უდიდეს ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა ირლანდიის ნაკრები აშშ-ს წინააღმდეგ და ჩრდილოამერიკელთა თავდაუზოგავ მცდელობას, თავი დაეცვა, შედეგად მხოლოდ ის მოჰყვა, რომ ამერიკელებმა ევროპელებს პრემიალური ქულის მომტანი მე-4 ლელოს გატანა არ დაანებეს.
ირლანდია თავიდანვე ფავორიტად ითვლებოდა და აუტსაიდერი თავიდანვე დაჩაგრა შერკინებაში, ძალაში და რაგბის ცოდნაში. და მაინც, ირლანდია დღეს არაა იმ დონის გუნდი, რომ თავგანწირვით მოთამაშე აშშ ადვილად გაეტეხა. ამაში დიდი როლი ჯონათან სექსტონის საშინელმა დარტყმებაც ითამაშა. აშშ ხშირად ჯარიმდებოდა, მაგრამ ირლანდიელთა ათიანი ამას სათანადოდ ვერ იყენებდა და ქულებს ანიავებდა. სექსტონს მე-6 წუთზევე შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ჯარიმა არაზუსტად შეასრულა და იგივე მე-11 წუთზეც გაიმეორა. სამაგიეროდ, მე-17 წუთზე, მის მიერ ძალზე მარტივი პოზიციიდან დარტყმული ჯარიმა ძელებსშუა გაძვრა და ანგარიშიც გაიხსნა.
წვიმასა და ქარში მიზანის გასწორება ამერიკელთა დამრტყმელ ჯეიმს პატერსონსაც გაუჭირდა და 22-ე წუთზე, მან წონასწორობის აღდგენის შანსი ხელიდან გაუშვა. ირლანდიამ მეტოქის დაცვა ზედ შესვენების წინ გატეხა, როდესაც ამდენი გარჯით დაღლილმა ამერიკელებმა გადაწყობა ვეღარ მოახერხეს, სექსტონის გადაცემის შემდეგ ტომი ბოუიმ როგორც იქნა გაჭრა ხაზი და შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა, სექსტონმა კი, რეალიზაცია ზუსტად დაარტყა და ტაიმი 10:0 დასრულდა.
მე-2 ტაიმი სექსტონის ხელსაყრელი პოზიციიდან აცილებული ჯარიმით დაიწყო. მანვე ორიოდე წუთში იგივე გაიმეორა და მწვრთნელი იძულებული გახდა, ის მოედნიდან გაეყვანა, თამაშში კი, მთავარი დამრტყმელი ძალა, რონან ოგარა ჩაერთო.
სანამ ოგარა გახურდებოდა, პატერსონმა რაქში არასწორად თამაშისთვის დანიშნული ჯარიმა გამოიყენა და სხვაობა შეამცირა. მაგრამ ორ წუთში ირლანდიამ ძალაში უპირატესობა სათანადოდ გამოიყენა, მოლით თხუთმეტიოდე მეტრი დაფარა, მერე მას რორი ბესტი მოეხსნა და ლელო გაიტანა, მაგრამ სექსტონის შემცვლელ ოგარას რეალიზაცია გაუფუჭდა - 15:3.
საათის თავზე, ირლანდიელებმა ბურთის ხაზზე ჩათამაშებით ფლანგზე რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს და ოდრისკოლმა ბოუის შეხვედრაში თავისი მე-2 და ევროპელთა მე-3 ლელო გაატანინა, ხოლო ოგარამ რეალიზაცია ამჯერად ზუსტად დაარტყა. ირლანდიას თამაში მოგებული ჰქონდა და მე-4, პრემიის მომტანი ლელოს გასატანად შეუტია, მაგრამ ზედ ბოლო წუთზე, პოლ ემერიკმა ოდრისკოლის გადაცემა ჩაჭრა და ძელებსშუამდე დაუბრკოლებლივ ირბინა, პატერსონმა კი, რეალიზაციით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 10:22.
C ჯგუფის მომდევნო მატჩი 15 სექტემბერს ნიუ პლიმუთში გაიმართება და აშშ მსოფლიო თასის დებიუტანტ რუსეთს დაუპირისპირდება. ირლანდია 17 სექტემბერს ჯგუფის ფავორიტ ავსტრალიას ოკლენდში შეხვდება, იტალია კი, 20 სექტემბრამდე დაისვენებს.
C ჯგუფი
ავსტრალია - იტალია 32:6 (6:6)
ირლანდია - აშშ 22:10 (10:0)
1 | ავსტრალია | 1 | 1 | 0 | 0 | 32-6 | 5 |
2 | ირლანდია | 1 | 1 | 0 | 0 | 22-10 | 4 |
3 | რუსეთი | 0 | 0 | 0 | 0 | 0-0 | 0 |
4 | აშშ | 1 | 0 | 0 | 1 | 10-22 | 0 |
5 | იტალია | 1 | 0 | 0 | 1 | 6-32 | 0 |
15 სექტემბერი. ნიუ პლიმუთი
რუსეთი - აშშ (11:30 საათი. თბილისის დროით)
17 სექტემბერი. ოკლენდი
ავსტრალია - ირლანდია (12:30 საათი)
20 სექტემბერი. ნელსონი
იტალია - რუსეთი (11:30 საათი)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია