოდ შვიდ ქულაზე ნაკლები სხვაობით წაგებისთვის დაწესებულ პრემიალურ ქულას დასჯერდნენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082409