მსოფლიო თასის მე-7 გათამაშების პირველი წრე სუპერმატჩით დასრულდა. პლანეტის მოქმედმა ჩემპიონმა და უელსმა, მაყურებელს ის თამაში აჩვენეს, რისთვისაც მილიონობით ადამიანს რაგბი უყვარს და ამ უმაღლესი დონის შეხვედრის დასასრულამდე, ვერავინ იტყოდა, თუ ვინ გახდებოდა კონკრეტულად ამ მატჩის გამარჯვებული.
უმაღლესი სათამაშო ტემპი და შემსრულებლები, წარმოუდგენელი ბოჭვები და თავდადებული გარღვევები, მატჩის სადავეების ხელიდან ხელში გადასვლა და სიტუაციების წამიერი ცვლილება, ეს ყველაფერი ველინგტონში შეკრებილმა მაყურებელმა, უამრავ ტელემაყურებელთან ერთად იხილა და 2011 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპიც ულამაზესი სანახაობით დასრულდა. ამ სანახაობაში გამარჯვებული მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა დარჩა, მაგრამ უელსმა ნაჩვენები თამაშისთვის უდიდესი პატივისცემა დაიმსახურა და კაცმა არ იცის, მომავალში ამ გუნდს რისი მიღწევა შეუძლია.
თამაში “სპრინბოკის” აქტიურობით დაიწყო და საწყისმა ოცმა წუთმა მათი უდიდესი უპირატესობით ჩაიარა. მატჩის დებიუტშივე აფრიკელებმა ცენტრიდან აქტიურად შეუტიეს, მერე ბურთი მარჯვნივ ჩათამაშდა, შეტევაში დიდებულად ჩაერთო ფრანსუა სტეინი, რომელმაც ჯერ ერთი მცველი ჩამოიშორა, მერე მეორეს ჯიქურ ეკვეთა, გადაატრიალა და ვიდეორეფერიმ დაადასტურა, რომ ლელო წესების სრული დაცვით გავიდა. მორნი სტეინმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და მე-3 წუთზე სამხრეთ აფრიკამ შვიდქულიანი ფორა მოიპოვა. უელსმა მალევე დაადასტურა, რომ იოლად არაფრის დათმობას არ აპირებდა და მე-10 წუთზე, ჯეიმს ჰუკმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა. მალე მას სხვაობის მინიმუმადე დაყვანის საშუალება მიეცა, მაგრამ ახლოდან ჯარიმა ვერ გამოიყენა. ისე, საკითხავია, ბურთმა გაიარა თუ არა წარმოსახვითი ძელებს შუა, რადგან დარტყმა ძალიან მაღალი ტრაექტორიის იყო და მსაჯებმაც დროშების აღმართვა აღარ გარისკეს, თორემ, ეგებ ახლა უელსი გამარჯვებულიც ყოფილიყო...
სამაგიეროდ, მე-20 წუთზე, მორნი სტეინმა შორიდან შეუცდომლად დაარტყა და უპირატესობა ერთ გარდასახულ ლელომდე გაზარდა. ამის შემდეგ, უელსი კიდევ უფრო გააქტიურდა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ბურთი იკარგებოდა და აფრიკელები დიდებული ტაქტიკური დარტყმებით ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანას და სიტუაციის განმუხტვას ახერხებდნენ. ბრიტანელებმა შესვენებამდე ჩამორჩენა მაინც შეამცირეს, ჰუკმა ჯარიმა გამოიყენა. ზედ შესვენების წინ, არეკნის გატანა ჯერ აფრიკელებმა სცადეს, მერე უელსელებმა, მაგრამ არაფერი გამოვიდა და “ბოკემ” ტაიმი 10:6 მოიგო.
მე-2 ტაიმის დასაწყისში აფრიკელებს დიდი უბედურება დაატყდათ თავს - უელსის მასირებული შეტევების ფონზე, მათი კაპიტანი, მეორეხაზელი ვიქტორ მეტფილდი დაშავდა და შესაცვლელი გახდა. ამას, 50-ე წუთზე, ჰუკის მიერ ახლო მანძილიდან გატანილი ჯარიმა და სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა მოჰყვა.
ოთხ წუთში უელსელთა თავდადებამ შედეგი გამოიღო - ნატურალიზირებულმა მესამეხაზელმა ტობი ფალეტაუმ, ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედნიდან დაახლოებით 6-7 მეტრში მაღალ სიჩქარეზე მიიღო, ხაზი გაჭრა და ლელო გაიტანა, ჰუკმა კი, რეალიზაცია გამოიყენა და უელსი 16:10 დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ ფალეტაუ უელსის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მორაგბე იყო და ლელოდან რამდენიმე წუთში, მისი გარღვევა ლამის შედეგიანი აღმოჩნდა, მაგრამ აფრიკელებმა ჯეიმ რობერტსის და ჯორჯ ნორტის შეკავება მოახერხეს და მერე თავად შეუტიეს.
იმის ფონზე, რომ უელსი უდიდეს ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და ბურთსაც მეტოქეზე მეტხანს აკონტროლებდა, აფრიკელთა ხუთწუთიანი გამონათება გადამწყვეტი აღმოჩნდა. რამდენიმე დარტყმის შემდეგ, ბრიტანელთა დაცვის ხაზი ისე მოიშალა, რომ შეცვლაზე შესულ ფრანს ჰუგარდს ყურადღება ვერავინ მიაქცია, ისიც მაღალ სიჩქარეზე შეფრინდა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, მორნი სტეინმა კი, რეალიზაციით აფრიკელები დააწინაურა. უელსმა სათამაშო უპირატესობა დაიბრუნა და არეკნის გატანა სცადა, მაგრამ უშედეგოდ, თამაში მინიმალური სხვაობით დათმო და მხოლოდ შვიდ ქულაზე ნაკლები მარცხისთვის განკუთვნილ პრემიალურ ქულას დასჯერდა.
ამრიგად, სპეციალისტების მიერ სიკვდილის ჯგუფად მიჩნეულ D ჯგუფს, პირველი რაუნდის შემდეგ ფიჯი ლიდერობს, რომელმაც ნამიბიასთან პრემიალური ქულის აღება მოახერხა. ამ ჯგუფის მომდევნო მატჩი 14 სექტემბერს გაიმართება და სამოა, რომელიც პირველ ტურში ისვენებდა, ნამიბიას დაუპირისპირდება, 17 სექტემბერს სამხრეთ აფრიკა ფიჯის შეხვდება, მომდევნო დღეს კი, ურთიერთობას უელსი და სამოა გაარკვევენ.
D ჯგუფი
1 | ფიჯი | 1 | 1 | 0 | 0 | 49-25 | 5 |
2 | სამხრეთ აფრიკა | 1 | 1 | 0 | 0 | 17-16 | 4 |
3 | უელსი | 1 | 0 | 0 | 1 | 16-17 | 1 |
4 | სამოა | 0 | 0 | 0 | 0 | 0-0 | 0 |
5 | ნამიბია | 1 | 0 | 0 | 1 | 25-49 | 0 |
14 სექტემბერი. როტორუა
სამოა - ნამიბია (06:30 საათი. თბილისის დროით)
17 სექტემბერი. ველინგტონი
სამხრეთ აფრიკა - ფიჯი (10:00)
18 სექტემბერი. ჰემილტონი
უელსი - სამოა (07:30)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია