ამბები

13:55 | 14.09.2011 | ნანახია 2233 - ჯერ

სამოამ ნამიბია ერთ საათში მოინელა

სამოას მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2011 წლის მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრაში, საწყის ერთ საათში ნამიბიასგან ქვა ქვაზე არ დატოვა და თავისი ამბიციები წარმოაჩინა. ნახევარმცველმა ფოტუალიმ ტურნირის უსწრაფესი ლელო გაიტანა, ტუილაგიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა და კუნძულელები საათის თავზე 42:0 დააწინაურდნენ, დასკვნით 20 წუთში თამაშის საშუალება აფრიკელებსაც მისცეს და ჯამში 49:12 იმარჯვეს.
ერთადერთი, რამაც სამოელთა მთავარ მწვრთნელ ტიტიმაეა ტაფუას ამ მატჩის შემდეგ უკმაყოფილების გრძნობა დაუტოვა, ეს ტრავმებია: “დაზიანებები ძალიან შემაშფოთებელია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მომდევნო შეხვედრამდე სულ რაღაც ოთხი დღე რჩება”, - აღნიშნა მწვრთნელმა, რომლის გუნდსაც მომდევნო მატჩი უშუალო კონკურენტ უელსთან უწევს.
შეხვედრა 49 წამის დაწყებული იყო, როდესაც პირველი ლელო გავიდა. სამოამ საკუთარი 22-დან ბურთი მეტოქისაში გადაკიდა. აფრიკელებმა მის აღებას ძალიან დიდი დრო მოანდომეს, მერე ფეხით უხეიროდ გამოიტანეს, ბურთს ფოტუალი დაეუფლა, გვერდითი ხაზის გასწვრივ დაახლოებით 40 მეტრი ირბინა და 2011 წლის მსოფლიო თასის უსწრაფესი ლელო ალამთან გაიტანა. ტუსი პისიმ ურთულესი რეალიზაცია შეასრულა, მერე კი, მე-10 წუთზე გატანილი ჯარიმით ანგარიში 10:0 გახადა. მე-17 წუთზე სამოას ერთ-ერთი ლიდერის, ალესანი ტუილაგის დრო დადგა, რომელმაც გორგ სტოუერსის გარღვევის შემდეგ საკუთარი სისწრაფე გამოიყენა, მცველებს მარცხენა ფლანგიდან გაექცა და თავისი პირველი ლელო გაიტანა. 28-ე წუთზე სამოელებს პირველი უბედურება დაატყდათ თავს, პისი დაშავდა და შესაცვლელი გახდა. მანამდე მან თითო-თითო რეალიზაციის და ჯარიმის გამოყენება კიდევ მოახერხა. 35-ე წუთზე, სამოელთა მორიგი იერიშისას ბურთი მარცხენა ფლანგზე კვლავ ტუილაგიმ მიიღო, კონტაქტით ერთი მცველი ჩამოიშორა, მერე დაზღვევაზე გადმოსულ ორ აფრიკელს ეკვეთა, ჩათვლის მოედანი მათთან ერთად გადაკვეთა და ანგარიში 25:0 გახადა. ზედ შესვენებამდე, პოლ უილიამსმა მომხვდური ძალიან უხეშად შებოჭა და ყვითელი ბარათით დაისაჯა.
ნამიბიამ ვერ შეძლო რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება, პირიქით, სამოა სულ შეტევაში იყო და ტუილაგიმ მესამე ლელო გაიტანა, მაგრამ რეფერიმ არ ჩაუთვალა. მერე უილიამსი დაბრუნდა და კარის გასწვრივ გატანილი ჯარიმით ანგარიში გაზარდა. 55-ე წუთზე ტუილაგიმ ჰეთ-თრიქი მაინც შეასრულა. შეცვლაზე შესულმა ფუიმაონომ ხაზი კარგად გაჭრა, მერე საკუთარი გუნდის ლიდერი მოძებნა, მანაც სიჩქარე კიდევ ერთხელ ჩართო და მესამე ლელო მიითვალა. 59-ე წუთზე უკვე უილიმსის ჯერი დადგა, რომელმაც მოკლე მანძილზე ცრუმოძრაობებით ნამიბიელებს თავის შებოჭვის საშუალება არ მისცა. 63-ე წუთზე ნამიბიელთა დროც დადგა, ვინკლერმა ფეხით კარგად გადაკიდა და თავადვე აიღო, მერე ბურთი დენი ვან ვიკს გადააწოდა, მანაც ჩათვლის მოედნამდე უპრობლემოდ ირბინა. 3 წუთში ნამიბია მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა და 70-ე წუთზე საჯარიმო ლელოთი დაისაჯა, ბოლოს კი, აფრიკელმა კოტზემ ლელო ძელებსშუა გაიტანა, რეალიზაციაც გამოიყენა და საბოლოო შედეგიც დაფიქსირდა.
D ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 17 სექტემბერს გაიმართება: სამხრეთ აფრიკა ფიჯის დაუპირისპირდება, 18 სექტემბერს კი, სამოა უელსს ეთამაშება.

D ჯგუფი
სამოა - ნამიბია 49:12 (25:0)
 

1  სამოა  1 1 0 0 49-12 5
2  ფიჯი 1 1 0 0 49-25 5
3 სამხრეთ აფრიკა  1 1 0 0 17-16 4
4  უელსი 1 0 0 1 16-17 1
5 ნამიბია 2 0 0 2 37-98 0



17 სექტემბერი. ველინგტონი
სამხრეთ აფრიკა - ფიჯი
18 სექტემბერი. ჰემილტონი
უელსი - სამოა
22 სექტემბერი. ოკლენდი
სამხრეთ აფრიკა - ნამობია

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088511