რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მისთვის სადებიუტო 2011 წლის მსოფლიო თასზე ერთი შეხვედრის მოგებას გეგმავდა და მიზანში აშშ-ს ნაკრები ყავდა ამოღებული, მაგრამ “დათვებმა” ეს ვერ მოახერხეს, 6:13 დამარცხდნენ და 7 ქულით წაგებისთვის, მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდნენ.
C ჯგუფში ამ გუნდების გარდა ავსტრალიის, ირლანდიის და იტალიის ნაკრებები თამაშობენ და ორივე გუნდს გათვლა ერთმანეთის დამარცხებაზე ჰქონდა გაკეთებული. ამასთან, რუსები ერთგვარ რეკორდსაც უმიზნებდნენ: მსოფლიო თასის სადებიუტო შეხვედრაში, ჯერჯერობით, გამარჯვება არცერთ გუნდს არ მოუპოვებია და რადგან რუსეთის ნაკრებს წილისყრით პირველი შეხვედრის გამართვა სწორედ ამერიკელებთან უწევდა, ამ კანონზომიერების დარღვევას გეგმავდნენ, მაგრამ თამაშმა აჩვენა, რომ დღეისათვის “არწივები” “დათვებზე” ძლიერები არიან.
რუსეთის ნაკრებმა მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდში ითამაშა მეტოქეზე უკეთესად - ორივე ტაიმის დასაწყისში და დასკვნითი 15 წუთში, მაგრამ მათ უამრავი შეცდომა დაუშვეს, განსაკუთრებით დერეფნებში, როდესაც გადამწყვეტ მომენტში საკუთარი მოწოდებები ერთმანეთის მიყოლებით დათმეს და ვერც ამერიკელთა დაცვის ხაზის გარღვევა მოახერხეს. მთლიანობაში, აშშ მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა და წესით, უფრო დიდი სხვაობითაც უნდა მოეგო, მაგრამ უამრავი შეცდომის გამო, მათ უპირატესობის ქულებში ასახვა ვერ შეძლეს და მხოლოდ ერთი ლელო გაიტანეს.
თამაში დებიუტანტებმა აქტიურად დაიწყეს, მეტოქის შეცდომით ისარგებლეს და სწრაფი ლელოს გატანა სცადეს, მაგრამ ვერ მოახერხეს. ამ შეტევის შედეგად, რუსებმა ანგარიში მაინც გახსნეს, როდესაც კუშნარიოვმა მესამე წუთზე იოლი ჯარიმა სამ ქულად გარდასახა. მეათე წუთამდე თამაში ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა, თითქოს გუნდები ერთმანეთის სუსტი წერტილის ძიებაში იყვნენ და კუშნარიოვმა მე-8 წუთზე ანგარიშის გაზრდა გადაწყვიტა, მაგრამ რთული სიტუაციიდან ჯარიმა არაზუსტად დაარტყა. მერე უპირატესობა ამერიკელთა მხარეს გადავიდა და მე-12 წუთზე უაილსმა 40 მეტრიდან გაათანაბრა. “არწივები” უკანახაზელების გამოყენებით ცდილობდნენ მეტოქის დაცვის ხაზის გაჭრას და მე-19 წუთზე მიზანსაც მიაღწიეს - პოლ ემერიკის და ენდრიუ სუნიულას თავისსავე ნახევრიდან წამოწყებული გარღვევა, ლელოთი მიკ პეტრიმ დააგვირგვინა, უაილსმა კი, რეალიზაცია გამოიყენა. მერე წვიმა წამოვიდა და ამან თავისი კვალი მატჩის მსვლელობასაც დაამჩნია, ბევრი იყო ტექნიკური წუნი, თუმცა, აშშ-ს ნაკრები იმხელა სათამაშო უპირატესობას ფლობდა, რომ ვალდებული იყო ლელო კიდევ გაეტანა. ასე არ მოხდა, უაილსმა საწყის 40 წუთში კიდევ ორი ჯარიმა გააფუჭა და ტაიმი 10:3 დასრულდა.
მეორე ნახევრის საწყისმა ათმა წუთმა კვლავ რუსების იერიშებში ჩაიარა, მაგრამ სახიფათო მომენტამდე საქმე არ მისულა და კუშნარიოვს 49-ე წუთზე კიდევ ერთი შორეული დარტმა გაუფუჭდა. მერე ბურთი კვლავ ამერიკელებმა იგდეს ხელთ და რომ არა შეცდომები, მეორე ლელო გარდაუვალი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, სუნიულას ინდივიდუალური გარღვევის წყალობით, ისინი ლელოსთან ერთხელ ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ სამ რუს მცველთან ერთად, “არწივს” მიზნის მიღწევაში ხელი ძელმაც შეუშალა. რადგან ხელდახელ თამაშით არაფერი გამოვიდა, უაილსმა ჯარიმის გატანა გადაწყვიტა, 58-ე წუთზე ბურთი ძელს გაარტყა, მერე არეკნი გაუცუდდა, 65-ე წუთზე კი, ყველაფერი კარგად შეასრულა და ანგარიში 13:3 გახადა. დასკვნითმა 15-მა წუთმა რუსეთის უპირატესობით ჩაიარა და 71-ე წუთზე კუშნარიოვმა ხელსაყრელი სიტუაციიდან ჯარიმა შეასრულა, მაგრამ კარის გასწვრივ დაახლოებით 25 მეტრიდან არაზუსტად დაარტყა. 78-ე წუთზე, ჯარიმის დარტყმა უკვე რაჩკოვმა ითავა, ბურთი ძელებსშუა გააძვრინა და საბოლოო ანგარიში - 6:13 დააფიქსირა.
ამრიგად, აშშ-ს ნაკრებმა ოთხი ჩაიწერა, რუსეთი კი, ერთი პრემიალური ქულით დაკმაყოფილდა. მომდევნო შეხვედრას რუსეთი 20 სექტემბერს, ნელსონში, იტალიის წინააღმდეგ გამართავს, “არწივები” კი, 23 სექტემბერს ავსტრალიას ველინგტონში დაუპირისპირდებიან. მანამდე, 17 სექტემბერს, C ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაში ავსტრალია და ირლანდია ოკლენდში ითამაშებენ.
C ჯგუფი
აშშ - რუსეთი 13:6 (10:3)
1. ავსტრალია 1 1 0 0 32-6 5
2. ირლანდია 1 1 0 0 22-10 4
3. აშშ 2 1 0 1 23-28 4
4. რუსეთი 1 0 0 1 6-13 1
5. იტალია 1 0 0 1 6-32 0
17 სექტემბერი. ოკლენდი
ავსტრალია - ირლანდია
20 სექტემბერი. ნელსონი
იტალია - რუსეთი
23 სექტემბერი. ველინგტონი
ავსტრალია - აშშ
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია