ამბები

18:00 | 14.09.2011 | ნანახია 7521 - ჯერ

საქართველო პრემიასაც ვერ შეწვდა

იმედი, რომ საქართველოს ნაკრები ბობოლა სარაგბო ქვეყნების ნაკრებთაგან რომელიმეს დაამარცხებდა, ჯერჯერობით იმედადვე დარჩა. “ბორჯღალოსნებმა” ევროპის “დიდი ექვსეულის” ერთ-ერთ უარეს გუნდ შოტლანდიასთან თავდადებულად ითამაშეს, ოღონდ დაცვაში, შეტევაში კი, თითქოს არ იცოდნენ, ფონს რა ხერხით გასულიყვნენ, ღირებული ვერაფერი შექმნეს და დამსახურებულად დამარცხდნენ - 6:15.
მოულოდნელად გაგვაოცა ქართველთა შერკინებამ, რომელიც სქოთთა წინააღმდეგ ერთგვარი კოზირი უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, შოტლანდიელთა ინგლისელმა მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა ყველაფერი ზუსტად გათვალა, რუმინეთთან მატჩის შემდეგ შემადგენლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა გაამართლა და თანაც იმდენად, რომ სათადარიგოთა სკამზე მყოფი ხუთი მორკინალიდან, თამაშში ჩართვა მხოლოდ ერთს მოუწია. შოტლანდიამ სულ ორი შეცვლა განახორციელა, რადგან ძირითად შემადგენლობაში მყოფმა 15-მა სპორტსმენმა დასახულ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა და შესაცვლელიც არაფერი იყო. აი, ქართველებს კი, ვერც ცვლილებებმა უშველა. შერკინების გარდა, ძალიან ცუდი იყო ფეხით ტაქტიკური დარტყმები, თავი ვერ გამოიჩინეს ლიდერებმა მამუკა გორგოძემ და დავით ზირაქაშვილმა და ამ ყველაფერს ლოგიკური დასასრული მოყვა.
ერთადერთი, რითაც შეგვიძლია, თავი დავიმშვიდოთ, ისაა, რომ სქოთებმა რუმინელთა მსგავსად, ჩვენი დაცვის ხაზი კარაქივით ვერცერთხელ ვერ გაჭრეს. მხოლოდ ერთხელ მოხდა ხაზის სუფთად გაჭრა და ისიც, ხიფათით ვერ დასრულდა, რადგან დაზღვევამ იმუშავა. ქართველებმა სულ 109 ბოჭვა შეასრულეს, 16-ჯერ ამ ილეთის შესრულება ვერ მოახერხეს, მაგრამ სალელოვე საფრთხემდე საქმე არ მისულა. შესაძლოა, შოტლანდიისგან ლელოს არგაშვება ამ ეტაპზე მართლაც უდიდესი მიღწევაა და ეს საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზის კარგ თამაშზე მეტყველებს, მაგრამ მეტოქეს ამისთვის სხვა წამალი ჰქონდა - დენ პარქსი და მისი დარტყმები და ამ კაცმაც თავისი საქმე კარგად შეასრულა. სამწუხაროა, რომ თითქმის ბურთის თანაბარი ფლობის პირობებში, მაშინ, როდესაც სათამაშო დროის 41-მა პროცენტმა მეტოქის ნახევარზე ჩაიარა, საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიაზე 9 ქულით ნაკლები მოინაგრა და პრემიალურ ქულასაც ვერ შეწვდა.
თამაშმა თავსხმა წვიმაში ჩაიარა და მაყურებელმაც 2011 წლის მსოფლიო თასზე აქამდე ჩატარებული შეხვედრებიდან, საყურებლად ყველაზე ცუდი თამაში იხილა. ორივე გუნდი უამრავ შეცდომას უშვებდა, როგორც ფეხით თამაშისას, ასევე ბურთის ხელით გაშლისას, ოღონდ, ამ უკანასკნელს მხოლოდ შოტლანდიელები ცდილობდნენ, თორემ ქართველთა არსენალში მსგავსი ხერხი არ აღმოჩნდა და ფონს გასვლის მცდელობა ძირითადად მოკლე მანძილზე დარტყმებით ხდებოდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მატჩის დებიუტში მერაბ კვირიკაშვილის მცდელობა, არეკნი გაეტანა, უნაყოფო აღმოჩნდა, თუმცა, მოგვიანებით მან ჯარიმის დარტყმა საკუთარი ნახევრიდან გადაწყვიტა და დაახლოებით 55 მეტრიდან მიზანმა არ უმტყუნა.
ამას შოტლანდიელთა იერიშები მოყვა, საქართველოს ნაკრები ჯარიმდებოდა, პარქსს პირველი დარტყმა გაუცუდდა, მაგრამ 24-ე წუთზე სქოთი ზუსტი იყო და წონასწორობა აღადგინა. მერე მას კიდევ ერთი ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა, მეოთხე მცდელობა კვლავ ზუსტი იყო და შოტლანდია 34-ე წუთზე დაწინაურდა, შესვენებამდე კი, მან დაგვანახა, თუ როგორ უნდა არეკნის შესრულება და საშუალო მანძილიდან სქოთებს ტაიმი 9:3 მოაგებინა. მეორე ნახევარი პირველის მსგავსი სცენარით განვითარდა. შოტლანდია უტევდა, მაგრამ ლელოს ხაზთან ახლოსაც ვერ მიდიოდა. ქართველებს ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანა უჭირდათ, შერკინება ვერ ყოჩაღობდა და საკუთარმა მდგრადობამ შოტლანდიელთა მორკინალები აღფრთოვანებაში მოიყვანა. დასკვნით 10 წუთში გუნდებმა ქულების მოგროვებაც დაიწყეს. ჯერ პარქსმა დაჰკრა ზუსტად და უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა, ერთ წუთში ჯარიმის შესრულების უფლება კვირიკაშვილმა მიიღო და სხვაობა შემცირა, მაგრამ 75-ე წუთზე პარქსმა შორიდან გაიტანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში, 15:6 დაფიქსირდა. ბოლო წუთებზე იყო შანსი, რომ საქართველოს ნაკრებს ხეირიანი შეტევა განეხორციელებინა და პრემიალური ქულა აეღო, მაგრამ მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 10 მეტრში, დერეფანი უხეიროდ გაითამაშა, ბურთი დაიკარგა, შოტლანდიამ ის აუტში გაიტანა და გამარჯვებით გაიხარა.
ამრიგად, ოთხი დღის ინტერვალში, შოტლანდიამ ინვერქარგილში ორი შეხვედრა მოიგო, რუმინეთთან პრემიალური ქულის აღებაც მოახერხა და ამან სქოთთა კაპიტანი რორი ლოუსონი გაახარა: “ინვერქარგილში ოთხდღიან შუალედში ორი თამაშის მოგებას ვგეგმავდით და მიზანს მივაღწიეთ. საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერია და რთული ამოცანის წინაშე ვიდექით, მაგრამ შედეგი ჩვენთვის სრულიად დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. როდესაც ამის საშუალება გვქონდა, ქულებს ვიღებდით და გამარჯვებაც დამსახურებულად მოვიპოვეთ”.
“ბურთს ვერ გავუფრთხილდით, ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, ხშირად ვჯარიმდებოდით და ამის გამო დავმარცხდით. პრემიალურ ქულასთან ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი აღება ვერ მოვახერხეთ”, - თქვა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ.
ახლა საქართველოს ნაკრები სამხრეთ კუნძულის ყველაზე სამხრეთ ქალაქს დატოვებს, მახლობელ დანიდინში გადაინაცვლებს და 18 სექტემბერს, თბილისის დროით 10 საათზე ინგლისს დაუპირისპირდება. მანამდე, 17 სექტემბერს B ჯგუფის მორიგ შეხვედრაში ინვერქარგილში არგენტინა რუმინეთს დაუპირისპირდება.

2011 წლის მსოფლიო თასი რაგბიში. B ჯგუფი.
ინვერქარგილი. “რაგბი პარკი”.
შოტლანდია - საქართველო 15:6 (9:3)
საქართველოს ნაკრები:
15. რევაზ გიგაური (22. მალხაზ ურჯუკაშვილი 67), 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. თედი ზობზიბაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე; 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე (16. აქვსენტი გიორგაძე 65), 3. დავით ზირაქაშვილი (17. დავით ქუბრიაშვილი 56), 4. ლევან დათუნაშვილი, 5. ვახტანგ მაისურაძე (18. გიორგი ჩხაიძე 49), 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია (19. ვიქტორ კოლელიშვილი 65).
სათადარიგოები: 20. ბიძინა სამხარაძე, 21. ლაშა ხმალაძე.
2 ჯარიმა: კვირიკაშვილი
მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
შოტლანდიის ნაკრები: 15. რორი ლამონტი (22. ქრის პატერსონი 72), 14. მაქს ევანსი, 13. ნიკ დელუკა, 12. გრემ მორისონი, 11. შონ ლამონტი, 10. დენ პარქსი, 9. რორი ლუსონი; 1. ალენ იაკობსენი, 2. სქოთ ლოუსონჯი, 3. იუენ მარი, 4. ნეითან ჰაინსი (19. რიჩი გრეი 72), 5. ჯიმ ჰემილტონი, 6. ელი სთროქოში, 7. როს რენი, 8. ქელი ბრაუნი.
სათადარიგოები: 16. როს ფორდი, 17. ჯეფ როსი, 18. ალესდერ დიკინსონი, 20. რიჩი ვერნონი, 21. ქრის ქაზიტერი.
4 ჯარიმა: პარქსი
1 არეკნი: პარქსი
მწვრთნელი: ენდი რობინსონი
 

1  შოტლანდია  2 2 0 0 49-30 9
2 ინგლისი 1 1 0 0 13-9 4
3 არგენტინა  1 0 0 1 9-13 1
4 საქართველო 1 0 0 1 6-15 0
5 რუმინეთი 1 0 0 1 24-34 0



17 სექტემბერი. ინვერქარგილი
არგენტინა - რუმინეთი
18 სექტემბერი. დანიდინი
ინგლისი - საქართველო
24 სექტემბერი. დანიდინი
ინგლისი - რუმინეთი
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091922