კანადის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა დასკვნით მეოთხედში თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხა, ორი ლელო გაიტანა და ტონგასთან 25:20 დამსახურებულად იმარჯვა. ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელსაც კანადელები 2011 წლის მსოფლიო თასზე ატარებდნენ და ტონგელებთან მსოფლიო თასებზე მოპოვებულ ორ გამარჯვებას, ახლა მესამეც შემატეს.
თამაში ტონგელთა უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ჩრდილოამერიკელებმა იერიშის მოგერიება მოახერხეს, მერე თავად შეუტიეს და ჯერ ჩენსი ოტულამ მარცხნივ, ხოლო მერე ვან დერ მერვემ მარჯვენა ფლანგზე გაჭრეს ხაზი, რაიან სმიტისგან ბურთი ექსტრავაგანტულმა ჯებ სინკლერმა გადაიბარა და მე-13 წუთზე შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა, ჯეიმს პრიტჩარდმა კი, რეალიზაცია გამოიყენა. კანადელებმა უფრო მობილურად დაიწყეს, კუნძულელებს ფეხით გადაკიდებული ბურთების დამორჩილება უჭირდათ და დიდ დროს კარგავდნენ, მაგრამ ნელ-ნელა სიტუაცია დაარეგულირეს და ორჯერ თითქმის კარის გასწვრიდან ჯარიმების შესრულების უფლება მოიპოვეს, მაგრამ კურტ მორატს ორივე დარტყმა გაუფუჭდა. უნდა ითქვას, რომ მსოფლიო თასზე ჩატარებული შეხვედრების უმრავლესობაში მრავალნაცადი, მსოფლიოსთვის ცნობილი დამრტყმელები ბურთის ძელებსშუა გაძვრენას ვერ ახერხებენ და ეს ფაქტი ერთგვარ ამოუცნობ ფენომენად რჩება.
26-ე წუთზე პრიტჩარდმა თითქმის პენალტი შეასრულა და კარის გასწვრივ ათიოდე მეტრიდან გატანილი ჯარიმით, თავისი გუნდის უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა. უამრავი ტექნიკური წუნით მოთამაშე ტონგამ, სიტუაცია ტაიმის ბოლოს გამოასწორა. კანადელთა 22-ში განხორციელებული რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ, ბურთი მარჯვნივ ჩათამაშდა, სადაც კუნძულელები მეტობაში დარჩნენ, სიალე პიუტაუ ორ მცველს შორის უპრობლემოდ გაძვრა და საპასუხო ლელო გაიტანა, მორატმა კი, რეალიზაცია გამოიყენა - 7:10. დაიწყო თუ არა მეორე ნახევარი, მორატმა შორეული ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ორიდე წუთში პრიტჩარდმა გასატანი ჯარიმა გამოიყენა და კანადელებს სამქულიანი უპირატესობა დაუბრუნა.
53-ე წუთზე ტონგა დაწინაურდა. რამდენიმე დარტყმის შემდეგ, 22-ის ხაზთან ახლოს ტანიელა მოამ პიუტაუ ჯვარზე შეიყვანა, მან დაცვის ზღუდეში მცირე ხვრელი ნახა, საჭირო დროს მაღალი სიჩქარე აკრიფა და მეორე ლელო მიითვალა, მორატმა კი, რეალიზაცია ამჯერადაც ზუსტად შეასრულა, ხოლო 64-ე წუთზე ახლოდან გატანილი ჯარიმით უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა. ამას კანადელთა აფეთქება მოყვა. შეცვლაზე შესული კონორ ტრაინორი ქარიშხალ “კატრინივით” დააცხრა თავს ტონგელთა დაცვას, მათი მჭიდრო ხაზი თავხედურად გაკვეთა, დაახლოებით 15 მეტრით წაიწია და მეტოქის ჩათვლის მოედანს ხუთიოდე მეტრამდე მიუახლოვდა, რაქიდან გამოტანილ ბურთს უკვე აარონ კარპენტერი დაეუფლა და მიუხედავად იმისა, რომ შებოჭეს, ჩათვლის ხაზს იქით ცალი ხელით გადადო. ეს 67-ე წუთზე მოხდა, მაგრამ პრიტჩარდმა რეალიზაცია ვერ გამოიყენა და ჩრდილოელები კვლავ მდევრის როლში დარჩნენ. ამიტომ, 73-ე წუთზე მათ მორიგი მძლავრი იერიში განახორციელეს, დაახლოებით 35 მეტრი მოლით იარეს, მერე თამაში რაქში გადავიდა, რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი ფილ მაკკენზიმ აიტაცა და გადამწყვეტი ლელო გაიტანა. პრიტჩარდმა ამჯერად რეალიზაცია ზუსტად შეასრულა, მერე კანადელთა დაცვამ გაძლო, ბურთი აუტში გაიტანა და მნიშვნელოვან შეხვედრაში 25:20 იმარჯვა, პირველ რაუნდში ახალ ზელანდიასთან დამარცხებული ტონგა კი, მხოლოდ პრემიალური ქულის ამარა დატოვა.
A ჯგუფი
ტონგა - კანადა 20:25 (7:10)
1 | ახალი ზელანდია | 1 | 1 | 0 | 0 | 41-10 | 5 |
2 | საფრანგეთი | 1 | 2 | 0 | 0 | 47-21 | 5 |
3 | კანადა | 1 | 1 | 0 | 0 | 25-20 | 4 |
4 | ტონგა | 2 | 0 | 0 | 2 | 30-66 | 1 |
5 | იაპონია | 1 | 0 | 0 | 1 | 21-47 | 0 |
16 სექტემბერი. ჰემილტონი
ახალი ზელანდია - იაპონია
18 სექტემბერი. ნეიპირი
საფრანგეთი - კანადა
21 სექტემბერი. უონგარეი
ტონგა - იაპონია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია