ამბები

17:51 | 11.09.2011 | ნანახია 3673 - ჯერ

ოკონორმა იტალია გატეხა

ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების უკანახაზელი ჯეიმს ოკონორი იყო ის, ვინც იტალიელებს “ვოლაბებთან” წარმატების იმედი საბოლოოდ გადაუწურა და ეს მე-2 ნახევრის ოცწუთიან მონაკვეთში მოახერხა, მანამდე კი, “აძურას” სახელოვან მეტოქესთან მისაღები შედეგის და უფრო მეტიც, გამარჯვების იმედი ჰქონდა, თანაც, არცთუ უსაფუძვლოდ.
ნორს ჰარბორი გუნდებს არცთუ სტუმართმოყვარედ შეხვდა. ქარსა და თავსხმა წვიმაში გამართული შეხვედრის პირველი ნახევარი იტალიელებმა კარგად ჩაატარეს და რეალური სალელოვე შანსიც შექმნეს, მაგრამ ლუჩანო ორკუერას ავსტრალიელთა ჩათვლის მოედანში შეცურებულ ბურთზე ანდრეა მასის ქუადე კუპერმა დაასწრო. ევროპელთა აგრესიული, ხისტი დაცვის ფონზე, ავსტრალიელებმა ჯარიმის შესრულების უფლებები მიიღეს და ქუპერმა 30-ე წუთისთვის ანგარიში 6:0 გახადა, მაგრამ შესვენებამდე იტალიელებმა ავსტრალიელთა უყურადღებობით სათანადოდ ისარგებლეს, 2 ხელსაყრელი მდგომარეობიდან ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და ტაიმი 6:6 დასრულდა (ორივე შანსი მირკო ბერგამასკომ გამოიყენა).
48-ე წუთზე, მოედანზე ჯეიმს ოკონორი გამოჩნდა, რომელმაც მანამდე სწორხაზოვნად მოთამაშე ავსტრალიის ნაკრებს, მეტი იმპროვიზაცია შემატა, შეტევების წარმართვის, გადაწყვეტილებების სიჩქარეები გაზარდა და შედეგმაც არ დააყოვნა. ოკონორის “გაქცევები” ანგარიშში გაქცევაში აისახა. პირველი ლელო 50-ე წუთზე გავიდა. დენ ვიკერმანმა მეტოქის დერეფანი მოიგო, ცენტრში დიგ იოანე აფეთქდა, ხაზი ორჯერ გაჭრა, მას მხარი კურტ ბეილიმ და რადიკ სამომ აუბეს, ცენტრალური ხაზიდან თამაშმა მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში გადაინაცვლა, ოკონორის ბოლოსწინა მცდელობას ბენ ალექსანდერი გამოეხმაურა, რაქიდან ბურთი აიტაცა და შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა.  
იტალია მამაცურ თავადცვას განაგრძობდა, მაგრამ ავსტრალიელთა უკანა ხაზს ვეღარაფერი დაუპირისპირა. ოკონორმა ავსტრალიელთა შეტევებს ისეთი ტემპი შესძინა, რომ დაზღვევაზე ეშლი კუპერის შესაჩერებლად აღარავინ დარჩა და მანაც 55-ე წუთზე ლელო ძელებსშუა გაიტანა. ოკონორმა პირველი ვერა, მაგრამ ეს რეალიზაცია ზუსტად შეასრულა. 58-ე წუთზე, ოკონორმა უკვე თავად მიიღო კუპერისგან პასი, ხაზი გაჭრა, 7-8 მეტრი გაიარა და მე-3 ლელო გაიტანა.
66-ე წუთზე, ავსტრალიელმა უკანახაზელებმა უკვე კარგად დამუშავებული კომბინაცია გაითამაშეს და იოანემ გუნდისთვის პრემიალური ქულის მომტანი მე-4 ლელო გაიტანა, ოკონორმა კი, ბოლო 2 რეალიზაცია ზუსტად შეასრულა. ბოლოსკენ იტალიამ იმძლავრა, მეტოქეს შერკინებით მიაწვა და პრესტიჟის ლელომდე ნახევარი მეტრიღა აკლდა, როდესაც ბურთი გათავისუფლდა და ავსტრალიამ სიტუაცია განმუხტა. ამრიგად, “კენგურუებმა” მსოფლიო თასის სადებიუტო მატჩში 32:6 იმარჯვეს და თანაც, იტალიასთან პრემიალური ქულის აღება მოახერხეს.

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.191271